რა ღირს შენი სასტვენი?

ბენჯამინ ფრანქლინის წერილი ან ლუიზ ბრიონ დე ჟუის. 10 ნოემბერი, 1779 წელი

<…>

ვიცი, ამბები გიყვარს და, იმედი მაქვს, მაპატიებ, ერთს თუ საკუთარ თავზეც მოგითხრობ:

სადღესასწაულო დღეები იყო, მეგობრებმა რომ ბღუჯა ხურდა ფული მაჩუქეს. შვიდი წლისა ვიყავი და მონეტების ჯიბეში საამო წკარუნით მივადექი ნოქარს, რომელიც სათამაშოებით ვაჭრობდა. გზად ერთი ბიჭი გადამეყარა, სასტვენი ჰქონდა და ისე აჭყვიტინებდა, რომ მოვიხიბლე. ბევრი აღარ მიფიქრია – მთელი ჩემი მონეტები დავყარე დახლზე ერთი სასტვენის ფასად და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში. იმდენჯერ ჩავბერე, სანამ ჩემი სტვენით მთელი ოჯახი არ შევაწუხე. მაგრამ თავად ფრიად ბედნიერი ვიყავ.

ჩემმა ძმებმა, დებმა და ბიძაშვილებმა, როდესაც წვრილად განსაჯეს ნოქართან დადებული გარიგება, ასე მითხრეს – ოთხგზის მეტი გადამიხდია, ვიდრე ამ სასტვენის ფასი იყო. მომაგონეს, რამდენი კარგი რამე მომივიდოდა დარჩენილი ფულით და ბევრი დამცინეს კიდეც სიბრიყვის გამო. ტირილი წამსკდა და ახლა უფრო მეტი მწუხარება მოჰქონდა დარდს, ვიდრე სასტვენს – სიამოვნება.

ეს ამბავი გონებაში ჩამრჩა და, დროთა განმავლობაში, მარგებელ ჭირად იქცა ჩემთვის – ყოველთვის, როდესაც რომელსამე უსარგებლო ნივთის ყიდვისთვის მძლევდა სული,  მახსენებდა თავს და საკუთარ თავს ვეტყოდი ასე – ბენჯამინ, ფრთხილად, მეტისმეტად ძვირის გადახდას ხომ არ აპირებ სასტვენში? ვთოკავდი ვნებას და მეზოგებოდა ფულიც.

ახლა, როცა ასაკი მომემატა, გავიზარდე, დიდ სამყაროში შემოვდგი ფეხი და დავაკვირდი სხვათა ქცევას,  ბევრს, ძალიან ბევრს გადავეყარე, ვინც ძალიან მაღალ ფასს იხდის სასტვენში.

როდესაც ვხედავ ვინმეს, ვინც საკუთარ პატივმოყვარეობას, ძალაუფლების ჟინს შესწირა დასვენება, თავისუფლება, მეგობრებთან გასატარებელი დრო და, ეგებ, თავად მეგობრებიც, ასე ვამბობ – ეს ადამიანი ძალიან ძვირ ფასს იხდის სასტვენში.

როდესაც ვხედავ სხვას, პოლიტიკურ ორომტრიალში ჩაბმულს, პოპულარობის დევნაში საკუთარი ცხოვრება  და საქმე რომ დაუკარგავს, ასე ვამბობ – ეს ადამიანი ძალიან ძვირ ფასს იხდის სასტვენში.

როდესაც ვხედავ ვინმე ქვაწვიას, მისი სიძუნწით ყველა ცხოვრებისეულ სიამეზე რომ უარი უთქვამს. სხვათათვის სიკეთის კეთების სიხარული, თანამოქალაქეთა პატივისცემა, მეგობრების კეთილგანწყობა – ყველა დათმო სიხარბისა და ქონების დაგროვების გამო, ასე ვამბობ – ეს საბრალო ძალიან ძვირ ფასს იხდის სასტვენში.

როდესაც ვხედავ ვინმეს, სიტკბოებათა მდევნელს, გონება, ჯანმრთელობა და ქონება ხორციელი სიამოვნებისთვის რომ შეუწირავს სრულად, ასე ვამბობ – ცდება, სიტკბოს კიარა სიმწარეს იძენს. ძალიან ძვირ ფასს იხდის სასტვენში.

როდესაც ვხედავ ვინმეს, ვინც მეტისმეტად გადაჰყვა საკუთარ გარეგნობას, ტანსაცმლის სიკოხტავეს, ლამაზ სახლს, მშვენიერ ავეჯს, ყოველგვარ აღჭურვილობას, რასაც მისი ქონება ვერ წვდება, რისთვისაც დააგროვა ვალები და ბოლოს, ეგებ, ციხეშიც აღმოჩნდეს, ასე ვამბობ – უბედური! ძალიან, ძალიან ძვირ ფასს იხდის სასტვენში.

როდესაც ვხედავ მშვენიერ, სათნო ქალს, ავი ზნის, ხეპრე ქმრის გვერდით,  ასე ვამბობ – ბედშავი, ძალიან ძვირ ფასს იხდის სასტვენში.

რომ შევაჯამო, ამას გეტყვი – ადამის მოდგმას უბედურებათა ლომის წილი მოუტანა ცრუ შეფასებებმა, რაც ნივთების ღირებულების შესახებ გააკეთეს, სხვა სიტყვებით – სასტვენისთვის გაღებულმა მეტისმეტად მაღალმა ფასმა.

მაინც გულმოწყალე ვარ უბედური ხალხის მიმართ – აკი მოიძებნება კიდევ ქვეყნად სასტვენი, ჩემთვის იმდენად მაცდური, რომ მის შესაძენად საკუთარი თავიც შეიძლება დავიღუპო – მიუხედავად იმისა, რომ თავი მომაქვს ამ ჩემი სიბრძნით. მაგალითად, წმინდა იოანეს ვაშლები… საბედნიეროდ, ეს სასტვენი აუქციონზე არ იყიდება.

©Benjamin Franklin. The Whistle, 1779
©LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)