სად ცდებიან ქეინზის კრიტიკოსები

Say Keynes

სთივენ ქეითსი

წავიკითხე ფილიპ ვაგუსის წერილი „სად შეცდა ქეინზი“, რომელიც ესპანელი ავტორის, ხუან რამონ რალოს წიგნის, “ძველი ეკონომიკის წარუმატებლობა” (Los Errores de la Vieja Economyía), მიმოხილვაა. ჩემი ყურადღება გამორჩეულად იმ ადგილებმა მიიპყრო, სეის კანონს რომ შეეხება.

ქეინზის ეკონომიკის უარყოფის გზა, ცხადია, სეის კანონზე გადის. ამის გააზრება მნიშვნელოვანია. თავად ქეინზის დამოკიდებულება სეის მიმართ უკიდურესად ნათელია: მთელი მისი არგუმენტაცია სეის კანონის ინტერპრეტირებაზეა ნაშენები. ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“, ქეინზი სეის კანონის ირგვლივ ტრიალებს და კვლავ და კვლავ უბრუნდება იმ ადამიანთა არგუმენტებს, ვისაც სეის კანონისა სჯერა. ამრიგად, ორი რამ არის საჭირო, თუ აპირებ ქეინზის უარყოფას. ჯერ, უნდა იცოდე, რა არის სეის კანონი. შემდეგ უნდა აჩვენო, რომ სეი მართალია.

ერთი დიდი პრობლემა უნდა გადავლახოთ, თუკი ქეინზის უარყოფა და სეის კანონის აღორძინება გვსურს. ყველა ეკონომისტი აღიზარდა ქეინზიანული მოთხოვნის ეკონომიკის თეორიით და, თუ არ ვუწამლეთ, ეს სენი მათი აზროვნების ყველა ასპექტს მოედება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აღიარებენ, რომ ფუძე არის მოთხოვნის სტრუქტურა, სრულად მაინც ვერ ივიწყებენ მოთხოვნის დონეს, როგორც ეკონომიკური პრობლემების მიმართ დამოკიდებულების განუყოფელ ნაწილს.

კლასიკოსი ეკონომისტები სეის კანონს ისე განმარტავენ, რომ ”ჭარბწარმოება, ზოგადად, შეუძლებელია”; შეუძლებელია მოთხოვნის დეფიციტის არსებობა. ეს აქსიომაა. სისხლში უნდა გქონდეთ გამჯდარი, თუკი სავაჭრო ციკლის კლასიკური თეორია გესმით. დაგროვება არასდროს იწვევს რეცესიას. ზედმეტი დაზოგვა არასდროს არის პრობლემა. ეკონომიკა არასოდეს განიცდის მოთხოვნის დეფიციტს. რეცესიის დაწყების შემდეგ, ადამიანი, ცხადია, უფრო ფრთხილი ხდება, რაკი მომავლის ნდობას კარგავს – ეს ყველა კლასიკოსის ერთობლივი ხედვაა. ასე ხედავენ თავად კლასიკოსები ქეინზიანიზმსა და კლასიკოსთა შორის განხეთქილებას. ქეინზი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მოთხოვნის დეფიციტი რეცესიის ბუნებაა და რეცესიის დასრულებისთვის აუცილებელი და სწორი პასუხი არის სახელმწიფო ხარჯების ზრდა.

ახლა ვნახოთ, რას წერს ვაგუსი (ხაზგასმა ჩემია):

მოდით, რალოს რამდენიმე არგუმენტი განვიხილოთ. ცხადია, სეის კანონის ქეინზიანული კრიტიკით უნდა დავიწყოთ. ქეინზმა TGT-ში სეის კანონი დამახინჯებულად გადაასხვაფერა, ის მიაწერა, რაც სეის არ უთქვამს, თითქოს “მიწოდება საკუთარ მოთხოვნას ქმნის”. რალო სეის ორიგინალ კონცეფციასთან გვაბრუნებს: გრძელვადიან პერსპექტივაში, საქონლის მიწოდება მასზე მოთხოვნის ტოლია. საბოლოო ჯამში, საქონელს ვაწარმოებთ სხვა საქონლის შესაძენად (თანხის გამოსამუშავებლად). ყველა იმ მიზნით აწარმოებს, რომ მოითხოვოს, რაც ჭარბწარმოებას შეუძლებელს ხდის.

სეის კანონს რალოს წიგნის ყველაზე ინოვაციური არგუმენტისკენ მივყავართ, რომელიც დაგროვებას ეხება. ქეინზის მკაცრი კრიტიკოსებიც კი, მაგალითად მონეტარისტული ან ნეოკლასიკური ბანაკიდან, აღიარებენ, რომ ქეინზი, სულ მცირე, მართალი იყო იმაში, რომ დაგროვების ჟინი დესტაბილიზაციის მომტანია და საშიში.

რალო დაგროვების სოციალურ ფუნქციაზე წერს. ფულის მოთხოვნა არ არის ბაზრისგან არაფრის მოთხოვნა. დაგროვება არის დამზოგველთა და მომხმარებელთა ბუნებრივი რეაგირება წარმოების იმ სტრუქტურაზე, რომელიც მათ საჭიროებებს ვერ პასუხობს. საპროტესტო გზავნილია მეწარმეთათვის: ”გთხოვთ, განსხვავებული სამომხმარებლო და ფულადი საქონელი შემოგვთავაზოთ! შეცვალეთ წარმოების სტრუქტურა, როდესაც შემოთავაზებული საქონლის მოხმარება არასრულია.”

რალო ცდილობს, უარყოს ქეინზი, ყველაფერ იმის დადასტურებით, რაც ქეინზმა დაწერა. რალო ამტკიცებს, რომ ხალხი ნამდვილად აგროვებს და უფრო მეტ ფულს ინახავს, ვიდრე ახარჯავს. ნამდვილად წარმოიქმნება მოკლევადიანი და საშუალოვადიანი მოთხოვნის დეფიციტი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გასწორდება, სამ, შესაძლოა, ხუთ წელიწადში. ჭარბწარმოება შეუძლებელია, მაგრამ მხოლოდ ”საბოლოო ჯამში” და მანამ, შეიძლება მოხდეს.  ეკონომიკის მოთხოვნის მხარეზე დაგროვების მიზეზით წარმოშობილი გარკვეული პრობლემები, იძულებით უმუშევრობას წარმოშობს. ამასთან, მოთხოვნის ეს დეფიციტი უფრო კარგია, ვიდრე – ცუდი, რადგან დაგროვება საშუალებას აძლევს ბიზნესს, დაფიქრდეს, თუ რა უნდა გააკეთოს შემდეგ. თუ თქვენ ხართ ერთი ქეინზიანელი, როგორიც არის ქრუგმანი, ყველაფერი ზემოთქმული ხელ-ფეხს უხსნის მთავრობას, რომ მასტიმულირებელი პაკეტის სამაშველო რგოლი შემოაგდოს ამ შეფერხების აღმოსაფხვრელად.

ვაგუსი აღწერს, თუ როგორ მუშაობს დაგროვება:

ეკონომიკური არადმგრადობის ჟამს, გონივრულიც კია ფულის დაგროვება და არა გრძელვადიან დროით გაყინვა. რალო ნათელ მაგალითს გვაწვდის: დავუშვათ, რომ მომავალი ბუნდოვანია, რადგან ხალხი მიწისძვრას ელოდება. ისინი იწყებენ დაგროვებას, ე.ი. ნაღდი ფულის ბალანსს ზრდიან, რაც მათ უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს. ბაზრის მონაწილეების თვალსაზრისით, ეს არის სრულიად რაციონალური და მომგებიანი ქმედება. რა გვაქვს ალტერნატივად – მთავრობის გაზრდილი დანახარჯები? ცათამბჯენების აგება საზოგადოების ფულით არამხოლოდ წინდახედული ადამიანების ნების საწინააღმდეგოა, ეს კატასტროფას გამოიწვევს, თუკი მიწისძვრა მოხდა.

მაგრამ მთავრობამ არც უნდა აშენოს ცათამბჯენები, როდესაც ყველა მიწისძვრას ელის! ამგვარ არგუმენტს ეკონომიკური თეორიის ცოდნა არ ჭირდება. შეგვიძლია ასეც ვთქვათ, თუკი არის რამ სასარგებლო, რისი გაკეთებაც მთავრობას შეუძლია ეკონომიკური მდგრადობის დროს – ალბათ, არსებული შენობების გამაგრებაა მომავალი მიწისძვრისგან დასაცავად. რატომ არ გამოგვადგება ეს არგუმენტი? იმიტომ, რომ ეს არის უბრალოდ მეტაფორა, რომელიც ვერ ხსნის, თუ სად შეცდა ქეინზი, და, ცხადია, ვერასოდეს გადაარწმუნებს ქეინზიანელს.

კიდევ ერთ ადგილს დავიმოწმებ ვაგუსის სტატიიდან (ხაზგასმა ჩემია):

ქეინზისაგან განსხვავებით, რალო აღნიშნავს, რომ ცალკე ჯამური მიწოდება ან ცალკე ჯამური მოთხოვნა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მათი ერთობა. დეპრესიის დროს, წარმოების დამახინჯებული სტრუქტურის პირობებში, ლიკვიდურობის ხაფანგში, თუკი მთავრობა ჯამური მოთხოვნის გაზრდას ცდილობს, არსებული წარმოება ვეღარ ახერხებს ყველაზე სწრაფად მოთხოვნადი საქონლის წარმოებას. გამოსავალი მეტის დახარჯვა და დავალიანების ზრდა კი არ არის, არამედ სესხის შემცირება და ცუდი ინვესტიციების ლიკვიდაცია, რათა სახსრები ახალი და მდგრადი ინვესტიციების მიმართულებით გადამისამართდეს.

სრულად ვეთანხმები, რომ კერძო სექტორს გადარჩენის გზის ძიებაში არ უნდა შევუშალოთ ხელი, რადგან ისინი წარმოების აღდგენისკენ სარგებლიან გზას ყოველთვის პოულობენ, მაგრამ “ჯამური მოთხოვნის” და “წარმოების სტრუქტურის” ერთ წინადადებაში, გვერდიგვერდ მოტანა ბუნდოვნების მომტანია. მეტიც, “ლიკვიდურობის ხაფანგის” ხსენება, კლასიკური ეკონომიკის სამყაროში შესასვლელ კარიბჭეზე ურდულის დაკიდებაა. მოთხოვნა შედგება მიწოდებისგან. სეის კანონის თანახმად, მიწოდება არის მოთხოვნა. ჯამური მოთხოვნა და ჯამური მიწოდება არ არის ორი ცალკე ერთეული. არ არსებობს დამოუკიდებლად არსებული ძალა, რასაც გამოვაცალკევებთ და ჯამურ მოთხოვნას დავარქმევთ.

თუკი გსურთ, სეის კანონის არსს ჩაწვდეთ, არასოდეს იფიქროთ ჯამური მოთხოვნის და ჯამური მიწოდების კატეგორიით. უბრალოდ დავივიწყოთ ეკონომიკის ყველა კონცეპტუალური მსჯელობის დროს, რაკი დარწმუნებული ვერ ვიქნები, რომ იმასვე გულისხმობთ, რასაც კლასიკოსი ეკონომისტები. როგორც ვწერდი ჩემს წიგნში “სეის კანონი და ქეინზიანული რევოლუცია“ (Say’s Law and the Keynesian Revolution), თუ გსურთ ქეინზიანული ეკონომიკის დამარცხება, უნდა წამოიწყოთ ომი ჯამური მოთხოვნის ხსენების წინააღმდეგ. სხვა ყველა ფუჭია.

©Steven Kates – The Errors of Keynes’s Critics’. MDA, 03.06.2013
©LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

Steven Katesავტორის შესახებ:
სთივენ ქეითსი
კანადელ-ავსტრალიელი ეკონომისტია. ორი ათეული წლის განმავლობაში იყო ავსტრალიის სავაჭრო პალატის მთავარი ეკონომისტი. არის მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: