გამოხატვის თავისუფლება, ცენზურა, პრეზიდენტი და ცრუ განგაში თეატრში

“თვითერმა” დონალდ ტრამპის ანგარიში დაბლოკა. ქართველები თვითერს დიდად არა ვწყალობთ და ამ ამბავს, ეგებ, შეუმჩნევლადაც ჩაევლო, მაგრამ მსოფლიოში ისეთი ვნებათღელვა მოყვა, რომ ხმამ ჩვენამდეც მოაღწია მაინც. უცნაურია, ტრამპის დამცველებს შორის ბევრი ის ადამიანია, ვინც თავს ლიბერტარიანელს უწოდებს. უცნაურს იმად ვამბობ, რომ ლიბერტარიანელები კერძო საკუთრების საზღვრებში, კერძო მფლობელის მიერ კლიენტის დისკრიმინაციის უფლებასაც ამართლებენ, Trump vs. Twitter შემთხვევაში კი, უცებ, მომხმარებლის მხარეს აღმოჩნდნენ.

Trump-Twitter

კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არცერთი კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას,3 ან ხელს შეუშლის მის თავისუფალ აღმსარებლობას, რომელიც აღკვეთს სიტყვისა ან პრესის თავისუფლებას; ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას პეტიციით მიმართოს მთავრობას, რათა მან დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები.
აშშ კონსტიტუცია. პირველი შესწორება

პირველი შესწორება, რომელიც ბევრჯერ ვახსენე უკვე ამ ბლოგზე და ყველაზე კარგი საკონსტიტუციო შესწორებაც დავარქვი მსოფლიოს ყველა საკონსტიტუციო შესწორებას შორის, კრძალავს ცენზურის დაწესებას. პირველი შესწორება იცავს გამოხატვის პრაქტიკულად ნებისმიერ, ყველაზე უკიდურეს ფორმებსაც კი. პირველი შესწორება იცავს სიძულვილის ენის გამოყენებას. სიძულვილის ენა რა არის, ამაზე ჩვენთან ბევრი დაობს, გამორჩეულად ისინი დაობენ, ვინც თავად იყენებს სიძულვილის ენას… ამიტომ ყველასთვის გასაგებ ენაზე ვიტყვი – პირველი შესწორება იცავს ეროვნული სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლებასაც.

1978 წლის 27 იანვარს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება საქმეზე სოლ გოლდსტეინი ფრანქ ქოლინის წინააღმდეგ. გოლდსტეინი (Sol Goldstein) იყო ლიტველი ებრაელი, მისი მშობლები და ოჯახის ყველა წევრი ნაცისტებმა დახოცეს, თავადაც სამი წელი გაატარა საკონცენტრაციო ბანაკში და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ-ში გადასახლდა. ქოლინი (Frank Collin) კი ამერიკის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე იყო. გოლდსტეინი მოითხოვდა ნაცისტების მარშის აკრძალვას ილინოისის შტატის პატარა დასახლება სქოქიში, სადაც იმ დროს პრაქტიკულად მხოლოდ ებრაელები ცხოვრობდნენ – ეს ამ საქმის სიმძაფრისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. მაგრამ ილინოისის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ გამოიტანა – აშშ ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრებს დაუდასტურეს უფლება, გაევლოთ მარშით ებრაულ დასახლებებში და გაეშალათ დროშები სვასტიკის გამოსახულებით. ეს უფლება, ცხადია, არ მოიცავდა კერძო საკუთრების (ვთქვათ – ღობის) დაზიანების, კერძო სივრცეში (ვთქვათ – ეზოებში) შესვლის ნებას, მაგრამ სრულად და შეუზღუდავად მოიცავდა საჯარო სივრცით სარგებლობის ნებას და კერძო საკუთრების მეზობლად ჩავლის უფლებას. ესეც მნიშვნელოვანი ამბავია, სხვადასხვა “საკრალური” შენობების მახლობლად ჩვენთან ჩატარებულ მსვლელობებს თუ გავიხსენებთ.

სიტყვის თავისუფლება თავისუფალი მთავრობის დედაბოძია, თუკი ეს ბურჯი გამოეცლება, თავისუფალი საზოგადოების კონსტიტუციაც ჩამოიშლება და მის ნანგრევებზე დადგება ტირანია.
ბენჯამინ ფრანქლინი. “პრესისა და თავისუფალი სიტყვის შესახებ”, 1737

Goldstein v. Collin და Skokie v. National Socialist Party of America სასამართლო გარჩევა კარგად აჩვენებს გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს (ან უსაზღვრობას) და რატომ არ არის აშშ-ში აკრძალული რადიკალური მოძრაობები და სიძულვილის ენა.

