როგორ ჩააგდეს დასავლეთის მთავრობებმა კორონავირუსის ტესტი

ლუიჯი ძინგალესი

ვირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომების შესაფასებლად, დასავლურ დემოკრატიაში ხშირად მხოლოდ ორი დაპირისპირებული ხმა გაისმის: უნდა შევამციროთ თუ არა მინიმუმამდე ადამიანის სიცოცხლის დანაკარგი თუ ის უარყოფითი ზეგავლენა, რას ამ კონტრ-ზომებმა, შეიძლება, ეკონომიკაზე იქონიოს. ხარჯებისა და სარგებლის უმარტივესი ანალიზი გვიჩვენებს, რომ აშშ-ს მთავრობა მზად უნდა იყოს დახარჯოს 65 ტრილიონი დოლარი და ჩაკეტოს ქვეყანა, თუკი სურს, დამატებითი მსხვერპლი თავიდან აიცილოს.

კორონავირუსის (Covid-19) პანდემია არ არის მხოლოდ ფინანსური ბაზრების გამოცდა, ის ცდის დასავლეთის დემოკრატიების ქმედითობას და დემოკრატიები ამ ტესტს ვერ აბარებენ.

ახლა არ არის საჭირო, ინფექციური დაავადებების სპეციალისტი იყოთ, რომ იცოდეთ, რა უნდა გაკეთდეს: ადამიანი დარჩეს სახლში, რამდენადაც ეს შესაძლებელია და რაც შეიძლება დიდხანს. მანამ, სანამ ვირუსი უკან არ დაიხევს. თუკი სხვაგვარად მოვიქცევით, ამას გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობის ხარჯზე გავაკეთებთ (0.9 პროცენტიდან ვუჰანს გარეთ, ვიდრე 4,5 პროცენტამდე ვუჰანში, სადაც სავადმყოფოები გადაიტვირთა).

ამ სტატისტიკის ვერ მოვისვრით, როგორც მხოლოდ ჩინეთის სპეციფიკურ პრობლემას. ლომბარდიაში (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და მოწინავე რეგიონში) საავადმყოფოების გადატვირთვამ გამოიწვია სიკვდილიანობის ზრდა 8.1 პროცენტამდე, მაშინ როდესაც იტალიის დანარჩენ ნაწილში სიკვდილიანობა „მხოლოდ“ 3.7 პროცენტია. რატომ ჭირდება დასავლეთის დემოკრატიებს ამდენი ხანი, თავიანთი მოსახლეობის კარანტინში იზოლაციისთვის?

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ თრამფს ვადანაშაულებთ ხოლმე და, მართლაც, მის ადმინისტრაციას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია დაავადების გავლენის შემცირებასა და ტესტირების შეფერხებაში. მაგრამ პრობლემა მხოლოდ შეერთებული შტატებით ხომ არ შემოისაზღვრება.

იტალიამ გადალახა ბიზნესის დიდი ზეწოლა და, საბოლოო ჯამში, სწორი ნაბიჯები გადადგა. მაგრამ როგორც მრუდი გვიჩვენებს (მადლობა @SMerler– ს), საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო სულ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან იტალიას.

რატომ არ მიმართავენ ამ ქვეყნებში აუცილებელ ზომებს? რატომ უგულებელყოფს პრობლემას ამდენი ექსპერტი? ქრისთიან ჯესენმა, ბრიტანელმა ექიმმა და მედია ვარსკვლავმა ამასწინდელ რადიო ინტერვიუში თქვა, რომ ”ვიყოთ გულწრფელნი, ეს მართლაც ცუდი გრიპია” და რომ ”იტალიელებმა თუ დახურეს ყველაფერი და შეწყვიტეს მუშაობა, უბრალოდ ხანგრძლივი სიესტა მოიწყვეს ”. ამ დაგვიანებას გვაჩეჩებენ, როგორც რაციონალურ და პასუხისმგებელ ქმედებას, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ირაციონალური ქვია.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ახალი და შეუსწავლელი იყო, ჩინეთმა საკმაოდ სწრაფად იმოქმედა.

22 იანვარს, მხოლოდ 2.500 შემთხვევის გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩაკეტა ჰუბეის პროვინცია და ბევრად უფრო მკაცრად, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ ოდესმე. იტალიის მთავრობას 10.000-ზე მეტი შემთხვევა დაჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია უახლოვდებიან 2.500-იან ნიშნულს, მაგრამ ორჭოფობენ.

სტატია 13 მარტს გამოქვეყნდა და იმ მომენტისთვის არსებულ რეალობას ასახავს. LV

დასავლეთი იგვიანებს იმ ინფორმაციული ნაკადის ფონზე, რომელიც ჩინეთიდან მოდის. 24 იანვარს პრესტიჟულმა სამედიცინო ჟურნალმა Lancet ჩინეთის ეპიდემიის სტატისტიკა მიმოიხილა. სტატიაში ნათქვამია: „ავადმყოფობა შემაშფოთებლად მძიმეა – პაციენტების თითქმის მესამედს სუნთქვის შეფერხება განუვითარდა, რომელიც ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს; 41 ადამიანიდან ექვსი გარდაიცვალა; ხუთს ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა; და ოთხს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია დაჭირდა.”

ტაივანს დრო არ დაუკარგავს და უკვე 27 იანვარს დააწესა მკაცრი შეზღუდვები ჩინეთიდან შემომსვლელთათვის, რითიც დაავადების გავრცელების შეჩერება შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულსა და მატერიკს შორის ინტენსიური ხალხთა დინებაა. იგივე ითქმის ჰონგ კონგსა და სინგაპურზე.

დასავლეთის სახელმწიფოებმაც შეზღუდეს ჩინეთიდან პირდაპირი შემოსვლა, მაგრამ ეს საშუალებას აძლევდა ნებისმიერს მესამე ქვეყნის გავლით თავისუფლად ემოგზაურა (ჩემი ძმაცა და სიძეც იანვრის ბოლოს დაბრუდნენ ჩინეთიდან იტალიაში ისე, რომ არც არვის შეუმოწმებია). რატომ უგულებელვყოფთ სხვა ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას?

მინდა მჯეროდეს, ეს მხოლოდ იმ ლეგიტიმური შიშის მიზეზით ხდება, რომ ინდივიდუალური თავისუფლების შემზღუდავი ზომების შემოღება საშიშ პრეცედენტს შექმნის. მაგრამ ეს შიში, რომელზეც Capitalisn’t-ს ვუთხარი, არ არის ძირითადი მიზეზი. მიზეზი სხვაა.

ვირუსის საწინააღმდეგო ზომების შესაფასებლად, მეტწილად ორი დაპირისპირებული მოსაზრება გვესმის: სასწორის ერთ თეფშზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივაა, რომელიც ცდილობს ადამიანთა სიცოცხლის დანაკარგი შეამციროს მინიმუმამდე და არ შეეპუოს იმ ეკონომიკურ დანახარჯებს, რაც კონტრ-ღონისძიებებმა, შეიძლება, მოითხოვოს. მეორე თეფშზე დევს ბიზნესის პერსპექტივა, რომელიც ვირუსთან ბრძოლის ზომების ეკონომიკური ზეგავლენის შემცირებას ცდილობს, თუნდაც ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე.

მაგრამ მესამე პერსპექტივაც არსებობს, რომელიც ცდილობს ამ ორის მორიგებას: ეს არის ხარჯებისა და სარგებლის ანალიზი. პოლიტიკოსების უმეტესობას არ მოსწონთ ხარჯებისა და სარგებლის ანალიზი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის შესაძლო დანაკარგს აფასებს: როგორ და რამდენად უნდა შევაფასოთ ბებია? მაგრამ, სინამდვილეში, მუდმივად ვაკეთებთ ამას, არამხოლოდ ბებიას, საკუთარ სიცოცხლესაც ციფრებით ვაფასებთ.

როდესაც ვთანხმებით სახიფათო საქმიანობის შესრულებას უფრო მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის გაზრდილ რისკს ფულზე ვცვლით. ამ სახის სავაჭრო ურთიერთობების შესწავლით, ეკონომისტებმა შეძლეს და ე.წ. სტატისტიკური სიცოცხლის ფასი(*) გამოთვალეს, რაც შეერთებულ შტატებში 14.5 მილიონი აშშ დოლარია. ეს არის შეწონილი ციფრი: ადამიანთა დანახარჯი მეტი უსაფრთხოებისთვის და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ზღვრული ღირებულება.

რა არის ის თანხა, რომლის გაღებას ამერიკელები დათანხმდებიან იმისთვის, რომ კორონავირუსმა არ იქონიოს ის ეფექტი, რაც ესპანურ გრიპს ჰქონდა?

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 60-დან 70 პროცენტამდე დაინფიცირდება (შეერთებული შტატების შემთხვევაში ეს 199-დან 232 მილიონამდე ადამიანია). დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, დაინფიცირდება 160-დან 214 მილიონამდე ადამიანი (იხ. New York Times ). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 80 პროცენტ შემთხვევაში, ვირუსი თავს ზომიერი სიმპტომებით ავლენს ან სრულად სიმპტომებს გარეშეა. 15 პროცენტის დროს, ავადმყოფობა მძიმედ მიმდინარეობს და პაციენტი ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებს, 5 პროცენტის მდგომარეობა კი – კრიტიკულია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჭირდება.

“ჩვეულებრივ” ვითარებაში, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 5 პაციენტიდან მხოლოდ ერთი გარდაიცვლება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი (ინფიცირებულთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით) ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის გარეთ, 0.9 პროცენტია. მაგრამ როდესაც საავადმყოფოები გადატვირთულია, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 10 პაციენტიდან 9 იღუპება (4 პროცენტი ჰუბეიში). ამრიგად, საავადმყოფოების გადატვირთვას თუ თავიდან ავიცილებთ, 7.2 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა გვექნება (სხვაობა 9 მილიონ გარდაცვლილსა და 1.8 მილიონ გარდაცვლილს შორის „ჩვეულებრივი“ სცენარის შემთხვევაში).

გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული ასაკისა იქნება. აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს დათვლით, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სტატისტიკური სიცოცხლის ფასი 37 პროცენტით მცირდება, შესაბამისად, ვიღებთ ციფრს – მიახლოებით 9 მილიონი დოლარი თითო დაკარგული სიცოცხლისთვის, რაც 7.2 მილიონი გარდაცვლილის შემთხვევაში, 65 ტრილიონი დოლარია.

ამრიგად, თუნდაც უმარტივესი ხარჯებისა და სარგებლის ანალიზი გვიჩვენებს, რომ აშშ-ს მთავრობა მზად უნდა იყოს დახარჯოს 65 ტრილიონი აშშ დოლარი, რათა თავიდან იქნას აცილებული დამატებითი სიკვდილიანობა. 65 ტრილიონი აშშ დოლარი ჩვენი მშპ-ს 3-მაგი ოდენობაა. გამოდის, რომ შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს 3 წლით შეაჩეროს წარმოება, დამატებითი სიკვდილიანობა რომ ავიცილოთ. გაითვალისწინეთ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებაზე არც მისაუბრია, მხოლოდ მისი გავრცელების შენელებაზე ვამბობ, რათა კრიტიკული პაციენტების ჯეროვანი მკურნალობა შევძლოთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მერკელისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოლოდინი არაზუსტია და რეალური ციფრი იქნება სამჯერ ნაკლები, ხოლო გადატვირთული ჰოსპიტლების მძიმე სცენარში მომატებული სიკვდილიანობა ჰუბეის მონაცემების ნახევარი იქნება, მაინც 8.2 ტრილიონ დოლარზე გავდივართ, რაც აშშ-ს მშპ-ს 38 პროცენტია. ეს, ძალიან ფრთხილი შეფასებაც კი გვეუბნება, რომ დამატებითი სიკვდილიანობის თავიდან აცილების ფასი, შეერთებული შტატების ეკონომიკის 4.6 თვემდე გაჩერებაა.

რატომ არ მოახდინეს დასავლეთის ქვეყნებმა (იტალიისა და დანიის გარდა) ძირითადი ცხელი წერტილების ჩაკეტვა, რაც გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე მთელი ეკონომიკის დახურვა?

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი ისაა, რომ დასავლეთის მთავრობები მთლიანად ბიზნეს ინტერესებზე ფიქრით არიან დაკავებულნი . ” ჩვენი პირველი საზრუნავი კორონავირუსის გამო, აშშ-ს ეკონომიკის დაცვაა,” – რამდენიმე დღის წინ განაცხადა აშშ-ს ხაზინის მდივანმა სთივენ მნუჩინმა და ის მარტო არ არის.

ამერიკის სასტუმროთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ჩიფ როჯერსი 4 მარტს გვიმტკიცებდა, რომ ”მოგზაურობა უსაფრთხოა, სასტუმროები სუფთაა. შეერთებულ შტატებში არ არის ამჟამად ისეთი ადგილი, სადაც მოგზაურობა სარისკოა. ” იტალიაში მრეწველები კვლავაც ეწინააღმდეგებიან დახურვას, რათა მათი ქარხნები მუშაობდეს, ხოლო მუშები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან შესაძლო დაავადებით, იფიცებიან.

კერძო ინტერესებისთვის მათი დღის წესრიგის წინ წამოწევა იოლია, როდესაც ადამიანი დაბნეულია. მრავალი დეზინფორმაცია გავრცელდა, არამხოლოდ მიკერძოებული მედიის, არა მხოლოდ პრეზიდენტი თრამფის, არამედ სანდო, ავტორიტეტული წყაროების მიერ.

2020 წლის 26 თებერვლის ინფოგრაფიკა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის პრესტიჟულ ჟურნალში, კორონავირუსს სეზონურ გრიპს ადარებს და გვეუბნება, რომ ”COVID-19-ის ეპიდემია მძიმეა ჩინეთის ერთ მხარეში და ამ რეგიონს გარეთ სუსტი კლინიკური გამოვლენა ახასიათებს“. ამ დროს ვირუსი უკვე მძლავრობდა იტალიაში.

ბიზნესის თვალთახედვა იმდენად დომინანტურია, რომ მედიაში ხშირად “რაციონალურ” მიდგომას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგული სიცოცხლის ღირებულების უგულებელყოფაში რაციონალური არაფერია. არამხოლოდ ზნეობრივი კუთხით, არამედ ეკონომიკური კუთხითაც არასწორია.

თუკი მე, როგორც ეკონომისტი, იძულებული ვარ შეგახსენოთ ეს ძირითადი პრინციპები, ნათელია, რომ დასავლური დემოკრატიები ახლა ვერ ფუნქციონირებენ. პანდემიის დასრულებისთანავე, დემოკრატიის „შეკეთება“ ბიზნესის პირველი რიგის ამოცანა უნდა გახდეს.

______

© Luigi Zingales – Captured Western Governments Are Failing the Coronavirus Test. Pro-Market. 03.13.2020
© LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Luigi Zingales

ავტორის შესახებ:
ლუიჯი ძინგალესი იტალიელი ეკონომისტია, მასაჩუსეცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორი, ჩიქაგოს უნივერსიტეტის ფინანსებისა და სამეწარმეო საქმიანობის პროფესორი. არის ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის და ევროპული კორპორატიული მართვის ინსტიტუტის მკვლევარი.

___

(*) სტატისტიკური სიცოცხლის ფასი (The Value of a Statistical Life VSL) არის სავაჭრო გარიგების კოეფიციენტი ფატალურ რისკსა და მასში გადახდილ თანხას შორის. ეფუძნება საბაზრო არჩევანს, კორელაციას რისკის შემცირების ზომებსა და უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის დასაქმებულთა მიერ გაღებულ ზღვრულ დანახარჯს შორის. VSL საბაზისო ეკონომიკური მაჩვენებელია იმ სარგებლის შესაფასებლად, რომელსაც ინდივიდი იღებს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოებისგან.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)