სად შეცდა ქეინზი

ფილიპ ვაგუსი

ავსტრიის ეკონომიკური სკოლის უკვე არაერთმა წარმომადგენელმა ქვა-ქვაზე არ დატოვა ქეინზის მთავარი ნაშრომიდან „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (TGT). ფრიდრიხ ა. ფონ ჰაიეკმა, ჟაკ რიუეფმა, ჰენრი ჰეზლითმა, მარი როთბერდმა, ლუდვიგ ლახმანმა, ლუდვიგ ფონ მიზესმა და უილიამ ჰათმა მნიშვნელოვანი არგუმენტები მოგვაწოდეს ქეინზის და ქეინზიანიზმის წინააღმდეგ.

ამ რჩეულ სიას კიდევ ერთი სახელი დაემატა. 2012 წელს ხუან რამონ რალომ წარმოგვიდგინა TGT–ს ახალი კრიტიკა წიგნში, რომელსაც ჰეზლითის ნაშრომის „ახალი ეკონომიკის „ წარუმატებლობა“ საპატივცემულოდ, “ძველი ეკონომიკის წარუმატებლობა” (Los Errores de la Vieja Economyía) ჰქვია.

ჰეზლითის დროს ქეინზის სწავლება ჯერ კიდევ რევოლუციური იყო და ჰეზლითი მას „ახალ ეკონომიკად“ მოიხსენიებს, რომელმაც კლასიკური ეკონომიკის შეხედულებებზე, მეტადრე სეის კანონზე[1] შეტევა მიიტანა. დღეს ქეინზიანიზმი მეინსთრიმია. განსაკუთრებით – მისი მთავარი იდეა, რომ ხარჯვა უმუშევრობას ამცირებს. ასწავლიან უნივერსიტეტებში, იყენებენ მადლიერი პოლიტიკოსები და ამ მოსაზრებას იცავს 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფოლ ქრუგმანი.

დასავლეთ სამყაროში მიმდინარე ფინანსურ კრიზისზე პასუხი[2] დიდწილად TGT-თი იყო შთაგონებული. მეორე დიდი დეპრესიის აცილების მიზნით, სწორედ ქეინზის სწავლება მოიხმეს. მთავრობებმა რბილი მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური სტიმულირება ერთად აამოქმედეს, იმ კრიზისის საპასუხოდ, რაც ქეინზიანელების აზრით, უგუნური სპეკულაციებით გაბერილი ფინანსური ბუშტების გასკდომის შედეგი იყო. რალოს წიგნი TGT–ს ძველი კრიტიკის მხოლოდ თავმოყრაც რომ ყოფილიყო, მისი გამოქვეყნება მაინც დროული იქნებოდა, რადგან წარსულის იდეები დღევანდელობის შემოქმედია.

მაგრამ “ძველი ეკონომიკის წარუმატებლობა” უფრო მეტია, ვიდრე ზემონახსენები ავტორების არგუმენტების შეჯამება და სინთეზი. რალო იმ არგუმენტებზე დგას და ავითარებს. რაც მთავარია, საკუთარ ინოვაციურ იდეებს ჰმატებს TGT-ს წინააღმდეგ არსებულ კრიტიკას.

TGT–ს მიმართ ავსტრიული სკოლის მოსაზრებებზე დამყარებული რალოს კრიტიკა შეწონილი, სისტემატური და ამომწურავია. აღსანიშნავია, რომ მის მიერ ქეინზის იდეები არ არის გადასხვაფერებული ან დამახინჯებული. ამ ხერხს ავტორი არ მიმართავს. ცრუ არგუმენტების არარსებობა რალოს შეფასებებს დამაჯერებლობას ჰმატებს. მისი დარტყმა ზუსტია და ქეინზიანული სწავლების თვით ბირთვს აზიანებს. რალო არ ეძებს ტერმინოლოგიურ წინააღმდეგობებს და შეუსაბამობებს. ამ თვალსაზრისით მისი კრიტიკა უფრო საფუძვლიანი და დამანგრეველია, ვიდრე, მაგალითად, ჰენრი ჰეზლითის ბრწყინვალე კრიტიკის ის ნაწილები, სადაც ქეინზის წიგნში გაპარულ შეუსაბამობებს, გაურკვევლობასა და ბუნდოვან ახსნა-განმარტებებზეა აქცენტი. რალო დაკვირვებული კრიტიკოსია, მოწადინებულია, წარმოგვიდგინოს ქეინზის სწავლების მკაფიო და თანმიმდევრული სურათი და ამას ქეინზისთვის ყველაზე ხელსაყრელი სახით წარმოაჩენს.

მოდით, რალოს რამდენიმე არგუმენტი განვიხილოთ. ცხადია, სეის კანონის ქეინზიანული კრიტიკით უნდა დავიწყოთ. ქეინზმა TGT-ში სეის კანონი დამახინჯებულად გადაასხვაფერა, ის მიაწერა, რაც სეის არ უთქვამს, თითქოს “მიწოდება საკუთარ მოთხოვნას ქმნის”. რალო სეის ორიგინალ კონცეფციასთან გვაბრუნებს: გრძელვადიან პერსპექტივაში, საქონლის მიწოდება მასზე მოთხოვნის ტოლია. საბოლოო ჯამში, საქონელს ვაწარმოებთ სხვა საქონლის შესაძენად (თანხის გამოსამუშავებლად). ყველა იმ მიზნით აწარმოებს, რომ მოითხოვოს, რაც ჭარბწარმოებას შეუძლებელს ხდის.

სეის კანონს რალოს წიგნის ყველაზე ინოვაციური არგუმენტისკენ მივყავართ, რომელიც დაგროვებას ეხება. ქეინზის მკაცრი კრიტიკოსებიც კი, მაგალითად მონეტარისტული ან ნეოკლასიკური ბანაკიდან, აღიარებენ, რომ ქეინზი, სულ მცირე, მართალი იყო იმაში, რომ დაგროვების ჟინი დესტაბილიზაციის მომტანია და საშიში.

რალო დაგროვების სოციალურ ფუნქციაზე წერს. ფულის მოთხოვნა არ არის ბაზრისგან არაფრის მოთხოვნა. დაგროვება არის დამზოგველთა და მომხმარებელთა ბუნებრივი რეაგირება წარმოების იმ სტრუქტურაზე, რომელიც მათ საჭიროებებს ვერ პასუხობს. საპროტესტო გზავნილია მეწარმეთათვის: ”გთხოვთ, განსხვავებული სამომხმარებლო და ფულადი საქონელი შემოგვთავაზოთ! შეცვალეთ წარმოების სტრუქტურა, როდესაც შემოთავაზებული საქონლის მოხმარება არასრულია.”

ეკონომიკური არადმგრადობის ჟამს, გონივრულიც კია ფულის დაგროვება და არა გრძელვადიან დროით გაყინვა. რალო ნათელ მაგალითს გვაწვდის: დავუშვათ, რომ მომავალი ბუნდოვანია, რადგან ხალხი მიწისძვრას ელოდება. ისინი იწყებენ დაგროვებას, ე.ი. ნაღდი ფულის ბალანსს ზრდიან, რაც მათ უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს. ბაზრის მონაწილეების თვალსაზრისით, ეს არის სრულიად რაციონალური და მომგებიანი ქმედება. რა გვაქვს ალტერნატივად – მთავრობის გაზრდილი დანახარჯები? ცათამბჯენების[3] აგება საზოგადოების ფულით არამხოლოდ წინდახედული ადამიანების ნების საწინააღმდეგოა, ეს კატასტროფას გამოიწვევს, თუკი მიწისძვრა მოხდა.

დაგროვება არის დაზღვევა, როდესაც ვითარება არამდგრადია. რალო ამტკიცებს, რომ თუ, სიფრთხილის მოტივიდან გამომდინარე, იზრდება ფულზე მოთხოვნა (ე.ი. იზრდება მოთხოვნა ლიკვიდურობაზე), მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, ხოლო გრძელვადიანი განაკვეთები იზრდება. ხალხი მეტ მოკლევადიან ინვესტიციას აკეთებს და ნაკლებ – გრძელვადიანს, იმ მიზნით, რომ ლიკვიდურობა შეინარჩუნონ. ეს წარმოების სტრუქტურის კორექტირებას იწვევს. მეტი რესურსის გამოყენება ხდება სამომხმარებლო საქონლისა და ყველაზე ლიკვიდური საქონლის წარმოებისთვის (მაგ., ოქრო, ოქროს სტანდარტის დროს). წარმოების სტრუქტურა იცვლება და ერგება უფრო ხანმოკლე და ნაკლებად სარისკო პროცესებს, გრძელვადიანი და რისკის შემცველი პროექტების დაფინანსება კი მცირდება. ამრიგად, დაგროვების ზრდა არ იწვევს წარმოების გაჩერებას ან მოცდენას. წარმოება მხოლოდ სახეს იცვლის. რალო ამტკიცებს, რომ დაგროვება ირაციონალური არ არის. მართლაც, ეკონომიკური პირობებს ცვლილების ჟამს თუ არ მოვერგებით და გრძელვადიან პროექტებს შევინარჩუნებთ, ამან, შეიძლება, ამ გეგმების მოულოდნელი ნგრევა გამოიწვიოს. როგორც მიწისძვრამ – ცათამბჯენების.

