ირაკლი ულუ და გიორგი ნარინი

შეხვდებით თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს? – ჰკითხეს ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტს.

“თუ მოისურვებს, რატომაც არა”, – გული მოულბა პუტინს.

სიტყვა დამთავრებულიც არა ჰქონდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეეხმიანა: “მე ვადასტურებ, რომ ეს მზაობა მაქვს-ო” – განაცხადა “მაესტროს” ეთერში.

ჩამოწვა უხერხული დუმილი.

ბოლოს, ისევ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა მოჰფინა საქმეს ნათელი: ადექით თქვენც და ორივენი შეხვდითო.

***

მეცამეტე საუკუნეში ქართველებს, თურმე, ორი მეფე გვყოლია.

ეს ამბავი ასე მოხდა – გიორგი-ლაშას შემდეგ ტახტი მისმა დამ, რუსუდანმა დაიჭირა. გიორგი-ლაშას ვაჟი ჰყავდა, დავითი, რომელიც მაშინ 7 წლისა იყო. რუსუდანს ძმისშვილისთვის ტახტი არ ეთმობოდა და მემკვიდრედ საკუთარი შვილი დაადგინა. სახელად მასაც დავითი ერქვა.

რუსუდანი რომ გარდაიცვალა და ტახტი გათავისუფლდა, ოქროს ურდოს ყაენმა ქართველებს შემოგვითვალა, აბა, რომელია თქვენი მეფე, გამაცანით ერთი, საქმე მაქვს პატარა, უნდა დაველაპარაკოო.

ქართველები ვერ შევთანხმდით – სამეფო კარის ერთმა ნაწილმა მეფედ დავით გიორგის ძე გამოაცხადა, მეორე კი რუსუდანის ძე დავითს უჭერდა მხარს. ტახტის ორივე პრეტენდენტი ყარა-ყორუმში ჩაქანდა.

ქართული სამართლის წიგნით, მეფობა რუსუდანის ძე დავითს ეკუთვნოდა, რაკი გიორგი-ლაშას ძე ხარჭისგან (თანამედროვე ენით რომ ვთქვათ – გერლფრენდისგან) ჰყავდა, ასეთ შვილს კი ქართველები მემკვიდრედ არა სცნობდნენ, მაგრამ მონღოლებში გერლფრენდის ინსტიტუტი კაი ხნის დანერგილი იყო, და ოქროს ურდოში შვილებს კანონიერ-უკანონოდ არ განარჩევდნენ.

ბოლოს ყაენმა თავისებურად გადაწყვიტა – ასაკით უფროსს, დავით გიორგის ძეს უბოძა საქართველოს ტახტი, მაგრამ არც ქართველების მეორე ნაწილს დასწყვიტა გული და რუსუდანის ძე დავითიც დაატკიცა მეფედ.

აი, ასე მოხდა, რომ 1247 წელს, ყაენის ხელდასხმით, საქართველოს სამეფო ორმა მეფემ ჩაიბარა – დავით ულუმ (ანუ უფროსმა) და დავით ნარინმა (ანუ უმცროსმა).

ჭირი იქა. ლხინი აქა.

პუტინი იქა. ყაენი აქა.

თუ – პირირქით.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)