სახლში დარჩენილები საარჩევნო ყუთთან რომ მისულიყვნენ, უკეთესი პარლამენტი გვექნებოდა. ვინც სახლში დარჩა, სწორედ ისინი არიან ყველაზე გემოვნებიანი, ყველაზე გონიერი, ყველაზე ბრძენი ამომრჩევლები – უკეთესი საქართველო. ჩვენ, ვინც მივედით და ავირჩიეთ – ნაყარ-ნუყარი ხალხი ვართ. და პარლამენტიც ჩვენნაირი ავირჩიეთ.
ასე რომ იყოს მართლა – რა კარგი იქნებოდა. მართლა რომ ასე იყოს, კიბატონო, დავირქმევ ყველაზე უპრინციპო, უნამუსო, უტვინო ამომრჩეველს. მაგრამ სულ ტყუილად ვურჩევთ ერთმანეთს საქმეს – ვინც სახლში დარჩა, ისინიც რომ შეგვმატებოდნენ, ამავე პარლამენტს ავირჩევდით.
ყველამ დაიმსახურა მისი პროცენტი. ქოცებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. 30 ადგილი ექნებათ თუ რამდენიც, ნაცებს არ დაუმსახურებიათ მეტი. არც დავით უსუფაშვილმა დაიმსახურა, რომ ისევ პარლამენტში შესულიყო. ლევან გოგიჩაიშვილთან რომ დამარცხდა – ესეც დაიმსახურა. ეს დაიმსახურა სწორედ.
ირმა ინაშვილი თუ პარლამენტში მოხვდა, ეს ხომ მთლად მშვენიერი იქნება. მაშინ ჩვენ, ყველანი – ვინც მივედით არჩევნებზე, ვინც არ მივედით არჩევნებზე დავიბანთ ხელებს და ყველაფერს იმათ გადავაბრალებთ, ვინც ინაშვილ-თარხან-მოურავს მისცა ხმა. ვითომ სხვა პარლამენტარები სულ ნარჩევ-ნარჩევი საზოგადოება შევყარეთ. მარტო ინაშვილი და კიდევ თარხან-მოურავი “გვიფუჭებენ” სურათს.
ჩვენ ყველამ, ვინც მივედით არჩევნებზე და ვინც სახლში დარჩით, დავიმსახურეთ ეს პარლამენტი. არჩევნების შედეგი ზუსტად ასახავს საქართველოს. ასეთი ქვეყანა ვართ. ვისაც მოგწონთ – მოსალოცად გაქვთ საქმე, ვისაც არა – შევეგუოთ. ან – შეცვლა ვცადოთ. ან ჩავალაგოთ ჩემოდნები და – ჰაიდა. ან – დავიკიდოთ.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___