თუკი სამთავრობო ინსტიტუტს აღვჭურვავთ უფლებით, დასაჯოს სიტყვის გამო, ამით ყველაზე დამანგრეველ და საშიშ იარაღს მივცემთ ხელში, რომლითაც გამხმარი ტოტების გასხეპვის საბაბით, მთლიანად ხეს მოჭრის.
ბენჯამინ ფრანქლინი. “პრესისა და თავისუფალი სიტყვის შესახებ”, 1737

პირველი შესწორება გულისხმობს ზღვარს სიტყვასა და ქმედებას შორის. სიძულვილის ენის გამოყენების უფლება არ ნიშნავს ფიზიკური ძალადობის ან ანგარიშსწორების უფლებას, ისევე როგორც ამგვარი ძალადობისკენ მოწოდების უფლებას. ამ შემთხვევაში კანონი განასხვავებს სიძულვილის ენას და მეყსეული უკანონო ქმედებებისკენ მოწოდებას (imminent lawless action language).

ხშირად ციტირებენ აშშ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ოლივერ უენდელ ჰოუმზის (Oliver Wendell Holmes Jr.) ნათქვამს, რომ ხალხით სავსე შენობაში ცრუ განგაშის ატეხვა, “ხანძარის” ყვირილი გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს ცდება, რაკი შეშინებული ადამიანების ჭყლეტაში დაზიანების საშიშროებას იწვევს. თუმცა, ზღვარი ყოველთვის იოლი გასავლები არ არის. ყველა შემთხვევა განსხვავებულია და ცალ-ცალკე ასაწონი.

1964 წლის ზაფხულში, კუ კლუქს კლანის ყოველწლიური შეკრების დროს სიტყვით გამოსვლისას ოჰაიოს KKK ხელმძღვანელმა, ქლარენს ბრანდენბურგმა (Clarence Brandenburg) განაცხადა, რომ პრეზიდენტი, კონგრესი და უზენაესი სასამართლო თეთრების ჩაგვრას ახალისებს და დადგა დრო, ზანგებსა და ურიებზე და მათ დამცველებზე შური იძიონ.

1969 წლის 8 ივნისს აშშ უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება საქმეზე ბრანდენბურგი ოჰაიოს შტატის წინააღმდეგ (Clarence Brandenburg v. State of Ohio), სადაც დაადასტურა, რომ ქლარენს ბრანდენბურგის განცხადებები, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია პირველი შესწორებით, ვინაიდან ბრანდენბურგის მოწოდებებს არ ყავდა კონკრეტული ადრესატი და შეფასების ხასიათი ჰქონდა.

სიტყვას დიდი ძალა აქვს. შეუძლია გულები შეარხიოს. ქმედებისკენ გიბიძგოს. სიხარულის თუ მწუხარების ცრემლი მოგგვაროს. მაგრამ ამ ტკივილს ვერ ვუპასუხებთ მთქმელის დასჯით. ჩვენ, როგორც ერმა, სხვა გზა ავირჩიეთ – დავიცვათ თუნდაც სიძულვილის ენის უფლება, როცა საქმე საზოგადოებრივ საკითხებს შეეხება. უარი ვთქვათ საზოგადოებრივი დებატის ჩახშობაზე.
ჯონ რობერთსი. აშშ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

2003 წლის 7 აპრილს აშშ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სასარგებლოდ. სასამართლო განიხილავდა ერთ საქმედ გაერთიანებულ ორ შემთხვევას, როდესაც კუ კლუქს კლანის წევრებმა რიჩარდ ელიოთმა (Richard Elliot) და ჯონათან ო’მარამ (Jonathan O’Mara) და ამავე ორგანიზაციის ლიდერმა, ბარი ბლექმა (Barry Black) ალმოდებული ჯვრები აღმართეს ანგარიშსწორებისკენ მოწოდების და მუქარის შემცველი შეძახილების თანხლებით. მეზობლად მცხოვრები შავკანიანი ამერიკელების გასაგონად. აშშ უზანაესმა სასამართლომ საქმეში ვირჯინიის შტატი ბლექის წინააღმდეგ (Virginia v. Black) განაჩინა, რომ აღნიშნული შემთხვევები წარმოადგენდა ნამდვილ, უშუალო მუქარას (true threat), ცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მათ არ იცავდა პირველი შესწორება. როდესაც მოწოდება იღებს ისეთ სახეს და ფორმას, რომ სხეულის დაზიანების შიშს იწვევს, სახელმწიფოს მისი აღკვეთის უფლება და ვალდებულება აქვს.

