როზერემის პოლიტკორექტული კოშმარი

ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ისეთი, დაჯერება რომ გაგიჭირდება. ინგლისის ერთი პატარა ქალაქი, რომელსაც ხან როტერხემს ხან როთერემს უძახიან ჩვენთან, ისეკი როზერემი ქვია, ფეხბურთის გუნდიც ყავს (მეორე ლიგაში), სახელოვნებო კოლეჯი, სადაც შონ ბინი სწავლობდა და მე-15 საუკუნის დიდი, ლამაზი ტაძარი, 16 წლის განმავლობაში იყო მოძალადეების და პედოფილების თავშესაყარი და ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა, ქალაქის მესვეურებმაც და ხმას არ იღებდნენ… ტვინნაღრძობი პოლიტკორექტულობის გამო. 1997-2014 წლებში როზერემში გაუპატიურებისა და ძალადობის მსხვეპრლი გახდა 1400-მდე არასრულწლოვანი. უმრავლესობა 11-12 წლის გოგონა იყო. ბევრი მათგანი მოიტაცეს და იატაკქვეშა ბორდელებში ყავდათ დამწყვდეული. იქვე, იმავე ქალაქში. ზოგი სხვა ქალაქშიც გაყიდეს მონად. რიგ შემთხვევაში, მშობლები თავად იყვნენ მონაწილენი, ხშირ შემთხვევაში – ისინი დააშინეს, იმ შემთხვევებში კი, როდესაც მშობლები და ახლობლები დაკარგული ბავშვების მოსაძებნად პოლიციას მიმართავდნენ, მათ განცხადებებს პოლიციელები შორ უჯრებში აწყობდნენ და ძვრა არ იყო.

Three Wise Monkeys

ამბავი, რომლის დაჯერებაც ჭირს, სააშკარაოზე გამოიტანა ალექსის ჯეიმ (Alexandrina Henderson Farmer Jay) – სოციალური მუშაკია, სხვადასხვა წლებში შოტლანდიის სოციალური ინსპექტირების სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ამჟამად შოტლანდიის მთავრობის მრჩეველია და 2014 წლის სექტემბერში გაერთიანებული სამეფოს ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შემსწავლელი საგანგებო კომისიის წევრი 2016 წელს კი – თავმჯდომარე გახდა. ეს კომისია შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, თერიზა მეის ინიციატივით შეიქმნა. ალექსის ჯეი პირველი დაინტერესდა საზარელი ამბებით როზერემში რომ ხდებოდა. მოარული ხმებით. სტატიებით. პოლიციიდან გამქრალი განცხადებებით. ბავშვებით, რომლებიც უეცრად შორ ქალაქში, ნათესავებთან “გაემგზავრნენ” და არ დაბრუნებულან.

ალექსის ჯეიმ შეკრიბა და თავი მოუყარა ყველაფერს, “როზერემში ბავშვებზე სექსუალური ძალადობისა და ექსპლოატაციის საქმე” რომ ჰქვია დღეს და მრავალ ტომს მოიცავს. ბევრი ფაქტი წინა წლებში გამოკვლეული და ცნობილი იყო, მაგრამ რეაგირება არ (ან – თითქმის არ) მოყოლია. ვინ იცის, არც შემდეგ მოყვებოდა, ალექსის ჯეი რომარა.

ჯეის რეპორტში ვნახავთ, მაგალითად, როზერემის ქალაქის საკრებულის მიერ 2000 წელს დაქირავებული იურისტის ადელ ვეიერის (Adele Weir) რეპორტს, სადაც ბავშვებზე ძალადობის არაერთი შემთხვევაა აღწერილი, მაგრამ ამ რეპორტს ის რეაგირება არ მოყოლია, რაც უნდა მოყოლოდა. მეტიც, ვეიერის მასალები საკრებულოს კომისიის საბოლოო დასკვნიდან საერთოდ გაქრა. ჯეის რეპორტის ნაწილია იორქშირის პოლიციის არასრულწლოვნებს შორის ნარკომანიისა და ნარკოტიკების გავრცელების მკვლევარ ეინჯი ჰილის (Angie Heal) 2002-07 წლების მასალები, სადაც არაერთი ფაქტია როზერემში ბავშვების ნარკოინდუსტრიაში ჩაბმას რომ ადასტურებს. ჰილმა გამოავლინა სექსუალური ძალადობისა და ბავშვების ექსპლოატაციის ფაქტებიც, თუმცა, არც მის რეპორტს მოყოლია ის რეაქცია, რასაც იმსახურებდა. იორქშირის პოლიციამ ფაილები როზერემის პოლიციას გადაუგზავნა, იქ კი ისევ იმ უჯრაში შეინახეს, სადაც ასეთ ამბებს ინახავდნენ ხოლმე… მხოლოდ 7 საქმე აღძრეს და მიიტანეს სასამართლომდე. ეს იყო და ეს.

2012 წელს როზერემის საკრებულომ სასამართლოში უჩივლა The Time-ის ჟურნალისტ ენდრიუ ნორფოლქს (Andrew Norfolk), რომელიც 17 წლის ლორა უილსონის მკვლელობას იკვლევდა. უილსონი 2010 წლის ოქტომბერში მოკლეს. ნორფოლქი წერს, რომ გოგონა 11 წლის ასაკიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. როზერემის არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლოატაციის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელ ჯეინ სენიორზე (Jayne Senior) დაყრდნობით, ჟურნალისტი სხვა მსგავს საქმეებსაც აღწერს და მოიხსენიებს მოძალადეთა ეთნიკურობას. სწორედ ამან გამოიწვია ქალაქ როზერემის მესვეურთა აღშფოთება – მათ ჟურნალისტს ეთნიკურ-რელიგიური შუღლის გაღვივებაში დასდეს ბრალი და სტატიების შეჩერება მოითხოვეს.

სწორედ ამიტომ ვახსენე ზემოთ – “ტვინნაღრძობი პოლიტკორექტულობა” – მოძალადეები პაკისტანური თემის წარმომადგენლები იყვნენ. პაკისტანელებია მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობაც (ლორა უილსონი იშვიათი გამონაკლისია). ძალადობა – ძალადობაა. მაგრამ როზერემის შემთხვევაში ამას მნიშვნელობა აქვს. ქალაქისა და პოლიციის ხელმძღვანელებმა დუმილი ორი ამბით “გაამართლეს” – ერთი (კლასიკური) მასშტაბები ვერ წარმოგვედგინაო, მეორე – არ გვსურდა ეთნიკური შუღლი და მღელვარება გამოგვეწვია ქალაქშიო.

ამ საქმეში ინტერესთა კონფლიქტი ჩანს. ერთი ჯგუფი – ადგილობრივი ხელისუფლების არჩეული თანამდებობის პირები, ქალაქის რეპუტაციის შებღალვას უფრთხოდნენ. მეორე ჯგუფს – პოლიციისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, გულწრფელად ვერ წარმოედგინა დანაშაულების მასშტაბი. ქალაქის მესვეურთა მესამე ნაწილი არასწორად გაგებული პოლიტკორექტულობით ხელმძღვანელობდა – არაფერს აკეთებდნენ, რაკი იცოდნენ, რომ დანაშაულს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები სჩადიოდნენ. მათი სადარდებელი ამ ინფორმაციის გამჟღავნების პოლიტიკური შედეგები იყო – ქალაქი ლეიბორისტული პარტიის დასაყრდენი იყო. მათი აზრით, საჯაროობა საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქის მოსახლეობის მშვიდობასა და ერთიანობას.
ალექსის ჯეი
ინტერვიუ რადიო “თავისუფლებას”, 2014

16 წლის განმავლობაში მოქმედებდა ეს როზერემული ომერტა. იტაცებნენ. აუპატიურებდნენ. ასახიჩრებდნენ. 1400 – ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, დოკუმენტალურად დადასტურება რომ მოხერხდა. ალექსის ჯეი ამბობს, დანაშაული ბევრად მასშტაბური იყო, უბრალოდ წლების განმავლობაში, ქალაქისა და პოლიციის შეხმატკბილებული “შრომის” დამსახურებით, ბევრი ფაქტი ისე ჩაიკარგა, სამხილები ისე საგულდაგულოდ განადგურდა, რომ კვალის მიგნება ჭირს.

ალექსის ჯეის რეპორტის გამომზეურების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა სრული შემადგენლობით დატოვეს თანამდებობები, გადადგა ქალაქისა და პოლიციის ხელმძღვანელობა და ქალაქის სოციალური სამსახურის მესვეურები. საქმის ძიება დანაშაულებათა ეროვნულმა ბიურიმ (NCA) დაიწყო.

დღეის მდგომარეობით 50-მდე ადამიანია დაპატიმრებული. ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ენდრიუ ნორფოლქს 2013 წელს ორუელის ჯილდო მიენიჭა, გაზეთ The Times-ს კი (ნორფოლქის სტატიებისთვის) 2014 წლის ბრიტანული პრესის ყოველწლიური ჯილდო. ჯეინ სენიორი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახდა 2016 წელს.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

P.S.

ქსენოფობია, რასიზმი, რელიგიური თუ სხვა სახის უმცირესობებზე ძალადობა ერთი მხრივ და ფსევდო-პოლიტკორექტული წაყრუება მეორე მხრივ ერთი მედლის ორი მხარეა და ერთმანეთს კვებავს.

ადამიანთა თანაცხოვრება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობისა და ურთიერთუფლებების პატივისცემის წესს და არა პოლიტიკურ კონიუნქტურას, რელიგიურ ექსტრემიზმს, მითოლოგიასა და ყალბ “ტრადიციებს”.

ქვეყანის მოწყობა უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციას და არა ბიბლიას, ყურანს ან ბჰაგავადგიტას. არ არსებობს ტრადიცია და წესი, რომელმაც შეიძლება, გაამართლოს ჩაგვრა. ერთი ადამიანის მიერ მეორის იძულება.

თუ სახელმწიფოს არ შეუძლია ძალადობის აღკვეთა – ასეთი სახელმწიფო არვის ჭირდება.

___
Rotherham child abuse: The background to the scandal
Too many in Rotherham turned a blind eye to child abuse

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: