იტალიიდან გაერთიანებულ სამეფოში გაგზავნილი წერილი: ის, რაც ჩვენ ვიცით თქვენი მომავლის შესახებ

ფრანჩესკა მელანდრი

თვითიზოლაციაში მყოფი რომაელი ავტორი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ.

ამ წერილს იტალიიდან გწერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმას გაგონებ შენი მომავალიდან. ჩვენ ახლა იქ ვართ, სადაც რამდენიმე ხანში თქვენ იქნებით. ეპიდემიის მრუდი გვიჩვენებს, რომ ხელგადახვეულნი ვცეკვავთ.

სულ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ, ისე, როგორც ვუჰანი იყო რამდენიმე კვირით ჩვენს წინ. თვალს გადევნებთ და თქვენ ახლა იქცევით ისე, როგორც ვიქცეოდით ჩვენ. თქვენც იგივე არგუმენტები გაქვთ, რაც, სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა. ახლა მათ შორის დგახართ, ვინც ჯერ ისევ ამბობს: ”ეს ხომ უბრალოდ გრიპია, რა საჭიროა ამხელა აურზაური?” და ვინც უკვე გაიგო.

ჩვენ, როგორც თქვენი მომავალიდან მაცქერალნი, ვხედავთ ბევრ თქვენგანს, სახლში გამოკეტილს, როგორ იხსენებთ ორუელსა და ჰობსს. მაგრამ სულ მალე დროს ვერ იპოვით მათთვის.

სახლში გამოკეტილნი, პირველ რიგში ჭამთ. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იმ მცირე ჩამონათვალს შორისაა, რისი კეთების ნება გაქვთ.

შემდეგ მოძებნით ათობით სოციალურ ჯგუფს რჩევებით, თუ როგორ უნდა გაატაროთ შინაარსიანად თავისუფალი დრო. ყველა ჯგუფში გაწევრიანდებით, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში მიაგდებთ და აღარც შეიხედავთ.

შემდეგ დახედავთ წიგნის თაროებს – წიგნებს გადმოალაგებთ სამყაროს დასასრულზე, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ გულს ვერ უდებთ მათ კითხვას.

ისევ ჭამთ. არ გძინავთ მშვიდად. საკუთარ თავს დაეკითხებით, რა სენი შეეყარა დემოკრატიას?

მთლიანად ონლაინში გადაცხოვრდებით: მესინჯერი, ვოთსაფი, სკაიპი, ზუმი…

ზრდასრული შვილები თუ გყავთ, ისე მოისაკლისებთ, როგორც არასდროს. და დანასავით გულს დაგისერავთ ფიქრი, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, თუ როდის ნახავთ ისევ.

ძველი წყენები და გულნაკლულობა უკვე ისე უმნიშვნელო ჩანს – ხმას მიაწვდენთ ადამიანებს, ვისთან წლებია არ დაგირეკავთ. “როგორ ხარო?” მოიკითხავთ. ახლა მათი გაგონებაც კი გაგახარებთ, აღარასოდეს დაველაპარაკებიო, ლამის აღთქმა რომ გქონდათ დადებული.

იქნება ბევრი ქალი, ვისაც საკუთარ სახლში სცემენ.

შემოგაწვებათ სევდა მათზე, ვისაც შინ დარჩენა არ შეუძლია, იმიტომ რომ სახლი არ აქვს.

ქუჩაში გასვლა თქვენც მოგიწევთ, მაგალითად – საყიდლებზე, მაგრამ უკაცრიელი ქუჩები შეგაშინებთ. თავს დაუცველად იგრძნობთ. მითუფრო, თუ ქალი ხართ. ასე ჰკითხავთ საკუთარ თავს, ნუთუ, საზოგადოების მსხვრევა ასე სწრაფად ხდება. მაგრამ ამ აბეზარ ფიქრს ხელს აუქნევთ და როდესაც სახლში დაბრუნდებით, ისევ შეჭამთ.

კი, წონაში მოიმატებთ და ონლაინ ფიტნეს ტრენერს დაუწყებთ ძებნას.

იცინებთ. ბევრს იცინებთ. უცაბედად შავი იუმორის ისეთი გრძნობა გაგეხსნებათ, არასდროს რომ გქონიათ. ისინიც კი, ვისაც ქვეყნიერების დარდი ადარდებდა, ახლა ცხოვრებისა და სამყაროს აბსურდულობის ჭვრეტით დაკავდებიან.

სუპერმარკეტის რიგში დანიშნავთ პაემნებს, შეხვდებით მეგობრებს, პირადად, მაგრამ სოციალური დისტანცირების ყველა წესის დაცვით.

მოიგონებთ ყველაფერს, რაც არ გჭირდებათ.

ყველა გამოაჩენს ნამდვილ ბუნებას. ბევრი მოულოდნელობა გელით. ბევრიც მოლოდინს გაგიმართლებთ.

ინტელექტუალები, ვისაც აზრს ეკითხებოდნენ ხოლმე, ახალი ამბებიდან გაქრებიან. მათი მოსაზრებები რეალობას დაშორდება. ზოგი ისეთ რაციონალიზმს გამოავლენს, თანაგრძნობისგან შემაძრწუნებლად დაცლილს, რომ ხალხი აღარ დაუგდებს ყურს. მაგიერ, სხვების მოსმენა, ადრე ყურადღების ღირსად რომ არ მიგაჩნდათ, ახლა სიმშვიდეს მოგგვრით. მათი მოსაზრებები დიდსულოვანი, სანდო, პრაგმატული და გამჭრიახი მოგეჩვენებათ.

ისინი, ვინც მოგიწოდებენ ეს ყველაფერი დაინახოთ როგორც შანსი საყოველთაო განახლებისთვის, დაგიხატავენ უფრო ფართო ტილოს. მაგრამ მალე მოგაბეზრებენ თავს – კარგი, ჩვენი დედამიწა უკეთესად სუნთქავს CO2– ის განახევრებული ემისიის გამო, მაგრამ შემდეგი თვის გადასახადს როგორ გადავიხდი?

ეჭვი დაგღრღნით – თქვენს თვალწინ რომ ახალი სამყარო იბადება, ეს დიადი ამბავია თუ უკუღმართი.

დაუკრავთ მუსიკას და გამოაღებთ სარკმლებსა და ჭიშკრებს ქვეყანას რომ მიაწვდინოთ. ასე ვქენით ჩვენ და რომ დაინახეთ, იფიქრეთ, ალბათ: “ოჰ, ეს იტალიელები. ამათ რა გამოასწორებს”. მაგრამ ჩვენ, თქვენი მომავლიდან, ვიცით, რომ თქვენც იმღერებთ ფანჯრებიდან და აივნებიდან I Will Survive-ს. ჩვენ კი გაგებით მოგეკიდებით, როგორც ვუჰანელები გვიცქერდნენ და ესმოდათ ჩვენი.

ბევრი თქვენგანი დადებს პირობას, პირველი, რასაც გააკეთებს, როგორც კი კარანტინი დასრულდება – განქორწინდება.

ბავშვიც ბევრი ჩაისახება.

თქვენს შვილებს ინტერნეტით ჩაუტარებენ გაკვეთილებს. ძალიან აბეზრები გახდებიან, მაგრამ ამჯერად ეს მხოლოდ გაგახალისებთ.

ხანდაზმული ადამიანები არ დაემორჩილებიან წესებს, როგორც მემაბოხე ყმაწვილები. მათთან მოგიწევთ ბრძოლა, შინ რომ შეაკავოთ. არ გაუშვათ იქ, სადაც ინფექცია და სიკვდილია.

ინტენსიური თერაპიის პალატაში ეულად სიკვდილზე ფიქრებს კი დაემალებით, თუკი შეძლებთ.

მოგესურვებათ სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელს ია-ვარდი დაუფინოთ ფეხთ.

მოისმენთ, რომ საზოგადოება გაერთიანებულია საერთო ძალისხმევით, რომ ახლა ყველანი ერთ ნავში ხართ. მართალიც იქნება. და ეს გამოცდილება ბევრს სასიკეთოდ შეცვლის. უკვე სხვაგვარად აღიქვამთ თავს. როგორც რაღაცა დიდის ერთ ნაწილს.

მაგრამ განსხვავება განსხვავებად დარჩება – კოხტა ბაღის მქონე სახლსა და პაწია ოთახში გამოკეტვა ვერ იქნება იგივე. სამუშაოს დაკარგვა ონლაინ მუშაობაზე გადასვლის ტოლი ვერ იქნება. ნავი, რომელშიც ზიხართ, რომ ეპიდემიის მორევს დააღწიოთ თავი, ვერ იქნება სხვისი ნავის მსგავსი. მორევი საერთოა, მაგრამ ნავი ყველას საკუთარი აქვს. ასე იყო ეპიდემიამდეც.

მოვა წამი, როცა მიხვდები, ეს ყველაფერი აუტანლად მძიმეა. შეშინდები. ამ შიშს გაუზიარებ ახლობლებს. ან ვერ გაუზიარებ – შეგეშინდება, რომ ისინიც არ შეაშინო.

ისევ შეჭამ.

ჩვენ იტალიაში ვართ და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენი მომავლის შესახებ. მაგრამ ეს მხოლოდ ახლო მომავალია. ჩვენ ძალიან ახლომხედველები ვართ.

თუ ჩვენს მზერას უფრო შორეულ მომავალს გადავაწვდენთ, ის მომავალი შენთვისაც და ჩემთვისაც ბურუსშია. მაგრამ არის ერთი რამ, რაც დანამდვილებით, შემიძლია, გაგანდო: ყველაფერი რომ გადაივლის, სამყარო ვეღარასოდეს იქნება იგივე.

___

© Francesca Melandri. A letter to the UK from Italy: this is what we know about your future. The Guardian. 03.27.2020
© LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

opale56538 14

ავტორის შესახებ:
ფრანჩესკა მელანდრი იტალიელი მწერალი და სცენარისტია. აგერ უკვე სამი კვირაა კორონავირუსის ეპიდემიის გამო კარანტინში იმყოფება რომში და საკუთარ ემოციებსა და გამოცდილებას უზიარებს სხვა ევროპელებს, ასე ვთქვათ “ახლო მომავლიდან”. მელანდრის რომანი “ზღვის დონეზე მაღლა” (Più alto del mare) რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ნომინანტია.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: