საინიციატივო ჯგუფი ალტერნატიული ფულის ერთეულის შემოღებას ითხოვს

20 აპრილს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” იურისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირთა და მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს 30 000 ხელმომწერთა დღემდე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა საქართველოში ალტერნატიული ფულის ნიშნების შემოღებასთან დაკავშირებით.

ხელმოწერების შეგროვების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განმარტა: “მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ქართული ფულის ნიშნები არ შეიძლება განიხილებოდეს მხეცის ნიშნის მატარებლად, მართლმადიდებლებს აწუხებთ ის ამბავი, რომ მრევლში ასეთი ფულის ნიშნების დეფიციტია და აშკარად არაა საკმარისი. თუკი მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი ამბობს, რომ მას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ფულადი ნიშნები, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მათი წუხილი, – ბრძანა ბატონმა დიმიტრიმ, – მით უმეტეს, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა რელიგიურ უმცირესობებზე, არამედ ამ ქვეყნის ყველაზე დიდ რელიგიურ საზოგადოებაზე, მართლმადიდებლებზე.”

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ხელმძღვანელიმა, კახა კუკავამ დაადასტურა, რომ “პარტია ცალსახად უჭერს მხარს ინიციატივას, რომელიც ალტერნატიული ფულადი ნიშნების შემოღებას გულისხმობს. წინააღმდეგობა არსებული ფულადი ნიშნებისადმი რამდენიმე ფუნდამენტური უფლებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებულ კონკორდატთან, სწორედ ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების არაერთი ზეპირსიტყვიერი განცხადების მიუხედავად, დღემდე ამ კანონპროექტს პარლამენტში მსვლელობა არ მიეცა.

ღონისძიების მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტს არსებული ფულადი ერთეულის ალტერნატიული საშუალების შემოღება დაჩქარებული წესით სთხოვეს.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements