რეპრესირებული ჩეხური ჰოკეი

დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს –
რატომ კარგი აგიგია…

ვინ არ იცის სვეტიცხოვლის ტაძრის ამგები არსუკისძის ამბავი. რაღაც ამის მსგავსი რამ გადახდათ თავს 1950 წელს ლეგენდარულ ჩეხ ჰოკეისტებს.

40-იან წლებში ჩეხოსლოვაკიურ ჰოკეიში საოცრად ნიჭიერი თაობა შეიკრიბა: აუგუსტინ ბუბნიკი, ბოჰუმილ მოდრი, სტანისლავ კონოპასეკი, ვლადიმირ კობრანოვი… იმ დროის მსოფლიოში საუკეთესო ჰოკეისტთა შორის მოიხსენიებოდნენ.

1947 წელს ისინი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, 1948 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე კი მხოლოდ კანადელებთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

1948 წლის თებერვალში ჩეხოსლოვაკიის ნაკრები მოსკოვში მიიწვიეს, როგორც საბჭოთა ჰოკეის ნაკრების სპარინგ-პარტნიორები. მათ ჯერ ერთობლივი წვრთნები გამართეს, შემდეგ კი ხუთი მატჩი ითამაშეს. პირველი მატჩი ჩეხების გამარჯვებით დასრულდა. მეორე მატჩი – ფრით. საბჭოთა ნაკრებმა ტიტულოვანი მეტოქის დამარცხებაც მოახერხა, თუმცა, როგორც ბუბნიკი იგონებს, ადგილობრივი მსაჯი ჩეხოსლოვაკიის ჰოკეისტებს განუწყვეტლივ აძევებდა მოედნიდან, ხოლო საბჭოთა ჰოკეისტები დაუსჯელად უხეშობდნენ. ეს ყველაფერი მოედანზე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ჩეხმა და სლოვაკმა ჰოკეისტებმა მეორე პერიოდის შემდეგ მოედანზე გასვლაზეც კი უარი განაცხადეს. მხოლოდ ჩეხოსლოვაკიის ელჩის თხოვნის შემდეგ დასთანხმდნენ მატჩის დასრულებას.

ეს ის პერიოდია, როდესაც ჩეხოსლოვაკიაში ხელისუფლება შეიცვალა – კრემლის მხარდაჭერით ადგილობრივმა კომუნისტებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და პრეზიდენტ ბენეშის ხელისუფლება დაამხეს. მაგრამ, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა, ჩეხოსლოვაკიის ჰოკეისტთა ნაკრები აგრძელებდა საერთაშორისო ასპარეზზე ტრიუმფალურ გამოსვლას – 1949 წელს მათ კვლავ მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლები.

1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა ლონდონს ხვდა წილად. 11 მარტს ჩეხოსლოვაკიის ნაკრები ინგლისში გასამგზავრებლად აეროპორტში შეიკრიბა. ჰოკეისტები საუკეთესო სპორტულ ფორმაში იმყოფებოდნენ და განწყობაც შესაბამისი იყო – გუნდი ჩემპიონის ტიტულის დასაცავად მიემგზავრებოდა. ამ დროს აეროპორტში კა-ენ-ბეს (ჩეხოსლოვაკიური ”კაგებეს”) წარმომადგენლები გამოცხადნენ და ჰოკეისტებს საპროტესტო ნოტაზე ხელმოწერა მოსთხოვეს – თითქოს იმის გამო, რომ ბრიტანეთის საკონსულომ ჩეხოსლოვაკიის რადიოს ჟურნალისტებს ვიზაზე უარი უთხრა, გუნდი პროტესტის ნიშნად ჩემპიონატში აღარ მიიღებდა მონაწილეობას. ჰოკეისტებმა ამ განცხადებაზე ხელის მოწერაზე უარი თქვეს, მაგრამ ჩემპიონატზე ისინი მაინც არ გაუშვეს.

მეორე დღეს ბრიტანეთის საკონსულომ ხელმოწერილი ვიზები პირდაპირ საელჩოს ფანჯრებში გამოფინა – ვიზების ვითომცდა არგაცემის ისტორია ჩეხოსლოვაკიის უშიშროების გამოგონილი აღმოჩნდა. ამის შემდეგ პრაღის ერთ-ერთ ბარში უკმაყოფილო გულშემატკივრები და ჰოკეისტები შეიკრიბნენ. მათ თავს დაადგნენ უშიშროების აგენტები – დაიწყო გაწევ-გამოწევა, ჩხუბი. ამ დროს იქაურობას პოლიციელთა დიდი რაზმი მიადგა და ყველანი დააკავეს. ჩეხოსლოვაკიური და მსოფლიო ჰოკეის 11 ვარსკვლავი გაასამართლეს და სხვადასხვა ვადით (15, 14, 12, 10, 6… წლით) ”ლაგერში” – იახიმოვის ურანის საბადოზე ”გაამწესეს”.

მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის შემდეგ ყველანი შეიწყალეს, ეს ტრაგიკული ისტორია მათ, უმძიმეს პირობებში გატარებული წლების გარდა, დანგრეული სპორტული კარიერისა და შერყეული ჯანმრთელობის ფასი დაუჯდათ. ხოლო ბოჰუმილ მოდრი – იმ დროის მსოფლიო ჰოკეის საუკეთესო მეკარე – ”ლაგერში” მაღალი რადიაციის გამო დაავადდა და 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ უაზრო და დაუნდობელი ”ოპერაციის” დაგეგმვის რეალური ავტორები და მიზეზები დღემდე უცნობია, თუმცა, აუგუსტინ ბუბნიკის აზრით, ყველაფერი საბჭოთა უშიშროების შეკვეთილი იყო – მათ ასე გადაწყვიტეს მსოფლიო და ევროპულ ასპარეზზე მთავარი კონკურენტების ჩამოშორება. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირში სპორტი ყოველთვის იყო პოლიტიკის ნაწილი და იდეოლოგიური ურო, ეს ვერსია სრულიადაც არ ჩანს უსაფუძვლო. (საბჭოურ ფეხბურთში ”კაგებეც” და ზოგადად სხვა ძალოვნებიც აქტიურად ერეოდნენ, თუნდაც ძმებ სტაროსტინების თუ სტრელცოვის შეკერილი საქმეები გავიხსენოთ).

”კაგებეს” ძალისხმევით წართმეული დიდების დაბრუნებისთვის ჩეხოსლოვაკიურ ჰოკეის 22 წელზე მეტი ხნის ლოდინი მოუწია – 1972 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, როდესაც მათ კვლავ მოიპოვეს ოქროს მედლები და ფინალში სწორედ საბჭოთა ნაკრები დაამარცხეს.

თუმცა ეს, როგორც ოდესაში იტყვიან, უკვე სულ სხვა ისტორიაა.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

პოსტი დაწერილია “პრაღის ბლოგისთვის”.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)