საკონსტიტუციო სასამართლოს თავზეც გაიარეს

ადამიანს ნარკოტიკული ნივთიერების პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვისთვის 8 წელი მიუსაჯეს – სულ ესაა, რაც უნდა იცოდეთ დღევანდელ საქართველოზე. ასე რომ, სანამ ასაკი გიწყობთ ხელს, დააახვიეთ აქედან!

თავი დავანებოთ ახლა, რომ “ჩამიდესო” – ამბობს. თუნდაც მისი ყოფილიყო. თუნდაც მოიხმარდეს – ადამიანი მისთვის რაღაცას მოიხმარს და ამისთვის პატივცემული საზოგადოება და სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა 8 წლით ციხეში ამწესებს. თუნდაც ამ რაღაცის მოხმარება მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იყოს – ვითომ 8 წლით ქართულ ციხეში ყოფნა კურორტია. ვითომ ნორვეგიის ციხეები გვქონდეს აქ. რა რაოდენობის ნარკოტიკი უნდა მოიხმარო ადამიანმა, რომ მოახერხო და ქართულ ციხეში 8 წლის გატარებაზე მეტად დაიზიანო ჯანმრთელობა? ცხრა სიცოცხლე არ გეყოფა. სად არის ამ განაჩენში ლოგიკა?

მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს – მე არ მითქვამს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა გასული წლის მიწურულს. იურისტები ამბობდნენ მაშინ – ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და ლოგიკურად ყველა სხვა ნივთიერების მოხმარებაზე ვრცელდებაო.

მაგრამ სად არის ჩვენ ქვეყანაში ლოგიკა? ლოგიკა კიარა მყრალი საბჭოთა მენტალიტეტის ზეიმია. საბჭოთა საზოგადოებას ვალად მიაჩნდა სხვის პირად თავისუფლებაში ჩარევა. და სასამართლო, მილიცია, პროკურატურა, კაგებე და კიდევ პარტკომი ამ დავალების შემსრულებლად იდგა. და ნურავინ მეტყვის, რომ პარტკომი აღარაა – ყველა იმ ადამიანის თავშია, ვინც ამ განაჩენს ამართლებს. და რამდენი ყოფილხართ ასეთი.

უფროს თაობაში რომ იყვნენ მხოლოდ – კიდევ რა უშავს. ჩემს თაობაშიც უამრავია და ჩემზე უმცროს თაობაშიც – ბევრი. ვისაც პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული პირადი თავისუფლებების შეზღუდვა და სხვა ადამიანის კონტროლი ჰგონია.

  • ამ ვითომ ხალხოსანმა მედია საშუალებებმა კიდევ, როგორიც “კვირის პალიტრა” და სხვა რამდენიმეა, დაანებეთ თავი იმ სისულელის წერას, რომ გიორგი გიორგანაშვილი ელიტაა და იმიტომ აღშფოთდითო. სხვა უსახელო ბახალების ამბავი კი დაიკიდეთო. არც გამეგონა მისი გვარი აქამდე. მისი მონაწილეობით ფილმებიც არ მინახავს, ერთის გარდა. ის ერთი ფილმი კი სულაც არ მომეწონა. ეს ამბავი გახმაურდა და გავიგე. დაგეწერათ სხვა უსახელო ბახალას ამბებზე და იმასაც გავიგებდი. თორემ სადაც პეტიცია იყო, ჩემი ხელმოწერაც არის და სადაც აქციები იყო, იქაც ვმონაწილეობდი. და ქრისტე-ღმერთი მე არ ვარ, თორემ არც მეტეორს დავიშურებდი.

არ არსებობს ლოგიკური არგუმენტი ამ ნარკოპოლიტიკის გასამართლებლად! აგერ, ერთმა მითხრა, სხეული სულის ჭურჭელია და მისი განგებ დაზიანება ცოდვააო… თუნდაც ასე იყოს – რა აზრი აქვს ახლა იმის ლაპარაკს, რომ უამრავი არააკრძალული და ფართოდ მოხმარებული ნივთიერებაა, რაც გაცილებით დიდ ზიანს გვაყენებს, ვიდრე ბევრი ნარკოტიკია? შეაყარე კედელს ცერცვიო – ტვინი თუ აქვს დახშული ადამიანს, მაინც ვერაფერს შეაგნებინებ. და ასეთია უთვალავი. ლეგიონია მათი სახელი!

მისაბაძად მსგავსი ქვეყანა კი გვყავს მეზობლად. იქ სატირული ფილმი აკრძალეს – სტალინს შეურაცხყოფსო. იქ ადამიანებს ასამართლებენ სოციალურ ქსელში ისეთი პოსტებისა და ლაიქებისთვის, რაც სახელმწიფოს არ მოსწონს. იქ ფოტოებისთვის და კომპიუტერული თამაშებისთვის ასამართლებენ. პიროვნების პირადი ავტონომიით დაცული სფეროს მოშლა ასეთი რამეებით მთავრდება ხოლმე. და ის აღტყინება, რაც ამ “სამაგალითო” განაჩენს მოჰყვა, ადასტურებს, რომ არც ჩვენ ვართ შორს.

ამიტომ, სანამ ასაკი ხალს გიწყობთ და უვიზო მიმოსვლაც არ წაურთმევიათ – დაახვიეთ აქედან!

Creative Commons License

© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)