რიჩარდ ემ. სალსმანი
სეის კანონი, როგორც დიდმა ლიბერალმა პოლიტ-ეკონომისტმა ჟან-ბაპტისტ სეიმ (1767-1832) ჩამოაყალიბა თავად, არის დებულება, რომ მოთხოვნა მიწოდებისგან შედგება, შესაბამისად, ჯამური მიწოდება ყოველთვის ჯამური მოთხოვნის ტოლია. პოლიტიკურ ეკონომიკაში თუკი ჭეშმარიტების მხარეს დგომა გსურთ, არ არსებობს უფრო ღირებული სწავლება, ვიდრე სეის კანონია.
სეის კანონი არის ეკონომიკის უმთავრესი, უპირველესი პრინციპი, მრავალი თანმდევი მნიშვნელოვანი დებულებითა და წესით. მისი ლოგიკა ურღვევია, მისი ემპირიკა – უდავო. ეკონომისტი, ვინც უარყოფს სეის კანონს, ემსგავსება ფიზიკოსს, რომელიც სიმძიმის კანონს უარყოფს; ეკონომისტი, რომელიც სეის კანონის წინააღმდეგია, არ არის ეკონომისტი, ისე, როგორც, სიმძიმის კანონის უარმყოფელი ვერ იქნება ფიზიკოსი.
სეის კანონიდან მომდინარე საგულისხმო დებულებათა შორის არის დებულება, რომ კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მიწოდების მხარის ფენომენია, მეწარმეობის, მოგების მიღების, დაზოგვის, ინვესტიციებისა და კაპიტალის დაგროვების შედეგი. საპირისპიროდ რომ ვთქვათ, ”მომხმარებლები” per se (თავად) უუნარონი არიან მართონ ეკონომიკა (და ყველაზე ნაკლებუნარიანია უმსხვილესი მომხმარებელი – მთავრობა). რეცესია, ეკონომიკური სტაგნაცია, უმუშევრობა და კრიზისები წარმოიქმნება არა „ჭარბწარმოების“ (ან „უკმარი მოხმარების”) გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ძირს უთხრის საკუთრების უფლებებს, მანიპულირებს ფასებით, ხელს უშლის ბაზრების თვითდაწმენდას[1], აბრკოლებს ვაჭრობას და მოგებას, შემოსავალსა და კაპიტალზე ბეგარას აწესებს.
სამწუხაროდ, სეის კანონი უარყო ჯონ მეინარდ ქეინზმა (1883-1946) და ქეინზიანელებმა, რომლთა შეხედულებებიც სულ მცირე ოთხი ათეული წლით გაბატონდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დროის ეკონომიკაზე (და გარკვეულწილად დღესაც დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკის შემუშავებაზე). 1936 წელს გამოქვეყნებულ ტექსტში[2], ქეინზმა დიდი დეპრესია და მასობრივი უმუშევრობა უმართებულოდ დაუკავშირა 1920-იანი წლების „ჭარბწარმოების“ პერიოდს. ”სეის კანონი”, – წერდა ის, – დებულება, რომ „ჯამური მოთხოვნა ტოლია ჯამური მიწოდების, იმ მოსაზრების თანაბარღირებულია, რომ სრული დასაქმებისთვის დაბრკოლება არ არსებობს”. ეს აბსურდული განცხადება იყო.
სინამდვილეში, სეის კანონი სხვას ცხადყოფს – მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ბაზარმა (მაგალითად, შრომის ბაზარმა) შეიძლება, დაკარგოს წონასწორობა, შეუძლებელია ყველა ბაზარი ჯამურად ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამასთან, თუ შრომით ბაზარზე მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, ეს პოლიტიკური დაბრკოლებებით არის გამოწვეული, როგორიც არის რეგულაციები, შეზღუდვები მინიმალურ ხელფასზე და, ერთდროულად, დამსაქმებლებსა დასაქმებულებზე დაწესებული გადასახადები.
მიუხედავად იმისა, რომ ქეინზის ეკონომიკა 1945 წლიდან 1980 წლამდე გაბატონდა სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში, უკვე 1970-იანი წლების შუა ხანებიდან თავი გამოავლინა, როგორც თეორიულად ალოგიკურმა, ასე პრაქტიკაში მავნემ; მისი მაკროეკონომიკა, არსებითად, წინააღმდეგობრივი იყო, არც მიკროეკონომიკური საფუძველი ჰქონდა და დიდი ზიანი მოიტანა იქ, სადაც განსაკუთრებით აქტიურად მისდევდნენ – ბრიტანეთიში, ამერიკისა და ინდოეთში. 1970-იანი წლების ქეინზიანული პოლიტიკა ხასიათდება სტაგფლაციით – რაც, რა კუთხით არ უნდა მიუდგე, ყველამხრივ ყველაზე უარესია. საბედნიეროდ, ამ მძიმე პერიოდს წამლობა გამოუჩნდა: ახალი კლასიკური მაკროეკონომიკა, ”რაციონალური მოლოდინები” და მიწოდების ეკონომიკა – ყველა დაეფუძნა და შედეგებით დაადასტურა სეის კანონის მართებულობა. ქეინზის ეკონომიკის სეის ეკონომიკით ჩანაცვლებით, სამყარომ ნაწილობრივ მაინც ამოისუნთქა.
მაგრამ ქეინზიანული ეკონომიკა დღესაც მძლავრობს, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ კარგად მოერგო დაუსაბუთებელ ეჭვებს, თითქოს არასტაბილურობა და არამდგრადობა კაპიტალიზმის თანდაყოლილი თვისებაა. და, ნაწილობრივ, იმიტომ, რომ ის ეკონომიკაში მთავრობის პოლიტიკურ ჩარევას და აქტივიზმს ამართლებს. მრავალმა ეკონომისტმა და პოლიტიკოსმა, ვინც 2008-09 წლების ფინანსურ-ეკონომიკურ ვარდნას განიხილავდა, დაუფიქრებლად მიიჩნია, რომ ქეინზიანულმა თეორიამ კრიზისის მიზეზები ამოიცნო, ხოლო ქეინზიანული პრაქტიკა შედეგების განკურნებას შეძლებდა.
ამაში ჭეშმარიტების მარცვალიც არ ყოფილა. კრიზისი არ იყო კაპიტალიზმით (ან „დერეგულირებით“) გამოწვეული, პირიქით – ის გამოიწვია სამთავრობო სუბსიდიებმა, გარანტიებმა და რეგულაციებმა საბანკო, იპოთეკურ, საგირავნო სექტორში. ქეინზიანული წამლობით კი (მაგ. სახელმწიფო ხარჯებით, ფულის გაცემით და თითქმის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის მიზანმიმართული პოლიტიკით) კრიზისი კიდევ მეტად გაღრმავდა და გახანგრძლივდა.
„ქეინზიანული ეკონომიკის მიმოხილვის“ უახლესი ნომერი მთლიანად დაეთმო ათეულ ქეინზიანელ ეკონომისტს, რომლებიც დაჟინებით გვიმტკიცებენ, რომ ქეინზის ეკონომიკა ცოცხალია და ქმედითუნარიანი. საპირისპირო აზრი არც განიხილება. მაგრამ, მე ვგონებ, მსახურნი მეტად მძიმე აღთქმასა დებენ”[3] ეს მომეტებული თავგამოდება გასაგებია, ვინაიდან ქეინზიანულ დებულებათა უმეტესობა ყალბია – ყოველთვის ყალბი იყო და ასეთად დარჩება. მიუხედავად ამისა, ქეინზიანიზმის დღევანდელ ქურუმებს შეუძლიათ არხეინად იგრძნონ თავი, რაკი ქეინზიანული სწავლება, როგორი მცდარიც არ უნდა იყოს, ინარჩუნებს მხარდამჭერებს იმ რაოდენობით, რა ზომითაც ხალხი ეჭვის თვალით უცქერს კაპიტალიზმს, პოლიტიკოსები კი ეკონომიკაში ჩარევისა და ხელის ფათურის “გაპრავებას”[4] ეძებენ.
სეის კანონი და სეის ეკონომიკა მხარდამხარ მიყვება კაპიტალიზმის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ფილოსოფიურ ბუნებას – რომელიც საღ აზრზე, კერძო ინტერესებზე, მეწარმეობაზე, მოგების მიღებაზე, კერძო საკუთრების უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე და კონსტიტუციონალიზმზე დგას. საუკუნესა თუ კიდევ მეტი ხნის განმავლობაში, სეის კანონი მეტწილად უდავოდ იყო აღიარებული (მაგრამ ბოლომდე მაინც ვერგაგებული), იქამდე, სანამ 1930-იანებში ქეინზი მის უკუგდებას არ შეეცადა. მანამდე მალთუსი, როდბერტუსი და მარქსი იყვნენ სეის ყველაზე გამორჩეული კრიტიკოსები. მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ბევრმა მკვლევარმა თანამედროვე დებატებისთვის ასე ცოცხლად შემოინახა სეის პოლიტიკური ეკონომიკა, მისი ტრაქტატი[5] და მისი კანონი. განსაკუთრებით მინდა ვახსენო სთივენ ქეითსი, ჯეიმს აიაკფორი, ალენ ბერუ, რიჩარდ ებელინგი, ევლინ ფორგეთი, სთივ ჰენქი , სთივენ ჰორვეცი, ჟილ ჟაკუ, პეტურ იონსონი, გაი ნუმა, მუნირ ქადდასი, რაშიდ სალიმი, ევერტ სხურლი და მარქ სქუზენი.
პოლიტიკური ეკონომიკისა და სახელმწიფო პოლიტიკისთვის სეის კანონის გადამწყვეტი მნიშვნელობის გათვალისწინებით, მის მოკლე ანგარიშს წარმოგიდგენთ, სადაც ძირითად დებულებებსა და შეთავაზებებს მოვუყრი თავს:
- სეის კანონის თანახმად, მოთხოვნა მიწოდებისგან შედგება (და არა “მიწოდება ქმნის მის საკუთარ მოთხოვნას”[6]), საიდანაც გამომდინარეობს მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ჯამური მიწოდება ყოველთვის ჯამური მოთხოვნის ტოლია. შეუძლებელია, ჯამურ მიწოდებასთან შეფარდებით, ჯამური მოთხოვნის ნაკლულობა (ან სიჭარბე); ჯამური მიწოდება და ჯამური მოთხოვნა ერთი მოვლენაა (ან „ერთი მონეტის ორი მხარე“), მხოლოდ – სხვადასხვა მხრიდან დანახული.
- შეცდომა იქნება სეის კანონის ინტერპრეტირება იმგვარად, თითქოს “მიწოდება ქმნის მის საკუთარ მოთხოვნას” (ან, ცოტა კომიკური მაგალითი რომ მოვიხმოთ, საცურაო კოსტიუმების მიწოდება ქმნის მოთხოვნას საცურაო კოსტიუმებზე, მათ შორის – ალასქაზე). სინამდვილეში, საცურაო კოსტიუმების წარმოება ქმნის მოთხოვნას სხვა საქონელზე. ცხადია, შესაძლებელია, წარმოიშვას საქონლის (ან ფულის) სიჭარბე (მიკროეკონომიკური) ზოგიერთ ბაზარზე, მაგრამ შეუძლებელია არსებობდეს „ჯამური სიჭარბე“ (მაკროეკონომიკური) ყველა ბაზარზე. ამის უარყოფა არის კომპოზიციური შეცდომა (დაფუძნებული მცდარ პოსტულატზე – „რაც ჭეშმარიტია ნაწილისთვის, ჭეშმარიტია მთელისთვის”).
- წარმოება ქმნის დოვლათს, ხარჯვა არის დოვლათის გაცვლა, ხოლო შეკითხვები იმის თაობაზე, თუ ვინ შოულობს დოვლათს (რამდენს და – რატომ) ეხება დოვლათის გადანაწილებას; დოვლათის მოხმარება არ არის მოთხოვნის ტოლფასი, არამედ დოვლათის შექმნის საპირისპირო პროცესია – მისი მოსპობა. მოთხოვნა არ არის მოხმარების ტოლი; მოთხოვნა არის შეძენის სურვილს დამატებული მსყიდველობითი უნარი (მსყიდველობით უნარს კი მხოლოდ წარმოება წარმოშობს – იმ შემოსავლით იქმნება, რასაც წარმოებულ პროდუქციაში გვიხდიან). შეუძლებელია მოითხოვო, თუკი ჯერ მოთხოვნილი საქონლის ღირებულების ტოლი საქონელი არ მიაწოდე (აწარმოე). ბაზარს მწარმოებლები ქმნიან და არა მომხმარებლები (რადგან მოხმარება არის დოვლათის განადგურება, წარმოება კი – დოვლათის შექმნაა).
- რა თქმა უნდა, ჩვენ ვქმნით დოვლათს იმ მიზნით, რომ მოვიხმაროთ ან დავაგროვოთ – მოვახდინოთ მისი ინვესტირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოხმარება ქმნის წარმოებას (განადგურება ყოველთვის შექმნის საპირისპიროა). ცხადია, დოვლათის წილი მოიხმარება დოვლათის შექმნის პროცესში (იხ. ”გაყიდული საქონლის ღირებულება” მოგება-ზარალის უწყისში), მაგრამ ვერანაირი (სუფთა/ნეტო) დოვლათი ვერ შეიქმნება, თუ არ წარმოიქმნა დამატებული ღირებულება (შემოსავალს გაყიდვებიდან, რომელიც აღემატება ხარჯს – მოაქვს მოგება). მოგება, არის სუფთა/ნეტო წარმოება და არ აკლდება (შრომის) შემოსავალს.
- ჯანსაღი ეკონომიკა დოვლათის შექმნაზე, გაცვლაზე და განაწილებაზეა კონცენტრირებული და არა მის მოხმარებაზე; ”წარმოების პრიორიტეტი” არსებობს იმის გამო, რომ მიწოდება კეთილდღეობის, დოვლათის შექმნისა და მოთხოვნის წინაპირობაა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარმოების განვითარება მოწინავე, პროგრესულ ცივილიზაციაში, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვაღელვებდეს გამომგონებლების, ინჟინრებისა და მეწარმეების თავისუფლება, უფლებები, წახალისება და ანაზღაურება.
- სეის კანონი ჭეშმარიტია როგორც მოწინავე მონეტარული ეკონომიკის, ასევე ბარტერული ეკონომიკის პირობებში, როგორც მოკლევადიან, აგრეთვე გრძელვადიან პერიოდში. ამ კუთხით, სეის კანონის უნივერსალური ბუნება არ განსხვავდება სიმძიმის კანონისგან. სეის კანონის ეს ორი ასპექტი ხშირად არასწორად ესმით მის მიმდევრებსაც კი.
- როდესაც ჩვენ ვქმნით საქონელს ფულის ან შემოსავლის სანაცვლოდ, ფულს (და შემოსავალს) ვითხოვთ ხარჯვის ან დაზოგვის მიზნით; მაგრამ დაზოგვა არ არის “ხარჯვის ნაკადისგან გაჟონვა”. ის არის დაზოგილი ქონება და ინვესტიცია, რაც ნიშნავს კაპიტალურ საქონელზე და არა სამომხმარებლო საქონელზე გაწეულ ხარჯებს. ფულის დაგროვება არ იწვევს ჯამური მოთხოვნის შემცირებას; ფულიც, აგრეთვე, საქონლის სახეობაა და, თუ ხდება მისი დაგროვება, თავად ფული გადაიქცევა გაზრდილი მოთხოვნის საგნად. ფულის “სიმცირე” თავისთავად არ იწვევს საქონლის სიმცირეს; ის მხოლოდ ფასების შემცირებას იწვევს; მაგრამ ეს მისასალმებელი პროცესია, როგორც ”ცხოვრების ხარჯის შემცირება” (რაც ცხოვრების დონის ზრდას გულისხმობს). თავისუფალ ეკონომიკაში ფულის დაგროვება ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, ეს ხდება, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა გამაღატაკებელი ან/და რისკიანია; მეტისმეტად გაზრდილი მოთხოვნა ფულზე (დაგროვება) ყოველთვის ახლავს თან ეკონომიკურ სტაგნაციას და უვარგისი პოლიტიკის შედეგია და არა შეფარდებით ნაკლული ჯამური მოთხოვნის შედეგი.
- ეკონომიკური რეცესია არ ასახავს უკმარ ნომინალურ მოთხოვნას (სავარაუდო „ფულის დეფიციტს“), არამედ სახელმწიფო პოლიტიკის გამო დაზიანებული არასაკმარისი რეალური მიწოდების გამოხატულებაა, როდესაც მთავრობა დოვლათის წართმევას ან გადამისამართებას ახდენს, აფერხებს და სჯის დოვლათის შექმნას (დაბეგვრით, რეგულირებით და ა.შ.); მთავრობის ხარჯები ვერ კურნავს რეცესიას მოხმარების გაზრდით, არამედ მხოლოდ ახანგრძლივებს ავადობას და დროში აბრკოლებს გამოჯანმრთელებას; სახელმწიფო ხარჯებს აფინანსებენ გადასახადები, სახელმწიფო სესხები ან ემისია – არცერთია per se (თავისთავად) წარმოების ხელშემწყობი; არანაირი ჯადოსნური „სახელმწიფო ხარჯების მულტიპლიკატორი“ არ წარმოიქმნება გაზრდილი ”მოხმარების ზღვრული მიდრეკილებისგან”[7].
- ქეინზის მტკიცება, თითქოს სეის კანონი “იმ მოსაზრების ტოლია, რომ სრული დასაქმებისთვის დაბრკოლება არ არსებობს”, ერთმნიშვნელოვნად მცდარია. ბევრი (არა მაკრო) ფაქტორია, რაც სრულ დასაქმებას უშლის ხელს, მათ შორის, საბაზროზე მაღალი სახელფასო განაკვეთები (პროფკავშირების ან სახელმწიფო პოლიტიკის იძულებით), სადამსჯელო დაბეგვრა და/ან რეგულაციები, რომლებიც პოტენციურ დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ორთავეს ბოჭავს.
- უნდა ითქვას, ზოგიერთმა ქეინზიანელმა აღიარა, რომ საფუძვლებსა და ფუძე-პრინციპების შესახებ კამათი ღირებულია და რომ, თუ სეის კანონი მართალია, შეუძლებელია, ქეინზის ეკონომიკაც იმავდროულად მართებული იყოს (რადგან, ამ უკანასკნელის თქმით, ჯამურ მოთხოვნასა და ჯამურ მიწოდებას შორის შეიძლება სხვაობა წარმოიშვას და ამ სხვაობის აღმოფხვრა სამთავრობო პოლიტიკას ძალუძს). ლოგიკა და რეალობა ისაა, რომ სეის კანონი უტყუარია, ქეინზიანული ეკონომიკა კი, შესაბამისად – არა.
დიდმა ფრანგმა ლიბერალმა ფრედერიკ ბასტიამ (1801-1850) მის „ეკონომიკურ ჰარმონიებში“[8] სეის პოლიტიკური ეკონომიკის პოპულარიზაცია მოახდინა. ბასტია ასე წერდა სეისა და სეის კანონის შესახებ:
დიდი ბედნიერებაა საზოგადოებისთვის, რომ სეის მსგავსმა გენიალურმა ადამიანებმა საკუთარი თავი მოთმინებით დაუღალავ დაკვირვებას მიუძღვნეს, შეისწავლეს და რუდუნებით დადგინეს ყველა ფაქტი, რაც ამ შესანიშნავი მეცნიერების [პოლიტიკური ეკონომიკის] სწავლება მოიცავს. ამიერიდან, ადამიანის გონებას შეუძლია მყარ საძირკველზე დადგეს და ახალი ჰორიზონტების მისაწვდომად აიჭრას… მათ მსგავსად თქვენც, ვინც მეცნიერებას თალხი საბურველი შემოავლეთ შეშლილი მოძღვრებების გავრცელებით, შეგეძლოთ, თქვენი წინამორბედების ხელიდან აგეღოთ ჩირაღდანი და სოციალურ მეცნიერებათა ბნელი კუთხე-კუნჭული გაგენათებინათ,
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, იმისთვის რომ პოლიტიკურ ეკონომიკაში სწორი პოზიცია დავიკავოთ, არ მოგვეძებნება იმაზე მეტად ღირებული პრინციპი, ვიდრე სეის კანონია. როგორც ბასტია ამბობს, სეის კანონი ცოდნის ჩირაღდნის მსგავსია, რომელიც საღი აზრისა და რეალობის შუქს ჰფენს. ის, ასევე, გვეხმარება, თავი დავაღწიოთ „შეშლილი მოძღვრებების“ მიერ მოტანილს ზიანს.
©Richard M. Salsman – Say’s Law versus Keynesian Economics. AIER, 02.09.2020
©LV (ქართული თარგმანი, 2020)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
____
(1)კი, სწორედ ის ყბადაღებული “უხილავი ხელი” და “ბაზარი დაარეგულირებს” – ეს იგულისხმება. ვხვდები, რომ ვინმე, ვინც აქამდე წაიკითხა პოსტი, სწორედ აქ მიაგდებს გვერდზე. 🙂 თუმცა, ვინც მიმგდები იყო, აქამდეც არ მოვიდოდა
(2)„დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“
(3)სტატიაში გამოყენებულია იდიომატური doth protest too much, რაც “ჰამლეტიდანაა” აღებული (The lady doth protest too much, methinks). შესაბამისად, თარგმნისას, ივანე მაჩაბელს დავესესხე (მ.III, ს.II)
(4)სხვა სტატიასთან დაკავშირებითაც მითხრეს, რომ ამ სიტყვის გამოყენება არ იყო მართებული, მაგრამ, თუნდაც თავად სტატიის ავტორის მკაფიო პოზიციის გათვალისწინებით, სწორედ ის მნიშვნელობა უხდება, რაც ამ ჟარგონულ სიტყვას აქვს და არა უფრო ლიტერატურულად გამართული “გამართლება” 😉
(5)”ტრაქტატი პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ ანუ მარტივი გადმოცემა, თუ როგორ იქმნება, ნაწილდება და მოიხმარება დოვლათი”
(6)სეის კანონის ქეინზიანული ინტერპრეტაციაა.
(7)მოხმარების ზღვრული მიდრეკილება არის მიღებული შემოსავლის წილი, რომელსაც ადამიანები მოიხმარენ (მიღებულ შემოსავალს გამოკლებული დაზოგილი თანხა). ქეინზის თანახმად, როდესაც ეს კოეფიციენტი მცირეა, მისი გაზრდის მიზნით, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ხარჯები, რაც საერთო ეროვნული შემოსავლის მატებას გამოიწვევს. მეტიც, მულტიპლიკატორის ეფექტით, ქეინზიანელთა რწმენით, ეროვნული შემოსავლის ზრდა აღემატება სახელმწიფო ხარჯების ზრდას.
(8)Frédéric Bastiat. – Harmonies Économiques
___
ასევე
სეის კანონი – სთივენ ქეითსი
___
ავტორის შესახებ:
რიჩარდ ემ. სალსმანი ამერიკელი ეკონომისტია. დიუქის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, InterMarket Forecasting, Inc.-ის პრეზიდენტი. მსოფლმხედველობით ახლოს დგას ობიექტივისტებთან (აინ რენდი).