სელინჯერის რომანი იცით. Pokemon GO – მითუმეტეს.
ერთი ახალგაზრდა ჰოლდენ ქოლფილდი რუსლან სოკოლოვსკი ჭვავის ყანის ნაცვლად ტაძარში წავიდა და იქ რამდენიმე პოკემონი დაიჭირა. სმართფონში – როგორც ამ თამაშის წესია.
რამდენიმე დღის შემდეგ სოკოლოვსკი პოლიციამ დაიჭირა. სმართფონში არა – სინამდვილეში. ეკატერინბურგის სასამართლომ რუსლან სოკოლოვსკის ეკლესიაში Pokemon GO–ს თამაშისთვის 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. თან, ძიება არ დასრულებულა ჯერ. შესაძლოა, რამდენიმე წლითაც აღმოჩნდეს ციხეში.
არ ვხუმრობ!
კიდევ ერთხელ: რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის კიროვის რაიონის სასამართლომ ეკლესიაში Pokemon GO–ს თამაშისთვის ადამიანს ბრალი დასდო მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფასა და შუღლის ჩამოგდებაში (ვისა და ვის შორის შუღლის? ალბათ, პოკემონებსა და მღვდლებს შორის). განაჩენიც გამოუტანა და პატიმრობაც მიუსაჯა.
ვიდეოში, რომელიც თავად სოკოლოვსკიმ ატვირთა, ჩანს რომ არც წირვას უშლის ხელს, არც ქადაგებას – ტაძარი, ფაქტიურად, ცარიელია. უხმაუროდ თამაშობს Pokemon Go–ს და მშვიდად გამოდის გარეთ.
გედევან ფოფხაძე რომ კითხულობდეს ამ ბლოგს, იტყოდა – კიმარა რაღა ეკლესიაში მოუნდა პოკემონების თამაში, სხვა ადგილი ვერ ნახაო? ერთ წუთს მივცემ იმის მოსაფიქრებლად, რატომაა ეკლესიაში მშვიდად, სხვათა შეუწუხებლად პოკემონების დაჭერა კეთილი საქმე. თუარა აგერ: “ღვთისმშობლის ჯამბაზი” (ამის წაკითხვას 1 წუთი არ ეყოფა).
საქართველოში კლერიკალიზმისა და ფანატიზმის აღზევების მიუხედავად, რუსები კარგა გვარიანად იქეთ არიან. გაღმა. ბევრია ჩვენში ისეთი, ჩვენც რომ გაღმა გვექაჩება. გულწრფელად ვთქვა და ამ ბოლო ხანს ოპტიმიზმი სულ შემომეძარცვა, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, ამ არჩევნებზე გამოღმა არ შერჩებათ. იმაზე მეტი მაინც, რაც უკვე შერჩათ.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Russian YouTuber facing five years in jail after playing Pokémon Go in church