Skol! კარანტინი შვედურად

შვედური ოჯახი.
შვედური ასანთი.
შვედური მაგიდა.
შვედური სოციალიზმი.
შვედური პოპი.
შვედური ჰოკეი (თან, შვედეთის ჰოკეის ნაკრებს “ტრე კრუნურს” – სამკორონიანს სამგვირგვინოსანს უძახიან).

რა გახსენდებათ კიდევ?

სხვათა შორის, ჩამოთვლითაგან ყველა სულაც არ არის შვედების მოგონილი, მაგრამ ეს იქეთ იყოს.

ახლა ამ სიას კორონავირუსისადმი შვედური მიდგომაც შეემატა.

Out for drinks in Stockholm

კაფეში ტრადიციული ვაშლის ან ყველის დესერტი ყავით, კათხა ლუდი, რიგი სანაყინე ჯიხურებთან, ქუჩაში მორბენლები, პარკში მოსეირნეები. თვალშისაცემად ნაკლები ნიღბოსანი, ვიდრე ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. სალონები და ჯიმები. შაბათ-კვირას – სათხილამურო კურორტები ან ყინულის მოედნები.

ყველაფერი – როგორც ადრე? მთლად ძველებურადაც – არა.

მიუხედავად იმისა, რომ კარანტინი შვედეთში არ შემოუღიათ, ცხოვრება მაინც შეიცვალა. შვედები უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ ახლა, ვინემ – პანდემიამდე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობამ რამდენჯერმე იკლო, პაბებშიც თვალშისაცემად ნაკლები ხალხია, სოციალური დისტანცირებაც ჩვეული ამბავი გახდა… თუმცა, დისტანცირება შვედებისთვის არც ადრე იყო უჩვეულო. შვედებს წესად არ ჰქონიათ შეხვედრისას და დამშვიდობებისას ხვევნა-კოცნა. ბევრი მათგანი ცალკე ცხოვრებას ამჯობინებდა ადრეც – წყვილებიც კი. და ქორწინების შემდეგაც იქ არვის/ცოტას მოსდიოდა თავში აზრად, გაეყიდათ საკუთარი ბინები, რომ საცხოვრებლად ახალ, საერთო დიდ სახლში გადასულიყვნენ. პირადი სივრცე შვედებისთვის წმიდათაწმიდაა. ყველაზე ფასეული რამ. ერთად ყოფნის დროსაც კი დისტანციის დაცვა აქ ჩვეული ამბავია. ასე იყო კორონავირუსის გამოჩენამდეც. არისტოტელეს რომ შვედები სცოდნოდა, ადამიანებს სოციალურ ცხოველებს ნამდვილად არ დაგვიძახებდა. 🙂

და სრულიად სკანდინავიაშიც არის ასე.

ინტრავერტის გარჩევა ექსტრავერტისგან ძალიან იოლია: საუბრისას ინტრავერტი საკუთარ ფეხსაცმელებს დაჰყურებს, ექსტრავერტი კი – თქვენსას.
მაიკ ვიკინგი. დანიის ბედნიერების შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი

(სხვათა შორის, ბედნიერების ინდექსში სკანდინავიელები სულ სიის თავში არიან ხოლმე).

სკანდინავიაში ჩინებულ ლუდს ხარშავენ და არყითაც ცნობილები არიან, მაგრამ 2017 წელს ევროსტატმა მხოლოდ ანდალუსიაში მეტი ბარი, პაბი და კაფე დათვალა, ვინემ დანიაში, ნორვეგიასა და ფინეთში ერთად. არც შვედეთია დიდად წინ წასული. მეტადრე – პატარა ქალაქებსა და სუფლებს თუ ვნახავთ, სადაც გარეთ სადილობა საერთოდ არაა მიღებული წესი.

ამიტომ, ის მცირე შეზღუდვებიც კი, რაც შვედეთში შემოიღეს – 50 (თავდაპირველად – 500) ადამიანზე მეტის თავშეყრისა და მოხუცებულთა პანსიონებში სტუმრობის აკრძალვა, კაფეებში მაგიდების დაშორიშორება – საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვირუსის გავრცელება შენელებულიყო. მაგრამ მეზობელ ქვეყნებში საკარანტინო ზომები ბევრად მკაცრია. დანიაში 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა აკრძალეს, სკოლები, ბიბლიოთეკები, სალონები, დახურეს, კაფე-ბარებს მხოლოდ თანწაიღეს რეჟიმში მუშაობის ნება დართეს, მაღაზიები, გარდა სასიცოცხლოდ აუცილებლისა (ფარმაცია, სურსათი) დაკეტილია. ნორვეგიაში უფრო რბილი მიდგომა აირჩიეს – კაფეების ნაწილი მუშაობს, თუკი მაგიდების გარეთ გამოტანის და დაშორიშორების საშუალება აქვთ. მოხუცებულთა სახლებში ვიზიტი არ აუკრძალავთ, თუმცა, თუ აუცილებლობა არაა, მოქალაქეებს თავის არიდება და ამგვარი აქტივობის სამომავლოდ გადადება ურჩიეს.

ასეა თუ ისე, სკანდინავიელები, მათი ბუნებიდან გამომდინარე, ჩანს, სოციალურ დისტანცირებას უკეთ შეეგუენ ვიდრე სხვა (მითუფრო – სამხრეთელი) ევროპელები.

მეგობრების რომ ვერ ვნახულობთ იოლი ჩვენთვისაც არაა, მაგრამ მართალი გითხრათ, არც აქამდე ვხედავდით ხშირად.
ტერი-ანა ვილსკა, იივასკილას უნივერსიტეტის სოციოლოგი

ცხადია, ვირუსის გავრცელების სრულად შეკავება ვერ მოხერხდა და გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვიც მატულობს. ყველაზე მაღალი ეს რიცხვი სწორედ შვედეთშია, განსაკუთრებით – სტოკჰოლმსა და მის შემოგარენში.

COVID-19 death as of 04172020

სტატისტიკით დაავადებულთა და გარდაცვლილთა შორის ბევრია მოხუცებულთა სახლებში მყოფი ადამიანები (სწორედ ამის შემდეგ აკრძალეს იქ სტუმრობა შვედეთში). რისკის სხვა ჯგუფს წარმოადგენენ იმიგრანტები, ვისთვისაც ექსტრავერტობა მხოლოდ ფეხსაცმლის ყურებით არ შემოიფარგლება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველა მოდელი კარგია და მუშაობს, როდესაც ქვეყნის თავისებურებებს ერგება და ითვალისწინებს. არც შვედეთი, არც სკანდინავია ა(ღა)რ არის მონოეთნიკური და მონოკულტურული სივრცე და იმიგრანტებიც (ახალი თუ – ძველი) მათი ნაწილია, ისე, როგორც თავად სკანდინავები. ხელისუფლება არ უნდა მოქმედებდეს, როგორც სატრაპი. აუცილებელია, მოქალაქეებთან ლაპარაკი და მკაფიოდ ახსნა რა, რისთვის და როდის კეთდება. გადაწყვეტილებები უნდა იყოს ლოგიკური, ადეკვატური და თუ შეცდომა მოხდა, აღიარება და გამოსწორებაა საჭირო და არა ჯიბრში ჩადგომა (ონლაინ ვაჭრობის აკრძალვისა არ იყოს). კორუფციის და ნეპოტიზმის ყურები რომ ჩანს, მაგაზე აღარ ვამბობ.

სხვათა შორის, არც ფინელები არიან ეთნიკური სკანდინავები, თუმცა, ეჭვგარეშეა, ცხოვრების წესით და ტრადიციით ბევრად ახლოს არიან იმავე ნორვეგიელებთან, ვინემ, ვთქვათ იტალიელებთან ან – ესპანელებთან.

შვედურ მიდგომას შვედეთში მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი იწონებს. ამას სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს და პოლიტიკური რეიტინგიც – პრემიერ სტეფან ლავენს ამომრჩეველთა 30.4% უჭერს მხარს, რაც ბოლო არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგზე (28.3%) უკეთესია.

რამდენიმე დღის წინ შვედეთის სამოქალაქო ჯანდაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც სტოკჰოლმსა და მის ირგვლივ დასახლებებში 1 მაისის მდგომარეობით 600’000 ინფიცირებული ივარაუდა, თუმცა, კვლევა 24 საათში აიღეს და ამჟამად მიუწვდომელია.

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ასევე გაქრა სამეფო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს (Karolinska University Hospital) ეკუთვნის. მის მიხედვით სისხლის დონორთა 11% კორონავირუსით ინფიცირებულია ან ვირუსი აქვს გადატანილი.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

სანამ შემახსენებდეთ – Tre Kronor მარტო ჰოკეის ეროვნულ ნაკრებს რომ არ ქვია, ვიცი. 😉

შვედეთში ნამყოფი არ ვარ. დანიაში, ნორვეგიასა და ფინეთში მაინცდამაინც სიხალვათე პაბებში არ შემინიშნავს (თუმცა – სტატისტიკას წინ ვერ დავუდგები).

დანიაზე, ისეთზე, როგორიც მე დავინახე, პოსტი მაქვს დაწერილი ბლოგერ სიფრასთვის – ლეგოლენდი.

____

Coronavirus: Has Sweden got its science right?
The Grim Truth About the “Swedish Model”
Spain has more bars per inhabitant than any other EU country, study shows
Sweden: 600,000 Coronavirus Infections In Stockholm By May 1, Model Estimates

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)