ფრედერიკ ბასტია
ეკონომიკური სოფიზმები. თავი X
გადასახადის ამკრეფი: – ვხედავ, მოსავალი კარგი გქონიათ, წელს ოცი ქვევრი ღვინო დაგიწურავთ.
მეზვერე: – ყველა ჩემი უნარითა და შრომით.
გადასახადის ამკრეფი: – როგორ მიხარია… მაგრამ ახლა ექვსი ქვევრი უნდა წავიღო.
მეზვერე: – ექვსი? ჩემი გაკოტრება გსურთ?.. ღმერთო ჩემო, რისთვის მიგაქვთ ამდენი?
გადასახადის ამკრეფი: – ერთ ქვევრს სახელმწიფოს მევალეებს გავუგზავნით – როცა ვალები გვაქვს, საურავის გასტუმრებაც გვიწევს ხოლმე.
მეზვერე: – ვალები გვაქვს? კი მაგრამ, ფული რას მოხმარდა?!
გადასახადის ამკრეფი: – გრძელი ამბავია, ახლა ამის მოყოლის დრო არ მაქვს… თანხის ნაწილით, მაგალითად, ჭურვები შევიძინეთ, კარგი ბათქა-ბუთქი კი გაუდიოდა.
მეზვერე: – მე რა ხეირი მათგან?
გადასახადის ამკრეფი: – განა, სამშობლოს ძლიერება სიამაყეს არ გგვრით?
მეზვერე: – და სირცხვილის გრძნობას, რომ შვილებს ვალებით დახუნძლულ ქვეყანას ვუტოვებ… მაგრამ, რა გაეწყობა, როგორ ბრიყვულადაც არ უნდა დაგეხარჯათ, თუ ვალი ავიღეთ, უნდა გავისტუმროთ კიდეც. დანარჩენ ღვინოს რისთვისღა მთხოვთ?
გადასახადის ამკრეფი: – მეორე ქვევრი სახელმწიფო ხარჯებს მოხმარდება, საზღაურს გადავუხდით ქვეყნის მეთაურს, სხვა მოხელეებს, მოსამართლეს, ვინც მეზობელთან თქვენი დავა უნდა განსაჯოს, პოლიციელს, ვინც თქვენი მშვიდი ძილი უნდა დაიცვას, მეგზევეს, ვინც გზა უნდა გაიყვანოს, მღვდელს, ვინც თქვენი შვილი უნდა მონათლოს, მასწავლებელს, ვინც ცოდნა უნდა მისცეს… მე და ჩემნაირებს, ვისი შრომაც ასევე დასაფასებელია.
მეზვერე: – გაწეული სამსახური ანაზღაურების გარეშე არ უნდა დარჩეს… თუმცა, ჩემთვის რომ გეკითხათ, მერჩივნა, თავად მოვრიგებოდი მღვდელს და მასწავლებელიც თავად მომეძებნა, მაგრამ, რა გაეწყობა, წაიღეთ მეორე ქვევრიც, ახლა ამაზე დავას არ დავიწყებ. მაგრამ ის ოთხი რაღად მიგაქვთ?
გადასახადის ამკრეფი: – არმიისა და ფლოტისთვის თითო ქვევრი არ უნდა დაგენანოთ. ბოლოს და ბოლოს ევროპაში ძალთა ბალანსი ხომ შესანარჩუნებელია.
მეზვერე: – არმიასა და ფლოტში ჩემი ორი შვილი ხომ გაიწვიეთ… თან, ეგებ ჯობდეს, ყველამ შეკვეცოს ხარჯი და ბალანსი ასე შევინარჩუნოთ… მაგრამ კარგი, მეხუთე ქვევრზეც მითხარით რამე.
გადასახადის ამკრეფი: – მას სხვა ქვეყნებში გავაგზავნით.
მეზვერე: – და რა სიკეთეს მივიღებ მის სანაცვლოდ?
გადასახადის ამკრეფი: – არაფერს. მაგრამ დღეს იქ ძალიან უჭირთ და გადავწყვიტეთ, დავეხმაროთ.
მეზვერე: – ღმერთო ჩემო, მიმოიხედეთ, რამდენი ღატაკია ჩვენ ქვეყანაში, ეგებ, ჯობდეს მათ დავეხმაროთ?
გადასახადის ამკრეფი: – ღატაკებიო? ეს ხალხი ტვირთად გვაწევს. გემში ჩავსვამთ და სამუშაოდ სხვა ქვეყნებში გავაგზავნით.
მეზვერე: – კარგად კი მოგიფიქრებიათ – წამართვათ ფული და ამ თანხით ღატაკები შორს გაისტუმროთ, იმის ნაცვლად, რომ ჯამაგირი მიმეცა მათთვის და აქ დამესაქმებინა! არა! ამ ბეგარის გადახდაზე უარს ვაცხადებ.
გადასახადის ამკრეფი: – აქამდე უნდა გეფიქრათ. თქვენ მიერ არჩეულმა დეპუტატმა გადაწყვიტა ასე. ხმა მისცა კანონს, რომ მონაგარის ნაწილი ჩამოგერთვათ.
მეზვერე: – რა ბრიყვი ვიყავ, ხმა რომ მივეცი, მაგრამ მაშინ სწორ არჩევნად მომეჩვენა. რა საერთო გვაქვს მასა და მე?!
გადასახადის ამკრეფი: – საერთო როგორ არ გაქვთ – ღვინოა სწორედ საერთო. თქვენ შრომობთ, ვაზს ახარებთ, კრეფთ, წურავთ, ის კი – განაგებს.
მეზვერე: – დამცინით კიდეც… მაგრამ, ვაღიარებ, დავიმსახურე… მოიღეთ მოწყალება, ბატონო გადასახადის ამკრეფო, ეს მეექვსე ქვევრი მაინც დამიტოვეთ. სახელმწიფო ვალის საურავი გასტუმრებულია, სახელმწიფო მოხელეების ანაზღაურება – გადახდილი. სხვას რაღასა მთხოვთ? ნახეთ რა ლალისფერი ღვინოა, გახადეთ მზეზე.
გადასახადის ამკრეფი: – ჩინებული. მაგრამ ტყუილად მევაჭრებით, აკი გითხარით, თქვენ მიერ არჩეულმა დეპუტატმა განაჩინა ასე.
მეზვერე: – მაინც სად მიგაქვთ მეექვსე ქვევრი ღვინო, აღარ იტყვით?
გადასახადის ამკრეფი: – ოოოო! მერწმუნეთ, ეს ნამდვილად გულზე მოგეფონებათ – თქვენ ღვინოს ბატონ მეწარმეს წავუღებთ.
მეზვერე: -ბატონ მეწარმესო? რომელ მეწარმეს ან რა დამსახურებისთვის?
გადასახადის ამკრეფი: – ყური არ მოგიკრავთ, განა, რომ ბატონმა მეწარმემ ჩვენი ქვეყნისთვის ფრიად დასაფასებელი ფაბრიკა გამართა და დიდძალი საფეიქრო საქონელი მოგვაწოდა, მაგრამ კარგად რომ დათვალა, მოგება არა რჩება.
მეზვერე: – გულით ვუთანაგრძნობ, მაგრამ მე რა ბრალი მიმიძღვის?
გადასახადის ამკრეფი: – არაფერი, ბატონო მეზვერე, მაგრამ თუ ბატონ მეწარმეს არ დავეხმარეთ, ის იძულებული გახდება, ან მოიფიქროს, უკეთ როგორ იმუშაოს ან, თუ ვერაფერი მოიფიქრა – ფაბრიკა დახუროს. თქვენი ღვინის საფასურით კი დანაკარგებს შეივსებს. თუ არ ეყოფა, ხაბაზის გამომცხვარ პურს დავუმატებთ ცოტას, ეგეც თუ ვერ ეყო, სხვებსაც მოვაკლებთ რამეს და – ასე. სანამ იმ დიდი მოამაგისა და მამულიშვილის წაგებას მოგებად არ ვაქცევთ – ასე გადაწყვიტა მთავრობამ… მეცნიერულის ენაზედ ამას აწარმოე შენს ქვეყანაში ჰქვია – სახელმწიფო სუბსიდია.
მეზვერე: – მართლაც უებარი რეცეპტისთვის მიგიგნიათ, სამართლიანობის ნატამალი კი არა სცხია – იმისთვის, რომ ბატონმა მეწარმემ ზარალი აინაზღაუროს, ჩვენ ყველამ საკუთარი ამონაგები უნდა დავთმოთ?
გადასახადის ამკრეფი: – მაგიტომ – არა. ნუთუ, მართლა ვერა ხვდებით, რომ ბატონ მეწარმეს კი არ უნაზღაურებთ წაგებას, საკუთარი სამშობლოს მაღალ იდეალებს ემსახურებით?
მეზვერე: – სამშობლოსაო?
გადასახადის ამკრეფი: – სწორედაც რომ! სულ ტყუილად გიკვირთ. ბატონი მეწარმე რომ გამდიდრდება, განა, ამით თქვენი სამშობლოც არ იხეირებს? ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე განუცხადა ბატონმა მეწარმემ მთავრობას… რომლის წევრი, სხვათა შორის, თავადაც არის.
მეზვერე: – ასეთი ვირეშმაკობის მომსწრე პირველად ვარ! ერთმა უვარგისმა მეწარმემ წარმოება რიგიანად ვერ გამართა, ახლა ვალებში ჩაეფლო და ეს ვალებიც ჩემი და ჩემი მეზობლების გასასტუმრებელია?.. ვალების გასტუმრებას ვინ ჩივის, იმდენი უნდა გადავიხადოთ, რომ ხეირიც ნახოს?
გადასახადის ამკრეფი: – ასე გადაწყვიტა თქვენმა დეპუტატმა. გვეყო კამათი, დროა, ის ექვსი ქვევრი ღვინო გამიმზადოთ – თოთხმეტი ხომ გრჩებათ, მათ სარფიანად გაყიდვაზე იზრუნეთ.
მეზვერე: – ეგ უკვე ჩემი საქმეა, იმათ რას ვუზამ, მადლობა ღმერთს, თქვენ აღარ გკითხავთ!
გადასახადის ამკრეფი: – ცხადია, თქვენი საქმეა. მაგრამ გული კი დამწყდება, თუ ვერ გაყიდით – სახელმწიფოს ხომ კიდევ ბევრი ხარჯი აქვს. მათი დაფარვაც დაგვჭირდება.
მეზვერე: – უკვე ვხვდები, საითკენ მიგყავთ…
გადასახადის ამკრეფი: – ვხედავ, გუთანს კბილი მოცვდენია, შეკეთება რომ დაგჭირდებათ, მჭედელს ორმაგ ფასს გადაუხდით, იმიტომ რომ ნახევარს სახელმწიფო წაიღებს.
მეზვერე: – ნუგეშიც ასეთი უნდა…
გადასახადის ამკრეფი: – რომ დაზამთრდება და გასათბობად შეიძენთ შეშას. რომ მოგშივდებათ და ხორცს შეიძენთ, შესაწვავად – კი ზეთს. მწყურვალი რომ შაქარს შეიძენთ ჩაის დასატკბობად – ყველაფერში ორმაგის გადახდა მოგიწევთ, იმიტომ რომ სახელმწიფო ბეგარა დაემატება. ტანსაცმელზეც ასეა – შალის სამოსი იქნება თუ ტილოსი…
მეზვერე: – საშინელ რამეებს ამბობთ! გაგონებაც კი მზარავს!
გადასახადის ამკრეფი: – გული მოგდით? თქვენსავე დეპუტატს…
მეზვერე: – ჩემ დეპუტატს ნუღა მიხსენებთ, შევცდი-მეთქი, მაგრამ მეტს აღარ მოვტყუვდები. წესიერ და გონიერ ადამიანს ავირჩევ.
გადასახადის ამკრეფი: – არა, ისევ იმ გაიძვერას მისცემთ ხმას.
მეზვერე: – ისევ იმას? რისი დიდებით? ვინც ჩემ ქონებას ჩემ დაუკითხავად ანიავებს და თაღლით მეწარმეებს უნაწილებს?
გადასახადის ამკრეფი: – სწორედ მას.
მეზვერე: – ეს კი მეტისმეტია! ვის მივცემ ხმას, თქვენ ამას ნამდვილად არ შეგკითხებით.
გადასახადის ამკრეფი: – აღდგომა და ხვალეო, ახლა კი ნება მიბოძეთ დაგემშვიდობოთ, ის ექვსი ქვევრი ღვინო მიმაქვს – სასწრაფოდ უნდა გადავანაწილო ისე, როგორც თქვენ მიერ არჩეულმა დეპუტატმა გადაწყვიტა.
©Frédéric Bastiat – Economic Sophisms (Sophismes économiques), 1845/1848
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2020)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
მთარგმნელის კომენტარი:
დიალოგი მეზვერესა და გადასახადის ამკრეფს შორის “ეკონომიკური სოფიზმების” X თავია. გავკადნიერდი და უმნიშვნელოდ სახეცვლილი სახით ვთარგმნე (ხარჯები, რომლებსაც საფრანგეთი, როგორც დიდი კოლონიალური ქვეყანა სწევდა და ბასტიაც, ცხადია, ვრცლად მოიხსენიებს, შევკვეცე, რაკი ქართული რეალობისთვის ნაკლებაქტუალურია), ზემოთ მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ, სრულ (ინგლისურ) ვერსიას გაეცნოთ.
ასევე, ბასტიას ეკონომიკური პამფლეტის ადრინდელ თარგმანს პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს, პროტექციონიზმს რომ ეძღვნება.
ფრედერიკ ბასტია ვინ არის, ალბათ, არ არის საჭირო ბევრი ახსნა-განმარტება. ერთ-ერთი ყოველმხრივ გამორჩეული მოაზროვნე და ეკონომისტია. ის, რაც ბევრ სხვა დიდ ეკონომისტს შორის გამოარჩევს, მწერლური ნიჭია – მწარე ენა და კარგი იუმორის გრძნობა.
____
ასევე:
ფრედერიკ ბასტია – გადასახადებით დამძიმებული საქონელი