როგორც ცნობილია, 13 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესტუმრა პატრიარქი და საჩუქრად საათი მიართვა, რომლის სავარაუდო ფასი აღემატება საჯარო მოსამსახურისთვის გადაცემული საჩუქრის დასაშვებ ღირებულებას. ამ ზღვარს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადებისგან თავს იკავებს, მაგრამ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შესაძლოა, კანონი არ დარღვეულა და ე.წ. “საათის სკანდალი” ქართული ოცნების მიმართ არაკეთილგანწყობილი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ ცარიელ ადგილზე აგორებული აღმოჩნდეს.
კერძოდ, როგორც ცნობილი ექსპერტი და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბატონი, გია ხუხაშვილი აცხადებს: “პრემიერს პატრიარქისგან ძვირადღირებული საჩუქარი არ მიუღია. სტუმრობისას პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს მიართვა საკუთარი ხელით შესრულებული ხატი, ხოლო რაც შეეხება ყბადაღებულ საათს, ეს საათი ისედაც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებას წარმოადგენდა. ბატონ ბიძინას აღნიშნული საათი შეუძენია ჯერ კიდევ 2002 წელს, პარიზში ყოფნისას. დროთა განმავლობაში საათი დაიმტვერა და ჩამორჩენა დაიწყო, ამ ხარვეზის გასასწორებლად ბატონმა ბიძინამ ის გადასცა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოსთან არსებულ ხელმარჯვე ოსტატთა სახელოსნოს, სადაც აღნიშნული საათი გაწმინდეს, შეაკეთეს და პატრიარქის ხელით უკან დაუბრუნეს პატრონს. აღნიშნული დასტურდება ანგარიშ-ფაქტურითა და სახელოსნოს მიერ გაცემული საგარანტიო ტალონით.” – განმარტავს გია ხუხაშვილი.
თუმცა, ეს განცხადება ეწინააღმდეგება პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველის, ლაშა ჟვანიას მიერ გაკეთებულ განმარტებას.
ჩვენი სააგენტო აგრძელებს აღნიშნულ თემაზე მუშაობას და დამატებით დეტალებს სულ მალე გამოვამზეურებთ.
© Tony Clifton Digital Media Ltd.
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.