პოლონელი ათლეტი, რომელმაც მოსკოვის ოლიმპიადა ასოზე წამოიცვა

სულ რაღაც ხუთ თვეში რუსეთი ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. ეს რუსების მიერ “დათრეული” მეორე ოლიმპიადაა. გასულ საუკუნეში, როდესაც კრემლის ხაზეინი ლეონიდ ილიჩი იყო, მოსკოვი მისი სატელიტებისა და სხვა მოთაფლული თუ გასულელებული დელეგატების ხმების წყალობით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი გახდა. ის ოლიმპიადა დასავლეთის ქვეყნების ბოიკოტის ფონზე ჩატარდა, თუმცა იყო მარტო კაცი, ვინც ბოიკოტში ვერ მონაწილეობდა, მაგრამ რუსეთს საკუთარი ომი გაუმართა, მოუგო და სირცხვილი აჭამა. მისი სახელია ვლადისლავ კოზაკევიჩი (Władysław Kozakiewicz). სპორტსმენია, ჭოკით მხტომელი. ლიტვაში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით kozakiewiczოჯახმა ისტორიულ სამშობლოს მიაშურა და კოზაკევიჩიც პოლონეთის სახელით ასპარეზობდა. პოლონეთი, მოგეხსენებათ, ვარშავის ბლოკის წევრი იყო და მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტს ვერ გამოუცხადებდა, ამიტომ 1980 წლის 30 ივლისს ვლადისლავ კოზაკევიჩიც ლენინის სახელობის ოლიმპიური სტადიონის სარბენ ბილიკზე გამოვიდა. გახურდა. გაქანდა. ახტა. გამარჯვების თამასას – 5 მეტრსა და 72 სანტიმეტრს გადაევლო და რუსი ვოლკოვი უკან მოიტოვა. შემდეგ წამოხტა, მიბრუნდა ტრიბუნებისკენ, სადაც პატივცემული გვამები ეგულებოდა და მათ უჩვენა ის, რასაც პოლონელები დღემდე “კოზაკევიჩის ჟესტს” უძახიან, ჩვენ კი ამერიკულ ყაიდაზე, მარტივად, “ფაქს” ვუძახით.

არ ვიცი, შენიშნეს თუ არა ბრეჟნევმა, სუსლოვმა და სხვა ამხანაგებმა, სად გააგზავნა ისინი პოლონელმა, მაგრამ ანდროპოვის მახვილ მზერას ნამდვილად არაფერი გამოეპარებოდა (რომც გამოპარვოდა – რა ხეირი? კოზაკევიჩის ფოტომ იმავე დღეს მოიარა ფრანს პრესი და სხვა დასავლური სააგენტოები).

ცხადია იმ წამს რუსებს სკანდალი არ აუტეხავთ და დაჯილდოება არ ჩაუშლიათ, მაგრამ მოგვიანებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აპელაცია შეიტანეს, სპორტსმენის საქციელი ქარტიას ეწინააღმდეგება და მას ოქროს მედალი უნდა ჩამოართვათო, თუმცა სოკი უარზე დადგა, ყველაფერი ათლეტის გადაღლასა და კუნთის კრუნჩხვით შეკუმშვას დააბრალა, რამაც, თითქოს, ხელის მტევნის თვითნებური მოხრა გამოიწვია. მაგრამ რუსებმა მშვენივრად იცოდნენ მაგ “თვითნებური მოხრის” ფასი. საბჭოთა კავშირის ელჩის პირით ახლა უკვე პოლონელ ამხანაგებს შეუთვალეს – არასპორტული საქციელისა და საბჭოთა ხალხის შეურაცხყოფისთვის კოზაკევიჩი დისკვალიფიკაციას იმსახურებსო. და საერთოდ, ერთი-ორი წლით თუ ციხესაც გაახეხინებთ, ეს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას ნამდვილად წაადგებაო. მაგრამ პოლონელები მაგრად დადგნენ, მეტიც, ვლადისლავ კოზაკევიჩს წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულიც მიანიჭეს. იმდროიდნელ პოლონელ კომუნისტებს უამრავი ცოდვა აძევთ, მაგრამ რუსების სიყვრული მათ შორის ნამდვილად არაა. 🙂

ამ ამბებიდან 2 თვეში კი ქალაქ გდანსკის გემთსაშენში ლეხ ვალენსამ შექმნა პროფესიული კავშირი “სოლიდარობა”. სხვათა შორის, ის გემთსაშენიც, სტადიონისა არ იყოს, ლენინის სახელობისა იყო.

გავიდა კიდევ 10 წელი და საბჭოთა კავშირი მართლა გაემგზავრა იქ, საითკენაც მას ვლადისლავ კოზაკევიჩმა უჩვენა გზა.

იმედი მაქვს, არც არასდროს მობრუნდება უკან.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე: რეპრესირებული ჩეხური ჰოკეი

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)