რუსეთი სანქციებს ამკაცრებს

დღეს რუსეთში მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც დასავლეთის ქვეყნებიდან სასურსათო პროდუქციის იმპორტის  აკრძალვა განიხილეს. მთავრობის სხდომას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. სურსათის იმპორტზე დაწესებული 1-წლიანი შეზღუდვის ეფექტური განხორციელებისთვის, პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობის წევრებს ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაავალა.

კერძოდ, რუსეთის საბაჟოს ფედერალურ სამსახურს მიეცა დავალება სანიტარულ სამსახურთან ერთად შეიმუშავოს ეფექტური ზომები აკრძალულ სიაში მოხვედრილი სასურსათო პროდუქციის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე აღმოჩენისა და დაკავებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საბაჟო კავშირში შემავალ ქვეყნებთან საზღვარზე, რომ აკრძალული პროდუქტი რუსეთში რე-ექსპორტის გზით, აკრძალვის გვერდის ავლით არ მოხვდეს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურს დაევალა სავაჭრო ქსელსა და კვების ობიექტებში აკრძალულ სიაში მოხვედრილი სასურსათო პროდუქციის მონიტორინგი, აღმოჩენა და დროული ამოღება და დარღვევების შემთხვევაში კანონით დადგენილი ზომების  გატარება.

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს ღონისძიებები ქვესაუწყებო ჯანდაცვის დაწესებულებებში (რაიონული პოლიკლინიკები) რუსეთის მოქალაქეებისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხანგრძლივად (45 კალენდარული დღე და მეტი) მყოფი პირების შარდისა და განავალის რეგულარული ანალიზის ჩასატარებლად, იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს აკრძალულ სიაში შეტანილი სასურსათო პროდუქციის არასანქცირებული მოხმარების ფაქტები.

აღნიშნული ზომების კოორდინაცია და მონიტორინგი დაევალა რუსეთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილეს, ოლგა გოლოდეცს.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements