როგორ შეაჩერებდა მედია პანდემიას… (ჩინეთში რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო)

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)

Doctor Li Wenliang,

ჩინური მედია საზოგადოებას გაცილებით ადრე მიაწოდებდა ინფორმაციას კორონავირუსის ეპიდემიის სიმძიმის შესახებ, გადაარჩენდა ათასობით ადამიანის სიცოცხლის და, შესაძლოა, თავიდან აგვაცილებდა პანდემიას… ეს ყველაფერი მოხდებოდა, ჩინეთში რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო და არა ხელისუფლების მიერ დაწესებული კონტროლი და ცენზურა.

საუზჰემფთონის უნივერსიტეტის 13 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში ვარაუდობენ, რომ შესაძლებელი იყო ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის შემცირება 86%-ით, თუ პირველ ზომებს 20 იანვრის ნაცვლად ორი კვირით ადრე გაატარებდნენ. RSF-ს სიმულაციური სცენარი გვიჩვენებს, რომ ჩინური მედია კრიზისის ადრეულ დღეებშივე გაგვაფრთხილებდა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, რომ არა სახელმწიფო კონტროლი და ცენზურა.

18 ოქტომბერი, 2019 წელი: ჩინური პრესა დაწერდა პანდემიის სიმულაციის შემაშფოთებელ პროგნოზზე

2019 წლის 18 ოქტომბერს ჯონ ჰოფქინზის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან და ბილ და მელინდა გეითსის ფონდთან ერთად, კორონავირუსის შესაძლო პანდემიის სიმულაციური სცენარი წარადგინა და საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა: 65 მილიონი მსხვერპლი 18 თვის განმავლობაში.

თუკი ჩინური ინტერნეტი არ იქნებოდა მსოფლიოსგან ცენზურის კედლით იზოლირებული და მედიას არ აიძულებდნენ დამორჩილებოდა კომუნისტური პარტიის მითითებებს, საზოგადოება და ხელისუფლება უდავოდ ყურადღებას მიაქცევდა შეერთებული შტატებიდან მოსულ ინფორმაციას, სადაც 2003 წლის SARS-ის (მწვავე რესპირატორული სინდრომის) ეპიდემიას იკვლევდნენ. იმ წელს SARS–ით დაინფიცირდა 8.000 ადამიანი და დაიღუპა 800-ზე მეტი, ძირითადად – ჩინეთში.

20 დეკემბერი, 2019 წელი: ქალაქ ვუჰანის ხელისუფლებას შეეძლო მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება

პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი თვის თავზე, ქალაქ ვუჰანის კლინიკებში უკვე იმყოფა 60 პაციენტი SARS–ის მსგავსი უცნობი პნევმონიით, რომელთაგან რამდენიმე მათგანი ჰუანანის თევზის ბაზრის ხშირი სტუმარი იყო. მიუხედავად ვითარებისა, ხელისუფლება არ მიიჩნევს საჭიროდ ეს ინფორმაცია მედიას გაუზიაროს.

  • ხელისუფლებას რომ არ დაემალა ვირუსის სწრაფი გავრცელების ფაქტი, რაც უკავშირდებოდა ქალაქში პოპულარულ ბაზარს, ადამიანები შეწყვეტდნენ იქ სიარულსა და ვაჭრობას, ოფიციალურად დახურვამდე დიდი ხნით ადრე და არა 1 იანვარს.

25 დეკემბერი, 2019 წელი: ექიმი ლუ სიაჰონგი შეძლებდა მისი შეშფოთება მედიისთვის გაეზიარებინა

ვუჰანის N5 საქალაქო საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი ლუ სიაჰონგი 25 დეკემბრიდან აკვირდება ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალის ინფიცირების უცაბედად მომატებული შემთხვევებს. კვლევის შედეგად, იანვრის პირველი კვირიდან ის ვარაუდობს, რომ ინფექცია ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

  • მათ, ვინც ჩინელ ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიდა, რომ არ დაკისრებოდათ სხვადასხვა სასჯელი საყვედურითა და მაღალი საურავით დაწყებული, ციხით დამთავრებული, ექიმი ლუ სიაჰონგი აიღებდა პასუხისმგებლობას და გააფრთხილებდა მედიას და აიძულებდა ხელისუფლებას, ემოქმედა, გაეტარებინა ზომები, რაც ამ ამბებიდან სამი კვირის შემდეგ გაატარეს.

30 დეკემბერი, 2019 წელი: ადრეული ინფორმატორები მედიას გააფრთხილებდნენ

ვუჰანის ცენტრალური ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, აი ფენი და საავადმყოფოს სხვა ექიმები განგაშს ტეხენ “SARS-ის მსგავსი კორონავირუსის” გამო. 3 იანვარს ვუჰანის პოლიციამ “ცრუ ჭორების” გავრცელების ბრალდებით რვა მათგანი დააპატიმრა, მათ შორის იყო დოქტორი ლი ვენლიანგი, რომელიც მოგვიანებით COVID-19-ით გარდაიცვალა

  • თუკი პრესა და სოციალური მედია ცენზურისგან იქნებოდა თავისუფალი, ექიმების შეშფოთების შესახებ საზოგადოების დროულ გაფრთხილებას შეძლებდა. ადამიანები გააცნობიერებდნენ საშიშროებას და განახორციელებდნენ ხელისუფლებზე ზეწოლას, რომ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ემოქმედა.

31 დეკემბერი, 2019 წელი: საზოგადოება  ოფიციალური განგაშის შესახებ შეიტყობდა სოციალური მედიის მეშვეობით

ამ დღეს ჩინეთმა ოფიციალურად გააფრთხილა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), მაგრამ ამავდროულად აიძულა WeChat–ის სადისკუსიო პლატფორმა, განეხორციელებინა ცენზურა და ინფორმაციის დაბლოკვა დიდი რაოდენობით საკვანძო სიტყვების მიხედვით, რაც ეპიდემიას ეხმიანებოდა.

  • ცენზურა რომ არა, ჟურნალისტები შეძლებდნენ სოციალური ქსელის WeChat-ის დახმარებით (რომელსაც ჩინეთში მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს), გაევრცელებინათ ინფორმაცია, ჯანდაცვის სამსახურების მიერ გაცემული რჩევები და ვირუსისგან თავდაცვის წესები.

5 იანვარი, 2020 წელი: სამეცნიერო მედია გაავრცელებდა ინფორმაციას კორონავირუსის გენომის შესახებ

შანხაის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კლინიკურ ცენტრში პროფესორი ჟანგ იონგჟენის გუნდი ამ დღეს ახერხებს ვირუსის გენომის გაშიფვრას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ. 11 იანვარს, როდესაც ჩინეთმა დაადასტურა ვირუსისგან სიკვდილის პირველი შემთხვევა, მკვლევრებმა ინფორმაცია ღია პლატფორმების გამოყენებით გაასაჯაროეს, რასაც მათი ლაბორატორიის იძულებითი დახურვა მოყვა.

  • ჩინეთის ხელისუფლება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდებოდნენ სამეცნიერო მედიას და კორონავირუსის გენომის სტრუქტურის შესახებ მონაცემებს გაუზიარებდნენ. ეს ვაქცინის შემუშავებისთვის საჭირო ძვირფას დროს დაზოგავდა.

13 იანვარი, 2020 წელი: საერთაშორისო საზოგადოება პანდემიის მოსალოდნელ რისკს გააცნობიერებდა

ამ დღეს კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა ჩინეთს გარეთ – ეს იყო ტაილანდში ჩასული ტურისტი ვუჰანიდან.

  • საერთაშორისო მედიას რომ ჰქონოდა სრული წვდომა ჩინეთის ხელისუფლების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე ეპიდემიის მასშტაბების შესახებ, უნდა ვივარაუდოთ, საერთაშორისო საზოგადოება უკეთ გააცნობიერებდა მოსალოდნელ საფრთხეს და უკეთ მომზადებული დახვდებოდა კრიზისს, რაც ჩინეთს გარეთ ეპიდემიის გავრცელების რისკებს შეამცირებდა და, შესაძლოა მოგვეხერხებინა, თავიდან აგვეცილებინა პანდემია.

RSF 2019 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ჩინეთი 177-ე ადგილზეა 180-დან.

____

©Reporters Sans Frontières – If the Chinese press were free, the coronavirus might not be a pandemic. RSF.org, 03.24.2020
©LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

WHO-China-COVID19

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: