როგორ ბეგრავს მთავრობა თქვენს თავისუფლებას

ბრიუს იანდლი

1773 წლის 16 დეკემბრის ჩაის წვეულება ბოსტონში თავისუფლების მოყვარული ხალხის პროტესტი იყო ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ჯგუფმა, რომელიც „თავისუფლების შვილებად“ იწოდებოდა, გაილაშქრა ჩინეთიდან კოლონიებში იმპორტირებული ჩაის დაბეგვრის წინააღმდეგ. მოპროტესტეები შეეწინააღმდეგნენ მთავრობის თვითნებურ ქმედებას, რაც საკუთარი, როგორც ინგლისის მოქალაქეების, უფლებების შებღალვად მიიჩნიეს.

ეს ამბავი კარგად ვიცით. ინგლისმა ძალადობით უპასუხა და დაიწყო რევოლუციური ომი. შედეგად, ხანგრძლივი და ძვირადღირებული ბრძოლის შემდეგ, იშვა ახალი ერი. და ეს ერი დადგა იმ რწმენაზე, რომ უბრალო ხალხს ბედნიერებისკენ სწრაფვის ნება აქვს. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ბედნიერება ჩინეთიდან სამომხმარებლო საქონლის თავისუფლად ყიდვის უფლებაა, თვითნებურად დაწესებული ბაჟის გადახდის გარეშე.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრეამბულა შეგვახსენებს:

“ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის მოცემული ჭეშმარიტება – ყველა ადამიანი შექმნილია თანაბრად, შემოქმედისგან მოცემული განუყოფელი უფლებებით, რომელთა შორის არის სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.”

ეს შესანიშნავი სიტყვები კარგად ვიცით, მაგრამ გვესმის კი მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა?

თომას ჯეფერსონი, მოაზროვნე განმანათლებელი, ვინც ეს სიტყვები დაწერა, ამ ახალ ერში ხედავდა თავისუფლების ექსპერიმენტს, სადაც თავისუფალ ადამიანებს, შემოქმედის მიერ უფლებებით დაჯილდოებულთ, შეეძლოთ ბედნიერების წვდომა. რა გზით შეიძლება ამის მიღწევა? თანამშრომლობით და მსოფლიო ბაზარზე ურთიერთსასარგებლო გაცვლაში მონაწილეობით. თავისუფალ ხალხს ბედნიერებისკენ სწრაფვაში მთავრობა კი არ უნდა აბრკოლებდეს, ხელს უნდა უწყობდეს.

ბატონი ჯეფერსონი განგვიმარტავს:

”ამ უფლებების უზრუნველსაყოფად, ადამიანები ქმნიან მმართველობას, რომელიც სამართლიან უფლებამოსილებას მხოლოდ მართულთა თანხმობის საფუძველზე იღებს, იმისთვის რომ, როგორც კი მმართველობის ნებისმიერი ფორმა გადასხვაფერდება დამანგრეველ ძალად ადამიანთა მიზნების გზაზე, ხალხის უფლებაა, შეცვალოს ან გააუქმოს ასეთი მთავრობა და დააფუძნოს ახალი, ისეთი ფორმით, უფლებებითა და იმ პრინციპებზე, რაც მაქსიმალურად შეესაბამება ადამიანთა უსაფრთხოებასა და ბედნიერებას. “

რატომღაც, ამ ამბის დიდი ნაწილი აღარ გვახსოვს. 6 ნოემბრის Wall Street Journal მოგვითხრობდა, რომ სექტემბრის თვეში შეერთებულმა შტატებმა „შეაგროვა რეკორდული 7 მილიარდი დოლარი საიმპორტო გადასახადის სახით… რადგან ჩინეთიდან შემოვიდა ტანსაცმელი, ხელსაწყოები, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა სამომხმარებლო საქონელი.“ ჩაი ამ ჩამონათვალში ნახსენები არ იყო.

განმანათლებლური აზროვნების თვალთახედვით, რაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაშიც აისახა, 7 მილიარდი დოლარის საბაჟო შემოსავალი ეს არის რიგითი ამერიკელების ბედნიერებისკენ სწრაფვის დაბეგვრა. ამჟამინდელი ტარიფები წარმოადგენს ხელისუფლების აღმასრულებელი ნაწილის მიერ ერთპიროვნულად განხორციელებულ მოქმედებას და ეწინააღმდეგება პრინციპს – არა ბეგარას წარმომადგენლობის გარეშე (*) – ეს თავისუფლებაზე დაწესებული გადასახადია და, შესაბამისად, არის დაუშვებელი.

დიახ, ეს ყველა, ჩანს, დაგვავიწყდა. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ბედნიერებაზე ვიზრუნოთ, სხვა ქვეყნის მარეგულირებელი პოლიტიკის ავ-კარგიანობის განხილვაში ჩაგვითრიეს. ამასობაში კი დაგვიწესეს თავისუფლების გადასახადი კანადურ ხე-ტყეზე, ფრანგულ და გერმანულ ფოლადსა და ალუმინზე და მრავალი სახის სამომხმარებლო საქონელზე მეტწილად – ჩინეთიდან.

ტარიფების ზრდის კვალობაზე, ძვირდება ჩვენი თავისუფლებაც. დროა, მივუბრუნდეთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძვლებს და განვაახლოთ თავისუფლებისადმი ერთგულება.

©Bruce Yandle – Tariffs Tax Your Freedom. AIER, November 8, 2019
©LV (ქართული თარგმანი, 2021)

Creative Commons License

© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Bruce Yandle

ავტორის შესახებ:
ბრიუს იანდლი არის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მერქათუსის ცენტრის მიწვეული მკვლევარი და ქლემსონის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ქცევითი მეცნიერების (ბიჰევიორისტიკის) კოლეჯის საპატიო დეკანი. ფრედერიკ ბასტიას საზოგადოების მიწვეული ლექტორი. ეკონომიკური კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ავტორი.

___

(*) No taxation without representation – ამერიკის რევოლუციის/დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროინდელი ლოზუნგი. კოლონისტების რწმენით, რაკი ისინი არ იყვნენ წარმოდგენილნი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ კოლონიებზე დაწესებული ნებისმიერი გადასახადი იყო უკანონო და არაკონსტიტუციური.

___

მთრგმნელის კომენტარი:
მემარცხენე და სახელმწიფოს სადარაჯოზე მყოფმა (რუსულად მშენიერი ტერმინი მოიგონეს – “გოსუდარსტვენიკ”) ეკონომისტებმა მოიფიქრეს სიმულაციური ორფერდა სამყარო, სადაც იმპორტი ერთმნიშვნელოვნად ცუდია და ექსპორტი – ერთმნიშვნელოვნად კარგი. “უარყოფითი სავაჭრო ბალანსის” საფრთხობელა მშვენივრად იყიდება და ელექტორატის სატყუარადაც კარგად მუშაობს. ძალიან კარგად გაყიდა ტრამპმაც.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის წყალობით, ტრამპმა ბევრს რეიგანი გაახსენა და ლიბერალების (და ლიბერტარიანელების) გულიც მოიგო, მეტადრე ხომ (ესეც ჩვენი დროის პარადოქსია) – აშშ-ს გარეთ. 🙂 მისი პროტექციონისტური და მზრუნველი პოლიტიკა, სავაჭრო ომები და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გასვლის მცდელობა თუ მუქარა, “გოსუდარსტვენიკების” ძველი გზაა. ჯაფარას დაწერილი აქვს ასეთი წერილი, რატომ არ არის მიშა ლიბერტარიანელი, ჰოდა, არც ტრამპია რეიგანი. ეგკიარა, დემოკრატი ბილ ქლინთონი ბევრად უფრო რეიგანი იყო, ვიდრე რესპუბლიკელი ტრამპი.

იმპორტზე ბეგარა, ასე გვეუბნებიან, უცხო ქვეყნის წარმოებას ბეგრავს, მაგრამ ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, რომ, სინამდვილეში, ამით ადგილობრივ მომხმარებელს ვბეგრავთ. ადგილობრივი მომხმარებლები ვართ ამ გადასახადის გადამხდელები. გულწრფელები რომ იყოთ, ასე უნდა მოგვმართოთ მოქალაქეებს: “ბევრ გადასახადს იხდი, ამიტომ ახლა ყველაფერს გაგიძვირებთ, რასაც ყიდულობ. შენი შემოსავლის ნაწილი თუ გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მიგვქონდა, ახლა მეორე ნაწილს გამოგართმევთ, რომ მონოპოლისტის ბიუჯეტი შევავსოთ”.
ფრედერიკ ბასტია – გადასახადებით დამძიმებული საქონელი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)