ლაფერის მრუდის გაკვეთილი კანადისთვის

დენიელ მიჩელი
FEE (ეკონომიკური განათლების ფონდი) 2019.01.10

მას შემდეგ, რაც 2015 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ჯასტინ ტრიუდომ დაიკავა, გადასახადების მაქსიმალური ზღვარი კანადაში 29-დან 33 პროცენტამდე გაიზარდა.

როგორც ჩანს, მან არ იცოდა ლაფერის მრუდის არსებობის შესახებ (ან, მემარცხენე შეხედულების ზოგი სხვა წარმომადგენლის მსგავსად, იცოდა, მაგრამ არად ჩააგდო).

laffercurve

სინამდვილეში, საგადასახადო განაკვეთების ზრდა არ არის იგივე, რაც საგადასახადო შემოსავლის ზრდა (დასტურად, შეგიძლიათ ნახოთ ციფრები Globe and Mail-ის სტატიაში).

კანადის ლიბერალური პარტიის მთავრობის მიერ დაწესებული გადასახადების ზღვრულმა 1%-მა ვერ მოიტანა მილიარდობით ახალი დაპირებული საბიუჯეტო შემოსავალი, რადგან მაღალი შემოსავლის მქონე გადასახადის გადამხდელებმა 4,6 მილიარდი დოლარით ნაკლები ფედერალური გადასახადი გადაიხადეს. უახლესი სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ 140,000 და მეტი აშშ დოლარის შემოსავლის მქონე კანადელებმა, ვინც გადასახადის გადამხდელ რიგით მეოთხე და ყველაზე მაღალ ჯგუფს შეადგენდნენ, 2016-ში (გადასახადის ზღვრული ოდენობის ზრდის პირველ სრულ ფინანსურ წელს) 4.6 მილიარდი დოლარით ნაკლები გადაიხადეს გადასახადის სახით, ვიდრე გადასახადის ზღვრული ოდენობის ზრდის პირველ წელს. ამას გარდა, გასულ წელთან შედარებით, 30.340-ით ნაკლებმა კანადელმა გამოაცხადა შემოსავალი, რომელიც ამ ზღვარშია. 33 პროცენტიანი გადასახადის განაკვეთით კანადის მთავრობა წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის დამატებით საბიუჯეტო შემოსავალს გეგმავდა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანადის შემოსავლების სამსახურის მონაცემები ზურგს უმაგრებს მათ შეშფოთებას – გადასახადის ზღვრული თამასის აწევა აბრკოლებს კანადის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ტვინების ქვეყანაში მოზიდვას.

როგორც ხსენებულ სტატიაშია ნათქვამი, საბიუჯეტო შემოსავლის შემცირება შესაძლოა ერთჯერადი ცვლილებების შედეგიც იყოს, რაკი მაღალი შემოსავლის მქონე გადასახადის გადამხდელებმა შემოსავლის დეკლარირება 2016-იდან 2015 ფინანსურ წელს გადაიტანეს (მდიდარი ადამიანები სარგებლობენ მნიშვნელოვანი მოქნილობით მათი შემოსავლების ვადების, ზღვრისა და რაობის განცხადების კუთხით).

ამავე დროს, Global News-მა შეისწავლა საგადასახადო საბიუჯეტო შემოსავლის რა ნაწილი შემცირდა წინა წელში ამგვარი „ტრანზიტის“ მიზეზით:

ლიბერალური მთავრობის 2016 წლის საგადასახადო ზრდამ კანადის ზედაშემოსავლიანი ერთი პროცენტისთვის, არამხოლოდ ვერ მოუტანა ბიუჯეტს დაპირებული მილიარდები, არამედ დანაკარგებიც გამოიწვია. … ეკონომიკური ცვლილებებისა და ერთჯერადი ფაქტორების გათვალისწინებით, გაზეთი აფასებს 2016 წლის მონაცემებს და გვიჩვენებს, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ნაწილისთვის დაწესებულმა ახალმა საგადასახადო ტვირთმა ფედერალურ მთავრობას 1,2 მილიარდი აშშ დოლარის დამატებითი შემოსავალი მოუტანა, მაგრამ იმავე ფისკალურ წელს 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მოიტანა რეგიონალური მთავრობებისთვის. ფინანსთა მინისტრის, ბილ მორნოს ოფისმა განაცხადა, რომ 2016 წლის შემოსავლის ვარდნა ერთჯერადი მოვლენა იყო, მაგრამ სხვა ანალიზი, დივიდენდების ტრანზიტული მანევრისა და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, კვლავ ადასტურებს, რომ რეალური მონაცემები საგადასახადო ზრდით დაანონსებულ საშემოსავლო ზრდას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე გადასახადის გადამხდელები უფრო მეტ მოქნილობას ავლენენ მათი დასაბეგრი შემოსავლების ზღვრის შემცირების კუთხით, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე გადამხდელები. მიზეზი შეიძლება ვნახოთ იმ შესაძლებლობებში, რითიც მაღალი შემოსავლის მქონე გადასახადის გადამხდელები სარგებლობენ, კერძოდ: მაღალი კლასის ფისკალური კონსულტანტების მომსახურება, აქტივების სხვა საგადასახადო სივრცეებში გადატანა და ბოლოს, იმის ფუფუნებაც აქვთ, რომ უარი თქვან დამატებით შემოსავალზე, როდესაც ამ შემოსავლის ნაკლები წილი რჩებათ.

დაინტერესებულთ შეუძლიათ C.D. Howe Institute-ის ანალიზს გადახედონ.

ეს არის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც გადასახადის ზრდით გამოწვეული ერთჯერადი და მუდმივი ცვლილებების ილუსტრაციაა.

canadaeti

C.D. Howe Institute-ის კვლევის თანახმად, მთავრობამ, შესაძლოა, ამოიღოს მეტი შემოსავალი მაღალი გადასახადის დაწესების პირობებში, მაგრამ

1. შემოსავალი პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება, დასაბეგრი შემოსავლის შემცირების გამო.

2. ცენტრალური მთავრობის მიერ მიღებული შემოსავლის ზრდა, უკუკომპენსირდება ადგილობრივი და სამხარეო შემოსავლების შემცირებით.

სხვა სიტყვებით: ტრიუდოსეული გადასახადების ზრდა შეცდომაა, რომლის ერთადერთი ხელშესახები შედეგი კერძო სექტორისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შემცირებაა.

დამატებითი საგადასახადო შემოსავლის ნაკლებობა ერთადერთი ნათელი წერტილია აქ, რაკი სამთავრობო ხარჯის ზრდის გეგმებს ბუნებრივად შეასუსტებს.

დენიელ მიჩელი. “ლაფერის მრუდის გაკვეთილი კანადისთვის”. 2019

© LV (ქართული თარგმანი, 2019)

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

დენიელ ჯეი მიჩელი ამერიკელი ეკონომისტია, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი კვლევის საგანი ფისკალური სფერო და საგადასახადო პოლიტიკაა. აქვს ბლოგი ვორდპრესზე.

***

Canada’s Laffer Curve Lesson: Government Collects Less Revenue from High-Income Earners after Trudeau Tax Hike

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)