როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირინა იმერლიშვილის მიერ გასაჯაროებული საიდუმლო დოკუმენტიდან ირკვევა, 2011 წლის 6 აპრილს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშჩენკო აბანოთუბანს ეწვია და აბანოში მისი მომსახურების ფასი, 591 ლარი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დაფარა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ვიქტორ იუშჩენკო დასახელებულ დღეს არათუ თბილისურ აბანოებში, საქართველოში ყოფნასაც კი უარყოფს, არსებობს უტყუარი ფაქტები, რომ ბატონი იუშჩენკო ნამდვილად ბრძანდებოდა აბანოთუბანში. ამას ადასტურებს გოგირდის აბანოს პერსონალიც. უკრაინის ექს-პრეზიდენტს აბანოში 2 საათი გაუტარებია, მექისის მომსახურებითაც უსარგებლია და ჩაიც უსვამს მურაბითა და ორცხობილით.
მეტიც, როგორც აბანოთუბნის ძირძველი მაცხოვრებელი ნიკო პაპა ყვება, აბანოდან გამოსული იუშჩენკო მისი ბაღის ალუჩას წაეტანა. ალუჩას ტოტები მაღლა ჰქონია აყრილი და იუშჩენკო ვერ შეწვდომია, მაგრამ მას საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი მიხმარებია – ერთობლივი ძალებით პრეზიდენტებს ნიკო პაპას ალუჩა სულ დაუწყვეტიათ და მადიანადაც გაუსველებიათ პირი.
როგორც ნიკო პაპა დანანებით ამბობს, მისთვის ალუჩის ფულის გადახდა არც არვის მოსვლია თავში. თუმცა, მაშინ არც მოუთხოვია, ასე უფიქრია – სტუმარი ღვთისაა-ო, მაგრამ ახლა შეიტყო, რომ იუშჩენკოს ის ვიზიტი ქართველ გადასახადის გადამხდელებს 591 ლარი დაჯდომიათ და ნიკო პაპასაც გადაუწყვეტია, მისი ალუჩის საფასურის ანაზღურებაც მოითხოვოს.
© Tony Clifton Digital Media Ltd.
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___