ჩინური არაკი

ფრედერიკ ბასტია
ეკონომიკური სოფიზმები. ტომი II, თავი VII

Chinese Canal

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ორი ჩინური ქალაქი: ჩინი და ჩანი. და სანაოსნო არხი აკავშირებდა ამ ორ ქალაქს.

ერთ მშვენიერ დღეს, იმპერატორმა არხის მოშლა ბრძანა. ბრძანა, მოეჭრათ კლდე და ვეებერთელა ლოდებით ამოევსოთ არხი.

მწიგნობართუხუცესმა ჯუანგმა, ეს რომ შეიტყო, შეძრწუნდა, ფერხთ ჩაუვარდა მბრძანებელს და შეჰკადრა:

– ზეცათა შვილო, შეცდომა მოგდის.

მაგრამ იმპერატორმა ასე უპასუხა:

– დადუმდი ჯუანგ, სიბრიყვეებს როშავ.

გამოხდა ხანი. იმპერატორმა იხმო თავისთან მწიგნობართუხუცესი და უთხრა:

– ჯუანგ, შეხედე!

ხედავს ჯუანგი, სადაც ადრე არხი იყო გაჭრილი, გაცხოველებული მუშაობაა: ზოგი თხრის, ზოგი ორმოებს ავსებს, სხვა ტკეპნის და ვიღაც კიდევ მოსაკირწყლ ქვებს ეზიდება.

სწავლული კაცი იყო ჯუანგი და მიხვდა – გზა გაყავთ.

მიილია კიდევ სამი თვე და ისევ იხმო მბრძანებელმა მისი ვაზირი.

– გახედე ისევ, – უთხრა.

გახედა ჯუანგმა და ხედავს: გზის შენება დაუსრულებიათ და მილეთი ხალხი ირევა. ვინ – ფეხით, ვინ – ურიკით, ვინ – ჯალამბერით ან – ურმით. ტვირთი მიაქვთ ჩინიდან – ჩანისკენ და ჩანიდან კი – ჩინისკენ. აქა-იქ გზის გასწვრივ უკვე სასტუმრო სახლები წამოუმართავთ.

და გაიფიქრა ჯუანგმა: არხის მოსპობამ ამდენი ახალი სამუშაო მისცა ღატაკ ხალხს. როგორი ბრძენია ჩვენი იმპერატორი!

გავიდა კიდევ სამი თვე. იხმო იმპერატორმა მწიგნობართუხუცესი და უთხრა.

– ერთხელაც გახედე!

გახედა ჯუანგმა და ხედავს უამრავ სასტუმროს მოგზაურებით გადაჭედილს, ყასბებსა და ხაბაზებს, თერძებსა და მეხამლეებს, საჩრდილობლებით, საწვიმრებით, სანიავებლებითა და ათასი სხვა წვრილმანით მოვაჭრეებს. იქვე დახლები გაუმართავთ. სახელოსნოები ჩაუდგამთ. ქვის მთლელი, ხურო, ნალბანდი, სხვა მუშა ხალხი ირევა და ყველას თავისი საქმე მოუნახავს. ჯამბაზები და ოინბაზებიც აქ არიან და წარმოდგენებს მართავენ თვალის გასახარად. ბოქაულები წესრიგს იცავენ.

ჰკითხა იმპერატორმა ჯუანგს:

– რას იტყვი ახლა?

და ჩაუვარდა ფერხთ ჯუანგი იმპერატორს და დაუკოცნა ქოშები:

– ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთი არხის მოშლა ამდენ ახალ სამუშაოს მისცემდა საწყალ ხალხს.

ბევრი იყო თუ ცოტა, ზეცის ძე იხმო უკან ზეცამ. დაიჭირა ტახტი მისმა ვაჟმა და ბრძანა:

– გაჭერით ხელახლა არხი!

მწიგნობართუხუცესმა ჯუანგმა ეს რომ შეიტყო, შეძრწუნდა, ფერხთ ჩაუვარდა მბრძანებელს და შეჰკადრა:

– ზეცათა შვილო, შეცდომა მოგდის.

მაგრამ იმპერატორმა ასე უპასუხა:

– დადუმდი ჯუანგ, სიბრიყვეებს როშავ.

– მაგრამ, ზეცის შვილო, მითხარ, რისი მიღწევა გსურს, რაკი ვერ წვდება გონება ჩემი.

– მსურს, გავაიოლო მიმოსვლა, რაც ტვირთბრუნვას გაზრდის, გააიაფებს ტარიფებს და ჩინისა და ჩანის მცხოვრებლები უფრო დაბალ ფასად შეიძენენ ტანსაცმელსა და სურსათს.

– რა გამოვა, – არ შეეპუა ჯუანგი, – ტვირთბრუნვის გაიოლებით ადამიანები უფრო ბევრი და იაფი საქონლის შეძენას შეძლებენ, მაგრამ სხვები, ვინც საქმე ნახეს არხის დანგრევით, შემოსავალს დაკარგავენ…

ასე ამბობდა ჯუანგი, იმიტომ, რომ არ უწყოდა, არხის მოშლას არ გაუჩენია ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები – ეს სამუშაო ადგილები გაქრა სხვაგან, აქ რომ გაჩენილიყო. არხის ამოვსებას არ მოუტანია ეკონომიკაში ახალი შემოსავლები. ეს შემოსავლები მოაკლდა სხვაგან. მოგზაურებსა და ვაჭრებს ადრეც სჭირდებოდათ სასტუმროები, ხაბაზები და თერძები. მაგრამ არხით ნაოსნობისას ვაჭრები მეტი საქონლის გადატანას ახერხებდნენ, ვიდრე ახლა გადაჰქონდათ, როცა გზით სარგებლობა აიძულეს. მოგზაურიც უფრო მრავლად ჩადიოდა არხის მეშვეობით ჩინშიც და ჩანშიც, ვიდრე ახლა, როცა გზა დაუგრძელდათ.

©Frédéric Bastiat – Economic Sophisms (Sophismes économiques), 1845/1848
©LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License © Lord Vader. Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

“ჩინური არაკი” “ეკონომიკური სოფიზმების” მეორე ტომის მეშვიდე თავის ერთი ნაწილია. ეს პოსტი უფრო თავისუფალი მონათხრობია, ვიდრე თარგმანი, თუმცა, სიუჟეტური ქარგა არ დამირღვევია. ორიგინალ ტექსტს ზემოლინკზე შეგიძლიათ, გაეცნოთ.

ორი წლის შემდგომ, 1850 წელს ბასტია “ჩატეხილი ფანჯრის” იგავს გამოაქვეყნებს, რომელიც უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფია ეკონომიკურ სკოლებს შორის და “ჩინური არაკის” ერთგვარი გაგრძელებაა. LV
____

ფრედერიკ ბასტია – თქვენი ხელფასი და პროტექციონიზმი
ფრედერიკ ბასტია – გადასახადებით დამძიმებული საქონელი
ფრედერიკ ბასტია – მეზვერე და გადასახადის ამკრეფი
ფრედერიკ ბასტია – პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)