ექსპერტი: ტერმინი ოკუპაცია ტურისტების მოზიდვას უშლის ხელს!

წამყვანმა ქართველმა ექსპერტმა, მიუმხრობელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარემ, ბატონმა სოსო ცისკარიშვილმა “პრაიმ თაიმში” გამართულ ბრიფინგზე ტერმინ ოკუპაციაზე ისაუბრა.

ექსპერტის თქმით, ტერმინი ოკუპაცია ტურისტების მოზიდვას უშლის ხელს და აზარალებს ქართულ ეკონომიკას.

– ვინც საქართველოს მოსანახულებლად ჩვენს მიწაზე ფეხს დადგამს, ყველას თუ ოკუპანტი ვეძახეთ, ასე ვინ გიჟი გვეწვევა? – დასვა რიტორიკული შეკითხვა ბატონმა ექსპერტმა, – ამიტომ ოკუპაციიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებაა შესატანი და სიტყვა “ოკუპაცია”  სხვა ტერმინით უნდა შეიცვალოს. გარდა მაგისა, ეს ტერმინი ლინგვისტურადაც გამართლებულია, – განმარტა ბატონმა სოსომ, – სიტყვა “ოკუპაცია” არაქართული ტერმინია და ქართულ ენას აბინძურებს, თან მისი მნიშვნელობა ბევრს არ ესმის, ამიტომ მის შესაცვლელად რამე ქართული, ეროვნული ანალოგი უნდა გამოვძებნოთ. მაგალითისთვის, გამოდგება ტერმინი “დროებით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია”.

ბრიფინგის დასრულებისას ბატონმა სოსომ დამსწრე ჟურნალისტებს საჩუქრად ჩამოურიგა მისი ბესთსელერი “როგორ გავხდეთ ექსპერტი 15 წუთში”  ავტოგრაფით.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements