(ქ)ოცნებათა სასაფლაო

The-Week-Putin-Coverცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ კომპანია “იუკოსი” მართლაც მალავდა შემოსავლებს, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში არც იმაში ეპარება ეჭვი ვინმეს, რომ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ აღძრული საქმე და სასამართლოს განაჩენი იყო შერჩევითი სამართლის ქრესტომათიული ნიმუში და პუტინის პირად შურისძიებას წარმოადგენდა (რაც ჰააგისა და სტრასბურგის ბოლო განაჩენებმაც დაადასტურა სულ ახლახანს).

იულია ტიმოშენკო, დიდი ალბათობით, მართლაც მონაწილეობდა კორუფციულ გარიგებებში, მაგრამ დასავლეთი ერთ პოზიციაზე დგას, როდესაც საქმე “ტიმოშენკოს საქმეს” ეხება – უკრაინის ყოფილი პრემიერი იმჟამინდელი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური პროცესის მსხვერპლი გახდა.

სააკაშვილის #9წლიანი მმართველობის განმავლობაში ცოტა რამ არ დაგროვილა ისეთი, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ მის წინააღდეგ აღძრული საქმე საქართველოს პირველი მოქალაქის მიერ შეკვეთილი ვენდეტაა და სხვა არაფერი.

სიცილიელები, რომლებიც სამართლიანად მიიჩნევიან ვენდეტის დიდოსტატებად, ამბობენ, შურისძიება ის კერძია, ცივად რომ უნდა მიირთვაო, მაგრამ ყველა ქმედებას უნდა ჰქონდეს რაღაც მიზანი. სააკაშვილი არ არის ოლიგარქი, სხვა ქართველი ოლიგარქების დარაზმვა და რეჟიმის დესტაბილიზაცია რომ შეეძლოს. ის არც ტიმოშენკოა და არ აპირებს შიდა საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩაბმას როგორც კანდიდატი. ერთადერთი რაც მას აქვს, პრო-დასავლელი რეფორმატორის იმიჯი და ის პოლიტიკური კაპიტალია, რომელიც დღეს საქართველოს გარეთ უფრო დაფასებულია, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რა რეალობაზე დგას ეს იმიჯი და რამდენად დიდია საქართველოს ექს-პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური კაპიტალი, მთავარი ისაა, რომ მის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით დაწყებული სამართლებრივი დევნა, ამ კაპიტალს მხოლოდ გაზრდის და იმიჯს კი მხოლოდ გააკეთილშობილებს. ის, ვისი იმიჯიც დაზარალდება, არის საქართველო, სადაც, ევროკავშირის ელჩ ფილიპ დიმიტროვს თუ ვენდობით, რაღაც ყარს, მაგრამ ჩვენ ჯიუტად ვერ ვამჩნევთ.

1952 წელს არამდგრადი, პოლიტიკურად არასტაბილური და ეკონომიკურად Newsweek-Putin-coverსუსტი თურქეთი ნატოში მიიღეს, რომ რეგიონში კომუნისტური იდეების ექსპანსია და საბჭოთა კავშირს გავლენის ზრდა არ დაეშვათ.

1999 წელს ნატოს წევრები გახდნენ ყოფილი საბჭოთა ბლოკის წევრები ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი – აშშ პრეზიდენტმა ქლინთონმა ისარგებლა იმჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარებით და წარმატებით დაძლია არამხოლოდ რუსეთის წინააღმდეგობა, არამედ რიგი ევროპული ქვეყნების სკეპტიციზმიც. ამ საუკუნეში ნატოს წევრები გახდნენ ესტონეთი, ლიტვა და ლატვიაც, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, საქართველოს დარად.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჩვენი ბალტიელი მეგობრები, ჩვენგან განსხვავებით, შესაშურ დიპლომატურ წარმატებებს აღწევენ – რუსეთში ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმა, ლოიდ ჯორჯმა დიდად გამოიდო თავი ბალტიური სახელმწიფოების დამოუკიდებლობის დასაცავად, საქართველო კი რუსეთს გადააბარა. მენშევიკურმა მთავრობამ მისი უნიათო და ანტი-დასავლური… ან, ვიტყვი უფრო რბილად – არათანმიმდევრული, მკრთალად პრო-დასავლური პოლიტიკით, მიაღწია იმას, რომ ინგლისისა და საფრანგეთის ჯარებმა საქართველო დატოვეს და გზა გაუხსნეს რუსეთს.

დღეს არც 20-იანი წლებია, არც 50-იანი და არც 90-იანებია, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ცვლილებების მომსწრენი რომ ვართ, აშკარაა. დასავლელ ლიდერთაგან აღარვინ მოიხსენიებს პუტინს მოკავშირედ, დასავლეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ფართოვდება, რამაც, Washington Post-ის სარედაქციო სტატიის თანახმად,  პუტინის რეჟიმის დესტაბილიზაცია უნდა გამოიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად პუტინის რეჟიმი მიაღწევს ევროპის დესტაბილიზაციას. იმ სანქციებმა, რომლებიც უკვე შემოღებულია, არასრულმა, არასაკმარისმა, ფრთხილმა… გამოიწვია რუსეთში ინფლაციის ზრდა 8%-მდე. რუბლის მიმართ ნდობა მცირდება, შიზოფრენიული ურა-პატრიოტიზმით დაავადებული რუსეთის მოსახლეობაც კი ინარჩუნებს ცივ გონებას, როდესაც საქმე პირად კეთილდღეობას ეხება და აქტიურად გაურბის რუბლს – საბანკო დეპოზიტები გადაჰყავს დოლარში. ამას ემატება ინვესტიციების შემცირება და კაპიტალის გაქცევა რუსეთიდან. დასავლეთის ფინანსურ ბაზრებზე დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკა სექტორალური სანქციების შედეგად ამ ბაზრებსა და დაფინანსების წყაროებს მოწყვეტილი აღმოჩნდება და ახლო მომავალში განიცდის კაპიტალის შიმშილს.

Time-Putin-coverექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მსოფლიო დაბრუნდა ცივი ომის პერიოდში და დასავლელი ლიდერები მიხვდნენ, რომ რუსეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლებელია აქტიური შეკავების პოლიტიკის გარეშე. ამის შესახებ, მაგალითად, წერს, ჰუვერის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, მიხაილ ბერნშტამი.

ცივი ომის თანმდევი პროცესი ყოველთვის იყო დასავლეთის მცდელობა, მაქსიმალურად გაეფართოებინა მისი ზეგავლენა. არც 18-21 წლებში, არც 90-იანებში ჩვენ არ აღმოვჩნდით მზად დასავლეთისთვის წარგვედგინა თავი, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ისინი გვაფრთხილებდნენ, რომ ჩვენი სახლიდან შემაწუხებელი სუნი გამოდის, ჩვენ კი ჯიუტად ვუმტკიცებდით, რომ ეს თაიგულის სურნელია.  დღეს კიდევ ერთხელ გვაქვს შანსი. მოლდოვის მოქალაქეები ევროკავშირში მგზავრობისას უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ (ეს, როგორც იმედოვნებენ, მნიშვნელოვნად გაზრდის მოლდოვის მიზიდულობას სეპარატული დნესტრისპირეთის კვაზი-მოქალაქეებისთვის). ჩვენ ბატონი დიმიტროვი გვახსენებს, რომ საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ევროპის ქვეყნებს ჯერ რატიფიცირებული არ აქვთ და ეს პროცესი შეიძლება შენელდეს. აშშ კონგრესში განსახილველად წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო მოკავშირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. დიდი პროგნოზისტობა არ უნდა იმ ამბავს, რომ პოლიტიკური ვენდეტა საქართველოში არ შეგვმატებს კეთილგანწყობას აშშ კონგრესმენთა შორის. ზემოთაც ვთქვი, პროკურატურის მიერ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული დევნა ვერ დასრულდება მისი დაპატიმრებით, საქართველოსთვის გადმოცემით და გასამართლებით. შეუძლებელია ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ამაში.

ამიტომ ვკითხულობ, აბა რა არის ამ დევნის მიზანი?
Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)