ფრედერიკ ბასტია
ეკონომიკური სოფიზმები. თავი V
ხშირად გაგვიგია, როგორ ითხოვენ უცხოური საქონლის დაბეგვრას, აქაოდა, შიდა წარმოების საქონელზე დაწესებული გადასახადი უნდა გავაწონასწოროთო. ეს სოფიზმი, თითქოს, ორი ქვეყნის წარმოების თანაბარ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, მაგრამ რაც თვალთახედვის მიღმა გვრჩება, გადასახადის ბუნებაა: ყოველი გადასახადი დაბრკოლებაა და მისი პირდაპირი ეფექტი – საქონლის ფასის გაძვირება. თუ შიდა ბეგარა საბაჟო მოსაკრებელზე იმდენად მაღალია, რომ საქონლის შემოტანა უფრო მომგებიანია, ვიდრე წარმოება, თავისუფალ ნებას მინდობილი ადამიანები, თავისუფალ და რაციონალურ არჩევანს გააკეთებენ და (სხვა თანაბარ პირობებში), იმპორტირებულ საქონელს მიანიჭებენ უპირატესობას. ორი ბოროტებიდან (ბეგარა და მოსაკრებელი) – ნაკლებს აირჩევენ. სწორედ აქ წარმოიშობა ის სოფიზმი, რომელიც პროტექციონიზმის მიმდევართა შორის იმდენად ფესვგადგმულია, რომ ცალკე უარყოფას იმსახურებს.
თვიდანვე ვიტყვი, თუ არსებულ გადასახადზე ვამბობთ, ცხადია, არ იქნება გონიერი, გამონაკლისები დავუშვათ. თუ შიდა წარმოების რომელსამე საქონელს ვბეგრავთ, სიბრიყვე იქნება, საზღვარგარეთიდან შემოტანის შემთხვევაში, იგივე საქონლის ბეგარიდან გათავისუფლება. მაგრამ ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბეგარის გაუქმებით ზარალს ვნახავდით. სრულიადაც არა – ეკონომიკური წესი არ იცვლება და გადასახადის გაუქმებით მხოლოდ სარგებელს ვნახავთ, სწორედ ისე, როგორც ყველა დაბრკოლების შემცირებაა სარგებლის მომტანი. მაგრამ თუ ბიუჯეტის შევსების მიზნით რაღაც გადასახადი დაწესებული გვაქვს, მან უნდა იმუშაოს. როდესაც გადასახადი ვერ მუშაობს, მიზნის მისაღწევად სხვა გადასახადის შემოტანა გვიწევს. თუ, ზოგ შემთხვევაში, უცხოურ საქონელზე დაწესებული ბეგარის გამართლება შემიძლია, მხოლოდ ფისკალური მოსაზრებით, არავითარ შემთხვევაში – პროტექციონისტურით.
ამასთან, ყოველგვარი მოსაზრება, რომ უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთის ქვეშ მცხოვრები ერი მისი მეზობლისგან თავს უფრო მაღალი საბაჟო მოსაკრებლით უნდა იცავდეს, აბსურდია. ეს არის სოფიზმი, რომლის უარყოფაც ჩემი მიზანია.
არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო, რომ მაღალ იდეალებს ამოფარებული პირად ინტერესებს იცავს – პროტექციონისტული იდეები ასე უკიდეგანოდ ვერ გავრცელდებოდა, გულწრფელი მიმდევრები რომ არ ყავდეს. უმრავლეს ჩვენგანს რომ გვწამდეს თავისუფლების – ვიქნებოდით კიდეც თავისუფალნი.
ეჭვი არ მეპარება, ზოგიერთების კერძო ინტერესი პროტექციონიზმით სარგებელს ნახულობს, მაგრამ ამ იდეების საფუძველში მათი უტყუარობის რწმენა ძევს.
მოდით, გადასახადებს დავუბრუნდეთ. სახელმწიფოს მათი განკარგვა ავადაც შეუძლია და კარგადაც. თუ სახელმწიფო მოქალაქეებისგან ამოღებული თანხის ტოლ სამსახურს გასცემს მოქალაქეებისთვის, გადასახადები სიკეთეა. თუ ამოღებული თანხა იფლანგება – ბოროტებაა.
ვერ ვიტყვით, რომ ერი, ვინც სრულად თავისუფალია გადასახადებისგან, წარმოებისთვის უპირატეს გარემოს გვთავაზობს იმ ერთან შედარებით, ვინც გადასახადს იხდის, თუკი საქმე პირველ შემთხვევასთან გვაქვს. მაგალითისთვის, სასამართლო სისტემისა და პოლიციის შენახვისთვის ჩვენ ვიხდით გადასახადს. მაგრამ ამით უსაფრთხოებასა და დაცულობას ვყიდულობთ. ქვეყანა (თუკი არსებობს ასეთი), სადაც უსაფრთხოება და სამართალი მხოლოდ ინდივიდის დასაცავი და გასარჩევია, არ მგონია, მეწარმისთვის უკეთესი იყოს. გზები, ხიდები, პორტები, რკინიგზა – ესეც ჩვენი გადასახადებით შენდება. დიდ თანხას გავცემთ, მაგიერ ყველა ეს ინფრასტრუქტურა გვაქვს, მაშინ, როდესაც სხვაგან, სადაც ამ მშენებლობას არ აფინანსებენ, არც ეს სტრუქტურებია. მოხმობილი მაგალითები აჩვენებს, როგორ ხდება, რომ გადასახადს, რაც, ჩვეულებრივ, წარმოების დამაბრკოლებელია, რიგ შემთხვევაში კონკურენტული უპირატესობაც მოაქვს, მეტადრე იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც საგადასახადო ტვირთი უფრო მაღალია. გადასახადებით მოკრებილი თანხის გონივრულად დახარჯვა წარმოებისთვის უკეთეს პირობებს წარმოშობს. პროტექციონიზმის მხარდაჭერა კი დისკუსიის საგანს ცვლის და ჭეშმარიტებისგან შორს მივყავართ.[1]
ყველა გადასახადი, რომელსაც სიკეთე არ მოაქვს, უნდა გაუქმდეს. მაგრამ, ამის ნაცვლად, დამატებითი გადასახადების შემოტანას ლამობენ. გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო გადასახადები მძიმე ტვირთია და, გასაწონასწორებლად, ერთმანეთის დამატებითი გადასახადით დაბეგვრას გვთავაზობენ.
იმპორტზე ბეგარა, ასე გვეუბნებიან, უცხო ქვეყნის წარმოებას ბეგრავს, მაგრამ ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, რომ, სინამდვილეში, ამით ადგილობრივ მომხმარებელს ვბეგრავთ. ადგილობრივი მომხმარებლები ვართ ამ გადასახადის გადამხდელები. გულწრფელები რომ იყოთ, ასე უნდა მოგვმართოთ მოქალაქეებს: “ბევრ გადასახადს იხდი, ამიტომ ახლა ყველაფერს გაგიძვირებთ, რასაც ყიდულობ. შენი შემოსავლის ნაწილი თუ გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში მიგვქონდა, ახლა მეორე ნაწილს გამოგართმევთ, რომ მონოპოლისტის ბიუჯეტი შევავსოთ”.
პროტექციონისტური სოფიზმი მეტისმეტად პოპულარულია ჩვენ დეპუტატებს შორის. უცნაური კია, ადამიანები, ვინც მაღალ გადასახადებს აწესებს, წარმოების დაბალი პროდუქტიულობის მიზეზებს ჯერ ამ გადასახადებში პოულობს, და, შემდეგ, გამოსწორების მიზნით, ახალი გადასახადებისა და შეზღუდვების შემოტანას გეგმავს.
პროტექციონიზმის არსი არ შეიცვლება, თუ პირდაპირი გადასახადით ამონაგებ თანხას, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, წარმოების ზოგიერთ პრივილეგირებულ დარგს ან საწარმოს გადავუნაწილებთ.
უფრო ნათელი რომ იყოს ასეთ მაგალითს მოვიტან: საქონელი A, რომელსაც ვაწარმოებთ ჩვენ ქვეყანაში და 12 ლარად[2] ვყიდულობთ, მეზობელი ქვეყნიდან რომ შემოგვეტანა 8 ლარი ეღირებოდა. ასეთ დროს მთავრობა ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის ორიდან ერთ გზას ირჩევს:
პირველი – ბეგრავს იმპორტირებულ საქონელს 5 ლარით, რაც მის შემოტანას უაზრობად აქცევს. ასეთ დროს ამ 5 ლარს ამ საქონლის მომხმარებელი იხდის, ვისაც, იმის ნაცვლად რომ სასურველი საქონელი 8 ლარად შეეძინა, 12 ლარად შეძენა უწევს.
მეორე – მთავრობა ყველა მოქალაქისგან მოკრებილი გადასახადიდან ადგილობრივ მწარმოებელს აფინანსებს 5 ლარით, რაც მეწარმეს საშუალებას მისცემს, საქონელი 7 ლარად გაყიდოს.
ამ ორ გზას შორის ერთი გასაყარია – პირველ შემთხვევაში, მოქალაქეების მხოლოდ ნაწილს (კონკრეტული საქონლის მომხმარებლებს) ვბეგრავთ, მეორე შემთხვევაში კი – ყველას.
თუ მხოლოდ ეს ორი არჩევან მაქვს, გულწრფელი ვიყო, მეორე გზას ავირჩევდი. უფრო სამართლიანი, ეკონომიური და ცხადი მგონია. სამართლიანია, რაკი ჩვენ, როგორც საზოგადოება, თუ გადავწყვეტთ რომელსამე ჩვენ წევრს საჩუქარი გავუკეთოთ, ყველამ უნდა გავიღოთ წილი. ეკონომიურია, რაკი საბაჟო მოსაკრებლის აკრეფა თავისთავად ითხოვს დამატებით ხარჯებს, რასაც თავიდან ავიცილებთ. ისევე როგორც – დამატებითი შეზღუდვების შემოტანასაც. ცხადია, რაკი საზოგადოება კარგად დაინახავს, რას სჩადის სახელმწიფო და შესაბამისად იმოქმედებს.
მაგრამ პროტექციონისტებმა ეს მეორე გზა რომ აირჩიონ, ამის თქმა მოუწევთ ჩვენთვის: “უკვე იხდით გადასახადს, რომ მოგროვდეს მილიონები არმიის, სასამართლოს, განათლების, ინფრასტრუქტურის გასამართად და სახელმწიფო ვალის მომსახურებისთვის. ამიტომ ახლა კიდევ უნდა გამოგართვათ მილიონები, რომ საწყალ მეწარმეებს დავეხმაროთ ვინც რკინით, საწვავით, სურსათით მოგვამარაგებს”.
სოფიზმის მღვრიე მორევში ოდნავ სიღრმეში უნდა ჩახედვა და კარგად დაინახავთ, რა არის მისი არსი. თქვენ ვერ მისცემთ ფულს ერთს, თუკი ამ ფულს არ წაართმევთ სხვას. გსურთ გადასახადის გადამხდელის გაკოტრება? გეყოთ სიმამაცე და სიმართლე უთხარით. ნუ იგდებთ მასხრად და ნუ ატყუებთ, რომ კიდევ მეტი ფული უნდა წაართვათ, ის თანხა რომ აუნაზღაუროთ, რაც უკვე გამოართვით.
ახლა, ნათქვამს რომ თავი მოვუყარო და ბოლოში გავიდე, მხოლოდ სამ, შემაჯამებელ მოსაზრებას შემოგთავაზებთ:
მაღალი გადასახადების გამო, წარმოება წამგებიანია, ამიტომ, პროტექციონისტების მოსაზრებით, წარმოების რაღაც დარგებს უნდა დავეხმაროთ. მაგრამ ეს დახმარება მათთვის განა გადასახადის შემცირებას ნიშნავს? მეწარმე გვეუბნება: “მე მაღალ გადასახადს ვიხდი, ეს წარმოებას აძვირებს, ამიტომ, მოვითხოვ დამატებითი გადასახადი შემოიღოთ, რაც საქონლის ფასს დაემატება”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეწარმეს, მაღალი გადასახადების გამო გაზრდილი თვითღირებულების ანაზღაურება, მთელი საზოგადოების დაბეგვრით ამოღებული თანხით სურს. საზოგადოება კი იძულებულია ორი გადასახადი გადაიხადოს – საკუთარიც და მეწარმის სანაცვლოდაც. საგადასახადო ტვირთის ყველაზე თანაბრად გადანაწილებაც რომ მოხდეს (თუმცა, ეს შეუძლებელია) შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – მე თქვენს გადასახადს ვიხდი, თქვენ – ჩემსას. ყველა შემთხვევაში, ტვირთი მძიმდება.
ეს ყველაფერი ილუზიაა. გადასახადებით ვინახავთ ჯარს, ეკლესიას, უნივერსიტეტს, სასამართლოს, ვაგებთ გზებს. შემდეგ ეკონომიკის ერთი სექტორი ითხოვს მაღალი გადასახადების გამო დახმარებას. შემდეგ – მეორე. მესამე. და ყოველ ჯერზე საგადასახადო ტვირთს მთლიანად საზოგადოებაზე ვანაწილებთ. საქმე სულ უფრო რთულდება და ტვირთი – მძიმდება. პროტექციონისტური კანონის შემოღება არსებულ გადასახადებს დამატებითი, პროტექციონისტური მოსაკრებლით ზრდის და ამით არვის არაფერი შვება ეძლევა.
მაღალი პროტექციონისტური ტარიფებით გაძვირებული საქონლის ფასს სხვა ქვეყნის მოქალაქეები კი არ იხდიან – ჩვენ ვყიდულობთ და ვიხდით. დამიმტკიცეთ საპირისპირო და მზად ვარ, ნაწილობრივ მაინც, გავიზიარო თქვენი არგუმენტები.
მეტსაც გეტყვით, რაც უფრო მაღალია საგადასახადო ტვირთი ჩვენთან, მით მეტად დაინტერესებულნი უნდა ვიყოთ, საკუთარი საზღვრებისა და პორტების გახსნაში იმ ქვეყნების საქონლისთვის, სადაც საგადასახადო ტვირთი ნაკლებია. საერთაშორისო საქონელბრუნვა საგადასახადო ტვირთით გაცვლაცაა: რაც მეტს ვივაჭრებთ მეზობლებთან, მით მეტ საქონელს გავიტანთ და რაც მეტ ჩვენს საქონელს შეიძენს სხვა ქვეყნის მომხმარებელი, მით მეტი, ჩვენს მიერ საქონლის ფასში ასახული, საწარმოო გადასახადის გადახდა მოუწევს სხვა ქვეყნის მომხმარებელს. მაშინ, როცა შემოტანილი საქონლის ერთეულზე ჩვენ ვიხდით მათ საწარმოო გადასახადს, თუმცა – ნაკლებს, რაკი მათი საქონელი წარმოებისას ნაკლები გადასახადითაა დატვირთული.
საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, პროტექციონისტური შეზღუდვები, რომლითაც მაღალი გადასახადებით დატვირთული წარმოების დაცვას ლამობთ, თავად ხომ არ გახდა მიზეზი კიდევ უფრო მაღალი გადასახადებისა?
და სამყაროში, სადაც ვაჭრობა სრულიად თავისუფალია, საჭირო იქნება თუ არა ამხელა არმია და ფლოტი? თუმცა, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია.
©Frédéric Bastiat – Economic Sophisms (Sophismes économiques), 1845/1848
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2020)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)კლასიკური ლიბერალიზმი, სხვა უფრო რადიკალური მოძღვრებისგან განსხვავებით (მაგალითად – ანარქო-კაპიტალიზმი) სახელმწიფოს როლს ბოლომდე არ გამორიცხავს. კლასიკური ლიბერალიზმი სამ ვეშაპზე დგას: დაბალი გადასახადები. ნაკლები მთავრობა. მეტი თავისუფლება. თუ რამდენია ეს “ნაკლები”, ალბათ, დაუსრულებლად შეიძლება კამათი. მინარქისტები მთავრობას (სახელმწიფოს) უყურებენ როგორც “ღამის გუშაგს”, რომლის მიზანია მხოლოდ უსაფრთხოებასა და სამართალზე ზრუნვა. კლასიკოსი ლიბერალები სხვა საჯაროდ დაფინანსებული სივრცეების საჭიროებასაც აღიარებენ, როგორიცაა გზები, სკოლები თუ ჯანდაცვა (კერძო გზების, სკოლების თუ ჯანდაცვის პარალელურად). ბასტია კლასიკური ლიბერალური სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, თუმცა მისმა იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა რობარდზეც, ვინც ანარქო-კაპიტალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა.
(2)ცხადია, ბასტია ფრანკს ამბობს. მაგრამ რაკი დღეს ეს ფულადი ერთეული – ფრანკი აღარ არსებობს და ბევრს, ეგებ, აღარც ახსოვს, რომ არსებობდა, ლარად ვთარგმნე. მგონი, ამით ბევრი არაფერი დაშავებულა, მითუფრო, რომ რაზეც ბასტია, აგერ ლამის უკვე ორი საუკუნის წინანდელ საფრანგეთზე წერდა, დღეს, 21-ე საუკუნის საქართველოშიც ძალაშია. მსურს, მკითხველმა პროტექციონისტური სოფიზმი ქართულ რეალობას მოარგოს იოლად და საფრანგეთის ან ფრანკის ხსენებაზე არ წაიფორხილოს.
პროტექციონიზმის თემას ბასტიამ მიუძღვნა არაჩვეულებრივი ეკონომიკური პამფლეტი “პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს”
___
ასევე:
ფრედერიკ ბასტია – მეზვერე და გადასახადის ამკრეფი
ფრედერიკ ბასტია – თქვენი ხელფასი და პროტექციონიზმი