როგორ გააღრმავა მთავრობამ კრიზისი

ჰაროლდ ელ. ქოული და ლი ი. ოჰანიანი

ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ „ახალმა კურსმა“ (New Deal) დაასრულა „დიდი დეპრესია“ რაც არსებული ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად ახალ „ახალ კურსზე“ მოთხოვნას წარმოშობს. მაგრამ ფაქტები ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ფრანქლინ დელანო რუზველთის (FDR) პოლიტიკამ დაძლია დეპრესია და რომ მსგავსი პოლიტიკა გვიხსნის ამჟამინდელი ეკონომიკური ვარდნისგან.

„ახალი კურსის“ მიზანი იყო, დაებრუნებინა ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილები, მაგრამ ამ ეკონომიკურმა ზომებმა დასაქმება ვერ აღადგინა. „ახალი კურსის“ დროს საშუალოდ ნაკლები სამუშაოც კი იყო, ვიდრე FDR-ის პრეზიდენტობამდე (*) გვქონდა. 1930-32 წლებში, მთლიანი სამუშაო საათები ერთ ზრდასრულ პირზე (სამთავრობო ოფისების თანამშრომლების ჩათვლით) 18%-ით ნაკლები იყო 1929 წელთან შედარებით. 1933-39 წლებში კი – საშუალოდ 23% -ით ნაკლები. თუკი მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს დავთვლით, 1933 წლის შემდეგ, სამუშაო საათები კიდევ უფრო შემცირებულია – 27%-ით, ნაცვლად ზემოთ მოტანილი 1930-32 წლების 18%-ანი ვარდნისა.

ვერც 30-იანი წლების დასასრულის მონაცემები გამოდგება გაჯანსაღების სურათის საჩვენებლად. 1939 წელს მოზრდილი ასაკის დასაქმებულთა სამუშაო საათები 1929 წლის მონაცემებს დაახლოებით 21%-ით ჩამორჩება. ეს 1933 წლის 27% -იან ვარდნაზე უკეთესია, მაგრამ დეფიციტი „ახალი კურსის“ დროს მხოლოდ სამუშაო ადგილებს არ შეხებია – ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება 25%-ით იყო შემცირებული და ასე რჩებოდა მთელი „ახალი კურსის“ განმავლობაში. ერთ სულ მოსახლეზე არარეზიდენტული ინვესტიცია(**) კი საშუალოდ 60% –ით შემცირდა. ნათელია, დიდი დეპრესია კარგა ხანს გრძელდებოდა მას შემდეგ, რაც FDR-მა ოვალური კაბინეტი დაიკავა.

რატომ არ მოყვა დიდ ვარდნას ისეთივე ენერგიული აღდგენა, როგორც ყველა სხვა ეკონომიკურ ციკლს? ასე უნდა მომხდარიყო. ის საფუძვლები, რაც ყველა ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტია, იმ დროისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო: 1933 წლის შემდეგ პროდუქტიულობა ძალიან სწრაფად გაიზარდა, ფასების დონე სტაბილური იყო, რეალური საპროცენტო განაკვეთები – დაბალი, ხოლო ლიკვიდურობა – მაღალი. პროდუქტიულობის ზრდას თუ ავიღებთ საფუძვლად გამოთვლებისათვის, დასაქმება და ინვესტიცია 1936 წლისთვის უნდა დაბრუნებოდა დეპრესიამდელ დონეს. რობერთ ლუქასისა და ლენარდ რეფინგის (***) დათვლებით კი, მხოლოდ ფედერალური სარეზერვო სისტემების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგად, ნორმალიზაცია 1935 წლისთვის უნდა დამდგარიყო.

ის, რამაც ეკონომიკის გაჯანსაღება დააბრკოლა, „ახალი კურსი“ იყო. ცხადია, „ახალი კურსის“ დროს გატარებული ზომების ნაწილმა მოიტანა ეკონომიკური სარგებელიც: ეს იყო სოციალური და ფინანსური სტაბილურობა – სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შექმნითა და უმუშევართა დახმარების გზით და ანაბრების დაზღვევისა და ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის კომისიის მეშვეობით. მაგრამ სხვა დანარჩენმა დაარღვია ძირითადი ეკონომიკური პრინციპები კონკურენციის ჩახშობის გზითა და მრავალ სექტორში ფასებისა და ხელფასების ხელოვნური, ანორმალური ზრდით. ანტისაბაზრო პოლიტიკამ შეაჩერა ის მძლავრი ძალები, რომლებიც, სხვა შემთხევაში, ეკონომიკას ზრდის ბუნებრივ კალაპოტში დააბრუნებდა უკვე 30-იანების შუაწელს.