უნდა აღინიშნოს, რომ „ავსტრიელთა“ უმეტესობას ყურადღების მიღმა რჩება საპროცენტო განაკვეთების ლიკვიდურობის უპირატესობის და დროის უპირატესობის ჰიბრიდული თეორია[4]. რალოსთვის საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთების სტრუქტურა როგორც დროის, ასევე ლიკვიდურობის უპირატესობით განისაზღვრება. ავსტრიელთა უმეტესობა დროის უპირატესობის თეორიას იცავს. ჩემი საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე დევიდ ჰოუდენთან ერთად დაწერილ სტატიაში გამოვთქვი. არამდგრადობის ჟამს, ბაზრის მოთამაშეები უპირატესობას ანიჭებენ მაღალ ლიკვიდურობას. დროითი უპირატესობის გათვალისწინებით კი, უპირატესობას ანიჭებენ ლიკვიდურობას დღეს და არა რაღაც დროის შემდგომ. შედეგად, შემოსავლების მრუდი მაღლა იწევს. ბუნდოვანების ჟამს, შემოსავლების მრუდი უფრო პერპენდიკულარული ხდება. ფინანსური კრიზისის პირობებში კი, კიდევ ერთი ეფექტი იჩენს თავს. როდესაც ზოგადად საზოგადოება არალიკვიდურია, მოკლევადიანი სესხების მაღალი მოთხოვნა, ლიკვიდურობისთვის ბრძოლა, იწვევს შემოსავლების მრუდის ვარდნას.

გამოუყენებელი რესურსები რალოს წიგნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ქეინზი ასეთი რესურსების გამოყენების წახალისების მიზნით ინფლაციას უწევს რეკომენდაციას. რალო მოგვმართავს კითხვით, თუ რატომ არის შრომითი რესურსი გამოუყენებელი და ასკვნის, რომ ასეთი რესურსების მფლობელები მათი მომსახურებისთვის იმაზე მაღალ ფასს მოითხოვენ, ვიდრე ფასდაკლებული პროდუქტის ზღვრული შემოსავალია[5]. ამ პირობებში, ინფლაცია შემოსავლის წარმოების მფლობელთა სასარგებლოდ გადანაწილებას გამოიწვევს, ან მოიტანს მეტ იმედგაცრუებას წარმოების რესტრუქტურიზაციის მცდელობების გამო. ანუ ეკონომიკა იძულებითი დაზოგვისა ან კაპიტალის მოხმარებისგან ზარალდება.

ამის საპირისპიროდ, როდესაც მწარმოებლები ცვლიან ფასებს, ანუ ხელფასები პროდუქტის ფასდაკლებულ ზღვრულ შემოსავალს უთანაბრდება, ჯამური მოთხოვნა კი არ მცირდება, როგორც ამას ქეინზი ვარაუდობს. პირიქით, იზრდება კიდეც, რადგან იზრდება მთლიანი წარმოება.

რალო თანმიმდევრულად აფასებს ქეინზის სხვა კონცეფციებს. ყბადაღებული ”ინვესტიციის მულტიპლიკატორი” წარმოების ძალთა ყველა გამოუყენებელ რესურსს მოითხოვს. უფრო სწორად, იმისათვის, რომ ქეინზი მართალი იყოს, ფაქტობრივად, საჭიროა ნებაყოფლობითი უმუშევრობა წარმოების ყველა ძალებში, ასევე გამოუყენებელი რესურსები სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიაში. თუ არ არსებობს ნებაყოფლობითი უმუშევრობა (თავისუფალი რესურსი), სამთავრობო სტიმულირება ახალი პროექტების განხორციელების მიზნით, „ბოთლის ყელის“[6] პრობლემებამდე მიგვიყვანს, რადგან მოხდება წარმოების ძალთა გადმოქაჩვა მომგებიანი საინვესტიციო პროექტებიდან. თუკი წარმოების ძალები დაუსაქმებელია, მაგრამ სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიებში ზრდის შესაძლებლობა არ არსებობს, მაშინ სამთავრობო სტიმულირება გაზრდის სამომხმარებლო საქონლის ფასებს და გამოიწვევს წარმოების სტრუქტურის შეკვეცას. ამავე დროს, თუ სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიებში არსებობს ზრდის შესაძლებლობა და შესაბამისი რესურსი, რატომ ვერ ხდება ნებაყოფლობითი შეთანხმება წარმოების ძალებსა და მეწარმეებს შორის?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქეინზიანული მოსაზრება რომელსაც რალო განიხილავს, არის „ლიკვიდურობის ხაფანგი“. ეს არის ვითარება, როდესაც დეპრესიულ ეკონომიკაში საპროცენტო განაკვეთები ძალიან დაბალია. ამ დროს ქეინზი მონეტარულ პოლიტიკას უსარგებლოდ მიიჩნევს, რადგან ფულის ახლად წარმოებული მასის არა დახარჯვა, არამედ დაგროვება ხდება. არ ხორციელდება ინვესტიცია ფასიან ქაღალდებში, რადგან მათი ფასი ახლა მაქსიმალურია და გაუფასურდება მომავალში, როდესაც საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ამ მიზეზით, მონეტარული პოლიტიკა უშედეგოა და, ჯამური მოთხოვნის სტიმულირებისთვის, ქეინზი სახელმწიფო ხარჯების გაზრდას მოითხოვს.

რალო აჩვენებს, რომ ხელოვნურად ზრდის შემდეგ, იმ სიტუაციაში, როდესაც ეკონომიკაში ბევრი ცუდი ინვესტიცია გროვდება და ზოგადად მაღალი დავალიანებაა, მოთხოვნა სესხებზე მინიმალურია, თუნდაც ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. ჩვენ, ფაქტობრივად, არალიკვიდურობის ხაფანგის წინაშე ვდგავართ, რადგან ბაზრის მოთამაშეები იბრძვიან მათი ლიკვიდურობის გასაუმჯობესებლად. სურთ შეამცირონ დავალიანება და არ აიღონ მეტი სესხი. დაბალი საპროცენტო განაკვეთების მონეტარული პოლიტიკა, ფაქტობრივად, აუარესებს სიტუაციას, რადგან დაბალი საპროცენტო განაკვეთების დროს, არ არსებობს სესხების წინასწარ დაფარვისა და გაუქმების სტიმული (რაკი მათი დღევანდელი ღირებულება იზრდება). ზოგადი ეკონომიკური არამდგრადობის დროს გამოსავალია დაგროვება, სტაბილური ინსტიტუტები, ცუდი ინვესტიციების ლიკვიდაცია და სესხების შემცირება.

მაღალი ბუნდოვანება არ ნიშნავს მაღალ უმუშევრობას, რადგან ამ პირობებშიც კი საწარმოო ძალების ღირებულების შემცირება შექმნის ახალ მომგებიან პროექტებს. ეს პროექტები იქნება ოქროს წარმოება (ოქროს სტანდარტის დროს) და სამომხმარებლო საქონლის მოკლევადიანი წარმოება.

ქეინზისაგან განსხვავებით, რალო აღნიშნავს, რომ ცალკე ჯამური მიწოდება ან ცალკე ჯამური მოთხოვნა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მათი ერთობა. დეპრესიის დროს, წარმოების დამახინჯებული სტრუქტურის პირობებში, ლიკვიდურობის ხაფანგში, თუკი მთავრობა ჯამური მოთხოვნის გაზრდას ცდილობს, არსებული წარმოება ვეღარ ახერხებს ყველაზე სწრაფად მოთხოვნადი საქონლის წარმოებას. გამოსავალი მეტის დახარჯვა და დავალიანების ზრდა კი არ არის, არამედ სესხის შემცირება და ცუდი ინვესტიციების ლიკვიდაცია, რათა სახსრები ახალი და მდგრადი ინვესტიციების მიმართულებით გადამისამართდეს.

ამის საპირისპიროდ, ქეინზისთვის პრობლემა ყოველთვის არის არასაკმარისი მოთხოვნა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ მომხმარებლები და ინვესტორები არ ყიდულობენ საქონელს და ამჯობინებენ – დააგროვონ? ქეინზი რეკომენდაციას უწევს გადასახადებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, ვალუტის დევალვაციას და მოუწოდებს მთავრობას შეიძინოს საქონელი მომხმარებლებისთვის. მაგრამ, კითხულობს რალო, რატომ უნდა შეიძინონ მომხმარებლებმა და ინვესტორებმა საქონელი, რაც მათ არ სურთ?

ქეინზის პასუხია: წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება უმუშევრობა. რალო მკაფიოდ პასუხობს: თუ ადამიანი იძულებულია თავისი ხელფასით შეიძინოს ისეთი რამ, რაც მას არ სურს, რატომ იმუშავებს ეს ადამიანი საერთოდ? იძულებითი შესყიდვის ალტერნატივაა ხელფასის ფასდაკლებული პროდუქტის ზღვრული შემოსავლის ღირებულებამდე შემცირება, რაც გაზრდის წარმოებას და, შესაბამისად, მოთხოვნას. როგორც რალო აღნიშნავს, საზოგადოება ვერ გამდიდრდება, თუ მთავრობა აიძულებს ხალხს შეიძინოს ის, რაც მათ არ სურთ. მაშინ როდესაც ქეინზის სწავლების არსი შემდეგშია: როდესაც ხალხს არ სურს შეიძინოს ის, რაც იწარმოება, მთავრობამ უნდა აიძულოს, რომ იმოქმედონ მათი ნების საწინააღმდეგოდ.

აქ წარმოდგენილი შეხედულებები რალოს წიგნიდან ამოკრებილი მხოლოდ მცირე ნაწილია. რალო ასევე გვთავაზობს ქეინზის ძირითადი განმარტებებისა და მათ უკან არსებული თეორიული შეცდომების ანალიზს, როგორიცაა მიკერძოება მოხმარების მიმართ. რალო ავსტრიული სკოლის თვალსაზრისით აანალიზებს ფინანსურ ბაზრებს, მსჯელობს შემოსავლის მრუდის, საპროცენტო განაკვეთების, ფასდაკლების განაკვეთების, ინვესტიციის სტრუქტურის, ლიკვიდურობის ხაფანგისა და საფონდო ბირჟის ურთიერთკავშირის შესახებ. იგი მსჯელობს რეალურ და ნომინალურ ხელფასებზე, ბიზნეს ციკლებზე, პოლიტიკურ გავლენებსა და ქეინზის TGT-ს ინტელექტუალურ წინამორბედებზე. რალოს ნაშრომი ძალიან სასარგებლო სახელმძღვანელოა TGT-ს მკითხველებისთვის და ქეინზის ძირითადი შეცდომების შემჩნევასა და ამოცნობას მარტივსა და ეფექტურს ხდის. წიგნის დასასრულს, რალო ასევე გვთავაზობს ჯონ ჰიქსის და ფრანკო მოდილიანის მიერ შემუშავებული IS-LM მოდელის[7] კრიტიკას, რაც ქეინზის თეორიის ფორმალიზაციაა და დღესაც ასწავლიან მსოფლიოს უნივერსიტეტებში.

რალოს წიგნი ქეინზის TGT-ს შესახებ გაჯერებულია ბრწყინვალე შეხედულებებით და გვთავაზობს ყველაზე არგუმენტირებულ და სრულყოფილ კრიტიკას ქეინზის წინააღმდეგ, იმათ შორის, რაც ამჟამად არის ხელმისაწვდომი. Los Errores de la Vieja Economyía გახდება გზამკვლევი მეცნიერთა და ყველა დაინტერესებულისთვის, ვინც ეძებს შეცდომებს ქეინზის სწავლებასა და დღევანდელ პოლიტიკაში. წიგნის მთავარი „ნაკლი“ ის არის, რომ იგი ესპანურად არის დაწერილი. გამოვთქვამთ იმედს, მალე სხვა ენებზეც გამოვა.

©Philipp Bagus – The Errors of Keynes. MDA, 02.07.2013
©LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)მე-19 საუკუნის ფრანგი ლიბერალი ეკონომისტის, ჟან-ბატისტ სეის კანონი საბაზრო ეკონომიკის მექანიზმის მუშაობას და ბაზრის წონასწორობის მოდელს ხსნის. სეის აზრით, ჯამური მიწოდება ყოველთვის თანაბარია ჯამური მოთხოვნის, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია რაღაც მოვითხოვოთ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაღაცას ვაწარმოებთ. იმისთვის რომ სხვის მიერ წარმოებული საქონლის შეძენა შევძლოთ, ჯერ საკუთარი საქონელი უნდა გავყიდოთ. ადამიანების შესაძლებლობა – შეიძინონ, უტოლდება მათ შესაძლებლობას – აწარმოონ და გაყიდონ. რაც მეტი ღირებულების საქონელს ვაწარმოებთ, მით მეტი ღირებულების საქონლის შეძენას შევძლებთ. თუ რაღაც საქონელი არ იყიდება, ეს იმ მიზეზით ხდება, რომ რაღაც სხვა საქონელი არ იქნა წარმოებული.
სამწუხაროდ, ბევრი ეკონომისტი და, კიდევ მეტად სამწუხაროდ, მაკროეკონომიკის ზოგი სახელმძღვანელო საკუთრივ სეის მოსაზრებების ნაცვლად, სეის კანონის ქეინზიანულ, დამახინჯებულ ინტერპრეტაციას იმეორებს.
(2)ლაპარაკია 2008 წელს დაწყებულ კრიზისზე
(3)რალო გულისხმობს ქეინზის მაგალითს, რომ სახელმწიფო ხარჯებით პირამიდების აგება – შენობის, რომელიც უსარგებლოა და რომელზეც არ არის მოთხოვნა ბაზარზე, ქმნის დოვლათს და ზრდის (დასაქმებულთა) შემოსავალს, შესაბამისად – სასარგებლოა.
(4)საპროცენტო განაკვეთის დროითი უპირატესობის თეორია საპროცენტო განაკვეთებს განსაზღვრავს ადამიანთა გადაწყვეტილებით როდის დახარჯონ ფული უპირატესად დღეს თუ მომავალში. ამ თეორიის თანახმად, საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს დროის საფასურს. საპროცენტო განაკვეთის ლიკვიდურობის უპირატესობის თეორიის თანახმად, ინტერესის დონეს უპირატესად რისკის ფაქტორი განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალრისკიანია ოპერაცია და დროში გადადებულია უკუგება, მით მაღალია საპროცენტო განაკვეთი. და პირიქით, რაც უფრო ლიკვიდურია ფასიანი ქაღალდი, მით ნაკლებია მისი ინტერესი.
(5)პროდუქტის ზღვრული შემოსავალი (Marginal Value Product/Marginal Revenue Product) – არის წარმოების ნებისმიერი ერთი ფაქტორის ღირებულება პროდუქტის დამატებითი ერთეულის წარმოებისთვის. ფასდაკლებული პროდუქტის ზღვრული შემოსავალი (Discounted MRP) ავსტრიული სკოლის მიერ შემოტანილი მნიშვნელოვანი პარამეტრია. ის ითვალისწინებს სხვაობას ფულის დღევანდელ და მომავალ ღირებულებას შორის. “ავსტრიელთა” აზრით, DMRP ტოლია MRP-ს გამოკლებული საპროცენტო განაკვეთი (ფულის ფასი).
(6)ბოთლის ყელი (Bottleneck) არის ერთი რომელიმე ფაქტორი წარმოებაში, რომლის დეფიციტი იწვევს მთლიანად წარმოების მოცულობის შემცირებასა და შეფერხებას.
(7)IS-LM (investment-savings-liquidity preference-money supply) ქეინზიანული მაკროეკონომიკის მოდელია, რომელიც საქონლისა და ფულის ბაზრების ურთიერთკავშირს ასახავს. გრაფიკული სახე მისცეს ჯონ ჰიქსმა და, მოგვინებით, ელვინ ჰანსენმა.

***
Philipp Bagus
ავტორის შესახებ:

ფილიპ ვაგუსი ესპანელი ეკონომისტია, ხუან კარლოსის სამეფო უნივერსიტეტის პროფესორი.
      
      
      
___
ასევე:
სად ცდებიან ქეინზის კრიტიკოსები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: