რა ჯანდაბად გვინდა ეს ზოოპარკი?

ვინც ამას ამბობს, აქვს ორი არგუმენტი:

1 – რა დროს ცხოველების შენახვაა, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანია. ეს არის მკვლელი არგუმენტი, რომელიც ყველა დისკუსიას სპობს. ადამიანზე ძვირფასი არაფერია და მაშინ რა საჭიროა პროფესიონალური სპორტის დაფინანსება (ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სამოყვარულო სპორტი და, ელემენტარულად, სარბენი ადგილებია საკმარისი), რა საჭიროა თეატრების დაფინანსება, რა საჭიროა მუზეუმების დაფინანსება… ბოლოს მივალთ მეცნიერების დაფინანსებამდე. იმიტომ რომ თანამედროვე ზოოლოგიური პარკი ესაა სწორედ სამეცნიერო კვლევის ცენტრი. როგორც ხელნაწერთა ინსტიტუტში არამხოლოდ ინახავენ ხელნაწერებს, არამედ – სწავლობენ, ასეა ზოოლოგიური პარკიც. ის არის მნიშვნელოვანი ცენტრი ფაუნისა და მთლიანად ეკოსისტემის შესასწავლად და გადასარჩენად.

2 – ზოოპარკში ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან. ამ არგუმენტს (ნაწილობრივ) ვიზიარებ, ამიტომაც ვამბობ, საბჭოური ზოოპარკის ნაცვლად უნდა აშენდეს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების ზოოლოგიური პარკი. სადაც იქნება სამეცნიერო ცენტრი, ცხოველთა კონსერვაციის ცენტრი და საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც პატარებიც და დიდებიც ბუნებისადმი არამტაცებლურ დამოკიდებულებას ვისწავლით. ასე ხდება, მაგალითად, იმ ზოოპარკებში, რომლებიც მინახავს. უამრავი ბავშვი სტუმრობს და არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროგრამები აქვთ.

რაც შეეხება კონსერვაციას – სამწუხაროდ, ცხოველთა გადარჩენა მათი ბინადრობის ადგილას, ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებში არის შეუძლებელი. დღეს ეს რეალობაა. ამის მიზეზია გარემოს/კლიმატის ცვლილება ერთი და ბრაკონიერები – მეორე. ჯერ-ჯერობით ეს ორი დაუძლეველი პრობლემაა. აგერ ამ დღეებში აშშ-ს თევზისა და ველური ბუნების სააგენტომ ჩრდილოამერიკული პუმის ერთ-ერთი სახეობა წითელი წიგნიდან ამოშალა. იმიტომ კიარა, რომ გადარჩა – იმიტომ, რომ აღარ არსებობს. ვეფხვი, რომელსაც დღეს ყველა ეძებს თბილისში, უსურიულია – ბუნებაში ასეთი სულ 450 დარჩენილი! არც ჩვენი, საქართველოს ფაუნაა უკეთეს დღეში. ეჭვი მაქვს, ზოგიერთი სახეობის აღწერა და ციფრებიც არასწორია და, ვინ იცის, რამდენია ჩვენს წითელ წიგნში ისეთი, სინამდვილეში მხოლოდ იქ, ქაღალდზე რომ „ცხოვრობს” ან სხვები, ერთი-ორიღა რომ შემორჩა. ჩვენ გვაქვს მათი გადარჩენის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. იმასაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, ქართველებს, (თითქმის) ისევე გვაქვს, სიტყვაზე, ამერიკული პუმის გადარჩენის ვალდებულება, როგორც ამერიკელებს. პატეთიკააო, მეტყვით, მაგრამ ნამდვილად ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს პლანეტა ჩვენია. აშშ-ში რომ მომიწია ყოფნა, შაბათ-კვირას WWF-ს მოხალისედაც ვიმუშავე… ბევრი არაფერი – საინფორმაციო ბუკლეტებს ვარიგებდი მეტროს ამოსასვლელთან, მაგრამ, მგონია, რომ კარგი საქმე იყო. ერთი ტერმინია ასეთი – „პეპლის ეფექტი“. მე ეკონომიკიდან ვიცი, თუმცა, ალბათ, ბიოლოგიაშიც არის და მეტეოროლოგიაშიც და გეომორფოლოგიაშიც და რავიცი კიდევ სად. „პეპლის ეფექტი“ იმას ნიშნავს, რომ სადღაც ამაზონის თავზე პეპელა რომ დაფარფატებს, ის გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე მთელს მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოშიც. ამიტომ ცხოველთა სამყაროს გადარჩენა ყველას ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ამას სჭირდება კვლევა, შესწავლა, კონსერვაცია. თანამედროვე სტანდარტების ზოოლოგიური პარკი ერთ-ერთი საშუალებაა. გავრცელებული მითია, რომ ზოოლოგიურ პარკში დაბადებული ცხოველი ველურ ბუნებაში დაბრუნებისას დაიღუპება. სისულელეა! ჯერკიდევ გასული საუკუნის 60-იანებიდან მოყოლებული ხდება ცხოველების დაბრუნება უკან, მათ ბუნებრივ არეალში, ველურ ბუნებაში! ყველა თანამედროვე ტიპის ზოოპარკი სწორედ ამას აკეთებს – ამრავლებს ცხოველებს, რომ მათი ნაწილი დააბრუნოს ველურ ბუნებაში! დაგუგლეთ. თუნდაც იმავე WWF-ს პროგრამები ნახეთ. ვისაც გაინტერესებთ, რასაკვირველია. სწორედ კონსერვაციაა ზოოლოგიური პარკის მთავარი ამოცანა და ვალდებულება. ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება. ვიღაც იმასაც იტყვის, რომ ყველა ზოოლოგიური პარკი უნდა გაუქმდეს, WWF-ც ზედ მიყვეს და მთელი თანხა გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდესო… კიბატონო, მაგრამ ასე დავაჩქარებთ დროს, როდესაც ბუნება წაგვლეკავს – იმათაც, ვინც გაჭირვებულია, და იმათაც, ვისაც არ უჭირს. იმათაც ვინც ცხოველთა უფლებების დაცვას ცდილობს და იმათაც, ვისაც ჰგონია, რომ ადამიანებზე ზრუნავს.

Belar The Hippo

ნახატის ავტორია Knö Pkenstein

არ გეწყინოთ და, შეკითხვა – ზოოპარკი რად გვინდაო იმ შეკითხვას ჰგავს – რას გადაადნეს ეს ზარებიო.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

თბილისში აქცია სახელწოდებით: ,,ჩვენ არ გვინდა ზოოპარკი!” გაიმართება

ასევე:

თბილისის თანამედროვე ზოოლოგიური პარკის პროექტი.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)