ესპანეთის ფინანსთა სამინისტრო და პროკურატურა ლიონელ მესის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. დამალული თანხა 4.1 ევროს შეადგენს და “ადიდასთან”, “პეპსი-კოლასთან”, “დანონთან”, “პროქტერ ენდ გემბლთან” და სხვა კომპანიებთან 2007-2009 წლებში გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებულ შემოსავალს მოიცავს, რომელიც არგენტინელმა ვარსკვლავმა ბელიზში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიების მეშვეობით ესპანურ საგადასახადო უწყებას დაუმალა. საქმის არსებითი განხილვა 31 მაისს დაიწყო, თუმცა თავად ბრალდებული პროცესზე მხოლოდ 2 ივნისს გამოცხადდა. ჟურნალისტებთან ხანმოკლე გასაუბრების დროს ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ საკუთარ ფინანსურ საქმეებს ის არ განაგებს და ეს საქმე მრავალი წელია უკვე მისი მამის, ხორხე ორასიო მესის ხელშია.
“ამ საქმისა არაფერი გამეგება, ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია, ” – განმარტა ფეხბურთელმა, – “ჩემს ფინანსებს მამაჩემი განაგებს. მე სრულად ვენდობოდი მას და წაუკითხავად ვაწერდი ხელს ყველა კონტრაქტს, რაც ჩემთან მოჰქონდა… ახლა ამბობენ, რომ გადასახადები არ გადამიხდია, მაგრამ არაფერი ვიცი. თუ მამაჩემი რაღაცას მატრაბაზობდა, არ მესმის, რატომ უნდა დავისაჯო მის მაგივრად? რას მედავებიან? ვერაფერი გავიგე! გაგონილი მაქვს, რომ შვილი მამის დანაშაულზე პასუხს არ აგებს!” – უთხრა ჟურნალისტებს არგენტინის ნაკრებისა და “ბარსელონას” ლიდერმა.
მსგავსი განმარტება გააკეთა ლიონელ მესის ადვოკატმა ენრიკე ბასიგალუპომაც:
“ჩემი კლიენტი თაღლითობის მსხვერპლია. ის მამა-შვილური სიყვარულის გამო ისჯება. არგენტინაში მამა-შვილობის, ბიძაშვილობის და მამიდაშვილობის ინსტიტუტი შენარჩუნებულია, რაც ჩვენ, ესპანელებმა, სამწუხაროდ, დავკარგეთ. როგორც ჩანს, ჩემი კლიენტის მამა თაღლითი აღმოჩნდა, მაგრამ ბატონმა ხორხე ორასიო მესიმ, პირველ რიგში, მის შვილს მიაყენა ზიანი, ამიტომ ჩემი კლიენტი არა ბრალდებულის, არამედ ბრალმდებელის სკამზე უნდა იჯდეს!” – განაცხადა ლიონელ მესის ადვოკატმა
ამავე დროს, ესპანეთის ფინანსთა სამინისტრომ ლიონელ მესის წინააღმდეგ მეორე გამოძიებაც დაიწყო – ახალი ეპიზოდი ე.წ. “პანამის ფაილების” გამომზეურებას უკავშირდება, სადაც არგენტინელი ვარსკვლავი კიდევ ერთი ოფშორის, Mega Star Enterprises-ის მფლობელად სახელდება. ეს კომპანია 2012 წელსაა დაარსებული და, შესაძლოა, შემოსავლების დაფარვისთვის გამოიყენებოდა, ისევე როგორც 2007-2009 წლებში ბელიზის ოფშორი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ბრალდებას წაუყენებენ ლიონელ მესის “პანამური ფაილების” ეპიზოდზე, 2007-2009 წლებში დამალული შემოსავლებისთვის კი ესპანეთის პროკურატურას უფლება აქვს სასამართლოსგან 22.5 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამალული გადასახადების სრულად გადახდა და საურავების დაკისრება მოითხოვოს.
© Tony Clifton Digital Media Ltd.
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___