ორი რუსეთი

პოკემონიან ბლოგერ სოკოლოვსკიზე დავწერე ადრე. ვინც ეგ ისტორია არ იცით, ჯერ გადახედეთ.

დღეს პროკურორმა მისთვის 3,5 წლიანი პატიმრობა მოითხოვა. კოლონიაში. ბრალდებულის საქციელი სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არისო, – განაცხადა. პირობითი მსჯავრის წინააღმდეგი ვარო – ჰუმანური იქნებოდა, მაგრამ დაუსჯელობის რწმენას გააჩენდაო.

სასამართლო პროცესი ეკატერინბურგში მიმდინარეობს, სადაც, სხვათა შორის, ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ქალაქის უძველესი ტაძრის დანგრევა ბრძანა. “დაგეგმილი რეკონსტრუქციის” მიზეზით. მე-18 საუკუნის ტაძარს კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას (РПЦ-ს) დაუბრუნა. ერპეცემ კი დაანგრია. ალბათ, იმ მიზნით, რომ რომელიმე სოკოლოვსკი არ შევიდეს და პოკემონები არ დაიჭიროს.

ამასობაში რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ნიჟნი ნოვგოროდის მთავარმა სამმართველომ მფრინავი მაკარონის მონსტრის (პასტაფარიანული) ეკლესია დაარეგისტრირა.  პასტაფარიანელებმა ლეგალური უფლება მოიპოვეს რუსეთის ტერიტორიაზე აღასრულონ ღვთისმსახურება, სხვა რელიგიური რიტუალები მღვდელმთავრების ხელდასხმის ჩათვლით.

Pastafarianism-MinJust 

რაც თავი მახსოვს, სულ მეორე რუსეთის ძებნაში ვართ. ჰოდა, ბატონებო, ვინც მაინცდამაინც რუსოფილიით ხართ შეპყრობილები, იმ რუსეთს მაინც მიბაძეთ, სადაც, თუკი ადამიანს ამის სურვილი აქვს, მფრინავ სპაგეტის შეიძლება სცეს თაყვანი, ხელდასხმა გაიაროს და სულიერი მოძღვარი ერქვას. რა თქვენი უკანალის საქმეა? ესეც ხომ გეიევროპა და მასონური ამერიკა არაა – რუსეთია. მართლმადიდებლური და ერთმორწმუნე რუსეთი.

იმდენს კი ნუ ვიზამთ, რომ რუსეთის იუსტიციის მინისტრის გონებაგახსნილობისა შემშურდეს… არც ვიცი, ვინ ოხერია და რა გვარია.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.___

P.S.

ისე კი, ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლის მორწმუნე ან მფრინავ სპაგეტის უწუნებდეს რამეს ან ბიბლიურად თავისუფალ გირჩს უცნაურია. ჩემმა მზემ.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)