ეკონომიკური ზრდის რეალური და ყალბი წახალისება

ჯონ თამნი
ნუ შეურაცხვყოფთ სტიმულირებას, “სტიმულირების” ამ პაკეტის სტიმულირებად მოხსენიებით

თქმა არ უნდა, ნებისმიერს, ვისაც მიწოდების ეკონომიკის შესახებ გაუგია რამე, პირველი ლაფერის მრუდი ახსენდება. მრუდი, რომელიც დიდი ართურ ლაფერის სახელს ატარებს, დროით უკვე გაცვეთილი ჭეშმარიტებაა – თუ შეამცირებ შრომის დაბეგვრას, შედეგად მეტ დასაქმებულსა და, შესაბამისად, მეტ დასაბეგრ შემოსავალს იღებ. ცხადია, თავად ლაფერი ახლა გვეტყოდა, და სამართლიანადაც, მიწოდების ეკონომიკა ბევრად მეტია, ვიდრე საგადასახადო შემოსავალი. მიწოდების ეკონომიკის იდეა, იმდენად უეჭველია, რომ გასაკვირიც კია, დამატებით განმარტებას თუ ითხოვს – ყველანაირი მოთხოვნა მიწოდების შედეგია. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ”მოვითხოვოთ” და ”მოვიხმაროთ”, რასაც ბაზარი გვაწვდის.

ამ გაგებით, მიწოდების ეკონომიკის მიმდევრები ყველაზე დიდი რეალისტები არიან. “მოთხოვნაზე“ გადატანილი აქცენტი კი, ეკონომისტების უმეტესი ნაწილი რომ გაიტაცა, დროის ფუჭი კარგვაა. ადამიანებს უსაზღვრო მოთხოვნები გვაქვს, მაგრამ მათი დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც შესაბამის საქონელს მივაწვდით ერთმანეთს საბაზრო ფასად. თუ მიზანი მოთხოვნის ზრდაა, ამ ამოცანის სწორი პასუხი ასეთია – პოლიტიკოსებმა ძველი გზა უნდა გადააგდონ და წარმოება სამთავრობო ბარიერებისგან გაათავისუფლონ.

საშემოსავლო გადასახადი შრომაზე დაწესებული ჯარიმაა, ამიტომ დაბალი უნდა იყოს. კაპიტალის მოგების დაბეგვრა არის ჯარიმა დანაზოგებსა და ინვესტიციებზე, რაც მშრომელებს შორის პროდუქტიულობის ზრდას აფერხებს. იდეალურ სამყაროში, ეს გადასახადები განულდება. რეგულაციები აფერხებს წარმოებას და, საბოლოო ჯამში, ნაკლებეფექტურია ბუნებრივ რეგულატორთან (საბაზრო კონკურენციასთან) შედარებით, ამიტომ უნდა შევამციროთ. მოსაკრებლები ბეგრავს ჩვენი შრომის მიზანს – შემოვიტანოთ საქონელი, გაღმა ქუჩიდან იქნება თუ მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროდან. ტარიფები შრომის თავისუფალ გადანაწილებას აფერხებს, ხელს უშლის ინდივიდუალურ სპეციალიზაციასა და შრომის ნაყოფიერების ზრდას. ფული, სანამ სტაბილურ ღირებულებას ინარჩუნებს, ხელს უწყობს საქონლის გაცვლას, შრომის სპეციალიზაციას და რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას.

ბოლოს მთავრობის ხარჯები გვაქვს. ზოგი, მიწოდების ეკონომიკის თვითგამოცხადებული ექსპერტი, უცნაური თვალით უყურებს საბიუჯეტო ხარჯვის შემცირებას, როგორც ეკონომიის უტყუარ საბუთს. სინამდვილეში მთავრობები იმდენად ფულს კი არ ხარჯავენ, რამდენადაც, გადასახადების ამოღებისა და სესხის აღების გზით, ძვირფას რესურსებს მიმართავენ არაოპტიმალური და, მეტწილად, პოლიტიზებული სფეროებისკენ. რესურსის გადანაწილების პროცესში ჩარევით, მთავრობები ხელს უშლიან ინვესტიციების განხორციელებას წარმოების ნაყოფიერების ზრდის მიმართულებით. მთავრობის მიერ გაწეული დანახარჯი წარმოების ზრდის მთავარი ხელის შემშლელია.

მიწოდების ეკონომიკის თვალთახედვით, სენატის მიერ კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის საწინააღმდეგო „მასტიმულირებელ“ პაკეტს წარმოების ზრდის წახალისებასთან არაფერი კავშირი აქვს. შესაბამისად, სიტყვა „წახალისების“ გამოყენებაც კი უადგილოა.

ეს რომ გავიაზროთ, ჯერ უნდა დავსვათ შეკითხვა, საიდან აქვს მთავრობას სახარჯი ფული, რატომ აქვს საშუალება, ფული ისესხოს დასახარჯად. ეს შესაძლებლობა მთავრობას იმიტომ აქვს, რომ ამერიკელი ხალხი ძალზედ ნაყოფიერად მუშაობდა, მაგრამ მის მიერ შექმნილი დოვლათის უზარმაზარი წილი მთავრობამ, უბრალოდ, მიითვისა.

მარტივად რომ ვთქვა – ფედერალური მთავრობა ეკონომიკის ზრდისთვის იმ 2 ტრილიონი დოლარის ჩადებას გვპირდება, რაც თავადვე მოაკლო ეკონომიკის ზრდას. პოლიტიკოსები, მათი ეკონომიკური ექსპერტები და გამპრავებლები ისეთ სურათს გვიხატავენ, თითქოს მთავრობა ბევრს შრომობს, 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის თანხა გამოყო და ამით ეკონომიკის ზრდის ტემპს ორჯერ მაინც გაზრდის. მაგრამ, კარგად რომ დავთვალოთ, ეკონომიკურ ზრდას ამცირებს, იმიტომ რომ ამ პაკეტს დოვლათი ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვს. წლიდან წლამდე მთავრობა ბეგრავს ეკონომიკურ ზრდას, სესხულობს თანხებს და ამით უზარმაზარი რაოდენობის დოვლათს აკლებს ეკონომიკას, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ადგეს შემდეგ და – გადაანაწილოს. ეს ვერანაირ რეალურ ზრდას ვერ უწყობს ხელს. ვერც საწარმოთა „ლიკვიდურობის“ ხელშეწყობა ხდება – ეს საწარმოები დააზიანა სწორედ ფედერალური თუ რეგიონალური მთავრობების პოლიტიკამ. ხელისუფლების პოლიტიკა მხოლოდ მოხმარების გადანაწილებაა. მოხმარება ეკონომიკის ზრდას ვერ უწყობს ხელს. ჩვენ მხოლოდ იმას მოვიხმართ, რაც ეკონომიკამ უკვე აწარმოა.

მიწოდების ეკონომიკის თვალით თუ შევხედავთ, კიდევ უარესია ხარჯვის მასტიმულირებელი მხარე. ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფალ სამყაროში, ინდივიდები შრომობენ და აწარმოებენ, სანამ მიწოდებული საქონელი მოხმარების ზღვრულ დონეს არ მიაღწევს. როდესაც მთავრობები გამოდიან ფულს, რომელიც მათი არაა, წარმოების კომპონენტი აღარ არის საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონპროექტი, მასტიმულირებელი კიარა, წარმოების საწინააღმდეგოა. სენატის კანონპროექტის ეკონომიკურად ყველაზე შემბოჭავი ასპექტი მისი ანტი-ინვესტიციურიობაა. როგორც უკვე ვთქვი, ფედერალური მთავრობა ყოველწლიურად ითვისებს ამერიკელების მიერ წარმოებულ ტრილიონობით ღირებულების პროდუქციას. ამასთან, ყველა მწარმოებელს თანაბარი წვლილი არ მიუძღვის მთავრობისთვის პროდუქციის წარმოებაში. თანხების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის უმცირესი ნაწილიდან მოდის: მდიდარი და ზე-მდიდარი ნაწილიდან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია – უნდა გვახსოვდეს, რომ მდიდრებს, ზუსტად იმიტომ, რომ მდიდრები არიან, სხვა არჩევანი არ აქვთ, თუ არა მათ ხელთ არსებული სიმდიდრის ინვესტიცია. ინვესტიციის გარეშე კი ვერც კომპანიები იარსებებს და ვერც სამუშაო ადგილები შეიქმნება. პოლიტიკური კლასი, თავისი სიმაღლიდან და მომეტებული სიბრძნით, რესურსების ამოღებას სწორედ მათგან ახდენს, ვინც ინვესტიციების შემძლეა და ამ რესურსებს გადაამისამართებს მათკენ, ვინც მომხმარებელია.

