ველოსიპედისტი, რომელმაც გოლფერი ყ**ზე გაუშვა

28 ოქტომბერს ვირჯინიის ქალაქ სთერლინგის ერთ შარაგზაზე, იანკები რომ ჰაივეის უძახიან, მარტოხელა ველოსიპედისტს ავტომობილების კორტეჟი წამოეწია და გადაასწრო. ველოსიპედისტმა შუა თითით გააცილა. ავტომობილის მგზავრთაგან ერთმა ფოტო გადაუღო და მისი თითი გათვითა. ველოსიპედისტმა ფოტო ჩამოტვირთა და ავატარად დაიყენა ამაყად.

Juli-Briskman

არც არაფერი, მაგრამ კორტეჟი საპრეზიდენტო იყო – დონალდ თრამფი გოლფ-კლუბიდან ბრუნდებოდა. ველოსიპედისტი კი ამ ჟესტისთვის სამ დღეში სამსახურიდან დაითხოვეს. კომპანია Akima, სადაც ველომოყვარული და პროფესიით მარკეტოლოგი ჯული ბრისქმანი (Juli Briskman) მუშაობდა, საინჟინრო-საკომუნიკაციო-ტექნოლოგიური ჰოლდინგია, ბევრი სახელმწიფო შეკვეთა აქვს და რამდენიმე სამთავრობო ოფისს ემსახურება. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად კომპანიის თანამშრომლების სოციალურ მედიაში ქცევის შიდა განაწესის დარღვევა დაასახელეს. სხვათა შორის, თავად ბრისქმანსაც აქვს სახელმწიფო სამსახურში ყოფნის გამოცდილება – ლატვიის დედაქალაქში, აშშ-ს საელჩოში მუშაობდა მეკავშირე ოფიცრად ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს. თუმცა, ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის რომ არ მიუცია ხმა, ეჭვს არ იწვევს. Smile

რას ვიფიქრებდი, პრეზიდენტის შუა თითით მიგებება სამსახურის ფასად თუ დამიჯდებოდაო, – დათვითა ბრისქმანმა. მისი ჟესტით გულგახარებულმა იუზერებმა კი პერსონალურად თრამფს მიუთვითეს, რომ შუა თითის ჩვენებით ბრისქმანმა პირველი საკონსტუტიციო შესწორება გამოიყენა.

პირველი შესწორება ყველაზე კარგი საკონსტიტუციო შესწორებაა მსოფლიოს ყველა საკონსტიტუციო შესწორებას შორის (ეს ბრისქმანს აღარ დაუწერია, მე ვამბობ) მაგრამ კომპანიას მისი სამუშაოდან დათხოვნის უფლება ჰქონდა. ადამიანს, ერთი გენიალური ფილმისა არ იყოს, საინფორმაციო წყარო დაუკეტო – ამის ნება არვის აქვს, მაგრამ თუკი მის მიერ არჩეული გამოხატვის ფორმა ეწინააღმდეგება კომპანიის ეთიკის კოდექსსა თუ შინაგანაწესს – შეიძლება სხვა სამსახურის ძებნა მოუხდეს.

მარტოხელა ველოსიპედისტისა და ექსცენტრიკული გოლფერის პაექრობა  არ დასრულებულა – საიტმა GoFundMe უმუშევრად დარჩენილი ჯული ბრისქმანისთვის შემოწირულობების შეგროვების კამპანია დაიწყო. დღეისთვის… რამდენი დღე გავიდა? 15 ხომ? ჰოდა 15 დღეში მოქუჩულმა თანხამ 100’000-ს გადააჭარბა. შემოწირულობების მიღება კვლავ გრძელდება, ვისაც მონაწილეობის მიღება სურს, ლინკს პოსტის ბოლოს დავდებ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

არც არაფერი, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ ჩემ თავზე განვიცადე, რას ნიშნავს, როდესაც ადამიანებს არ ესმით, თუ რატომაა პირველი შესწორება ყველაზე კარგი შესწორება მსოფლიოში – Sad smile თვითერის მეტწილად გერმანელმა იუზერებმა ფაშისტი მიწოდეს. შეიძლება ყველაფერი ჯანდაბა დამაბრალო, მაგრამ მე თუ ფაშიტი ვარ – საშველი არ ყოფილა. თუმცა, ფაშისტად მოვეჩვენე მაინც, რაკი დავიცავი თვითერი, რომელსაც ერთმა გერმანელმა მხატვარმა საპროტესტო აქცია მოუწყო ანტისემიტური თვითების წაშლის მოთხოვნით. დავიცავი, რაკი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით იწყება ფაშიზმიცა და ბოლშევიზმიც. პირველად იყო სიტყვის აკრძალვა და შემდგომ იყო რეპრესიები, გულაგი და საკონცენტრაციო ბანაკები. გერმანული მედია 30-იანებში ნაცისტებს აიგნორებდა, მაგრამ ამან დიდად შედეგი ვერ მოიტანა – არჩევნებში გაიმარჯვეს და ისინი, ვისმა ბაბუებმა და ბებიებმა, ვინ იცის, ჰიტლერს მისცეს ხმა, ახლა მე მეძახდნენ ფაშისტს.

ეს ბლოგპოსტი იმად დავწერე, რომ ესეც მეთქვა – ე.წ. ჰეით-სფიჩის აკრძალვის მომხრე არ ვარ. ზოგადად არანაირი სფიჩის აკრძალვის მომხრე არ ვარ. სფიჩის აკრძალვაზე ლაპარაკის ნაცვლად ის სჯობს, სახელმწიფომ აღკვეთოს ძალადობა, რაც ევალება კიდეც.

ჯული ბრისქმანის თითის ამბავს რომ ვკითხულობდი, რამდენიმე რამ გამახსენდა. გირგვლიანის საქმე. “იქნებ დედა შეაგინა”. კიდევ რაღაცები. და ამერიკის ასაკის მსხლის ხე თუ გეგულებათ სადმე ეზოში, მითხარით და… თუმცა, რას ვერჩი მსხალს…

ეს კი დაპირებული ლინკი: Fundraiser for Juli Briskman

ესეც თემის ირგვლივ: ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)