სად მთავრდება/იწყება აღმსარებლობის თავისუფლება?

ორშაბათს საპატიმრო დატოვა და თავის ოფისში დაბრუნდა ქალბატონი ქიმ დეივისი. შეიძლება მისი სახელი და გვარი გაგონილი არც გაქვთ, თუმცა მისმა ამბავმა ამერიკაში და დანარჩენ მსოფლიოშიც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩვენშიაც.

ქიმ დეივისი როუენის საგრაფოს მოხელეა, ვისაც, სხვა სამსახურთან ერთად, ქორწინების რეგისტრაცია და მოწმობების გაცემა ევალება. პატიმრობაც სწორედ მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც ერთი სქესის წყვილს ქორწინების რეგისტრაციაზე უარი უთხრა. დეივისის სასამართლო პროცესი ლამის მეორე “მაიმუნის პროცესად” იქცა – ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ამგვარი ქორწინება დეივისის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, ხოლო იძულება, დაარეგისტრიროს ეს ქორწინება, არღვევს მის აღმსარებლობის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს.

მოსამართლემ ეს არგუმენტები არ გაიზიარა და, როგორც ზემოთაც ვთქვი, ქიმ დეივისს პატიმრობა მიუსაჯა. ამავე დროს ის თანამდებობაზე რჩება (მისი თანამდებობა არჩევითია, უფლებამოსილების ვადა 2019 წელს ეწურება) და ოფისში დაბრუნებისთანავე განაცხადა, რომ უფლის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს და ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებას კვლავ არ დაარეგისტრირებს.

ქიმ დეივისის საპატიმროში ყოფნის დროს საქორწინო მოწმობები ერთი სქესის წყვილებზე მისმა მოადგილემ გასცა, თუმცა სამართალმცოდნეები ვერ თანხმდებიან, აქვს თუ არა დეივისის ხელმოწერის გარეშე მოწმობებს ძალა, მითუმეტეს, ექნება თუ არა მოადგილის მიერ გაცემულ მოწმობებს იურიდიული ძალა იმ შემთხვევაში, როდესაც დეივისი ოფისში იმყოფება და უფლებამოსილებებს თავად ახორციელებს.

შესაძლოა, ბევრის თვალში ქალბატონ ქიმ დეივისის შეუპოვრობა პატივისცემას იმსახურებდეს. შესაძლოა, მისთვის პოსტიც მიმეძღვნა სხვა ბლოგზე რუბრიკით – ამბოხის თეორია… მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები სწორედაც რომ აღმსარებლობის თავისუფლებებს უქმნის საფრთხეს. მის ქმედებებს არაფერი აქვთ საერთო აღმსარებლობის თავისუფლებასთან. მისი ქმედებები ბღალავს თავისუფლებებს. ესაა ძალადობა და სახელმწიფო უფლებამოსილებით აღჭურვილი ადამიანის მცდელობა თავს მოახვიოს მისი პირადი რელიგიური შეხედულებები და რწმენა თანამოქალაქეებს.

Kim-Davis-billboard-jpg

ეს ქალბატონი თანამდებობის პირია და მისი უფლებამოსილებები არის არა უფლისგან ბოძებული, არამედ მომდინარეობს კონსტიტუციიდან და კანონებიდან. აშშ კონსტიტუციის პირველი შესწორება კი არამხოლოდ რელიგიური აღმსარებლობის გარანტია, არამედ კრძალავს ნებისმიერი რელიგიის დაკანონებასაც. ეს ორი განუყოფელ კავშირშია. ქრისტიანულ თუ რომელსამე სხვა ეკლესიას სრული ნება აქვს, არ დაწეროს ჯვარი ერთი და იმავე სქესის ადამიანებს, მაგრამ სახელმწიფო მოხელე ვალდებულია, იხელმძღვანელოს მოქმედი კანონით. ეს იმდენად მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მიკვირს, ამხელა კამათსა და ვნებათაღელვას თუ იწვევს.

რელიგიური შეხედულებების საბურველქვეშ ყველაფრის გამართლება შეიძლება. შეიძლება გავანადგუროთ ქანდაკებები. ავკრძალოთ ფილმები. დავანგრიოთ პალმირა. მოვაწყოთ აუტოდაფე. და კანონი ამას წინ ვერ აღუდგება, თუკი სახელმწიფოში რწმენა უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონსტიტუცია.

რა შორს წავიდეთ და ეს როგორ ხდება 2013 წელს უკვე ვნახეთ თბილისში.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)