დაგვარბევენ. გაზით მოგვწამლავენ. რეზინის ტყვიებით დაგვთხრიან თვალებს.
გამოვლენ შემდეგ და გააპრავებენ.
ასე იქნება, სანამ არ შეგვრცხვება.
მათ არ შერცხვებათ. მათზე არ ვამბობ. ჩვენზე ვამბობ. ჩვენ უნდა შეგვრცხვეს.
უნდა შეგვრცხვეს მათთვის გამარჯობის თქმა. უნდა შეგვრცხვეს მათთან ერთად ჭიქის აწევა. პურის გატეხვისა უნდა შეგვრცხვეს. სადაც ისინი არიან, იმ შენობაში ყოფნისა უნდა შეგვრცხვეს. ქუჩის ერთ მხარეს სიარულის უნდა შეგვრცხვეს.
ძალადობის გარეშე. შეურაცხყოფის გარეშე. მშვიდად, მაგრამ უპირობოდ.
მათთვის სიგარეტის მიყიდვის უნდა შეგვრცხვეს. მანქანის გაჩერების უნდა შეგვრცხვეს. ბენზინის ჩასხმის უნდა შეგვრცხვეს. ტანსაცმლის შეკერვის უნდა შეგვრცხვეს. თმის შეჭრის უნდა შეგვრცხვეს. ყავის მომზადების უნდა შეგვრცხვეს. მათთვის.
უნდა დარჩნენ მარტო, როგორც უდაბნოში.
მათგან ვიღაცას კარგ უფლებადამცველად ვიცნობდით ერთ დროს. ფეხბურთელად. ფიზიკოსად. მომღერლად. ექიმად. პოეტად.
არც ერთი ყოფილა ჰამსუნზე დიდი მწერალი. არც – სელინზე. არც მარშალ პეტენზე დიდი გმირი ყოფილა ვინმე. მაგრამ ისინი საკუთარ სამშობლოში მარტონი დარჩნენ. როგორც უდაბნოში. ესენიც ასე უნდა დარჩნენ.
მაგრამ ჩვენ ის ხალხი არ ვართ.
ჩვენ ის ხალხი ვართ, ილიას მკვლელობის გამპრავებელი ქვეყნის მეთაურად რომ ავირჩიეთ.
ის ხალხი ვართ, ცხრა აპრილის გამპრავებლებს ყველაფერი რომ შევუნდეთ.
ის ხალხი ვართ, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩები რომ გვაქვს და მათი მკვლელების სახელი არ ვიცით. არც გვინდა, ვიცოდეთ.
ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც არ გვრცხვენია. ამიტომ არ რცხვენიათ მათ.
და არც შერცხვებათ, სანამ უტიფრობა პატივში გვეყოლება. სანამ წითელი ხაზები არ გვექნება. სანამ ნათელ-მირონობა, მეზობლობა, მეგობრობა, თანამშრომლობა არ დამთავრდება იქ, სადაც სამშობლოა. სადაც ადამიანის სიცოცხლეა. სადაც დათხრილი თვალია. სადაც მოწამლულია. სადაც დაშავებულია.
სირცხვილია! ჩვენი სირცხვილია!
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___