ლგბტ-ტორტი, გამოხატვის თავისუფლება და რომის პაპი

ჰომოსექსუალ ადამიანებს ოჯახში ყოფნის უფლება აქვთ. ისინი ღვთის შვილები არიან… სამოქალაქო კავშირის კანონი უნდა გვქონდეს, რაც მათ იურიდიულად დაიცავს.
პაპი ფრანცისკე. დოკუმენტური ფილმი Francesco

ჩარლი ქრეიგმა (Charlie Craig) და დეივიდ მალინზმა (David Mullins) საკონდიტრო Masterpiece-ს საქორწინო ტორტი დაუკვეთეს. კონდიტერმა ჯექ ფილიფსმა (Jack Phillips) ტორტის გამოცხობაზე წყვილს უარი განუცხადა, რაკი მის რელიგიურ გრძნობებს ეწინააღმდეგებოდა.

ეს ამბავი 2012 წლის ზაფხულში, ლეიქვუდში, ქოლორადოს შტატში მოხდა. მას შემდეგ სამოქალაქო უფლებების კომისია და რამდენიმე სასამართლო ინსტანცია მოიარა და 2017 წლის ბოლოს შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლომდე მიაღწია.

ქოლორადოს სამოქალაქო უფლებების კომისიამ განაცხადა, რომ მომსახურების მიღების უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად ორიენტაციისა და არვის აქვს ნება, რელიგიური რწმენის მოტივით ზიანი მიაყენოს სხვებს, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა.

საპირისპიროდ, ჯექ ფილიფსი ამტკიცებდა, რომ მომსახურებაზე უარი არ უთქვამს – წყვილს მზა ნაწარმის შეძენა შესთავაზა, მაგრამ საგანგებოდ გეი-ქორწინებისთვის ტორტის გამოცხობა მის რწმენასთან შეუთავსებელი იყო. ამასთან, ხელოვანს არ უნდა შეეზღუდოს თავისუფალი შემოქმედების უფლება და ამგვარი იძულება გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

2019 წლის 4 ივნისს, ზუსტად 6 წლის თავზე, აშშ უზენაესმა სასამართლომ კონდიტერი ჯექ ფილიფსი გაამართლა, კომისიის მიერ დაწესებული ჯარიმა და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა. სასამართლოს გადაწყვეტილება კონდიტერებს, ფლორისტებსა თუ ფოტოგრაფებს არ უმტკიცებს გეი-წყვილების დისკრიმინაციის უფლებას, მაგრამ იმ აუცილებელ პირობაზე მიუთითებს, რომ ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა რელიგიურად ნეიტრალური უნდა იყოს და იცავდეს როგორც სექსუალური ორიენტაციის, ასევე რელიგიური რწმენის თავისუფლებას.

მსგავსი სასამართლო პროცესი გაიმართა გაერთიანებულ სამეფოშიც. დეინიელ და ემი მაქართურებმა (Daniel and Amy McArthur), ჩრდილო ირლანდიური Ashers Bakery-ს მფლობელებმა 2014 წელს უარი განაცხადეს ტორტის გამოცხობაზე წარწერით “მხარი დაუჭირეთ გეი-ქორწინებას” (Support Gay Marriage). ისინიც, ამერიკელი კოლეგის მსგავსად, დაჯარიმდნენ ჩრდილოეთ ირლანდიის თანასწორობის კომისიის მიერ, წააგეს პროცესი ქვედა ინსტანციის სასამართლოში და მიიტანეს საქმე უზენაესამდე.

ფილიფსისა არ იყოს, არც მაქართურებს უთქვამთ კლიენტის მომსახურებაზე უარი. ლგბტ უფლებების დამცველს, გარეთ ლის (Gareth Lee) მანამდეც შეუძენია ტკბილეული მათ საცხობში – განხეთქილების ვაშლად ტორტზე გასაკეთებელი წარწერა იქცა. ემი და დეინიელ მაქართურების მტკიცებით, გეი-ქორწინების მხარდაჭერა მათ რელიგიურ გრძნობებს ეწინააღმდეგებოდა.

2018 წლის შემოდგომაზე, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ ვერდიქტი კონდიტერთა სასარგებლოდ გამოიტანა.

უზენაესის განმარტებით, ამგვარი ტორტის გამოცხობაზე საკონდიტროს მფლობელები უარს ეტყოდნენ ნებისმიერს, მიუხედავად ორიენტაციისა. წინააღმდეგობა გამოიწვია წარწერამ და არა კლიენტის პიროვნულმა თვისებებმა – შესაბამისად, არც დისკრიმინაციის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სასამართლო იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მომსახურებაზე რასის, სქესის, ორიენტაციის მიუღებლობის მოტივით უარის თქმა, ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელია, მაგრამ “გეი-ტორტის” საქმე სხვა კატეგორიას განეკუთვნება.

***

მსგავსი საქმეები სხვაც ბევრია. და მომავალშიც იქნება. შემოქმედების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიცავდეს დისკრიმინაციის ნიშნებს. შეიძლება იყოს ვინმეს გრძნობების შეურაცხმყოფელი. ზღვარი – ბეწვის ხიდია და ერთი ჯგუფის დისკრიმინაციის აღკვეთის მოტივით, დაუშვებელია სხვა ჯგუფის დისკრიმინაცია.

ჩინოვნიკებს ამ ზღვრის დადგენა არ უნდა ვანდოთ – ეს სახიფათოა და გზა არის ავტორიტარიზმისკენ. მსგავსი საქმეები უნდა განსაჯოს სასამართლომ. იდეალურია, თუკი სასამართლო იქნება ისეთი, როგორიც აშშ-ს უზენაესი სასამართლოა, რომელიც ბევრი სხვა განხილვის დროსაც (მაგალითად ჟურნალი Hustler მამა ჯერი ფალველის წინააღმდეგ) გამოხატვის თავისუფლების მხარეს დამდგარა.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

US Supreme Court’s verdict for Masterpiece Cakeshop v. Colorado Civil Rights Commission

UK Supreme Court’s verdict for Lee v Ashers Baking Company

US Supreme Court backs Colorado baker’s gay wedding cake snub

Ashers ‘gay cake’ row: Bakers win Supreme Court appeal

ასევე:
სად მთავრდება/იწყება აღმსარებლობის თავისუფლება?

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: