რა ფასის საათი აჩუქა პატრიარქმა პრემიერს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში საქართველოს პატრიარქის სტუმრობასთან დაკავშირებით, პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ განმარტება გააკეთა:

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მიერ საქართველოს პრემიერისთვის ბოძებულმა მცირედმა სამახსოვრო საჩუქარმა სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პაპიზმის ცოდვაში ჩავარდნილი ჩვენი ზოგიერთი თანამემამულე, საათის ფასის “დადგენას” შეეცადა, სრულიად ფანტასტიური თანხები დაასახელა და კიდევ ერთხელ შეეცადა დედა-ეკლესიის “მხილებას”. ჩვენს ისტორიასთან და ტრადიციებთან ბრძოლაში არაერთგზის შემჩნეულმა ზოგმა “ინტელექტუალმა” ეკლესიისთვის მორალის კითხვის ცოდვაც იტვირთა. მართლმადიდებლობასთან მებრძოლი მასონური ფონდების გრანტებით დაფუძნებულმა არასამთავრო ორგანიზაციებმა კი საქართველოს პრემიერს საჩუქრის მიღებისგან თავშეკავებისკენ და მჩუქებლითვის უკან მიბრუნებისკენაც კი მოუწოდეს.

აზრთა სხვადასხვაობა და გაუგებრობა გამოიწვია, აგრეთვე, საჩუქრის ყუთზე გამოსახულმა თეთრი ფერის ლაქებმა, რაც სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელმა მიიჩნია ჭუჭყად და გამოთქვა გულისწყრომა.

ამ ყველაფრის გამო, თავს ვალდებულად ვთვლი, განვმარტო:

უწმინდესის და უნეტარესის მიერ ბატონი პრემიერისთვის გაკეთებული საჩუქრის ყუთზე გამოსახული ლაქები წარმოადგენს არა ჭუჭყს, არამედ წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილების მტვერს, რამდენადაც, სწორედ წმინდა ალექსანდრე ნეველის ხელის მტევნის წმინდა ძვლიდან მოხსნილი ძღვენი უბოძა პატრიარქმა ბატონ პრემიერს. ამდენად, ამ საჩუქრის ფასი შეუფასებელია, თუმცა ის არა მატერიალურ, არამედ სულიერ განძს წარმოადგენს.

იმედი მაქვს, ამ განმარტების შემდეგ, ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრება.”

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements