სეის კანონი

სთივენ ქეითსი

Says Law

უნდა შევთანხმდეთ, სეის კანონი, როგორც ამას ქეინზი წერდა, ნამდვილად იყო კლასიკური ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე აღიარეს.

მეტიც, ეს მხოლოდ მე-19 საუკუნის თეორია არ ყოფილა. საყოველთაოდ იყო მიღებული და რჩებოდა ასეთად, ვიდრე 1936 წლამდე, როდესაც „ზოგადი თეორია“[*] გამოიცა. მაგრამ თანმდევი საკითხები არ დახავსებულა, იმ მოსაზრებათა ნაწილი იყო რომლებსაც ეკონომისტები მუდმივად ცდიან კრიტიკული თვალით და ამოწმებენ. ყველა შეთანხმდა სეის კანონის მართებულობასა და მნიშვნელობაზე. ამიტომ, როდესაც სეის კანონზე ვმსჯელობთ, ხელთ უნდა გვქონდეს მისი არსის ზუსტი განმარტება, იმის ახსნა რომ შევძლოთ, თუ რატომ მოხდა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ყველა დიდი ეკონომისტი, ვინც კი არსებულა, ასე თავგამოდებით იცავდა.

სეის კანონის გასაგებად საჭიროა იმის ცოდნა, რა დროსა და ვითარებაში გამოჩნდა. ჯერ იყო და უილიამ სფენსმა 1807 წელს გამოთქვა მოსაზრება, რომ ეკონომიკას მოთხოვნა მართავს. ნაპოლეონის ომებით დაზარალებულ ევროპაში, სავაჭრო ურთიერთობები იმდენად შესუსტებულია, რომ კრიზისის დასაძლევად ხარჯების წახალისებაა საჭირო (იმ შემთხვევაში მიწათმოქმედების მხრივ), – წერდა სფენსი. 1808 წელს მას ჯეიმს მილი გამოეხმაურა. მილის აზრით, ეკონომიკას მიწოდება მართავს. მოთხოვნის დეფიციტი ვერასდროს იქნება რეცესიის მიზეზი და მოთხოვნის გაზრდა, მიწოდების გაზრდის გარეშე, ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს. საკუთარი თვალსაზრისის გასამყარებლად, მილმა ჟან-ბაპტისტ სეის „ტრაქტატი“[**] დაიმოწმა, სადაც სეი ამტკიცებდა, რომ მოთხოვნა შედგება მიწოდებისგან. თუ მოთხოვნა
მომდინარეობს მხოლოდ მიწოდებისგან, მაშინ ის მიწოდებისგან დამოუკიდებლად ვერც იარსებებს. მილის მთავარი მიზანი უკმარი მოთხოვნის, როგორც რეცესიის მიზეზის უკუგდება იყო. დავეთანხმებით მას თუ არა, აუცილებელია, ვიცოდეთ, რა იყო მისი მოსაზრების ქვაკუთხედი.

მაგრამ იმდროინდელ მსჯელობას მცირე გავლენა ჰქონდა ეკონომიკური თეორიის შემუშავებაზე, მანამ, სანამ თომას მალთუსი “ზოგადი ჭარბწარმოების” საკითხს არ წამოჭრიდა. 1820 წელს მან „პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები“ გამოაქვეყნა და საკითხი ეკონომისტებს შორის განხეთქილების გასაყარზე აღმოჩნდა. მალთუსი, ისევე როგორც სფენსი, ამტკიცებდა, რომ უკმარი მოთხოვნა, რაც გამოწვეულია დაგროვებით, რეცესიის მიზეზია, შესაბამისად, მოთხოვნის გაზრდა აუცილებელია დასაქმების გასაზრდელად. „ზოგადი ჭარბწარმოების“ თემის წამოწევამ დიდი კამათი გამოიწვია და მალთუსს სამი დიდი ეკონომისტი გამოეხმაურა – ჯეიმს მილი, დეივიდ რიქარდო და ჟან-ბატისტ სეი. ფრანგი ეკონომისტის 1821 წელს დაწერილი „წერილები ბატონი მალთუსისადმი“ ყველაზე თვალსაჩინო შრომაა ამ მხრივ. არ აქვს მნიშვნელობა, ეთანხმებით თუ არა სეის. მთავარია, კარგად ჩავწვდეთ საკითხის არსს. კლასიკური პოზიცია საუკეთესოდ შეაჯამა რიქარდომ, მის მიერ 1820 წლის ოქტომბერში მალთუსისადმი გაგზავნილ პირად წერილში: ”ადამიანები ცდებიან წარმოებისას, მოთხოვნის დეფიციტი არ არსებობს” – ეს ნიშნავს, რომ რეცესია ხდება, წარმოებისას დაშვებული შეცდომების გამო და არა იმიტომ, რომ მოთხოვნა არის არასაკმარისი.

ეს რთული საკითხია, რომელზეც ადამიანები შეიძლება ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეკონომიკურმა თეორიამ 1808 წლიდან 1936 წლამდე საფუძვლად აიღო პრინციპი, რომელიც 1920-იანი წლებიდან მოყოლებული (და მხოლოდ 1920-იანი წლებიდან მოყოლებული) სეისის კანონად იხსენიება, 1936 წლის შემდეგ კი თითქმის საყოველთაოდ იქნა უკუგდებული. მის ნაცვლად ქეინზმა შემოიტანა დიდი თეორიული სიახლე “ჯამური მოთხოვნის” სახით, რომლის ხსენებაც არ იყო მანამდე. ცნება, რომელიც გამოიყენებოდა მეთვრამეტე საუკუნიდან, იყო ეფექტური მოთხოვნა – ანუ რაღაც საქონლის შეძენის სურვილი[***], რაც გამყარებულია საკუთარი შემოსავლით. საკუთარი შემოსავალი, თავის მხრივ, განისაზღვრება იმით, რის წარმოებას და გაყიდვას შეძლებ.

მთავარი იყო იმის გააზრება, რომ ყველა ეკონომიკური საქმიანობა იწყება მიწოდებით. ეს არის კონცეფცია, რომელიც სეის კანონზე დგას:

შექმენი რამე საქონელი – გაყიდე – ამონაგები ფულით შეიძინე სხვა საქონელი

გაცვლით ეკონომიკაში, ჯერ უნდა წარმოიშვას საქონელი ან მომსახურება, შემდეგ უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია, რაც წარმოქმნის ფულს და შემდეგ ეს ფული უნდა იყოს გამოყენებულ სხვა საქონლის შესაძენად[1]. ამრიგად, ყიდვა დამოკიდებულია გაყიდვაზე. იმის ცოდნა, თუ რა უნდა აწარმოოს – მეწარმის მთავარი თავსატეხია. აუცილებელია, მიაგნო და აწარმოო ის საქონელი ან მომსახურება, რომელსაც გაყიდი იმ ფასად, რომ ხარჯები გადაფარო. ვისაც წარმოებაში წვლილი შეაქვს, შემდგომ ინაწილებს შემოსავალს (მოგება, ქირა, ხელფასები, საპროცენტო განაკვეთი) მაგრამ ეს შემოსავალია სწორედ, რაც სხვების მიერ წარმოებულ საქონელს ყიდულობს.

რეცესიის კლასიკური თეორიის აქცენტი ამ ურთიერთნაკადისა და ბრუნვის შეფერხებაზეა. რასაც რიქარდომ წარმოებისას დაშვებული შეცდომები უწოდა. ეს თეორია, იმ სახით, რა სახეც საბოლოოდ მიიღო, კონცენტრირებულია ორ მიზეზზე: რატომ ვერ გაიყიდა წარმოებული საქონელი იმ ფასად, ხარჯები რომ დაეფარა ან რატომ დაიშალა ფინანსური სისტემა ისე, რომ წარმოების სისტემის რღვევა გამოიწვია. ყიდვის შეფერხება (ანუ ზედმეტი დაზოგვა), როგორც რეცესიის გამომწვევი მიზეზი, კლასიკური სწავლებით უკუგდებულია.

ვინც რა უნდა იფიქროს ამ ინტერპრეტაციაზე, ის ემყარებოდა ფაქტებს „ზოგადი ჭარბწარმოების“ ირგვლივ წარმოშობილი დებატების დროს და იძლევა უფრო გამართულ ახსნას იმის შესახებ, თუ რა ხდება რეცესიისას. უკეთ რომ დავაფასოთ, რამდენად გაუძლო ამ განმარტებამ დროს, გავიხსენოთ გოტფრიდ ჰაბერლერის 1937 წლის „კეთილდღეობა და დეპრესია“, სადაც ის ზუსტად იგივე თეორიას ავითარებს რასაც რიკარდო ერთი საუკუნის წინ. ჰაბერლერს მეტი არგუმენტები მოყავს და უფრო დაწვრილებით აღწერს, მაგრამ სხვა ყველა იმ კლასიკურ ჩარჩოშია. ამ მიდგომის გამოყენება კვლავ შეიძლება გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, იმ კუთხით რომ, უეცარი რეცესიული ვარდნის განმარტება მოთხოვნის უეცარი ვარდნით შეუძლებელია. მოთხოვნის ვარდნა მხოლოდ სხვა რამეს მოყოლილი შედეგია და არ ყოფილა პირველმიზეზი.

(1)ესაა, რასაც მარქსი C-M-C-ს უწოდებს, სადაც საქონლის ერთ კატეგორიას (C) ცვლიან ფულზე (M), სანამ თავად ფულს გადაცვლიან საქონლის სხვა კატეგორიაზე (C) – ავტორისეული განმარტება.

©Steven Kates – Why Keynesian Concepts Cannot Be Used to Explain Pre-Keynesian
Economic Thought: A Reader’s Guide to Classical Economic Theory.
Quarterly Journal of Austrian Economics, Fall 2014

©LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

_____

(*)ჯონ მეინარდ ქეინზის „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (The General Theory of Employment, Interest and Money)

(**)ტრაქტატი პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ ანუ მარტივი გადმოცემა, თუ როგორ იქმნება, ნაწილდება და მოიხმარება დოვლათი” (Traité d’économie politique ou simple exposition de la manière dont se forment, se distribuent et se composent les richesses). უფრო ზუსტად, მისი გვარი გამოითქმის, როგორც სე და არა სეი. თუმცა, იმდენად მყარად დამკვიდრდა უკვე, რომ ახლა ჩემ “კანონს” გადავუხვევ და ამის გასწორებას არ დავიწყებ. 🙂

(***)მოთხოვნა არ შეიძლება არსებობდეს მანამ, სანამ არ არსებობს მიწოდება, მაგრამ საქონელი ვერ შექმნის მოთხოვნას, თუ არ არსებობს მოთხოვნილება ამ საქონელზე. მოთხოვნილება უნდა იყოს, სადღაც, ჰაერში, შეიძლება გაუცნობიერებელი, ძნელად ხელშენავლები, კონკრეტული სხეულის გარეშე და ამ მოთხოვნილებასთან მაქსიმალურად ახლოს მდგომი საქონელის შექმნა და მიწოდება მოთხოვნილებას გარდაქმნის მოთხოვნად. ამის საუკეთესო მაგალითია, თუნდაც, “უოქმენის” შექმნის ისტორია, რომელზეც ცალკე პოსტი მაქვს სხვა ბლოგზე და თავად მორიტას მოგონების ნაწილიც ვთარგმნე (დამზადებულია იაპონიაში).
___
Steven Katesავტორის შესახებ:
სთივენ ქეითსი
კანადელ-ავსტრალიელი ეკონომისტია. ორი ათეული წლის განმავლობაში იყო ავსტრალიის სავაჭრო პალატის მთავარი ეკონომისტი. არის მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: