იმპერატორის მატრიცა

DioBiპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის “საოცრად წასვლამ” ქართველ თუ საზღვარგარეთელ ექსპერტთა შორის დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. რა ვერსია აღარ მოვისმინეთ – ყველაზე ბანალურიდან ყველაზე ეგზოტიკურამდე, მაგრამ ამ მოვლენის ჭეშმარიტ არსსა და მნიშვნელობას, სამწუხაროდ, ვერვინ ჩაწვდა. სინამდვილეში, პრემიერის გადადგომა იყო “წმინდა აქტი” – გადადგომა გადადგომისთვის, ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ახალ პოლიტიკურ ტრადიციას ამკვიდრებს. სწორედ ამის განმარტება მოუხდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს წლის შემაჯამებელ ინტერვიუში, რაკი, გავიმეორებ, სხვა ვერვინ მოახერხა ამ ტრანსცენდენტული ნაბიჯის სიღრმისეული ახსნა:

ის დაიხარჯა ბოლომდე, იმოღვაწა და თავის წარმატების ზენიტში მოახერხა და დატოვა ხელისუფლება. დატოვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინა. ოპონენტებმა და მედიის დიდმა ნაწილმა ეს უყურადღებოდ დატოვა. მაგრამ მთავარი დედა აზრი და აზრი იყო მხოლოდ წასვლა და წასვლა წასვლისათვის და სწორედ რომ წარმატებული პრემიერი წავიდა.

განაცხადა ბატონმა ბიძინამ GDS-ის ეთერში.

რა თქმა უნდა, ეს ტრადიცია სათავეს თავად ბატონი ბიძინას გადადგომიდან იღებს.

ის წავიდა თავისი წარმატების პიკზე, წარმატებების ზენიტში დატოვა მან ხელისუფლება, ისევე როგორც მე.

ჩვეული მოკრძალებით, გაკვრით შეგვახსენა ბატონმა ბიძინამ იმავე ინტერვიუს დროს, მაგრამ იმისთვის რომ პოლიტიკური ნაბიჯი ტრადიციად იქცეს, საჭიროა მას ღირსეული გამგრძელებელი გამოუჩნდეს, ადამიანი, რომელიც ამ ნაბიჯის სიბრძნეს ჩაწვდება, მის მნიშვნელობას გაისიგრძეგანებს და გაიმეორებს. სწორედ ამ გზით მკვიდრდება ერთჯერადი აქტი როგორც პოლიტიკური კულტურის  ნაწილი და ეროვნული ტრადიცია. ამ მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილისთვის უდავოდ მადლობა გვეთქმის. იმისთვის, რომ მან არ გაწყვიტა ბატონი ბიძინას მიერ აკინძული ჯაჭვი და აქცია ტრადიციად.

იშვიათია, როდესაც პოლიტიკოსი დიდების ზენიტში ნებით ამბობს უარს ძალაუფლებაზე და მიდის. ამგვარ ნაბიჯს დიდი გონიერება, ცოდნა და სულიერი სიმდიდრე სჭირდება. ასეთი შემთხვევები, კაცობრიობის ისტორიას რომ გადავხედოთ, სულ ათეული თუ იქნება. ერთ-ერთი პირველი, ალბათ, რომის იმპერატორი დიოკლეტიანე იყო, რომელმაც გაპარტახებული, ომებითა და სიღატაკით დაღლილი ქვეყანა ჩაიბარა, ფეხზე წამოაყენა, უპატრონა, მოაღონიერა, ძველი პატივი და ღირსება აღუდგინა და დიდების ზენიტში, ბატონი ბიძინას მსგავსად, დატოვა ხელისუფლება. წავიდა და მებაღჩეობას მიჰყო ხელი. წლების შემდეგ, როდესაც რომაელმა ხალხმა მას ხელისუფლებაში დაბრუნება სთხოვა, დიოკლეტიანეს უთქვამს: რომ იცოდეთ, როგორი კომბოსტო მოვიყვანე ჩემს ბოსტანში, ამგვარი ამბებით არ მომაცდენდითო…

როგორ არ გავიხსენო ახლა, რომ ბატონ ბიძინას ჭორვილაში ელიტარული კარტოფილი მოყავს.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)