არ დაიჯეროთ მითი, რომ სიცოცხლე უნდა გავწიროთ ეკონომიკის გადასარჩენად

ჯონათან ფორთსი

არის თუ არა წამლობა სენზე უარესი? The Times-მა ეს დაწერა: ”თუ კორონავირუსის კარანტინის გამო მშპ 6.4% -ზე მეტით შემცირდება, მეტ სიცოცხლეს დავკარგავთ რეცესიის გამო, ვინემ ვირუსის დამარცხების შედეგად ვიხსნით.” არც კი ვიცი, რომელი მხრიდან მივუდგე ამ სისულელეს. ის ეფუძნება ვარაუდს, თითქოს მშპ-ს ვარდნა მექანიკურად და პირდაპირ გარდაიქმნება სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაში.

ჩანს, ეს მოსაზრება საბუთად უდევს აშშ–ში შეზღუდვების ადრეული დასრულებისკენ მოწოდებას, პრეზიდენტი თრამფისგან რომ მოვისმინეთ. მის განცხადებას, თითქოს ბევრად მეტი ადამიანი დაასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით “მძიმე ეკონომიკის” გამო, ვიდრე ვირუსისგან გარდაიცვლება.

მაგრამ ეს ვარაუდი უბრალოდ მცდარია. არ არის გარდაუვალი, რომ რეცესიამ – მშპ–ს მოკლევადიანმა, დროებითმა ვარდნამ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამციროს. ჩვეულებრივ, არც ხდება ასე. საწინააღმდეგო მონაცემები გვაქვს, რომ რეცესიის დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდებოდა კიდეც – თვითმკვლელობის რიცხვი ნამდვილად მატულობდა, მაგრამ მცირდებოდა სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები თუ ალკოჰოლთან დაკავშირებული დაავადებები.

ამდენად, გამოთქმული მოსაზრება ჩვენ ხელთ არსებულ მონაცემებს ეწინააღმდეგება. მაგრამ, ალბათ, კიდევ მეტად მნიშვნელოვანი სხვაა – ვარაუდი, თითქოს ეკონომიკური ზიანის შემცირების გზა კარანტინის შეზღუდვების მოხსნაა, მანამ, სანამ ისინი საკუთარ მიზანს შეასრულებენ – შეაჩერებენ ვირუსის გავრცელებას – უბრალოდ შემაძრწუნებელია.

განა სჯერა ვინმეს, რომ, რაც არ უნდა განაცხადოს ახლა მთავრობამ, ჩვენ შევძლებთ მეყსეულად დავუბრუნდეთ “ნორმალურ”, ან ნორმალურს მახლობელ ყოფას? სამსახურში დაბრუნების ნება და საშუალება რომც გვქონდეს, ბევრი ან უმეტესი ჩვენგანი რაციონალურად ამჯობინებს შინ დარჩენას ვირუსის შიშის გამო. შეზღუდვების შესუსტების შედეგად თუ აჩქარებულ ინფექციას მივიღებთ, როგორც ამას მეცნიერები ვარაუდობენ, მაშინ ძალიან ბევრი საწარმო უბრალოდ იძულებული გახდება, ფუნქციონირება შეაჩეროს, რადგან თანამშრომლები დაავადდებიან ან სახლში დარჩენა მოუწევთ ოჯახის დაინფიცირებულ წევრებზე სამზრუნველოდ.

ამას გარდა, ეკონომიკის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება, პირველ ყოვლისა, მოითხოვს ნდობას. თუკი გულდაჯერებულნი ვერ ვართ საკუთარი ფინანსების და მაკროეკონომიკური სიტუაციის მიმართ,  შინამეურნეობები არ დახარჯავენ. ბიზნესი არ განახორციელებს ინვესტირებას. ეს უბრალოდ ვერ მოხდება, სანამ დაავადების გავრცელება არ შეჩერდება.

მოკლევადიან პერიოდში ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკური განვითარების ზომები ერთსა და იმავე წერტილში გადაიკვეთება – ერთს მეორის ფასად ვერ დავთმობთ. უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა – და რა ფასადაც ღირს – და ახლა. ჩვენი ჯანმრთელობისა და ჩვენი საერთო კეთილდღეობის ინტერესების შესაბამისად.

რა ხდება შემდეგ? ცხადია, გონივრული იქნება აღვნიშნოთ, რომ თუ ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგა, თუ დროში გახანგრძლივდა, ეს შეამცირებს ჩვენს კეთილდღეობას და, შესაძლოა, როგორც საბიუჯეტო ეკონომიასა და მის შედეგებს მოჰყვა – სიცოცხლის ხანგრძლივობასაც. ბოლო 10 დღის განმავლობაში უნივერსალური კრედიტის[1] მოთხოვნა ხუთჯერ და მეტჯერ გაიზარდა და ნახევარ მილიონს მიაღწია, ხოლო YouGov–ის მონაცემებით, 2 მილიონმა ადამიანმა, შესაძლოა, დაკარგა სამსახური. რეცესია უკვე ჩვენთან არის.

მაგრამ შეუქცევადი არაა, მარადიულად გაგრძელდეს და არც უნდა გაგრძელდეს. რისკი იმისა, რომ მშპ-ს უცილობელი ვარდნა, რაც გამოწვეულია ეკონომიკის რეცესიით, აიძულებს კომპანიებს დახურონ ბიზნესები და თანამშრომლები ხანგრძლივი ვადით უმუშევრები დატოვონ, არ არის გარდაუვალი.

ერთი რომ, ევროპის ბევრი ქვეყნის, მაგალითად, საფრანგეთის ან იტალიის მშპ-ს აბსოლუტური მაჩვენებელი აგვისტოს თვეში სეზონურად მცირდება 10 ან 20 პროცენტით, როდესაც დასაქმებულნი საზაფხულო არდადეგებზე მიდიან. ეს შეუმჩნეველი რჩება, რაკი ციფრები „სეზონურად რეგულირდება“ არდადეგების გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოქვეყნებულ მონაცემებში არ არის ასახული და არც რეალური ზიანის მომტანია. თანამშრომლებს ანაზღაურება უნარჩუნდებათ, არც საწარმოები კოტრდება, ბრუნვა რომ არ აქვთ. დგება სექტემბერი და ყველა თავის რიგს უბრუნდება.

რა თქმა უნდა, დღევანდელი ვითარება ძალიან განსხვავებულია – Covid-19 არ არის ავტომატური და სეზონური ფაქტორი. ზემოქმედება უფრო მასშტაბური და არდადეგებზე ხანგრძლივია – და ჩვენ არ ვიცით რამდენად ხანგრძლივი. მაგრამ მთავრობის მხრიდან სწრაფმა და შესაბამისმა მოქმედებამ შეიძლება ეს გრძელი გზა დაგვაძლევინოს. პრიორიტეტია, შევინარჩუნოთ საწარმოები ბიზნესში და სამუშაო ადგილები საწარმოებში. და ამ ვითარებაში მთავრობები სწორ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

რაც ახლა უნდა გვაწუხებდეს, როგორც ეკონომიკური სიჯანსაღის, ისე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით – თუ რამდენით შემცირდება მშპ. მოსალოდნელია, რომ ის საგრძნობლად დაეცეს. მაგრამ კარგი მხარეც არის – თუ დასაქმებულნი დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, არ შეეპუებიან შეზღუდვებს, არ იმუშავებს კარანტინი, ამის ეკონომიკურ შედეგებს ვნახავთ და ეს შედეგები იქნება ბევრად უფრო მძიმე.

როგორი იქნება გრძელვადიანი შედეგები? მშპ-ს მკვეთრი ვარდნა 2008-09 წლებში არ გამხდარა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენების სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების მიზეზი. რეალური მიზეზი მთავრობის სუსტი პასუხი იყო გლობალური ფინანსური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მოსაგვარებლად – ეროვნული ჯანდაცვის სამსახურისა (NHS) და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების არასაკმარისი დაფინანსება და იმ საბაზისო მხარდაჭერის სისტემის ჩამოშლა, რომელზეც დამოკიდებული ხდებიან ადამიანები რთული ჟამის დროს. ეს იყო მცდარი ეკონომიკური სტრატეგია, რამაც კრიზისისთვის ცუდად მომზადებულნი დაგვტოვა.

ეს ჩვენი შეცდომა იქნება და არა ვირუსის, თუ ნებას დავრთავთ Covid-19-ს დააზიანოს ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურა. ამჯერად შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდეც უკეთ.

_____

©Jonathan Portes – Don’t believe the myth that we must sacrifice lives to save the economy. The Guardian, 03.25.2020
©LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Universal Credit – გაერთიანებული სამეფოს სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაა შრომითი ასაკის დაბალშემოსავლიანი პირებისთვის.

ავტორის შესახებ:
ჯონათან ფორთსი
არის ლონდონის ქინგს ქოლეჯის ეკონომიკისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის პროფესორი და ყოფილი სამოქალაქო მოხელე.

___

მთარგმნელის მოკლე კომენტარი:

ალბათ, პირველად ვთარგმნი სტატიას, სადაც ბევრ რამეს არ ვეთანხმები, 🙂 როგორც წესი, თანამოაზრეების გადმოქართულება უფრო მიყვარს ხოლმე. მაგრამ, ერთი შესანიშნავი ქართული ფილმისა არ იყოს, მომწონს და სრულად ვეთანხმები სათაურს. და იმ არგუმენტს, რომ ვირუსის ნებაზე “მიშვება” რეალურად უფრო მძიმე და ხანგრძლივ რეცესიას გამოიწვევს, ვიდრე მასთან ბრძოლა და შეკავება. LV

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: