უფასო ფული

Swiss Ref 2016უფასო ყველი სათაგურშიაო, ამბობენ. ფული კი…

ყველის ამბავი აბა შვეიცარელებზე უკეთ ვის ეცოდინება. და ფულის ამბავიც.

5 ივნისს შვეიცარიის მოქალაქეებმა რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა და უპასუხეს კითხვას – გსურთ თუ არა, რომ გარანტირებული შემოსავალი გქონდეთ ქვეყნის ბიუჯეტიდან?

გარანტირებული, ყოველთვიური შემოსავალი – 2’500 შვეიცარული ფრანკი. შვეიცარიის ყველა მოქალაქეს. მიუხედავად სქესისა, აღმსარებლობისა, პოლიტიკური სიმპათიებისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური სტატუსისა. დასაქმებულს. დაუსაქმებელს. სტუდენტს. პროფესორს. აქეთურს იქეთურს. თითოეულ მოქალაქეს. 2’500 შვეიცარული ფრანკი. ყოველ თვე. შვეიცარიის ბიუჯეტიდან. მუქთად. უბრალოდ. საჩუქრად რაღა…

გსურთ თუ არა?

აი, ამ რთულ კითხვას უპასუხეს შვეიცარიის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე. და მათ თქვეს: არა!

შვეიცარელების 78%-მა ასეთ საჩუქარზე უარი განაცხადა. და ამით იმ 22%-საც უარი უთხრა მუქთა ფულზე, ვინც რეფერენდუმის კითხვას მხარი დაუჭირა. რა ვქნათ, ასეა დემოკრატია. უმრავლესობის ძალაუფლება. როგორც სერ უინსთონი ამბობდა, მმართველობის ყველაზე ცუდი წყობა, სხვა დანარჩენს თუკი არ ვახსენებთ. უცნაური ისაა, რომ პოტენციური “მუქთამჭამელი” შვეიცარიაში მხოლოდ 22% აღმოჩნდა. Smile

არადა, 90-იანებში, მახსოვს, ძალიან პოპულარული იყო აზრი, რომ შვეიცარია ძალიან ჰგავს საქართველოს. ბუნებით. მთებით. ტბებით. და სულ ცოტა გვინდა და ჩვენც შვეიცარია გავხდებით. 

შეიძლება, ასეც არის. შეიძლება – გვგავს. შვეიცარიაში, სამწუხაროდ, არ ვარ ნამყოფი. მაგრამ ამ რეფერენდუმიდანაც ვხედავ, რიომ მსგავსება მთებითა და ტბებით მთავრდება.

თუმცა, ეს ტბებიც განსხვავებულია. შვეიცარულ ტბებში თევზს იჭერენ, ჩვენ კი აკვანი გვიდგას და მხსნელს ველოდებით.

ფქვილი – იქა.

ქატო – აქა.

ფული – იქა.

ოცნება – აქა. 

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)