კლასიკური ლიბერალი vs. ლიბერტარიანელი

დენ ქლეინი

კლასიკური ლიბერალებისთვის (შემდგომ ტექსტში უბრალოდ – ლიბერალები) და ლიბერტარიანელებისთვის თავისუფლება უმთავრესია. ის მოიცავს პიროვნების თავისუფლებას, კერძო საკუთრების თავისუფლებას და შეთანხმებას, რომ ინდივიდი დომინანტია და პირად სივრცეში გარეშენი არ უნდა ჩაერიონ.

მაგალითზე ვნახოთ. დავუშვათ, თქვენი მეზობელი თქვენი შემოსავლის 25 პროცენტზე უფლებას აცხადებს და საბუთად იარაღს გიტრიალებთ ცხვირწინ. ან ნებას არ გრთავთ, აწარმოოთ და გაყიდოთ პროდუქტი, რომელიც თვალში არ მოსდის და ეპიტნავება. ასეთ მეზობელს დამნაშავედ ჩავთვლით, უთუოდ, ამგვარ მოთხოვნებს კი კანონგარეშე იძულებად. ლიბერტარიანელები და ლიბერალები აცხადებენ, რომ მსგავსი იძულებაა, როდესაც მთავრობა იქცევა ავაზაკი მეზობლის მსგავსად.

ცხადია, მთავრობა განსაკუთრებული ტიპის მოთამაშეა და მისი იძულების ფორმები განსხვავდება კრიმინალებისგან. სახელმწიფო იძულებას ახორციელებს დაუფარავად, ინსტიტუტების მეშვეობით, მისეული იძულება რაციონალური არგუმენტების საბურველშია და საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერითაც სარგებლობს ხოლმე. სახელმწიფოს მხრივ იძულებას უწოდებენ ჩარევას ან შეზღუდვას ან რეგულირებას ან დაბეგვრას – გამოძალვას, თავდასხმას, ქურდობასა და ყაჩაღობას როდი არქმევენ. მაგრამ რაც არ უნდა დავუძახოთ, ასეთი სამთავრობო ჩარევა იგივე იძულებაა. ეს მნიშვნელოვანია, რაკი გაცნობიერება ხელს უწყობს მათ წინააღმდეგ პრეზუმფციის შენარჩუნებას, თავისუფლების პრეზუმფციის. ლიბერალები და ლიბერტარიანელები მიიჩნევენ, რომ ჩვენს ირგვლივ არსებულ მრავალი სახის შეზღუდვას დასაბუთება აკლია და ვერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურად. ეს შეზღუდვები უნდა იყოს უკუქცეული, ანულირებული, გაუქმებული.

ლიბერალები და ლიბერტარიანელები მხარს უჭერენ საზოგადოების ყველა სფეროს ლიბერალიზაციას. ეს მოიცავს ბიზნესის, შრომისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციას, აგრეთვე იარაღის და პირადი სივრცის, როგორიცაა ნარკოტიკი, სექსი, გამოხატვის თავისუფლება და ნებაყოფლობითი გაერთიანებები.

ლიბერალები და ლიბერტარიანელები მხარს უჭერენ მცირე მთავრობის პრინციპს. საჯარო სფეროები, როგორიცაა, ვთქვათ, სკოლები, ფინანსდება გადასახადებით და შეღავათებით (და, ზოგჯერ და ნაწილობრივ – უშუალოდ მომხმარებლის მიერ გაღებული საფასურით). გადასახადების იძულებითი ხასიათი გვერდზე რომ გადავდოთ, მათ არ მოსწონთ მთავრობის მეტისმეტად ჭარბი მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეებში, ამგვარი მონაწილეობის არაჯანსაღი მორალური და კულტურული ზეგავლენის გამო.

ამავე დროს, განსხვავებებზეც რომ ვთქვათ, ზოგი ლიბერტარიანელი ვერანაირი სახის ჩარევის ლეგიტიმურობას ვერ ხედავს და კატეგორიულია იქ, სადაც ლიბერალები ასეთებად არ ჩანან. ამ ლიბერტარიანელთათვის თავისუფლება თავისთავადი აქსიომაა. მათ წარმოდგენაში არსებობს იდეალური ადგილი, სრულყოფილი თავისუფლებით, საითაც ესწრაფვიან. ეს ლიბერტარიანელები შესაძლოა იყვნენ მილენიალები, რადიკალურნი, რაციონალურნი.

მათ რამდენსამე მახასიათებელს თავი მოვუყარე ამ ვიდეოში, იმის დასახასიათებლად, რასაც პირობითად ზღვრული ლიბერტარიანელობა დავარქვი.

ამავდროულად ლიბერტარიანელობა შეიძლება მოიცავდეს უფრო პრაგმატულ მიდგომასაც, რაც არსებული მდგომარეობის ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმჯობესებას გულისხმობს მეტი თავისუფლების მიღწევის მიზნით, თუნდაც ცვლილებები მცირე ან ზომიერი იყოს. მას ვუწოდე ზომიერი ლიბერტარიანელობა (ვიდეო) და დიდწილად კლასიკური ლიბერალიზმის მსგავსია.

ამ ორის დაახლოების ტენდენცია თუ გაგრძელდა, შესაძლოა, შერწყმაც მოხდეს და ლიბერტარიანელობა სავარაუდოდ ზღვრული ლიბერტარიანიზმის განსაზღვრებად დარჩება ზომიერ ლიბერტარიანელებს კი ლიბერალები, შეიძლება, ეწოდოთ. ამ შემთხვევაში იძულებული ვიქნები, საკუთარი თავი მეც ლიბერალად მოვიხსენიო, რაკი ლიბერტარიანელობაში უფრო რადიკალურ მიდგომებს იგულისხმებენ.

თუ ასე მოხდა, დაე ასე იყოს – ლიბერალი მშვენიერი სიტყვაა და შეიქმნება პლატფორმა, სადაც ზომიერი ლიბერტარიანელები და მემარჯვენე ლიბერალები გაერთიანდებიან კლასიკური ლიბერალიზმის დროშის ქვეშ.

კვლავ განსხვავებებს რომ დავუბრუნდეთ – ლიბერალები აღიარებენ, რომ, ზოგჯერ, თავისუფლებას მსხვერპლად უნდა შევწიროთ თავისუფლება. პოლიტიკა, რომელიც ამცირებს თავისუფლებას, შესაძლოა თავისუფლებას აძლიერებდეს. სფეროები, სადაც თავისუფლების დათმობა თავისუფლების გამტკიცებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო, მოიცავს ემიგრაციას, საგარეო პოლიტიკას და სამხედრო ხარჯებს, გარემოს დაბინძურებას და ფინანსურ სფეროს, სადაც გადასახადის გადახდა დაფინანსების წყაროა.

აქ წინააღმდეგობის ხაზი პირდაპირ და ზოგად თავისუფლებებს შორისაა გავლებული და განასხვავებს ლიბერალებსა და ლიბერტარიანელებს, კონსერვატორებსა და რადიკალებს, როგორებიც არიან ჯორჯ უილი, თომას სოული ან ჯონა გოლდბერგი. ზღვრული ლიბერტარიანელების აზრით, კონსერვატორები პირად და საზოგადოების თავისუფლებებს შორის წინააღმდეგობას აზვიადებენ, კონსერვატორთა აზრით კი, რადიკალები ამ წინააღმდეგობების მნიშვნელობას აკნინებენ. როგორც ზემოთაც ვთქვი, კონსერვატორები მეტად არიან მზად, მხარი დაუჭირონ ემიგრაციის შეზღუდვასა და სამხედრო ხარჯების ზრდას.

ლიბერალებს შორის მეტად კონსერვატიულ, მემარჯვენე ფრთაზე ისინი დგანან, ვინც თავისუფლების პრეზუმფციის გვერდით კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრეზუმფციას აღიარებენ – სტატუს-კვოს. ყველა იმ ცვლილებას, რაც თავისუფლებას ამცირებს, ორივე ეს პრეზუმფცია მხარდამხარ აღუდგება წინ, მაგრამ მათი გზები შეიძლება გაიყოს, თუკი ცვლილება თავისუფლებას ზრდის. ამ შემთხვევაში, კონსერვატორნი ზომიერ კომპრომისს ეძებენ. წონასწორობის წერტილს. ეს მიდგომა უფრო ლოიალურია იმ ცვლილების მიმართ, რომელიც თავისუფლებას არ ზრდის, მაგრამ არც აუარესებს არსებულ მდგომარეობას: ინარჩუნებს სტატუს-კვოს. ასეთი ცვლილების მიმართ მემარჯვენე ლიბერალის წინააღმდეგობა ნაკლებ რადიკალურია, თუმცა, არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტი იმ ცვლილებას უნდა მიენიჭოს, რომელიც თავისუფლებას ზრდის და არა არსებულ მდგომარეობას ინარჩუნებს.

თავისუფლების პრინციპს მისი შავი ხვრელები და ჩრდილოვანი მხარეები აქვს. თალხი უბნები და გამონაკლისები. მაგრამ პოლიტიკურ თეორიაში თვალი უნდა მივაჩვიოთ შავ ხვრელებს, ნაცრისფერ უბნებს, გამონაკლისებს, არასრულყოფილებას და დასაბუთების ნაკლებობას. შეზღუდვები მრავალ პარადოქსს შობს, გართულებებს, ორჭოფობასა და გამოწვევებს. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, თავისუფლების პრინციპი სიმყარეს ინარჩუნებს. ის, როგორც შეუვალია ჩვენი დამოკიდებულება ავაზაკი მეზობლის ქმედებების მიმართ, რაც კლასიკური ლიბერალური აზროვნების საფუძველია, მისი საძირკველი.

დღეს, შესაძლოა, სხვადასხვა ჯგუფები უკეთ ახერხებენ განსხვავებების გააზრებას და, შესაბამისად – თანამშრომლობას.

ბევრი კონსერვატორი უბრუნდება ლიბერალურ მემკვიდრეობას და ლიბერალიზმის საფუძვლებს. ბევრი ამჩნევს, რომ ის ფასეულობები, რის კონსერვაციასაც ლამობენ, სინამდვილეში სწორედ კლასიკური ლიბერალიზმია. ლიბერტარიანელები უფრო მეტ ღირებითს პოულობან კონსერვატიულ ფასეულობებში, როგორიცაა ნაციონალიზმი, რელიგიური და კვაზი-რელიგიური აზროვნება.

არა-მემარცხენე კოალიციამ, პირველ ყოვლისა, უნდა შეინარჩუნოს მეგობრული და გულღია დამოკიდებულება მემარცხენე ფლანგის მიმართ. ლიბერალებმა მოწინააღმდეგეთ უნდა აჩვენონ სიმტკიცე, მაგრამ, ამავე დროს, აჩვენონ საკუთარი ლიბერალობაც.

დენიელი ქლეინი “კლასიკური ლიბერალი > ლიბერტარიანელი?”. 2019

© LV (ქართული თარგმანი, 2019)

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

დენიელ ბი ქლეინი ამერიკელი ეკონომისტი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი, ადამ სმითის პროგრამის ხელმძღვანელი, Econ Journal Watch-ის რედაქტორია. თავს (ზომიერ) ლიბერტარიანელად მიიჩნევს. ამავე დროს, ლიბერტარიანული პატერნალიზმის ერთ-ერთი კრიტიკოსია.

***

მთარგმნელის კომენტარი: ტერმინებში დაკარგვაზე იოლი არაფერია დღეს. “იზმები” მატყუარაა ხშირად და შეუძლებელიც კია რომელიმე ერთ “იზმში” ადამიანის მსოფლმხედველობის მოთავსება. კარგი და სახალისო მაგალითია ამერიკელი სთენდაფერი, პოლიტიკური კომენტატორი და ვლოგერი დეივ რუბინი – საკუთარ თავს კლასიკურ ლიბერალს უწოდებს, სხვები ხშირად ლიბერტარიანელად მოიხსენიებენ, არცთუ იშვიათად კი – კონსერვატორად.

ვისაც საკუთარი “იზმიზაცია” გსურთ, პოლიტიკური კომპასის ტესტი გამოგადგებათ. მისი გადმოქართულებული ვარიანტიც არის.

ჩემი შეხედულებები ბლოგიდანაც ჩანს (ალბათ), კომპასურად კი ასეთია
Political CompassPolitical Compass GE

***

Classical Liberal > Libertarian?

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)