ამ 2 ტრილიონს ახლა მოვიხმართ, მაგრამ თავის დროზე მთავრობას რომ არ წაერთმია ეკონომიკისთვის, ამ თანხის წარმოებაში ინვესტირება მოხდებოდა. მიწოდების ეკონომიკის არსი ვისაც ესმის, მისთვის ეს ყველაფერი შემაძრწუნებელია.

სენატის კანონპროექტი არ არის მასტიმულირებული, ზუსტად იმის გამო, რომ საერთო არაფერი აქვს წარმოებასთან. ეს პოლიტიკა ეკონომიკას აუდაბნოებს, კი არ რწყავს. ამერიკელები შრომობდნენ და აწარმოებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიერ შექმნილი დოვლათი მთავრობას ეკონომიკიდან ამოიღო. რაც კვლავ იმასთან გვაბრუნებს, რითიც დავიწყეთ – ართურ ლაფერთან. ვხედავთ, თუ როგორ ტრანსფორმირდება მისი იდეები მორიგ ქეინზიანურ სიმახინჯეში, რასაც ხელი არ აქვს არც წარმოების წახალისებასთან და არც კეთილდღეობის ზრდასთან.
©John Tamny – Let’s Please Not Insult ‘Stimulus’ By Calling This ‘Stimulus’. RCM, 03.30.2020
©LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

John Tamny

ავტორის შესახებ:
ჯონ თამნი RealClearMarkets-ის რედაქტორი, ფორბსის კოლუმნისტი, მიზესის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი, FreedomWorks-ის ვიცე-პრეზიდენტი და ეკონომიკური თავისუფლების ცენტრის დირექტორია.

___

მთარგმნელის კომენტარი:
ორჯერ გამიმართლა. ერთი რომ მაკროეკონომიკის ლექტორი მიწოდების ეკონომკის მიმდევარი (საფლაისაიდერი) შემხვდა, მეორედ, როდესაც ეკონომიკის პირველი სახელმძღვანელო, რომელიც წავიკითხე, ჰეინეს “აზროვნების ეკონომიკური წესი” იყო.

ქეინზიანური სწავლებისგან განსხვავებით, მიწოდების ეკონომიკის ქვაკუთხედი, გაგიკვირდება და – მიწოდებაა. 🙂 მიწოდებაში – საქონლის შექმნაში ინვესტიცია არის გზა ეკონომიკური დოვლათის ზრდისთვის. მოთხოვნის სტიმულირება აბსურდულია. ერთი ხელით თუ კერძო ინვესტიციებს ამცირებ (პარავ ინვესტორს ფულს და ბიუჯეტში ამოგაქვს) და მეორე ხელით ამ წართმეულ ფულს მოხმარების “წასახალისებლად” იყენებ – მახათის გაყრით ხარ დაკავებული.

ლაფერმა ეს ყველაფერი მისი სახელობის მრუდით გამოსახა. თუმცა, იდეა ძველი ჭეშმარიტებაა. laissez faire et laissez passer, როგორც ამბობდა მე-18 საუკუნის ფრანგი ლიბერალი ეკონომისტი ვენსან დე გურნე (სახელმწიფოს როლი და კომერციის თავისუფლება).


ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: