რატომ არის მთავრობა პრობლემა

მილთონ ფრიდმანი

Milton Friedman

როდესაც სიტყვას იტყვიან, წინ ტექსტიც უდევთ ხოლმე. ტექსტი გამოხატავს აზრებს, რომელსაც ეთანხმებიან და განმარტებას აპირებენ. მე ვცდილობდი მომეძებნა ცნება ტექსტის ანტონიმი, რადგან ტექსტს, ახლა რომ ვეპასუხები, არ ვეთანხმები. ის სრულიად მცდარია. „თავისუფლების მიმოხილვის“ (ერთობ შეუსაბამო ადგილი ამგვარი ტექსტის გამოსამზეურებლად) 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა და რეიგანის დოქტრინას, რომ მთავრობა არის პრობლემა, უსაგნო უწოდა (1).

ეს არის ჩემი ტექსტი თუ ანტი-ტექსტი იმ ტექსტის საწინააღმდეგოდ.

ორი ამოცანა მაქვს ახლა: ერთი მარტივი და ერთიც – რთული. პირველი ამოცანა იმის ჩვენებაა, რომ მთავრობა არის პრობლემა; ეს ამოცანა მარტივია. მეორე ამოცანაა იმის გაგება, თუ რატომ არის მთავრობა პრობლემა. ეს არის რთული ამოცანა.

მართლაც, რატომ არის, რომ გულანთებული, მონდომებული ადამიანები ასეთ განსხვავებულ შედეგებს აღწევენ, იმის მიხედვით, პოლიტიკურ ბაზარზე მოქმედებენ თუ – ეკონომიკურზე? როგორ ხდება, რომ იმ ადამიანთა შორის, ვინც ახლა ამ ჩემ ესეის კითხულობენ, შემთხვევითი შერჩევით თუ ამოვკრებთ რამდენიმეს იმ ადამიანთა ჩასანაცვლებლად, ვინც მთავრობაში იმყოფება ახლა, ჩვენი პოლიტიკა, დიდი ალბათობით, ვერ გამოსწორდება? ეს ნამდვილი თავსატეხია ჩემთვის.

მაგრამ მოდი, ჯერ მარტივით დავიწყოთ – ჩამოვთვალოთ ჩვენი ძირითადი სოციალური პრობლემები და ვნახოთ მათი სათავე.

იმის ჩვენება, რომ მთავრობა არის პრობლემა

განათლება

განათლების სისტემის გაუარესება ერთ–ერთი უმთავრესი სოციალური პრობლემაა. შეერთებულ შტატებში განათლება არის უდიდესი სოციალისტური ინდუსტრია სამხედრო სფეროსთან ერთად – სამთავრობო ხარჯები სწავლაზე (ამ სფეროს სწავლას ვუწოდებ და არა განათლებას, რაკი ყველანაირი სწავლა განათლება არ არის და – პირიქით) თავდაცვის მთლიან ხარჯებს უტოლდება  და, „სამშვიდობო დივიდენდს“ (I) თუ მივიღებთ მხედველობაში, აღემატება კიდეც. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში თითო მოსწავლეზე დახარჯული თანხა გასამმაგდა (ინფლაციის გათვალისწინებით) სკოლები კი გაუარესდა. რა გამოდის? ჩადებული თანხა გაიზარდა სამჯერ, ამონაგები კი – შემცირდა. ეს პრობლემა მთავრობის შექმნილია.

უკანონობა და დანაშაული

უმრავლესობა, ყველაზე უკიდურესი ანარქისტი ლიბერტარიანელის გარდა, შევთანხმდებით, რომ თუ არსებობს რამე ფუნქცია, ხელისუფლებას რომ უნდა დავაკისროთ, ეს არის საზოგადოების წევრების დაცვა სხვა პირების მხრივ ძალადობისა და შევიწროებისგან და განა არის ვინმე, ვინც მეტყვის, რომ მთავრობა ამ მოვალეობას კარგად ართმევს თავს? ცხადია – არა. ვიკითხოთ რატომ? ნაწილობრივ იმის გამო, რომ უამრავი კანონი და დადგენილი წესი გვაქვს და რაც მეტია აკრძალვა, მით უფრო რთულია მათი დარღვევის აღკვეთა. სამართალდამცავი საშუალებები სრულიად არათანაზომადია, კანონმდებლობის ასეთი დათითოწევრება და წესების გამრავლება კი დარღვევათა რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს. იოლად შესაძლებელი მხოლოდ იმ აკრძალვათა მორჩილებაა, რომლებსაც უმრავლესობა გონივრულად მიიჩნევს. ამ ნორმებს უმრავლესობა იმ შემთხვევაშიც მისდევს, თუ ისინი კანონად დაწერილი არ არის. მაგრამ თუ კანონი ისეთ რამეს კრძალავს, რაც მრავალთა აზრით მორალური და სწორია, დამორჩილება მხოლოდ უხეში ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი. კარგი მაგალითია მაქსიმალური სიჩქარის რეგულირება. უფრო დრამატული მაგალითი თუ გნებავთ – „მშრალი კანონია“ ასეთი.

ჩვენს ქალაქებში გამეფებული უკანონობის მიზეზი ე.წ. ნარკოტიკების აკრძალვის მცდელობაში უნდა ვეძებოთ. ეგრეთ წოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად დამაზიანებელი ნარკოტიკები – სიგარეტი და ალკოჰოლი ლეგალურია. ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა ერთხელ უკვე ვცადეთ და დიდი ფასის გადახდა მოგვიწია. ახლა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების აკრძალვას ვცდილობთ და ისევ ვიხდით მაღალ ფასს. იმის გამო, რომ საკუთარი კანონების აღსრულება არ შეგვიძლია, სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც ვაყენებთ ზიანს – კოლუმბიასა და პერუს ვგულისხმობ. ჯერჯერობით ამ ქმედებათა დამაჯერებელი ახსნა ვერ მოვისმინე. შესაძლებელია, გწამდეთ, რომ მთავრობის მოვალეობაა, ადამიანებს ნება არ მისცეს, ნებაყოფლობით მოიხმარონ ის ნივთიერება, თქვენ რომ მათთვის საზიანოდ მიგაჩნიათ. შეიძლება, გულწრფელად გჯეროდეთ ამის, მაგრამ აშკარაა, რომ მთავრობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამ ქმედებებმა უფრო მეტი ზიანი მოუტანა საზოგადოების დიდ ნაწილს და, განსაკუთრებით, ქალაქების მკვიდრ მოსახლეობას, ვიდრე სიკეთე მათ, ვინც გადაწყვეტდა, მოეხმარა ნარკოტიკი, აკრძალული რომ არ ყოფილიყო. ნარკოტიკის ლეგალიზაციის შემთხვევაში, გვეყოლება უდანაშაულო მსხვერპლი (მაგალითად ნაყოფად მყოფნი), მაგრამ მათი რიცხვი ბევრად ნაკლები იქნება და მეტი საშუალება და თავისუფალი რესურსი გამოიძებნება მათი რიცხვის შესამცირებლად და დანარჩენთა დასახმარებლად.

Უსახლკარობა

რა განაპირობებს უსახლკარობის ამჟამინდელ სამარცხვინო ტალღას ქვეყანაში? დიდწილად ესეც მთავრობის მოქმედების შედეგია. ერთი მხრივ, ბინის ქირაზე კონტროლის დაწესებამ, კიდევ მეტად სხვა სამთავრობო გადაწყვეტილებებმა, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების დაცლა, რის გამოც უსახლკაროთა რაოდენობამ იმატა, ურბანული განახლებისა და საზოგადოებრივი საცხოვრისის პროგრამები, რამაც გაცილებით მეტი საცხოვრებელი ერთეული მოსპო, ვიდრე ააშენა და დანაშაულის ზრდას შეუწყო ხელი ამ დასახლებებში.

ოჯახური ფასეულობები

ადრეული ორსულობის, არასასურველი შობადობის, მარტოხელა მშობელთა რაოდენობის ზრდას მხოლოდ მთავრობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ამ სოციალურ პრობლემების მატებას კი შეუწყო მნიშვნელოვნად ხელი. ჩარლზ მიურეიმ შეისწავლა ეს ფენომენი და წიგნში “ფეხქვეშ გამოცლილი მიწა” არასწორი სამთავრობო პროგრამების დამაჯერებელი მტკიცებულებები მოგვაწოდა (2). პირადად მე კიდევ ერთ მცდარ სამთავრობო პოლიტიკას დავასახელებდი, ისეთს, მიურეის ჩამონათვალში რომ ვერ მოხვდა – სამხედრო გაწვევას, რაც დიდ როლს თამაშობს სოციალური და კულტურული ფასეულობების განადგურებაში, თუმცა – არაპირდაპირი გზით. მაგრამ ეს დისკუსია სხვა დღისთვის გადავდოთ.

საცხოვრებელი

კიდევ ერთი სოციალური პრობლემაა საცხოვრებლის მაღალი ღირებულება და მათი განადგურება. ქალაქ ნიუ იორკში ბინის ქირაზე დაწესებულმა კონტროლმა, როგორც პირდაპირ, ასე შემოვლითი გზით – როდესაც აშენებული ბინების ნაწილი ხელისუფლებას მიაქვს განსაკარგავად, რაიონები, როგორიც ჩრდილოეთ ბრონქსია ნამდვილ უკაცრიელ ნაგავსაყრელს დაამსგავსა. ბინათმფლობელებს მათი ქონების შენარჩუნება უჭირთ და ყველგან, სადაც მთავრობას მსგავსი წესები შემოაქვს – ერთნაირ შედეგებს ვხედავთ.

სამშენებლო რეგულაციების, ზონირების და სხვა სამთავრობო მოქმედებების განვრცობა მკვეთრად ზრდის საცხოვრებლის ღირებულებას. თუკი 1945 წელს შევადარებთ, იმ პირობითი დაშვებით, რომ შრომის, მასალისა და ა.შ. ფასები არ შეცვლილა, მხოლოდ სამთავრობო რეგულაციებმა ახალი სახლის აშენება ¼-ით გააძვირა.

ჯანდაცვა

მთავრობა სულ უფრო დიდ როლს თამაშობს სამედიცინო მომსახურებაში. ათწლეულების განმავლობაში, ჯანდაცვის წილი მთლიან ხარჯებში ეროვნული შემოსავლის დაახლოებით 3-დან 5 პროცენტამდე იყო. ახლა ის 12-13 პროცენტია და იზრდება. ჰოსპიტალური ხარჯი თითო პაციენტზე (ინფლაციის გათვალისწინებით) 1986 წელს გაიზარდა 26-ჯერ 1946 წლის მონაცემთან შედარებით. პერსონალის რაოდენობა საავადმყოფოს ერთ საწოლზე გაიზარდა 7-ჯერ. ამავე დროს, 1’000 მოსახლეზე საავადმყოფო საწოლების რაოდენობა შემცირდა ორჯერ. რა თქმა უნდა, 1946 წლის შემდეგ სამედიცინო დახმარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ამგვარ გაუმჯობესებას ვაკვირდებით 1965 წლამდეც და 1965 წლის შემდეგაც, როდესაც, პარალელურად, ჯანდაცვის ხარჯები მატულობს. ერთ ჰოსპიტალურ საწოლზე შვიდჯერ მეტი თანამშრომელი აშკარად არ არის ის ხალხი, ვინც პაციენტს მკურნალობს – ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც  ქაღალდებით არიან დაკავებულნი და მთავრობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ავსებენ ფორმულარებს.

ფინანსური სისტემა

ყველა ხედავთ ჩვენი ფინანსური სისტემის სისუსტეს. ვის ეპარება ეჭვი, რომ ეს სისუსტე სამთავრობო პოლიტიკის ბრალია? დანაზოგთა და სესხების კრიზისი ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დაჩქარებული ინფლაციით შეიქმნა მთავრობამ. გაანადგურა მრავალი შემნახველი და სასესხო ინსტიტუტი. ამას მოჰყვა 1980-იანი წლების უთავბოლო რეგულირება, სადეპოზიტო დაზღვევით დაფარული თანხის გაზრდილი წილი და უკვე ახლანდელი კრიზისის დროს გატარებული ზომები. ეს ბოლო კარგად გახსოვთ ყველას, შეხსენებაზე არ დავკარგავ დროს.

გზატკეცილთა გადატვირთვა

ყველას გვაწუხებს გადატვირთული გზები. სხვა კუთხით შევხედოთ – კერძო ინდუსტრიას შეუძლია აწარმოოს იმდენი ავტომობილი, რამდენის შეძენის მსურველიც გვყავს, მაგრამ მთავრობა უუნაროა შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა შექმნას – აქ გვაქვს შეუსაბამობა.

აეროპორტები

მსგავსი სურათია ავიაკომპანიებსა და აეროპორტებთან მიმართებაშიც. კერძო ინდუსტრიას აქვს უნარი აწარმოოს იმდენი თვითმფრინავი, რამდენის შეძენაც ავიახაზებს სურთ. ავიაკომპანიებს შეუძლიათ დაიქირაონ საჭირო რაოდენობით მფრინავები, ბორტგამცილებლები, მექანიკოსები და სხვები. სად ხდება გადატვირთვა? სად არის გამტარუნარიანობის პრობლემა? აეროპორტებში, საჰაერო კონტროლის ადმინისტრაციებში. რატომ? იმიტომ რომ მათ მთავრობა მართავს.

სხვადასხვა

უხეირო ეკონომიკურ პოლიტიკაზე ჯერ სიტყვაც არ დამიძრავს: ბუშის ადმინისტრაციის მიერ უკუღმა შეტრიალებულმა რეიგანომიკამ 1990–1991 წლების რეცესიას შეუწყო ხელი და 1990-იანების ძალიან ნელი გამოჯანმრთელების პერიოდი და ზრდის დაბალი ტემპი მოიტანა, იმისგან დამოუკიდებლად, რას მოიმოქმედებს ქლინთონის ადმინისტრაცია (II).

არაფერი მითქვამს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გადაჭარბებულ რეგულირებაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი იმ სასოფლო კულტურების მოყვანას აფინანსებს, რაც შემდეგ ნადგურდება ან საწყობდება ან სხვას გადაეცემა უსასყიდლოდ

არ მიხსენებია ტარიფები და კვოტები და პოზიტიური დისკრიმინაციის (III) პოლიტიკა. არც კანონი მინიმალური ხელფასისა და სამუშაო საათების შესახებ.

ამ ჩამონათვალის გათვალისწინებით, ორჭოფობთ კიდევ, არის თუ არა მთავრობა პრობლემა?

ამავე დროს, ეს სია არ უარყოფს, რომ მთავრობას მართლაც აქვს მნიშვნელოვანი როლი. ტრაგედია ის არის სწორედ, რომ მთავრობა მოდებულია უამრავ სფეროს, სადაც არაფერი ესაქმება და დრო და რესურსი არ რჩება იმ ფუნქციების ჯეროვნად შესასრულებლად, რისი კარგად შესრულებაც ევალება: უცხო მტრისგან დაცვა, შიდა უსაფრთხოება, კანონების განმარტება და დავების გადაწყვეტა – ეს ხელისუფლებაზე დელეგირებული ფუნქციებია (3).

ნეტავ, თუ მოიძებნება ისეთი სწავლული ლიბერალი (IV), ვინც იტყვის, რომ კერძო ბაზარი და კაპიტალიზმია პრობლემა და არა – მთავრობა და შეძლებს, დაასახელოს ფუნდამენტალური პრობლემები, რაც კერძო მეწარმეებისგან მომდინარეობს და ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.

კარგად ვიცი, რას გაიხსენებენ პირველს – გარემოს დაცვა. მათი აზრით, კერძო საწარმო პასუხისმგებელია ჰაერის დაბინძურებაზე, წყლის დაბინძურებაზე, დედამიწის მოსპობაზე. მე კი ვთავაზობ, შეადარონ ბუნების დაბინძურება ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ახლო წარსულში მართავდა მთავრობა (მაგალითად, პოლონეთი ან საბჭოთა კავშირი ან რუმინეთი) და მდგომარეობა აშშ-ში. განსხვავების მიზეზი არ უნდა ვეძიოთ იმაში, რომ ჩვენი მთავრობა უფრო ეფექტურად იცავდა გარემოს, განსხვავება ისაა, რომ კერძო საწარმო ხედავს, გარემოს დაბინძურება მისი ბიზნესისთვის დამაზიანებელია. ბევრად მომგებიანი იქნება, თუ ბუნების დაბინძურებას თავიდან აიცილებს. გარემოს დაცვის საქმეში მთავრობას ერთი მნიშვნელოვანი როლი ნამდვილად აკისრია: დააწესოს პირობები, კერძოდ, განსაზღვროს საკუთრების უფლება, რაც იმ მექანიზმს შექმნის, რომ ხარჯი დაეკისროს პასუხისმგებელ მხარეს. სამწუხაროდ, ფაქტობრივი სამთავრობო პოლიტიკა არც ქმედითია და არც – შედეგიანი. ამის მაგალითია ახლახანს მიღებული სუფთა ჰაერის კანონი (Clean Air Bill). ის მეწარმეების ჯიბეებს ბევრად უფრო ეფექტურად გაასუფთავებს, ვიდრე – ჰაერს გაწმენდს (V).

Government

იმის ახსნა, თუ რატომ არის მთავრობა პრობლემა

ზოგადი არგუმენტი იმის ასახსნელად, თუ რატომ არის მთავრობა პრობლემა, რასაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე, არის ინტერესთა ჯგუფების ზეგავლენა – მთავრობის მოქმედება, ხშირ შემთხვევაში, დიდ სარგებელს აძლევს რამდენიმეს, მრავალთათვის დაკისრებული მცირე ხარჯის ფასად. კარგი მაგალითია ტაქსების რეგულირება. ეს თემა დიდი ხანია, მაინტერესებს და ახლახანს ერთ ნიუიორკელ ტაქსისტს გამოველაპარაკე (ტაქსისტები, ცნობილია, ყველა ახალი ამბის წყაროა). ტაქსების რაოდენობა ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ რეგულირდება ლიცენზირების გზით. ლიცენზიის სხვა პირზე გადაცემა შესაძლებელია და ყიდვა-გაყიდვის საგანია. ამჟამინდელი ფასი მიახლოებით 100’000-125’000 დოლარია.

მაგრამ ეს შეზღუდვები რომ გაქრეს, სარგებელი ზარალზე გაცილებით დიდი იქნება. მომხმარებელი მოიგებს, იმიტომ რომ ბაზარზე მეტი შეთავაზება გაჩნდება. ტაქსების რაოდენობის ზრდა გაზრდის მოთხოვნას ტაქსისტებზე. მეტი მძღოლის მოსაზიდად მათ გაზრდილ ანაზღაურებას შეთავაზებენ.

თუკი ასეა, რატომ არ აუქმებენ ტაქსების რაოდენობაზე დაწესებულ შეზღუდვას? პასუხი ნათელია: ლიცენზიის მფლობელები დაზარალდებიან. ისინი ცოტანი არიან, მაგრამ ბევრს ხმაურობენ მუნიციპალურ კაბინეტებთან. ტაქსისტები დარწმუნებული არ არიან, რომ მათი ანაზღაურება გაიზრდება ან უკეთეს სამუშაოს გამონახავენ. ქალაქში არ ჩანს ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფი, ვინც ძალას გამოიღებს, ლობისტებს იქირავებს, რომ მუნიციპალიტეტმა ეს ლიცენზირება გააუქმოს. ტაქსისტებს ამას ვერ მოვთხოვთ – ისინი რაციონალურად დღევანდელ კვერცხს ამჯობინებენ (VI).

კონცენტრირებული სარგებლისა და დიფუზიური ხარჯების (VII) ფენომენი მრავალი სამთავრობო პროგრამის არსია. მაგრამ ეს ახსნაც არ არის საკმარისად ყოვლისმომცველი და ვერ განმარტავს სრულად იმ სიტუაციას, ახლა რომ ვართ. მაგალითად, ვერ პასუხობს კითხვას, თუ რატომ არის სახელმწიფო საწარმო ამდენად ნაკლებეფექტური კერძო საწარმოსთან შედარებით. თუნდაც, შეერთებული შტატების სახელმწიფო საფოსტო ოფისი (USPS) ვნახოთ, რომელიც ბევრად არაეფექტურია, ვიდრე კერძო UPS.

ერთი პასუხია, რომ მოგება უკეთესი წამახალისებელი და მოტივატორია, ვიდრე ის სტიმული, საჯარო სამსახური რომ გვთავაზობს. ერთი მხრივ, სიმართლეა, მაგრამ, სხვა მხრივ, ეს მოსაზრება მცდარია. კერძო საწარმოს ხელმძღვანელობ თუ სამთავრობო საწარმოს – სტიმული ერთია: საკუთარი ინტერესების დაცვა და განვითარება. როგორც ჩემმა ლოსანჯელესელმა მეგობარმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა არმენ ალჩიანმა მითხრა, ერთი რამაა, ყველას რომ ანდობ – დააყენოს პირადი ინტერესი სხვისაზე მაღლა. ადამიანები, რომლებიც კერძო საწარმოებს მართავენ და სხვები, ვინც სახელმწიფო საწარმოებს მართავს, ერთნაირები არიან. ისევე, როგორც ჩინელები ჰონგ კონგში და ჩინელები მატერიკზე არიან ერთნი. არც დასავლეთ გერმანელები და აღმოსავლეთ გერმანელები იყვნენ განსხვავებული ხალხი, მაგრამ შედეგი ძალიან განსხვავებული იყო.

საქმე ისაა, რომ პირადი ინტერესი კერძო და საჯარო სფეროში არსობრივად განსხვავდება. კერძო საწარმომ შეიძლება მიაღწიოს ან ვერ მიაღწიოს წარმატებას. ახალი კომპანიების უმეტესობა ბაზარზე ფეხს ვერ იკიდებს (ვისაც გარანტირებული აქვს წარმატება, დიდი ალბათობით, უკვე შექმნილია და მუშაობს). თუ საწარმო საკუთარ ადგილს ვერ ნახავს, ის ფულს კარგავს. მფლობელებს უკან დასახევი გზა არ აქვთ – მუშაობის გასაგრძელებლად საკუთარი ჯიბეები უნდა მოჩხრიკონ, ეს კი არვის ეხალისება. ამიტომ მათი სტიმული ძლიერია: საწარმომ ან თავი უნდა დაიმკვიდროს, ან დახურონ და ბაზრიდან გავიდნენ.

მეტად თვალნათელი რომ იყოს, მაგალითი ვნახოთ. დავუშვათ, არის ერთი და იგივე ჯგუფი, ვინც ერთდროულად მართავს კერძო და სახელმწიფო საწარმოს. საწყისი მონაცემები და სფერო ერთნაირია. შედეგი – უარყოფითი. მაგრამ მეორე შემთხვევაში, უკან დასახევი გზა ბევრად ფართოა და გრძელი. არავის უყვარს შეცდომის აღიარება. წარუმატებლობის გასამართლებლად იოლია მიზეზების მოძებნა, ვთქვათ, არასაკმარისად ძლიერად შევედით ან არასაკმარისად ფართოდ მოვიცავით ბაზარი. რაც მთავარია, სახელმწიფო საწარმოს შემთხვევაში, მმართველებს ბევრად განსხვავებულ ჯიბეზე მიუწვდებათ ხელი. შეუძლიათ, დაარწმუნონ ის ადამიანები, რომელთა ხელშიც არის ფული, რომ გადასახადთა გადამხდელებისგან ამოღებული კიდევ მეტი თანხა ჩადონ წარმოებაში. განსხვავებული რეალობაა: თუ კერძო საწარმო კოტრდება, ის იხურება და ბაზრიდან გადის. თუ სახელმწიფო საწარმო კარგავს ბაზარს – ის ფართოვდება (ცხადია, ისეც ხდება, რომ კერძო საწარმოც მოიპოვებს ხოლმე საბიუჯეტო სუბსიდიას).

მთავრობა ახორციელებს იმ ტიპის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც საჭიროდ მიაჩნია. ამ საწარმოში მომუშავე ადამიანები დაინტერესებულნი არიან, რომ წარმატება ნახონ, ისე, როგორც ეს კერძო საწარმოს შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ როგორც კი წარმატება ქრება, უჩნდებათ ახალი ინტერესი – ნახონ მიზეზი და დასაბუთება მუშაობის გაგრძელებისთვის.

საერთაშორისო სფეროში ნათელი მაგალითია საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), რომელიც ფიქსირებული გაცვლითი კურსების სისტემის სამართავად შეიქმნა. კარგია ეს სისტემა თუ ცუდი, სხვა საუბრის თემაა, მაგრამ 1971 წელს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნიქსონმა ოქროს ფანჯარა მიხურა (VIII), ფიქსირებული გაცვლითი კურსის სისტემა ჩამოიქცა და მცურავი გაცვლითი კურსების სისტემამ ჩაანაცვლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ფუნქცია დაკარგა, მაგრამ დაშლის ნაცვლად, გაფართოვდა და ჩამორჩენილი ქვეყნების დახმარების სააგენტოდ იქცა – ახალი საქმიანობის დასაფინანსებლად კი მისი სპონსორების ჯიბეებში ხელის კიდევ უფრო ღრმად ფათური დაიწყო. ბრეტონ ვუდსში ორი სააგენტო დაფუძნდა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ფიქსირებული გაცვლითი კურსის სისტემის სამართავად და მსოფლიო ბანკი, განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ახლა ორივე სააგენტო განვითარების ხელშეწყობის ფუნქციითაა აღჭურვილი და ორივე მათგანს, ჩემი აზრით, ზიანი ბევრად მეტი მოაქვს, ვინემ – სიკეთე.

ნება მომეცით, განსხვავებული მაგალითი მოვიყვანო შეერთებულ შტატების ისტორიიდან. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჩვენ დაწესებული გვქონდა ხელფასებისა და ფასების კონტროლი. ომის დროს, ინფლაციის გამო, ბევრ დამსაქმებელს გაუჭირდა თანამშრომლების დაქირავება. ხელფასების შემზღუდავი რეგულაციის პირობებში, ბევრმა საწარმომ სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით სცადა მუშა-ხელის მიზიდვა. შემოსავლების სამსახურს წლები დასჭირდა, სანამ გაერკვეოდა და სამედიცინო მომსახურების თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაიწყებდა. მაგრამ დაქირავებულნი უკვე მიჩვეულნი იყვნენ, დამქირავებლის მიერ მიწოდებული სამედიცინო დახმარება რომ არ იბეგრებოდა. ცვლილებას იმხელა პოლიტიკური აურზაური მოჰყვა, რომ კონგრესს საწარმოების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხისთვის დაუბეგრავი სტატუსის მინიჭება მოუხდა.

ხელფასისა და ფასების კონტროლი გაუქმდა, მაგრამ სამედიცინო მომსახურების თანხის დაუბეგრავი სტატუსი ძალაში დარჩა. სწორედ ამიტომ გვაქვს იმგვარი ჯანდაცვის სისტემა, სადაც დაქირავებულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დამქირავებელს აკისრია. ომისდროიდნელი ხელფასების კონტროლის სისტემამ, რომელმაც ჩაილურის წყალი დალია, არაპირდაპირი გზით შექმნა თანამედროვე სოციალიზებული ჯანდაცვის სიტემა, რომელსაც ბიზნესის დიდი ნაწილიც ძლიერ უწყობს ხელს.

სწავლული ლიბერალები გვეტყვიან, რომ საზოგადოებას სურს, მოიხმაროს სიკეთე, რომელსაც მთავრობა გასცემს, თანხის გადახდა კი არ სურს. რომ შეგვეძლოს, წუხან სწავლული ლიბერალები, ამ გაუმაძღარ, გულქვა ხალხს მეტი გადასახადი გამოვღლიტოთ, ყველა პრობლემის მოგვარებას შევძლებდით. ნაწილობრივ, შეიძლება, მართლებიც იყვნენ, მაგრამ – მხოლოდ ნაწილობრივ. მაგალითად, ეს განმარტება როგორ ხსნის სოფლის მეურნეობის სუბსიდიებს? ნუთუ, ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად სურთ დააფინანსონ ფერმერები იმ პროდუქტის მოყვანისთვის, რაც შემდეგ გადასაყრელი გაგვიხდება ან დაბალ ფასად გავაგზავნით საზღვარგარეთ? შეიძლება, საზოგადოებას მართლაც სურდეს იმ სიკეთეთა მოხმარება, სამთავრობო დაფინანსებით რომ მიეწოდება (მაგალითად, Medicare და Medicaid (IX), მაგრამ არა სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ან იაპონური მანქანების იმპორტის შეზღუდვა, რამაც იმპორტირებული ავტომობილი მიახლოებით 2,000 აშშ დოლარით გააძვირა, მაგრამ ამერიკული ავტოინდუსტრია პრობლემებისგან ვერ იხსნა. ან შაქრის იმპორტის კვოტირება ავიღოთ – თუკი საზოგადოებას დავეკითხებით, სურს თუ არა შაქრისთვის მსოფლიო ფასთან შედარებით ორმაგის გადახდა, მართლა ფიქრობთ, რომ ბევრი მოიძებნება მსურველი?

როდესაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს – ის განსხვავებულ გზას აძლევს ხმას. საზოგადოება მიიჩნევს, რომ მთავრობა მეტისმეტად დიდია. ადამიანებმა იციან, როგ გადახდილი გადასახადის ტოლ სიკეთეებს ვერ იღებენ. კალიფორნიის მცხოვრებლებმა, სადაც ვცხოვრობ მე, რამდენჯერმე უყარეს კენჭი გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას (X): მხარი დაუჭირეს Proposition 13, Gann Limit, ასევე ადგილობრივი დეპუტატებისა და კონგრესმენების ვადის შემცირებას. დღეს კონექტიკუტის შტატს პროგრესული საშემოსავლო გადასახადი იმიტომ კი არ აქვს, რომ მოქალაქეებმა მოიწონეს, არამედ გუბერნატორ ვეიქერის გადაწყვეტილებით (XI).

სწავლული ლიბერალები მთავარში ცდებიან – პრობლემა ის კი არ არის, რომ მთავრობა ცოტას ხარჯავს, პრობლემა ისაა, რომ მთავრობა ძალიან ბევრს ხარჯავს. განათლების სფერო იქნება, ჯანდაცვის სფერო თუ სხვა. მთავრობა ძალიან ბევრს და არასწორ რაღაცეებზე ხარჯავს. მთავრობა გველეშაპად იქცა, რომელსაც ყოველი ერთი თავის ნაცვლად ორი ამოსდის. ლინქოლნი ამბობდა, რომ მთავრობა უნდა იყოს ხალხის, ხალხის მიერ და ხალხისთვის. ის, რაც ახლა გვაქვს, არის ბიუროკრატებისა და ბიუროკრატებად ქცეული კანონმდებლების მთავრობა ბიუროკრატებისთვის.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, პრობლემა ის კი არაა, რომ ბიუროკრატები ცუდი ხალხია. პრობლემა, როგორც იტყოდნენ მარქსისტები, სისტემაა და არა ხალხი. მთავრობის ხალხს მათი ინტერესები აიძულებს მოიქცნენ ასე, რაც ჩვენი, ყველა დანარჩენი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ხომ გახსოვთ ადამ სმითის ცნობილი უხილავი ხელის კანონი: ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სარგებელს ეძებენ, “უხილავი ხელი წარმართავს საზოგადოებრივი სარგებლის სამსახურში, რაც სულაც არ იყო მათი განზრახვის ნაწილი”. მთავრობის შემთხვევაში, ხელუკუღმა უხილავი ხელი მოქმედებს: ადამიანები, რომლებსაც სურთ მხოლოდ საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურონ, უხილავი ხელით მხოლოდ საკუთარ ინტერესებს მისდევენ, რაც მათი განზრახვის ნაწილი არ ყოფილა.

მძიმე ყოფაში ვართ, რადგან თანდათანობით გავაძლიერეთ სამთავრობო ინსტიტუტები, სადაც ხალხის ხმა ვერ აღწევს. ჯეიმს ფეინის ბოლო კვლევამ ეს ძალიან ნათლად დამანახა: მან შეისწავლა სამთავრობო თოთხმეტი მოსმენა, რომლებიც ხარჯვის საკითხებს ეხებოდა და დაადგინა, ”1’014 ხმა იყო ხარჯვის სასარგებლოდ და მხოლოდ 7 – წინააღმდეგ. ხარჯვის მხარდამჭერნი მოწინააღმდეგეებს 145-ით 1-ზე სჭარბობდნენ.” გასაოცარი ფაქტია, მაგრამ კიდევ მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ”1’060 მხარდამჭერიდან 47% ფედერალური ადმინისტრატორები იყვნენ, ხოლო 10% – სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თანამდებობის პირები. 6 პროცენტი კი კონგრესის წევრი იყო.” გამოდის რომ ხარჯების სასარგებლოდ მიცემული ხმების 63% თავად მთავრობიდან მოდის. ასე გვეუბნებიან: დიახ, ჩვენ უნდა ვხარჯოთ ფული. არ ვიტყვი, რომ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ სურთ ხარჯვა – ჩვენს საკეთილდღეოდ სურთ. ეს არის, რისიც სჯერათ ან, ამბობენ, რომ სჯერათ, ფეინის დასკვნით, ”კონგრესმენთა შეხედულებები ხარჯვის პროგრამების შესახებ, მეტწილად, აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებებითაა ნაკვები.” (4) რაც ვთქვით ხარჯებზე, სიმართლეა სხვა სამთავრობო ზომებთან მიმართებითაც: შაქრის კვოტები იქნება, დამსაქმებელთა მიერ სამედიცინო დახმარების გადასახადისგან გათავისუფლება, სოფლის მეურნეობის სუბსიდიები თუ სხვა.

კონცენტრირებული სარგებელის და დიფუზიური ხარჯების პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ არ მჯერა, რომ დღეს ეს არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა სხვაა – ვეღარ ვახორციელებთ იმას, რასაც ვქადაგებთ. ახლად კომუნიზმგადაგდებულ ქვეყნებს ვუჩიჩინებთ: პრივატიზაცია, პრივატიზაცია, პრივატიზაცია, როდესაც საკუთრივ ჩვენთან რაც ხდება არის: სოციალიზაცია, სოციალიზაცია, სოციალიზაცია.

რა ვუშველოთ ამ ყველაფერს? ნაცრის წაყრა საჭირო არაა. ეს შესანიშნავი ქვეყანაა; მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა, სადაც ცხოვრების მაღალი სტანდარტია. ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ბაზრის ნიმუშად რჩება, სადაც ქვეყნის მთლიანი რესურსების 50 პროცენტზე ნაკლების გამოყენებით, კერძო სექტორი იმდენ დოვლათსა და ცხოვრების ისეთ ხარისხს ქმნის, მსოფლიოს უმეტესი ნაწილი რომ შენატრის. (5) მაგრამ ჩვენ, მოქალაქეებმა მართვის სადავეები უნდა დავიბრუნოთ. ეს პოლიტიკური სტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებას ითხოვს.

ერთი, რაც აუცილებლად გვჭირდება, ხელისუფლებაში ყოფნის ვადების შეკვეცაა – ნაბიჯი, რომელიც კონგრესის განბიუროკრატირებას მოახდენს. ბევრს მარგინალურ მოსაზრებად მოგეჩვენებათ, მაგრამ კარგი იქნება, საჯარო სამსახურს პატრონაჟით თუ ჩავანაცვლებთ (XII). ეს ბიუროკრატებს უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც განდევნის. ახლა საჯარო მოხელეებად გვყავს ადამიანები მუდმივი, გარანტირებული სამსახურით, რომელთა კეთილდღეობა სრულად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დიდ და სულ უფრო მზარდ როლს თამაშობს მთავრობა. ამ სისტემის ცვლილების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუმცა კონგრესმენების არჩევითობის ვადას თუ შევზღუდავთ, ეს მხოლოდ კონგრესმენებსა და კონგრესის თანამშრომლებზე კიარა, იმ სამთავრობო თანამშრომლებზეც იქონიებს გავლენას, ვინც საჯარო სამსახურის წესებს და უფლებამოსილებებს არ ექვემდებარება.

ამ იდეას ფართო მხარდაჭერა აქვს. კოლორადომ შემოიღო შეზღუდვები როგორც ადგილობრივ კანონმდებლებზე, ასე კონგრესმენებზე. ადგილობრივი კანონმდებლების არჩევითობის ვადები შეზღუდა კალიფორნიამაც. დღეს 15 შტატშია უკვე მსგავსი შეზღუდვა დაწესებული. ეს არის იდეა, რომლის დროც მოვიდა. რა თქმა უნდა, კონგრესის წევრები გვეტყვიან, რომ ცალკეული შტატების მხრივ კონგრესმენებისთვის ამგვარი შეზღუდვის დაწესება არაკონსტიტუციურია. ეგებ, ასეც იყოს, მაგრამ მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო. ასეა თუ ისე, რაღაც რადიკალური ცვლილებებია საჭირო, იმ კალაპოტიდან რომ ამოვიდეთ, რომელსაც მივყვებით.

შეერთებულ შტატებს მდიდარი მემკვიდრეობა და ისტორია აქვს. დაფუძნების დღიდან ყოველი შემდეგი თაობა სწავლობდა უკეთესად, ვინემ – წინა. აღწევდა მეტ წარმატებას და ცხოვრების უკეთეს დონეს. ახლა იმ საფრთხის წინაშე ვართ, რომ თაობა, რომელიც ჩაგვანაცვლებს, შეიძლება, აღმოჩნდეს პირველი, ვისთვისაც ეს ჯაჭვი გაწყდება. ეს იქნება უდიდესი ტრაგედია (XIII).

___

(1) E. J. Dionne, “Why Americans Hate Politics,” Freedom Review, September–October
1991, p. 45.
(2) Charles Murray, Losing Ground: American Social Policy, 1950–1980 (New York:
Basic, 1984).
(3) როგორც ჰუბერისა და ოლსონის ბოლოდროინდელი წიგნებიდან ჩანს, მთავრობა ჯეროვნად ვერ ასრულებს დავის გადაწყვეტის ფუნქციას. Peter W. Huber, Liability: The Legal Revolution and Its Consequences (New York: Basic, 1988), and Galileo’s Revenge (New York: Basic, 1991); Walter K. Olson, The Litigation Explosion (New York: Dutton, 1991).
(4) James L. Payne, “Why Congress Can’t Kick the Tax and Spend
Habit,” Imprimis (Hillsdale College) 20, no. 5 (May 1991).
(5) 1992 წელს მთავრობის ხარჯებმა ყველა – ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ დონეზე, ეროვნული შემოსავლის დაახლოებით 43 პროცენტი შეადგინა. ფაქტობრივად, კერძო სექტორის მიერ 57 პროცენტია გახარჯული. რაკი ამაში შედის აუცილებელი დანახარჯები და ის ხარჯები, რასაც რეგულაციები, ტარიფები, კვოტები და ა.შ. იწვევს… მე ვივარაუდე, რომ კერძო სექტორი ეფექტურად ”ქვეყნის მთლიანი რესურსების 50 პროცენტზე ნაკლებს განკარგავს.”

©Milton Friedman – Why Government is the Problem. Essays in Public Policy, no. 39. Stanford, California: Hoover Institution Press, 1993.
©LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

(I) სამშვიდობო დივიდენდი (Peace dividend) – საბიუჯეტო თანხა, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებით გამოთავისუფლდა და მისი სხვა სფეროსკენ გადამისამართება ხდება.

(II)
იხ. ართურ ლაფერი – რა გვასწავლა რეიგანომიკამ

(III)
Affirmative Action – წარსულში დისკრიმინირებული ჯგუფების (უმცირესობები, ქალები) კვოტირებისა და პოზიტიური ხელშეწყობის პოლიტიკა.

(IV)
ფრიდმანისეული “ლიბერალი” მემარცხენე ლიბერალს გულისხმობს. ჯობდა, იმჰო, დაეზუსტებინა ან სხვა ტერმინი გამოეყენებინა, მაგრამ მე ვერ ჩავუსწორებ. მხოლოდ (როგორც მემარჯვენემ და ლიბერალმა) შემიძლია, აქ, კომენტარებში განვმარტო.

(V)
ფრიდმანი 1963 წლის Clean Air Act-ს გულისხმობს, რომელშიც 1990 წელს ბუშის ადმინისტრაციამ ცვლილებები შეიტანა.

(VI)
წერილი Uber-ის გამოჩენამდეა დაწერილი.

(VII)
თავმოყრილი სარგებელი და განფენილი ხარჯები (Concentrated Benefits and Diffused Costs) – სარგებელი, რომელსაც ეკონომიკის რომელიმე ერთი დარგი ან კომპანია ან კომპანიათა ჯგუფი ინტერესთა ლობირების გზით იღებს სხვა მრავალი დარგის/საწარმოს ხარჯზე. ამ ფენომენს სწავლობდა ეკონომისტი მენსარ ოლსონი (The Logic of Collective Action, 1965 – რუსული თარგმანი ინტერნეტ-ბიბლიოთეკაში უფასოდ მოიპოვება. სახალისოა – ოლსონი ხომ ე.წ. ფრირაიდერის პრობლემასაც იკვლევს). 🙂

(VIII)
1971 წლის 15 აგვისტოს პრეზიდენტმა ნიქსონმა აშშ დოლარის ფიქსირებულ კურსზე (35 დოლარი უნციაზე) უარი თქვა და, ფაქტობრივად, დატოვა ბრეტონ ვუდსის შეთანხმება.

(IX)
Medicare და Medicaid აშშ ფედერალური ჯანდაცვის პროგრამებია. პირველი 65+ ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი – დაბალი შემოსავლის მქონე ყველა ასაკის ადამიანისთვის.

(X)
ფრიდმანი ასახელებს საკანონმდებლო აქტებს, რომლებსაც სხვადასხვა წლებში მხარი დაუჭირეს შტატის მცხოვრებლებმა. ყველა მიმართული იყო ადგილობრივი გადასახადების ზრდისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯების შეზღუდვისკენ.

(XI)
ლოუელ ვეიქერის საარჩევნო დაპირება საშემოსავლო გადასახადების შემოღებას არ ითვალისწინებდა, მაგრამ არჩევის შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და სამჯერ დაადო ვეტო ბიუჯეტს, სანამ ადგილობრივი ასამბლეა გადასახადის შემოღებას არ დათანხმდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ ვეიქერი შტატის 2.4 მილიარდიანი დეფიციტის შევსებას ცდილობდა. მოგვიანებით მან მხარი დაუჭირა რიგი გადასახადების შემცირებას, თუმცა საშემოსავლო გადასახადი არ გაუუქმებია.

(XII)
Patronage system ან Spoils system ხელისუფლების ფორმირების სისტემა, როდესაც გამარჯვებული პარტია მთლიანად აკომპლექტებს ყველა საჯარო სამსახურს.
(XIII) სტატიას სტუდენტების მიერ დასმული შეკითხვები და ფრიდმანის პასუხები ერთვის, რაც აღარ ვთარგმნე, მაგრამ ლინკზე სრულად შეგიძლიათ, გაეცნოთ.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)