2013 წლის 17 მაისი

ე.წ. “გარყვნილების პროპაგანდას” ჩვენ ვხედავთ ყოველდღე.
ნებისმიერი ჰეტერო-წყვილი, რომელიც არ არის ჯვარდაწერილი არის “გარყვნილი”. თუ ისინი ღიად გამოხატავენ გრძნობებს ქუჩაში სეირნობისას ან საზოგადოებრივ სივრცეში – ეწევიან პროპაგანდას და ლაშა ჟვანიას ფორმულით მათ კონსტიტუცია და სეკულარული კანონი ვერ დაიცავს.
90% იმ ფილმებისა რაც ეკრანზე გადის არის “მკრეხელური” ამა თუ იმ ფორმით. 90% წიგნებისა, რაც იყიდება ასევე “მკრეხელურია”.

გეი-თემი არის ყველაზე მოწყვლადი ყველა ქვეყანაში და მათზე ძალადობა ყველაზე იოლია. მაგრამ მათ რომ მოინელებენ შემდეგ მოგვადგებიან დანარჩენებს. და მიზეზის პოვნა არ გაუჭირდებათ.

ამიტომ, შემოუერთდით

საქართველოს მოქალაქეების განცხადებას 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

2013 წლის 17 მაისს განხორციელდა ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (IDAHO) დაკავშირებული აქციის დარბევა აგრესიული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მათი მომხრეები. მათ საქართველოს საზოგადოებისა და ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების სახელით მოახდინეს უმცირესობაში მყოფ ადამიანთა მშვიდობიანი ჯგუფის დევნა. ეს გახლდათ გალაშქრება არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაც, რადგან ამ ქმედებით ექსტრემისტულმა ჯგუფმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა – დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საფუძველი.

მიგვაჩნია, რომ 2013 წლის 17 მაისს ექსტრემისტულმა ჯგუფმა უხეშად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლები:

126-ე მუხლი – ძალადობა
142-ე მუხლი – ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხელყოფა;
153-ე მუხლი – სიტყვის თავისუფლების ხელყოფა;
154-ე მუხლი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა;
161-ე მუხლი – შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა;
239-ე მუხლი – ხულიგნობა;
352-ე მუხლი – სახალხო დამცველზე ზემოქმედება;
353-ე მუხლი – პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა;
353-ე პრიმა მუხლი – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომამდგენლის მიმართ.

ამასთან, 2012 წლის 27 მარტს, სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული 53-ე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტის თანახმად, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დანაშაულის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება: “დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.”

აღმაშფოთებლად მიგვაჩნია ამ ფაქტის შეფასებისას პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც დემოკრატიას საზოგადოების უმრავლესობის უმცირესობაზე დიქტატად წარმოადგენენ. დემოკრატიული სახელმწიფო გულისხმობს კანონის წინაშე როგორც საზოგადოების უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენელთა თანასწორობას და კანონით მინიჭებული უფლებებით უმცირესობების მიერ თანასწორ სარგებლობას. დემოკრატიულ ქვეყანაში მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანი და არა მხოლოდ უმრავლესობა, კანონის წინაშე თანასწორობა კი თანაბრად უნდა ეხებოდეს საერო თუ სასულიერო პირებს.

არსებობს ვიდეო- და ფოტომასალა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზემოჩამოთვლილ კანონდარღვათა მტკიცებულებებად. მასზე, კერძოდ, დაფიქსირებულია, რომ სასულიერო პირები არღვევენ პოლიციის კორდონს, რითაც გზას უხსნიან აგრესიულ მასას ლგბტ აქციის დაუცველი მონაწილეებისკენ, უქმნიან მშვიდობიან ადამიანებს ფიზიკური განადგურების საშიშროებას და სდევნიან მათ. მათი ზოგადი ჩართულობა, ჟესტიკულაცია, რეპლიკები და განცხადებები დემონსტრანტებს აგრესიისა და ძალადობისკენ უბიძგებს.

მაგალითისთვის, საგულისხმოა მეუფე იაკობის რამდენიმე განცხადება, რომელშიც მჟღავნდება ქრისტიანული რელიგიის და, შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრისა და მორალის მონოპოლიზების ტენდენცია („ჩვენ ნუ გვასწავლით ქრისტიანობას…“), ასევე ის, რომ იგი მშვიდობიანი აქციის დარბევის ორგანიზატორთაგანია (მეუფე იაკობმა დემონსტრაცია დასრულებულად გამოაცხადა, როგორც „ქართველი ერის დაკვეთა; ჭეშმარიტი ქართველების ნების აღსრულება“ და დემონსტრანტები სამების ტაძარში წაიყვანა).

მოვითხოვთ, ადეკვატურად და დროულად შეაფასოთ აღნიშნული ფაქტები. უმოქმედობა შესაძლოა მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე. ამის თავიდან აცილება ერთადერთი, ცივილიზებული გზით არის შესაძლებელი – ყველა მოძალადე და ძალადობის წამქეზებელი კანონის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.

განცხადება ყველასთვის ღიაა ხელმოსაწერად:

შემოგვიერთდით

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)