ფრედერიკ ბასტია
მატულობს თუ არა ხელფასი პროტექციონიზმის დროს.
ეკონომიკური სოფიზმები. თავი 12
<…>
ვუსმენ ხოლმე, როგორ იღვრებიან ქადაგად ჩვენი კრიტიკოსები, როგორ წუხან პროლეტარიატის ბედზე, თვალცრემლიანი აკანტურებენ თავებს და მუდამ მზად აქვთ დასაქმებულთათვის გამოწერილი წამლობის რეცეპტი: ორგანიზაცია, ასოციაცია, კომუნიზმი… ერთხელ იქნება, მეც დაგელაპარაკებით ასოციაციებზე, ორგანიზაციებზე და ყველა იმ ქიმერაზე რისი მეშვეობითაც თქვენს მოხიბლვას და უბსკრულში გადაჩეხვას ცდილობენ. მაგრამ ახლა მსურს, დაგელაპარაკოთ უსამართლო კანონზე, რომელიც გიდგენთ, ვისგან უნდა შეიძინოთ პური, ხორცი, სამოსი და გიწესებთ ნიხრს, იძულებული რომ ხართ, ამ ყველაფერში გადაიხადოთ.
ახლა მეტყვით, პროტექციონიზმი, რომელიც მაღალ ფასებს ადგენს და მეტ თანხას მაცლის ჯიბიდან, იმავდროულად ხელფასის ზრდას განა არ უწყობს ხელს?
რაზეა დამოკიდებული თქვენი ხელფასი? მარტივად რომ ვთქვა: როდესაც ორი მუშაკი ეძებს სამუშაოს – ანაზღაურება მცირდება. როდესაც ორი დამსაქმებელი ეძებს მუშა-ხელს – ანაზღაურება მატულობს. ფორმულის ენაზე რომ გადავიტანოთ: ხელფასის დონე შრომის ბაზარზე მოთხოვნა/მიწოდების შეფარდებაა.
მოდით, ამ ფორმულამომარჯვებულებმა სამუშაო ძალის მიწოდება გავზომოთ. ის სამუშაოს მაძებართა რაოდენობით იზომება და პროტექციონიზმი ამ ამბავზე გავლენას ვერ ახდენს. ახლა სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ვნახოთ. ის თავისუფალი კაპიტალის რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგრამ კანონი, რომელიც იმპორტირებული საქონლის ჩვენ ქვეყანაში წარმოებას ადგენს, თავისუფალი კაპიტალის რაოდენობას ვერ ზრდის. ეს კანონი მეწარმეობის ერთი დარგიდან კაპიტალის გადინებას და სხვა დარგში შედინებას უწყობს ხელს, მაგრამ თავად კაპიტალის მოცულობას ამით გროშ-კაპიკი არ ემატება. ვერც მუშა-ხელზე მოთხოვნას ზრდის.
ასეთ დროს კანონმდებლები, დიდი ზარ-ზეიმითა და გულში მჯიღის ცემით, რომელიმე ფაბრიკაზე მიგვანიშნებენ ხოლმე. მაგრამ ეს ფაბრიკა განა მთვარიდან ჩამოცვენილი თანხებით აშენდა? ეს ფაბრიკა რომ აგვეშენებინა, თანხები რომელიღაც სხვა დარგს მოვაკელით. შეიძლება – მიწათმოქმედება ყოფილიყო. ან – ვაჭრობა. ან – მეღვინეობა. პროტექციონისტული ტარიფებით უპირატეს დარგში, ვთქვათ, ოქროსა და სპილენძის მრეწველობაში მეტ დასაქმებულს ვხედავთ, მაგრამ გვერდზეც უნდა გავიხედოთ და შევამჩნევთ ნაკლებ დასაქმებულს სხვა დარგებში.
ერთ ამბავს მოგიყვებით: იყო ერთი კაცი, რომელსაც ასი ჰექტარი მიწა ჰქონდა, გაყო ოთხ ნაწილად, ჩადო თანხა, დაიქირავა მუშა-ხელი, მოხნა და დათესა: ერთგან – სიმინდი, მეორეგან – ხორბალი, მესამეგან – ქერი, მეოთხეგან – ჭვავი. აიღო მოსავალი. რაც მის ოჯახს სჭირდებოდა – მოიხმარა, დანარჩენი – გაყიდა, ხელფასები და გადასახადები გაისტუმრა და შეიძინა ზეთი, სელი, ღვინო და ყველაფერი, რაც სურდა და საკუთარ მეურნეობაში ვერ აწარმოებდა. როგორც ვხედავთ, საქმე კარგად წაუვიდა, ინვესტირებული კაპიტალი მოგებით დაიბრუნა და რაკი იცოდა, რომ ფული უნდა მუშაობდეს, განაახლა სასოფლო-სამეურნეო დანადგარები, შეაკეთა ბეღლები, დაიქირავა ახალი მუშა-ხელი, გაუზარდა ჯამაგირი და ასე მუშაობდა წლიდან-წლამდე და ხეირს ნახულობდა თავადაც და მისი მეზობლებიც, ვისაც სამუშაო მისცა და დაქირავებული ყავდა. დანაზოგი ბანკშიც შეიტანა და ყოველ ჯერზე უმატებდა ხოლმე თანხას. ცხადია, არც ბანკირი აჩერებდა ამ ფულს უძრავად – გასცემდა კრედიტს და აღებულ თანხას სხვა მეწარმეები ბევრი სახვა დარგიდან მათი წარმოების გამართვისთვის იყენებდნენ. თქმა არ უნდა, ის მეწარმეებიც ეძებდნენ და ქირაობდნენ მუშა-ხელს და, საბოლოო ჯამში, ასე იზრდებოდა დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასი მრავალ დარგში.
გრძელდებოდა ასე, სანამ ის კაცი არ გარდაიცვალა და ქონება მისმა შვილმა ჩაიბარა. ჩაიბარა და ასე განსაჯა: მამაჩემს მთელი ცხოვრება ატყუებდნენ, როგორც დოყლაპიას – ყიდულობდა ზეთს, სელს, ღვინოს, ფორთოხალს, როცა ეს ყველა ჩვენს მიწაზეც მოვა. კიდევ მეწისქვილეს უხდიდა ფულს, ფეიქარსა და მეწაღეს, როცა მშვენივრად შეიძლება ხორბლის ჩვენთან დაფქვა, ან საფეიქროს აქვე გამართვას რაღა უდგას წინ. მაშინ ხომ მთელი თანხა ჩვენს მამულში დარჩება და არ მოხმარდება სხვას.
თქმა და გაკეთება ერთი იყო. მიწა პატარა ნადელებად დაყო და ზოგან ზეთისხილი დათესა, ზოგან – სელი, სხვაგან – თუთა, მდინარეზე წისქვილი ჩადგა, კიდევ საფეიქრო გამართა და თავი ისე მოიწყო, რომ არსაიდან არაფერი საქონლის შემოტანა დაჭირვებოდა.
როგორ ფიქრობთ, მისმა ქონებამ თუ იმატა ამის შედეგად? ნურას უკაცრავად. ზეთის ხილმა ნაყოფი ძლივს გამოისხა, რაკი ნიადაგი არ უწყობდა ხელს, ვაზმა სიტკბო ვერა ნახა, რაკი მზის სხივები დააკლდა. მუშა-ხელი, მამამისს რომ დაქირავებული ყავდა, შემოეფანტა, რაკი სამუშაო აღარ იყო – მიწა კი დაყო ხუთჯერ მეტ ნადელად, მაგრამ ყოველი მარცვალიც ხუთჯერ ნაკლები დათესა. სელსა და ზეთს არ ყიდულობდა, მაგრამ ვერც ხორბალსა და ჭვავს ყიდდა. ვინმეს დაქირავება რომც მოესურვებინა – თანხა ხომ შემოსავლიდან უნდა გადაეხადა, შემოსავალი კი შეუმცირდა და ნელ-ნელა გაილია მისი კაპიტალიც. ფული დაახარჯა “ყველაფრისშინსაწარმოებელი” შენობების აგებას, დანადგარების შეძენას და მეურნეობის იმგვარად გადაწყობას, რამაც მოგება ვერ მოუტანა. მუშა-ხელის რაოდენობა ბაზარზე იგივე დარჩა, მასზე მოთხოვნა კი შემცირდა – რაც, როგორც ზემოთაც ვთქვით, ხელფასების შემცირებას ნიშნავს.
ეს მაგალითი ერთი მეურნეობიდან ქვეყნის მასშტაბით შეიძლება გავშალოთ – იგივე ხდება, როდესაც ერთი ქვეყანა მეორისგან აკრძალვითი ზღუდეებით ჩაიხერგავს თავს. საკუთარი საწარმოების რაოდენობა რომც გაზარდოს, მათი ღირებულება შემცირდება. ეს, ერთგვარი ინდუსტრიული წრებრუნვის სქემაა, გართულებული, მაგრამ ნაკლებად ნაყოფიერი, იმიტომ რომ იგივე კაპიტალით და იგივე შრომით უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს. საბრუნავი კაპიტალის მეტი წილის გადატანა ხდება ძირითად საშუალებებში. რაც მორჩება, შესაძლოა, მეტ ადამიანზე გადანაწილდეს, მაგრამ თითოეულს ნაკლები შეხვდება. თუ წყლის მოცულობა არ გავზარდეთ, რამდენ ჭურჭელშიც არ უნდა გადავანაწილოთ და რამდენ ზედაპირზეც არ უნდა დავღვაროთ, არაფერი მოგვემატება[1]. მეტიც, ბევრ კალაპოტში მცირე ულუფებად დაქცეული, უფრო მალე დაშრება და განილევა. ეგ არის სულ.
რაც მეტი დაბრკოლება ხვდება გზაზე, მით ნაკლებ საქონელს აწარმოებს კაპიტალი და შრომა. ქვეყანაში აღმართული ბარიერები აიძულებს კაპიტალსა და შრომას დანაწევრდეს, მეტი არხი გაიაროს და დაშრეს, როგორც წყალს ემართება. შედეგად, არაეფექტურ წარმოებას ვიღებთ რომელიც მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვეღარ წვდება. თუკი საყოველთაო სიკეთეების მოცულობა მცირდება, როგორ შეიძლება დასაქმებულთა კეთილდღეობა გაიზარდოს? მაშინ მდიდრებმა მათ მიერ მოხმარებული სიკეთის წილი უნდა შეამცირონ რამდენიმეგზის – ერთგზის, რაკი საერთო წარმოებული სიკეთის რაოდენობა მცირდება და კიდევ მეორე და მესამეგზის, რათა დარჩენილიდან მეტი წილი ერგოთ დასაქმებულებს. ამგვარი კეთილშობილება საეჭვოა და გონიერება გვკარნახობს, არ ვირწმუნოთ[2].
©Frédéric Bastiat – Economic Sophisms (Sophismes économiques), 1845/1848
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2020)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)მე ტორტის მაგალითი მომწონს – ეკონომიკური საქმიანობის მიზანი უფრო დიდი და გემრიელი ტორტის გამოცხობაა და არა ერთი და იმავე ტორტის სულ უფრო და უფრო მეტ ნაჭრად დაჭრა. ასე, ბოლოს, ყველას თითო ნამცეცი შეგვხვდება და ვერვინ დავრჩებით კმაყოფილი (ცხადია, დიეტაზე მყოფთა გარდა 🙂 )
(2)საზოგადოებაში ადგილი აქვს ალტრუიზმსაც, ქველმოქმედებასაც და ჰუმანიზმსაც – ამ შემთხვევაში, სხვა რამ იგულისხმება. კლასიკური ლიბერალიზმის თვალთახედვით, ჯანსაღი, მყარი საზოგადოება დგას ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთგაცვლაზე. როდესაც თითოეულის პირადი, თუ გნებავთ, ეგოისტური, ინტერესები ერთობლივად საზოგადოების ინტერესად შენივთდება. ეკონომიკურმა ცხოვრებამ მასში მონაწილე ყველა მხარეს უნდა მოუტანოს შემოსავალი და სიკეთე. ეს არის აზროვნების ეკონომიკური წესი (როგორც ფოლ ჰეინემ დაარქვა).
ამ თემაზე ბასტია უფრო წვრილად წერს მის “ეკონომიკურ ჰარმონიებში”.
___
ასევე:
ფრედერიკ ბასტია – გადასახადებით დამძიმებული საქონელი
ფრედერიკ ბასტია – ჩინური არაკი