ჰომოსექსუალ ბრძენთა პროტოკოლი

ნაცისტები ჯერ კომუნისტებს მიადგნენ, მე კი ხმა არ ამოვიღე, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.
შემდეგ სოციალისტებს მიადგნენ და ხმა არ ამოვიღე, რადგან სოციალისტი არ ვიყავი.
შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ და მე ხმა არ ამოვიღე, რადგან არც პროფკავშირის წევრი ვყოფილვარ.
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამოვიღე, რაკი ებრაელი არ ვარ.
შემდეგ მე მომადგნენ  და აღარვინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო.
პასტორი მარტინ ნიმიოლერი

GayAgenda

1905 წელს რუსმა მართლმადიდებელმა მწერალმა და ეკლესიის ისტორიის მკვლევარმა სერგეი ნილუსმა გამოაქვეყნა ე.წ. “სიონისტ ბრძენთა პროტოკოლი” – რომელსაც აგერ უკვე საუკუნეზე მეტია აფრიალებენ ანტისემიტური ორგანიზაციები და ეს ტექსტი ჟიდო-მასონურ შეთქმულებასთან მებრძოლთა ისეთ არგუმენტად იქცა, რომლითაც ჰოლოკოსტის “გაპრავებასაც” კი ახერხებენ.

პროტოკოლი წარმოადგენს სიონისტთა საიდუმლო მიზნებისა და ამ მიზანთა მიღწევის გზათა ჩამონათვალს. მათი მიზანი ერთია – მსოფლიოზე გაბატონება, ამ მიზნის მიღწევის გზები კი სხვა ერებისა და ხალხების ტვინების გამორეცხვასა და დამონებაზე გადის, რისთვისაც საჭიროა ამ ხალხების გაღატაკება, ხორციელი გარყვნა, სულიერი დაცემა, ათეიზმის, სექსუალური აღვირახსნილობის, ლიბერალიზმის პროპაგანდა. სხვათა შორის სიონისტთა მსოფლიოზე გაბატონების ერთ-ერთ წინაპირობად ამ დოკუმენტში საყოველთაო საარჩევნო ხმის შემოღებაცაა მონიშნული.

“გაპრავება” შემთხვევით არ ვახსენე ზემოთ – ერთი რომ ეს სიტყვა უკვე დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, მეორეც ნახსენები პროტოკოლის ფაბრიკაცია სწორედ რუსულ შავრაზმულ სივრცეში მოხდა და დღეს არვინ დარჩა დედამიწაზე, ვისაც გონიერ საზოგადოებაში სიტყვა ეთქმის და ამ დოკუმენტის ნამდვილობისა სჯერა, გარდა რუსი “მკვლევრებისა”.

სინამდვილეში ეს პროტოკოლი რუსეთის საიდუმლო სამსახურის ევროპულ რეზიდენტურაში შეთხზეს და მის გამოყენებას რევოლუციური მოძრაობის ჩასახშობად გეგმავდნენ. თავად ნილუსიც წარმატებით ახერხებდა რუსულ მონასტრებში ცხოვრების რუსეთის პოლიციაში სამსახურთან შეამხანაგებას. მე რომ მკითხო, რუსეთის ჟანდარმერია ბოლშევიკებთან და ათასი ჯურის ტერორისტებთან მართლა ბრძოლით დაკავებულიყო, უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის, რუსეთისა და მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ თუ როგორ მოახერხა ეს ამბავი, კი ვიცით, სამაგიეროდ მათ მიერ გამომზეურებული “საიდუმლო” დოკუმენტი დიდი სიხარულით აიტაცეს შავრაზმელებმა, უკიდურესად რეაქციულმა ფსევდო-ქრისტიანულმა მხედრობებმა და წარმატებით “გააპრავეს” ებრაელთა (და არამხოლოდ ებრაელთა) პოგრომები. ამ პროტოკოლს დაეწაფნენ რუსი ინტელექტუალებიც – დოსტოევსკი იქნებოდა თუ როზანოვი. 30-იან-40-იან წლებში ნილუსის პროტოკოლი არანაკლები წარმატებით მოიხმარეს გერმანელმა (და არამხოლოდ გერმანელმა) ნაცისტებმა. 70-80-იან წლებში, სსრკ დისიდენტური მოძრაობის გასახლეჩადა და დასასუსტებლად ამ პროტოკოლს იყენებდა კგბ მისი იმჟამინდელი შეფის (და პუტინის ნათელი იდეალის) ანდროპოვის თაოსნობით. ანდროპოვს რაღა უნდოდაო, გაიკვირვებს ვინმე, მაგრამ კგბ-ს მიზნად ჰქონდა დისიდენტური მოძრაობის შავრაზმული ფრთის გაძლიერება. ანდროპოვი ფიქრობდა, რომ რუსეთის (ბოლშევიკური) იმპერიისთვის საშიშნი იყვნენ მედასავლეთე ლიბერალი დისიდენტები, შავრაზმელ შოვინისტ დისიდენტებთან კი დასავლეთი საერთო ენას ვერ გამონახავდა და მათ შორის დასაყრდენს ვერ მოძებნიდა. მოკლედ, რუსეთის სპეცსამსახური “სიონისტ ბრძენთა პროტოკოლს” ლიბერალიზმთან და “ზაპადნიკობსთან” ბრძოლისთვის მრავალი წელი იყენებდა. დღეს ეს დოკუმენტი, ჩანს, ცოტათი გახუნდა, ყავლი გაუვიდა და აგერ ჰომოსექსუალთა მანიფესტი გამოჩეკეს საიდანღაც.

ამ დოკუმენტის წარმომავლობის ისტორიას აქ არ მოვყვები, ვისაც აინტერესებდა, დარწმუნებული ვარ, ისედაც მოიძია უკვე და ვისაც არ აინტერესებს – მისთვის სულ ერთია. ვიტყვი მხოლოდ, რომ კგბ-ს არ შეუთხზავს, ამერიკაში ააფრიალეს პირველად. ჯერ კიდევ 70-იანებში (როცა რუსეთში არ ეცალათ – სიონისტებსა და მასონებს ებრძოდნენ), ამერიკული ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ჩვენი შვილები”-ს ლიდერმა (სილამაზის კონკურსის გამარჯვებულმა, მოდელმა და მომღერალმა) ანითა ბრაიანთმა წამოიწყო ბრძოლა ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ.

– ისინი ჩვენს შვილებს გადაიბირებენ.

– მე არ მძულს ისინი, მაგრამ ვიცავ ჩემს შვილებს.

– ეს ქვეყანა ქრისტიანულ ზნეობაზე დგას და ჩვენ თანაბარნი ვართ მხოლოდ ზნეობრივი ცხოვრების წესში.

– თუ მათ ერთად ცხოვრების უფლება მივანიჭეთ, შემდეგ მოგვიწევს ზოოფილიის დაკანონებაც.

– მათ არვინ ართმევს ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას, მაგრამ ისინი არ უნდა მუშაობდნენ სკოლებში.

ეს ბოლო კალიფორნიის შტატში (კინაღამ) კანონად იქცა, მაგრამ დემოკრატებმა და კონსერვატორებმა ერთად არ დაუჭირეს მხარი. მოწინააღმდეგეთა შორის იყო იმჟამინდელი გუბერნატორი რონალდ რეიგანიც, რომელიც მორწმუნე ქრისტიანი და ეკლესიური ადამიანი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა სწორედ ამის გამო სკოლის პედაგოგების სექსუალური ორიენტაციის გამოჩხრეკის ინიციატივას გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია. და კანონპროექტი ჩავარდა.

ჰოდა, დათო ზურბშვილის არ იყოს, ჩვენ როდემდე უნდა ვიაროთ წრეზე?
Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)