ყველაზე დამაზიანებელი ეროვნული მრეწველობის აღდგენის აქტი (NIRA) იყო, რომელმაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გვერდზე გადადო და საშუალება მისცა სამრეწველო მოთამაშეებს გარიგებულიყვნენ და ფასები გაეზარდათ იმ პირობით, რომ არაპროპორციულად გაუზრდიდნენ მუშებს ხელფასებს შრომის ნაყოფიერებისა და წარმოების მოცულობის ზრდაზე უპირატესად. NIRA–მ 500–ზე მეტი საწარმო მოიცვა, ავტომობილებისა და ფოლადის ინდუსტრიით დაწყებული და ქალის თეთრეულითა და მეფრინველეობით დამთავრებული. თითოეულ ამ ინდუსტრიაში შეიქმნა „სამართლიანი კონკურენციის“ კოდექსი, რომელმაც დაადგინა, რისი უფლება აქვს მეწარმეს და რისი – არა. ეს ყველაფერი ე.წ. „გადაჭარბებული კონკურენციის“ აღმოსაფხვრელად იყო მიმართული, რაც FDR–ის აზრით, დეპრესიის წყარო იყო.

სინამდვილეში ეს კოდექსები ამახინჯებდა ეკონომიკას ხელფასებისა და ფასების ხელოვნური ზრდით, პროდუქციის შეზღუდვითა და პროდუქტიულობის შემცირებით, ახალ ქარხნებსა და აღჭურვილობაში ინვესტიციაზე კვოტების დაწესებით. მთავრობის მიერ კოდექსის დამტკიცების შემდეგ, NIRA–ს თითოეულ დარგში ფასები და ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმ დარგებში კი, რომლებიც NIRA–ს ქოლგის მიღმა დარჩა (მაგალითად, სოფლის მეურნეობაში) ასე არ მოხდა. ჩვენი გამოთვლით, NIRA–ს პრივილიგირებულ საწარმოებში ხელფასები 25%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე „ახალი კურსის“ გარეშე იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ NIRA-ს მიერ წარმოქმნილმა მაღალმა ხელფასებმა ასარგებლა ის მცირერიცხოვანნი, ვისაც გაუმართლა და ამ სექტორებში აღმოჩნდა დასაქმებული, ამ ზომებმა NIRA-ს ინდუსტრიებშიც საგრძნობლად შეამცირა წარმოება და დასაქმება, რადგან ხელფასების ზრდა მნიშვნელოვნად აღემატებოდა პროდუქტიულობის ზრდას.

1935 წელს NIRA არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, მაგრამ მსგავსი პოლიტიკა კვლავ გაგრძელდა. NIRA–ს გაუქმების შემდეგ არ განხორციელებულა ანტიმონოპოლიური მოქმედება, მიუხედავად ვაჭრობის ფედერალური კომისიის (FTC) მონაცემებისა, რომ ამ წარმოებებში ფასები შეთანხმებულად იყო გაზრდილი და პროდუქტიულობა კი – შეზღუდული. 1935 წლის შრომითი ურთიერთობების შესახებ ეროვნულმა კანონმა პროფკავშირებს მომეტებული ძალაუფლება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური კანონმდებლობა საწარმოს ტერიტორიაზე „ჯდომით გაფიცვას“ კრძალავს (რომლის დროსაც მუშები ახორციელებენ ქარხნების ოკუპირებას და წარმოების ძალადობრივ ბლოკირებას) ეს პრაქტიკა არაერთ შტატში და დიდი წარმატებით გამოყენებოდა, გუბერნატორების ხელშეწყობით და დამქირავებლების წინააღმდეგ. საილუსტრაციოდ გამოგვადგება 1937 წლის გაფიცვა General Motors-ის ქარხანაში.

1937-38 წლების ვარდნას წინ უძღოდა პროფკავშირთა ძალით, ხელფასების სწრაფი ზრდა NIRA-ს მიერ დაწესებულ დონემდე და უზენაესი სასამართლოს 1937 წლის გადაწყვეტილება, რამაც შრომითი ურთიერთობების შესახებ ეროვნული აქტი ძალაში დატოვა. ხელფასების ამგვარმა ზრდამ განაპირობა სამუშაო ადგილების შემდგომი შემცირება, განსაკუთრებით – წარმოებაში. ამრიგად, “რეცესია დეპრესიის დროს” არ ყოფილა „ახალი კურსის“ შეცვლის შედეგი (როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ) ის სწორედ „ახალი კურსის“ პოლიტიკის გაღრმავებას მოჰყვა, როდესაც ხელფასები კიდევ უფრო გაიზარდა და კიდევ მეტად აცდა კონკურენტულ დონეს, ამან კი მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო მექანიზმებს შეუშალა ხელი სრული დასაქმების (****) აღდგენაში. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ „ახალი კურსის“ შრომითმა და სამრეწველო პოლიტიკამ „დიდი დეპრესია“ შვიდი წლით გაახანგრძლივა.

30-იანი წლების ბოლოსთვის „ახალმა კურსმა“ ნამდვილად განიცადა ცვლილება, რასაც ეკონომიკის აღდგენის დაწყება დაემთხვა. 1938 წლის სიტყვით მიმართვის დროს, FDR-მა აღიარა, რომ ამერიკის ეკონომიკა გახდა “ევროპის მსგავსი ფარული კარტელების სისტემა”, რასაც მოჰყვა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამუშავება. პროფესიული კავშირების ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეიკვეცა ჯერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ „ჯდომითი გაფიცვა“ უკანონო იყო, შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დაწყების კვალობაზე, ომის ეროვნული შრომის საბჭოს (NWLB) მიერ, რომელმაც დიდი პროფკავშირების სახელფასო სარგოს ზრდა „სასიცოცხლოდ აუცილებელ“ ჩარჩოებში მოაქცია. ომის პერიოდის ეკონომიკური ბუმი ასახავს როგორც სამხედრო ხარჯებში უზარმაზარი რესურსების გადინებას, ასევე „ახალი კურსის“ შრომისა და სამრეწველო პოლიტიკის ეროზიას.

ჩვენი დათვლებით, NWLB-ს მიერ დაწესებული სახელფასო შეზღუდვებისა და თანმდევი პროდუქტიულობის სწრაფი ზრდის შედეგად, „ახალი კურსის“ დროს წარმოქმნილი უფსკრული ხელფასებსა და პროდუქტიულობას შორის 1947 წლისთვის თითქმის აღმოიფხვრა. ამ დროიდან მოყოლებული, ხელფასები არასოდეს მიახლოებულა იმ უკიდურესად დამახინჯებულ ზღვარს, რაც „ახალი კურსის“ დროს ეჭირა და არც დასაქმება დაცემულა იმდროინდელ უკიდურესად დაბალ ზღვრამდე.

მთავარი გაკვეთილი, რაც „ახალი კურსიდან“ უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ მთავრობის მხრივ ეკონომიკურ პროცესებში დიდი დოზით ჩარევას შეუძლია და გამოიღებს კიდეც იმ შედეგს, რაც ყველაზე არასასურველი და მიზნის საწინააღმდეგოა. ეს იყო ჭეშმარიტება 30-იან წლებში, როდესაც ხელოვნურად მაღალმა ხელფასებმა და ფასებმა დეპრესიაში დაგვტოვა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს იყო ჭეშმარიტება 70-იან წლებში, როდესაც ინფლაციასთან საბრძოლველად გამოყენებულმა ფასების კონტროლმა, მხოლოდ დეფიციტი წარმოშვა და სხვა ვერაფერი. და სიმართლეა დღეს, როდესაც ცუდად შემუშავებულმა რეგულაციამ შექმნა საბანკო სისტემა, რომელიც ძალიან დიდი რისკის წინაშეა.
___

© Harold L. Cole and Lee E. Ohanian. How Government Prolonged the Depression.WSJ, 02.02.2009
© LV (ქართული თარგმანი, 2020)

Creative Commons License
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორების შესახებ:
ჰაროლდ ელ. ქოული ფენსილვანიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორია.
ლი ი. ოჰანიანი არის ქალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მაკროეკონომიკური კვლევების პროგრამის დირექტორი და ეკონომიკის პროფესორი.

___

(*) FDR აშშ პრეზიდენტი იყო 1933 წლის 4 მარტიდან – 1945 წლის 12 აპრილამდე, როდესაც გარდაიცვალა და ვიცე-პრეზიდენტმა ჰარი თრუმენმა ჩაანაცვლა.
(**) არარეზიდენტული ინვესტიცია – მთლიანი კერძო შიდა ინვესტიციების შემადგენელი ნაწილია. მოიცავს არასაყოფაცხოვრებო სტრუქტურების, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვებს.
(***) რობერთ ლუქასი – 1995 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, „რაციონალურ მოლოდინთა თეორიის“ ავტორი.
ლენარდ რეფინგი – ჩიქაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, „რეალური ბიზნეს-ციკლების“ თეორიის ავტორი.
(****) სრული დასაქმება არის სიტუაცია ეკონომიკაში, როდესაც ყველა, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა, უნარი, კვალიფიკაცია და სურვილი არის დასაქმებული და პოულობს სამუშაოს მისი კვალიფიკაციის შესაბამისად. სრული არ ნიშნავს 100%, რაკი ყოველთვის იარსებებს სტრუქტურული უმუშევრობა, როდესაც გარკვეულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო, მცირდება მოთხოვნა შესაბამის მუშა-ხელზე, ამავდროულად იზრდება მოთხოვნა სხვა პროდუქციაზე, სადაც მუშა-ხელის დეფიციტი წარმოიშობა.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)