კვლევა: რელიგიის ფაქტორი განათლების სისტემაში

“განათლების სისტემის შესწავლისა და რეფორმირების ცენტრმა” დაასრულა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მასშტაბური კვლევა და პირველი შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის მიზანი იყო გამოევლინა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას უკეთესი განათლების მისაღებად, ისევე როგორც უკეთეს კომუნიკაციას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

კვლევა ჩატარდა ნაციონალური მასშტაბით და 82 სკოლა მოიცვა, მათგან 30 – მდებარეობს თბილისში და 52 – რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ევროპაში აპრობირებული მეთოდიკით და მის განხორციელებაში კონსულტანტის სტატუსით მონაწილეობდნენ ნორვეგიელი და დანიელი ექსპერტები.

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო დღე იწყება დილის ლოცვით, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება უკეთესია 14%-ით იმ სკოლებთან შედარებით, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ეკრძალებათ გაკვეთილის დაწყების წინ ლოცვის წაკითხვა. 28%-ით გაუმჯობესებულია გაკვეთილებზე დასწრება. 31%-ითაა გაუმჯობესებული ზოგადი დისციპლინა.  ეს შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია იმ სკოლებში, სადაც ამგვარი ლოცვის რიტუალს რეგულარული ხასიათი აქვს.

გარკვეული პოზიტიური ეფექტი შეინიშნება სკოლებში ხატების კუთხის მოწყობისა და საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარების დროს ხატის დაბრძანების შემთხვევაში, თუმცა ეს დამატებით ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ, რომლის ეფექტის ზუსტი გაზომვაც კვლევის შედეგების შემდგომი სისტემატიზაციის პროცესში გახდება შესაძლებელი.

წარმოდგენილი დასკვნა მხოლოდ წინასწარ სახეს ატარებს, ვინაიდან კვლევის შედეგები მოითხოვს დეტალურ და სიღრმისეულ შესწავლას. კვლევის შედეგების სისტემაში მოქცევისა და ანალიზის დასრულების შემდეგ  “განათლების სისტემის შესწავლისა და რეფორმირების ცენტრი” შესაბამისი რეკომენდაციებსა და საბოლოო დასკვნას მოამზადებს, რომელიც გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც განათლების სპეციალისტების, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.

ნათქვამია “ცენტრის” განცხადებაში.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

Advertisements