ასე განსჯიან დიპლომატები

კარელ ჩაპეკი
Až budou soudit diplomati, 1937

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: ბატონო მსაჯულნო, გულწრფელად ვწუხვართ იმის გამო, რომ დღეს ერთი დახლართული საქმის განხილვა გვიწევს. ბევრს ვეცადე, ამ მოსმენის გადადება, მაგრამ აღშფოთებული საზოგადოების ზეწოლის გამო დათმობაზე მივდივარ … (ფურცლებს აშრიალებს). ბრალდების დასკვნის მიხედვით, დღისით მზისით ხალხმრავალ მოედანზე ძარცვა და მკვლელობა მოხდა. მოწმეთა თვალწინ, ბრალდებული თავს დაესხა ფეხით მოსიარულეს, ამჟამად უკვე, სამწუხაროდ, გარდაცვლილს… ბევრი რომ არ გავაგრძელო, ახლა თავად მოუსმენთ მოწმეებს და ყველა წვრილმანს თავად გაეცნობით.

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: თქვენ მოკლულის ქვრივი ბრძანდებით?

ქვრივი: დიახ.

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: სასამართლო იზიარებს თქვენს მწუხარებას. ქალბატონო მოწმე, თქვენ შეესწარით ამ, როგორა ვთქვა… უბედურ შემთხვევას. თუ შეიძლება, მოგვიყვეთ, რა და როგორ მოხდა?

ქვრივი: (თითს იშვერს) აი, ამ ავაზაკმა მოკლა!

ბატონი მეჭეჭიანი ცხვირით: ვაპროტესტებ… საჯაროდ შეურაცხყოფას მაყენებს!

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: ქალბატონო მოწმე, სასამართლოს დარბაზში თითით მინიშნება აკრძალულია… თუ სწორედ გაგიგეთ, თქვენ ამტკიცებთ, რომ მკვლელობა ჩაიდინა ვინმემ, რომელიც ოქმში არ გვყავს სახელდებული?

ბატონი მეჭეჭიანი ცხვირით: (ქუდს ხელს დასტაცებს). ბატონებო, თუ ასე გააგრძელებთ, იძულებულს გამხდით, სასამართლოს დარბაზი დავტოვო! ჩემი თანდასწრებით სიტყვა “მკვლელობა”-ს ნუ ახსენებთ, მხოლოდ იძულებითი თავდაცვის შესახებ, შეგვიძლია, ვისაუბროთ.

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: ასეთ მოხდენილ ფორმულირებას უნდა დავეთანხმო… მაშ ასე, ქალბატონო მოწმე, თქვენი ქმარი მშვიდად მიაბიჯებდა ქუჩაში…

ბატონი მეჭეჭიანი ცხვირით: უკაცრავად, ისევ ამახინჯებთ! მშვიდად კი არ მიაბიჯებდა, გამომწვევად მიჰქონდა ფული შემნახველ ბანკში. და თავი თავხედურად ეჭირა!

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: რითი გამოხატავდა ამ სითავხედეს?

ბატონი მეჭეჭიანი ცხვირით: ყველაფრით! თავს მაჩვენებდა, არაფრის მეშინიაო… არ გამოვრიცხავ, შეიარაღებულიც ყოფილიყო!

ქვრივი: ტყუილია! იარაღი არ ჰქონია!

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: ასე ჩანს, თქვენი მეუღლე მოქმედებდა უკიდურესად დაუდევრად, ძვირფასო ქალბატონო! იარაღი რომ ჰქონოდა, დღეს ამ საქმის განხილვა და სწორი განჩინების ძებნა ხომ არ მოგვიწევდა?! მას შეეძლო, ამ სამწუხარო ინციდენტის… თავიდან აცილება (მწუხარე სახით ოხრავს)… შემდეგ მოწმეს ვუხმობ! ბატონო მოწმე, თქვენ ქუჩაში მიდიოდით, როდესაც…

მოწმე: დიახ, მივდიოდი ქუჩაში, როდესაც ბატონი ცხვირზე მეჭეჭით თავს დაესხა მსხვერპლს…

ბატონი მეჭეჭიანი ცხვირით: ვინ არის ეს მეჭეჭიანი ბატონი? მისი სახელის წარმოთქმას ხომ არ აპირებთ?

მოწმე: არა, თავს შევიკავებ.

ბატონი მეჭეჭიანი ცხვირით: სწორედაც! და არც სხვას ვურჩევდი ამის გაკეთებას!

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: მართლაც, ბატონებო, ბრალდებულზე გადამეტებულად ზუსტ მინიშნებებს, უმჯობესია, მოვერიდოთ – ეს სამართლიანი განჩინების გამოტანაში დაგვეხმარება. შემდეგი მოწმე!..

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: ბატონებო, ჩვენ უკვე მოვუსმინეთ ყველა მოწმეს და უტყუარად დავადგინეთ, რომ ერთმა პირმა… ზუსტი სახელით არმოხსენიებულმა… საფულის დაპატრონების მიზნით, გამოიყენა ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღი… რასაც შედეგადაც მოყვა სხვა ადამიანის გარდაცვალება. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ხანს მსგავსი სამწუხარო საქმეები გახშირდა, მაღალი სასამართლო ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას და იძულებულია, გამოიტანოს მკაცრი განაჩენი… ამავე დროს, სურვილი არ გვაქვს, შევბღალოთ ვინმეს ღირსება და სახელით მოვიხსენიოთ… მაგრამ აქვე საზეიმო პირობას ვდებთ, რომ თუკი მსგავსი ინციდენტი კვლავ განმეორდება, იძულებული ვიქნებით, კვლავ შევიკრიბოთ და მკაცრად დავგმოთ მსგავსი ქმედებები, როგორც არასასურველი… როგორც – უკანონო… დღეისათვის კი სულ ეს არის.

ბატონი მეჭეჭიანი ცხვირით: თქვენი განჩინება მიუღებელი და, მეტი რომ არ ვთქვა, შეურაცხმყოფელია! მე პრინციპულად ვეწინააღმდეგები ნებისმიერ მცდელობას, ადამიანის უფლებების დაცვის მომიზეზებით, განმისაზღვროთ, რა არის სასურველი და არასასურველი. სამომავლოდ დაიმახსოვრეთ – თქვენს დანაძახზე აღარ მოვალ. ამდენი დრო, ბატონებო, არ მაქვს!

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: ვწუხვართ, პატივცემულო ბატონო… ჩვენ არ გვსურს, თქვენი ძვირფასი მონაწილეობის გარეშე, ადამიანის უფლებების განხილვა და კანონის უზენაესობის დადგენა. გთხოვთ, მიიღოთ სასამართლოს უდიდესი პატივისცემის დასტური.

ნაფიცი მსაჯული: ჩემი აზრით, უფალო თავმჯდომარევ და კოლეგებო, ისეთი ჩახლართული საქმეები, როგორიცაა მკვლელობა ძარცვის მიზნით, ამიერიდან აქ აღარ უნდა განვიხილოთ.

©Karel Čapek – Až budou soudit diplomati. Lidové noviny, 10.17.1937
©LV (ქართული თარგმანი რუსულიდან, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

***
მთრგმნელის კომენტარი
კარელ ჩაპეკმა “ასე განსჯიან დიპლომატები” ჟურნალ Lidové noviny-ში გამოაქვეყნა 1937 წლის 17 ოქტომბერს. სატირული ნოველა ასახავს ჰიტლერის “დაშოშმინების” იმდროინდელ პოლიტიკას, რაც 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებით და სუდეთის მხრის ანექსიით დასრულდა და ვერც ომი ააცილა ევროპას და მსოფლიოს.- ჩაპეკის ნოველა წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.
1946 წელს პირველად გამოიცა წიგნად კრებულში “იგავები და მოთხრობები”(Bajky a podpovídky)

აქვე, იმასაც ვიტყვი (და ჩაპეკს ნამდვილად არ ვგულისხმობ), რომ ყველა ხალხმა, მათ შორის ჩვენც, საკუთარ თავსა და ქვეყანას ჯერ თავად უნდა მივხედოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გვაქვს უფლება, აქეთ-იქეთ პრეტენზიების სროლის და ევროპელი და სხვა დასავლეთელი მეგობრებისგან რამის მოთხოვნის. ასე იყო 1918-21 წლებშიც. 90-იან წლებშიც. ასე არის დღესაც.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)