დღეს ბევრი დაობს, იყო თუ არა ტრამპის თვითები პირდაპირი მუქარის ან წაქეზების შემცველი. ჩემი, არაიურისტის შეფასებით, პირდაპირი მუქარა იქ ნამდვილად ვერ მოიძებნება, წაქეზების ნიშნები შეიძლება, ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, “თვითერის” ადმინისტრაციამ დაინახა, მაგრამ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი – ჯექ დორსის (“თვითერის” დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს) უფლება ჰქონდა და აქვს ნებისმიერ მომხმარებელს დაუხუროს ანგარიში, ზუსტად ისე, როგოც ყველას გვაქვს უფლება, სტუმარს კარისკენ მივუთითოთ. მიზეზით თუ უმიზეზოდ.

ფრანქლინი სიტყვის თავისუფლებას უწოდებს ბოძს, მაგრამ კერძო საკუთრება არის საძირკველი, რომელზეც ეს ბოძი დგას. კერძო საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლება ისე უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს ჩარევისგან, როგორც გამოხატვის თავისუფლება. კერძო საკუთრების გარეშე ვერ იარსებებს ვერც გამოხატვის თავისუფლება.

შეერთებული შტატების კიდევ ერთი “დამფუძნებელი მამა”, ჯეიმს მედისონი წერდა, რომ მოსაზრებები, შეფასებები, სიტყვა, რწმენა, შეხედულებები ადამიანის არამხოლოდ უფლებას, მის კერძო საკუთრებასაც წარმოადგენს. “ადამიანს არამხოლოდ აქვს საკუთრების უფლება, თავად უფლებებია მისი საკუთრების ნაწილი” (National Gazette, 1792 წლის 29 მარტი).

“თვითერი” კერძო ქონებაა და კერძო მფლობელს საკუთარი კერძო ქონების კერძოდ განკარგვის უფლება აქვს, თუკი მისი ქმედება კანონს არ ეწინააღმდეგება. პირველი შესწორება სახელმწიფო ცენზურის დაწესებას კრძალავს, მაგრამ არ კრძალავს და ვერც აკრძალავს კერძო ტერიტორიაზე კერძო ცენზურის, ქცევის წესების, ფეის-კონტროლის და სხვ. დაწესებას.

ტრამპის დაბლოკვის შემდეგ ბევრმა თვითერელმა, ალბათ, ჩახედა “თვითერის” წესებსა და რეგულაციებს. პირველად. 🙂 მეც ჩავხედე. და ვნახე ჩანაწერი, რომელსაც ველოდი და არც გამკვირვებია:

ჩვენ უფლება გვაქვს შევაჩეროთ ან გაგიუქმოთ ანგარიში, ისე როგორც ჩვენი მომსახურების მიწოდება სრულად ან ნაწილობრივ ნებისმიერ დროს, რაიმე მიზეზით ან მიზეზის გარეშე.
We may suspend or terminate your account or cease providing you with all or part of the Services at any time for any or no reason.

ტრამპს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, გადავიდეს სხვა სოციალურ ქსელზე, შექმნას საკუთარი სოციალური პლატფორმა, ან მოუწოდოს საკუთარ მომხრეებს და “თვითერზე” ცენზურით აღშფოთებულ ადამიანებს, გააუქმონ ანგარიშები და დასაჯონ ბატონი დორსი “დოლარით”. თუ ფინანსური ზარალი საგრძნობი იქნება, ან ტრამპს დააბრუნებენ, ან “თვითერს” ეყოლება სხვა აღმასრულებელი დირექტორი. ან – ორივე ერთად. 🙂 ეს სააქციო კომპანიაა და დორსი არც ერთადერთი მფლობელია და არც საკონტროლო პაკეტის მფლობელი.

სხვათა შორის, ტრამპის დაბლოკვის შემდეგ “თვითერის” აქციები 4%-ით გაუფასურდა.

Twitter shares

***

სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ, სქოქის ებრაულმა თემმა დიდი ძალისხმევა მოახმარა ნაციზმისა და ებრაული ხალხის ისტორიის შესწავლასა და ამ ინფორმაციის გავრცელებას. სამოქალაქო აქტივისტებთან, ისტორიკოსებთან ერთად, მედიის დახმარებით. გამართეს რამდენიმე კონფერენცია. დაბეჭდეს და გაავრცელეს საისტორიო მასალები. ხმა მიაწოდეს მათ მახლობლად მცხოვრებ არაებრაულ თემებს, ვისაც ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა ნაცისტურ ბანაკებსა და ჰოლოკოსტზე. დღეს ამ პატარა დასახლებაში ჰოლოკოსტის მუზეუმიც არის.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

The First Amendment Encyclopedia
Ben Franklin on Freedom of Speech – 50 Years Before the Constitution
James Madison. Property

***

ასევე:

ველოსიპედისტი, რომელმაც გოლფერი ყ**ზე გაუშვა

ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ

ლგბტ-ტორტი, გამოხატვის თავისუფლება და რომის პაპი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: