ნოა უოლი
კორონავირუსი ორი სახის კრიზისით გვემუქრება – წონასწორობის დაცვა უნდა შევძლოთ, ორთავეს რომ გავართვათ თავი.
გასულ კვირას, მას შემდეგ რაც შეერთებულ შტატებში, პანდემიის საპასუხოდ, სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის მეორე თვე დაიწყო, ექვს მილიონზე მეტმა დასაქმებულმა ამერიკელმა მოითხოვა უმუშევრობის დახმარება. შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ეკონომიკამ მარტის თვეში 700,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა. სენთ ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკი 32 პროცენტიან უმუშევრობას პროგნოზირებს, რაც დიდი დეპრესიის წლებს აღემატება. ეს მაჩვენებლები მეტისმეტად სავალალოა.
სოციალური დისტანცირება და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გადადგმული სხვა ზომები აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების შენელებისა და ეპიდემიის “მრუდის გასწორებისთვის”.
მაგრამ რა დრო გვაშორებს წერტილს, როდესაც ამ ზომების ზემოქმედებას გადაწონის ახალი რეცესიის ადამიანური ხარჯები? არ გეგონოთ, რომ საფონდო ბაზარზე ვამბობ, მე გეუბნებით მილიონობით დასაქმებული ამერიკელის და მათი ოჯახების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე და ელემენტარულ საარსებო საშუალებებზე. ჩვენ ვიმყოფებით ორი საშინელი კრიზისის სცილასა და ქარიბდას შორის: ეს არის საკუთრივ ვირუსი და ჩვენი ჩვეული ყოფისა და სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის მიყენებული გრძელვადიანი ზიანი.
უფრო გასაგებად რომ ვთქვა: უნდა გავითვალისწინოთ ისეთი სპეციალისტების რეკომენდაციები, როგორიცაა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორი ფაუჩი. ჩემი ორგანიზაცია, FreedomWorks ნებაყოფლობით გადავიდა ტელე-და-ონლაინ მუშაობაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ამას მთავრობა გვეტყოდა. ეპიდემიას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ – ეს ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია. თუ ჩვენ შეგვიძლია სავადმყოფოების გადატვირთვის რისკი შევამციროთ სახლში დარჩენით, ეს ნაბიჯი გამართლებული. ნათელია, რომ ეკონომიკის მეტისმეტად ადრე “გახსნა” გახანგრძლივებს პანდემიას, რაც, თავის მხრივ, უფრო მეტ ამერიკელს შეუქმნის საფრთხეს, როგორც სამედიცინო, ასევე – ფინანსური კუთხით.
მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა დავიწყოთ გულწრფელი მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ამერიკის ეკონომიკის აღდგენა და ამუშავება, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება. ჩვენ ვალდებულნი ვართ მილიონობით ამერიკელის წინაშე, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ან, შესაძლოა, უახლოეს კვირებში დაკარგონ. მხოლოდ ეპიდემიის – არა, ეკონომიკურ მრუდსაც უნდა მივხედოთ, სხვა შემთხვევაში ხანგრძლივვადიანი რეცესია ან, ღმერთმა ნუ ქნას, დეპრესია გველის.
რეცესიას და, განსაკუთრებით, დეპრესიას, არამხოლოდ ეკონომიკაზე აქვს ფართო და მასშტაბური გავლენა, ის აზარალებს ადამიანების ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. ეკონომიკური ვარდნა აიძულებს ადამიანებს, დროში გადადონ აუცილებელი სამედიცინო პროცედურები, რაკი ამის თანხები აღარ აქვთ. COVID-19-ის გამო, საავადმყოფოები აუქმებენ მრავალ არავიტალურ და შერჩევით მომსახურებას, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს რომ მოემსახურონ. მაგრამ რეცესია ამ გარემოებებს კიდევ მეტად გაახანგრძლივებს.
ეკონომიკურ ვარდნას თვითმკვლელობის მაჩვენებლების ზრდა სდევს, რადგან ბიზნესები კოტრდება, ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილს, მათი ოჯახები და ახლობლები განადგურებული და უმწეო ფინანსურ მდგომარეობაში რჩებიან. ეს არის დეპრესიის თანმდევი სიკვდილიანობის სტატისტიკა, მძიმე და გრძელვადიანი შედეგებით, რომლის თავიდან აცილება შეგვიძლია. დეპრესიის დროს იზრდება ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება, რასაც ბევრი სხვა სოციალური პრობლემა სდევს. ამ ყველაფერს შეიძლება ბევრად უფრო ხანგრძლივი ზეგავლენა ჰქონდეს, ვიდრე კორონავირუსის პანდემიაა.
უკუვაგდოთ ის მოსაზრება, რომ ეკონომიკის ხელახლა გახსნა მხოლოდ უოლ სთრითის უგუნური ინტერესია ელიტის ჯიბეების ამოსავსებად. ასეთი რიტორიკა არამხოლოდ ხლეჩს საზოგადოებას, არამედ შეცდომაშიც შეჰყავს. ამერიკელები სამსახურში არ დადიან ყოველდღე იმ მიზნით, რომ აშშ-ს მშპ ან Dow და Nasdaq-ის ინდექსები გაზარდონ. ისინი საკუთარი ოჯახების გამოსაკვებად მუშაობენ. შვილები რომ სკოლაში ატარონ და განათლება მისცენ.
კითხვა ისაა სწორედ, როგორ ვებრძოლოთ ორივე კრიზისს ერთდროულად? მოჩქარეს მოუგვიანდესო – დაუფიქრებლად მოქმედების ფუფუნება არ გავქვს, მაგრამ დროა, დავიწყოთ საფუძვლიანი მსჯელობა ამერიკის ეკონომიკის კვლავ განვითარების გზაზე დასაბრუნებლად, ისე, რომ არც კორონავირუსის პანდემიის გახანგრძლივებას შევუწყოთ ხელი.
სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ყოფილი თავმჯდომარის, სქოთ გოთლიბის ბოლოდროინდელი შეთავაზება კარგი დასაწყისია გვირაბის ბოლოს სინათლის მოსაძებნად. მან წარმოგვიდგინა აწონილ-დაწონილი, სამ ეტაპად გაწერილი გეგმის მონახაზი იმის შესახებ, თუ როდის შეგვიძლია დავუბრუნდეთ სამუშაოს. თითოეული ეტაპისთვის გაწერილი აქვს კრიტერიუმები, რისი დაკმაყოფილებაც საშუალებას გვაძლევს შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ.
გოთლიბის მიდგომა ითვალისწინებს როგორც სამედიცინო ასე ეკონომიკურ რეკომენდაციებს – ეს ორი სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუკი უფსკრულში არ გვსურს გადაჩეხვა, ვირუსისგან იქნება თუ რეცესიისგან.
სანამ სახლებში ვსხედვართ, უნდა მოვემზადოთ ჩვენი ეკონომიკის ხელახლა გახსნისთვის, რაც ნიშნავს პანდემიასა და ეკონომიკაზე მუდმივ დაკვირვებას და შეფასებებს. ეს ერთი კრიზისის ორი მხარეა და მათი მკურნალობაც პარალელური უნდა იყოს.
©Noah Wall – There Are Two Crises Coming From Coronavirus — We Need To Strike A Balance To Solve Both. The Daily Caller, 04.03.2020
©LV (ქართული თარგმანი, 2020)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
______
ავტორის შესახებ:
ნოა უოლი FreedomWorks-ის სპიკერი და ვიცე-პრეზიდენტია.
_____
FreedomWorks – ამერიკული თინქ-თენქია, ახლოს დგას ავსტრიულ სკოლასთან, თუმცა მის წევრებს შორის განსხვავებული შეხედულების ადამიანები არიან – კლასიკური ლიბერალები, ლიბერტარიანელები, ობიექტივისტები, “ჩაის სმის” მოძრაობის მიმდევრები, მინარქისტები, მიწოდების ეკონომიკის მომხრეები. მათ ყველას აერთიანებს სამი პრინციპი: დაბალი გადასახადები. ნაკლები მთავრობა. მეტი თავისუფლება.
___
მთარგმნელის კომენტარი:
ის შემთხვევა, როდესაც მთარგმნელის პოზიცია სრულად ემთხვევა ავტორისას. 🙂 ვირუსის ნებაზე მიშვება არც მორალურად არც ეკონომიკურად გამართლებული არ არის, ხელისუფლება იმადაა საჭირო, რომ ექიმების მიერ შეთავაზებული და ასეთ დროს აუცილებელი ზომები გაატაროს, თუსაჭიროა, კარანტინის ჩათვლით, მაგრამ მხოლოდ ვირუსთან ბრძოლასა და #დარჩისახლში მოწოდებაში არ არის ხსნა. ომი მიმდინარეობს ორ ფრონტზე და მთავრობამ მეორე ყურით ეკონომისტებსაც უნდა მოუსმინოს.
და, რაც მთავარია, როგორც ექიმებისა და მჩხიბავების რეკომენდაციების გადარჩევას ახერხებს, ასე უნდა შეძლოს ეკონომისტებისა და შარლატანების ერთმანეთისგან გარჩევაც. ისედაც საკმარისზე მეტად ავნო ეკონომიკას – და მე ჩემი მადარდებს, თორემ ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ მთავრობას არ ეხება.
ბარემ ამასაც დავწერ, დღგ-ს გაუქმება და ბრუნვის გადასახადის შემოტანა, რასაც ევროპული საქართველო სთავაზობს, არის აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. ჯობდა, კარგა ხნის წინ გაგვეკეთებინა. თუ ვინმეს ეს გულს მოფხანს, დავწერ – თავად რომ იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ. მაგრამ ახლაც კარგი იქნება. ასევე პირადად მე სოციალური მხარდაჭერის სისტემის რადიკალური რეფორმის მომხრე ვარ და ყველა (პენსიის ჩათვლით) არსებული პაკეტის UBI-თი ჩანაცვლების. ვიცი, ბევრს არამემარჯვენეობად და უსამართლოდ მოეჩვენება, მაგრამ მაინც სწორი გზა მგონია. მითუფრო, ჩვენი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. არ დამვიწყნია, ადრე ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია რომ მქონდა. ვცდებოდი. ზედაპირზევე არ მომწონდა კონცეფცია და დეტალებში აღარ მქონდა შესწავლილი. არც ძველი პოსტების ჩასწორებას ვაპირებ. 🙂 მაგრამ, თუ დრო იქნა, ამაზე ცალკე პოსტს კი დავწერ.