“პატარა, შორეული ქვეყანა, რომლის შესახებ არაფერი გაგვიგია…”

სწორედ ასე დაახასიათა ინგლისის (გაერთიანებული სამეფოს) პრემიერ-მინისტრმა ნეივილ ჩემბერლენმა ჩეხოსლოვაკია, როდესაც 1938 წელს ჰიტლერს სუდეთის ოლქის ანექსიაზე გაურიგდა.

მესამე რაიხის პრეტენზიები ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში მდებარე სუდეთის ოლქზე „გამყარებული“ იყო ყველა იმ „არგუმენტით“, რომელიც დღეს რუსეთის მხრიდან გვესმის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიტაცების დასასაბუთებლად – მათ შორის საკუთარი მოქალაქეების მითიური საფრთხისგან დაცვის უფლებით – 1938 წელს ამ არგუმენტებმა გაჭრა.
თუმცა, თავდაპირველად სულაც არ ჩანდა ასე: ჩეხოსლოვაკიას კარგად შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი 800-ათას კაციანი არმია ჰყავდა. ამასთან, ჩეხოსლოვაკია ერთა ლიგის წევრი იყო. ფორმალურად ერთა ლიგა კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებზე იყო აგებული – მის წევრებს ერთურთის აგრესიისგან დაცვის ვალდებულება ჰქონდათ აღებული. მეტიც, ერთა ლიგის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ედუარდ ბენეში იყო.

მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. კონრად ჰაინლაინის სეპარატისტულმა „სუდეთის გერმანელთა პარტიამ“ (SdP) (რომელსაც 1935 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ეპყრა ოლქში) 1938 წლის სექტემბერში ჩეხოსლოვაკიისგან გამოყოფა გამოაცხადა. SdP-ს რაზმებმა სუდეთის ოლქში ასამდე ტერორისტული აქტი და პოლიტიკურ ოპონენტთა მკვლელობა განახორციელეს. ამას მოჰყვა პუტჩის მცდელობა და ოლქში ჩეხოსლოვაკიის არმიის ნაწილების შესვლა. SdP-ს ლიდერებმა გერმანიას შეაფარეს თავი. ჰიტლერმა ჩეხოსლოვაკიას სუდეთიდან ჯარის გაყვანისა და ამ ტერიტორიის დათმობის ულტიმატუმი წაუყენა, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა ბენეშმა ეს მოთხოვნა უარყო და მობილიზაცია გამოაცხადა. ამავე დროს, ჩეხოსლოვაკიის დასახმარებლად, საფრანგეთმაც გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია.
მაგრამ ჰიტლერმა ფარული იარაღი აამოქმედა – მშვიდობის მტრედი და „რეალპოლიტიკის“ მამა ნეივილ ჩემბერლენი. სექტემბრის განმავლობაში ის რამდენჯერმე ეწვია ჰიტლერს, ჯერ – ბერხტესგადენში, შემდეგ –  გოდესბერგში და ბოლოს – მიუნხენში.

პირველივე შეხვედრის დროს, 1938 წლის 15 სექტემბერს, ჩემბერლენმა განაცხადა, რომ ის თავად აღიარებს სუდეთის გამოყოფის უფლებას, მაგრამ ამ გეგმის მშვიდობიანი ხორცშესხმისთვის საჭიროა ბრიტანეთის მთავრობის წევრთა და ასევე საფრანგეთის ხელისუფლების გარკვეული წინააღმდეგობის გადალახვა. ჰიტლერი მას დაჰპირდა, რომ მოიცდიდა და, ამით, პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას შეუწყობდა ხელს.
უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ომახიანი განცხადებებისა, მესამე რაიხი იმხანად ომისთვის ჯერ მზად არ იყო. ამაზე ჰიტლერს თავად გენერალი ბეკი, გერმანიის გენშტაბის იმჟამინდელი თავმჯდომარე აფრთხილებდა. იმავე აზრზე იდგა სამხედრო დაზვერვის („აბვერის“) ხელმძღვანელი ადმირალი კანარისი. გერმანიის მოკავშირე მუსოლინიც არ გეგმავდა ომში ჩართვას.

1938 წლის 4 სექტემბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბონემ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკან არ დაიხევდა, თუკი გერმანია ჩეხოსლოვაკიას დაესხმებოდა თავს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ ამ გადაწყვეტილებაში საფრანგეთს მარტო არ დატოვებდა. საფრანგეთში აშშ-ის ელჩმა ბულითმაც დაადასტურა, რომ „აშშ და საფრანგეთი ერთად არიან მშვიდობასა და ომში“, მაგრამ ამას მოჰყვა პრეზიდენტ რუზველთის მკაცრი განცხადება იმის თაობაზე, რომ „ასი პროცენტით მცდარია“ ის აზრი, რომ აშშ უერთდება ანტი-ჰიტლერულ ბლოკს. ამან საბოლოოდ განსაზღვრა საფრანგეთის პოზიციის ცვლილება და მასთან, ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიული მთლიანობისა და, საბოლოოდ, მსოფლიოს მომავალი ბედიც.

ლონდონში დაბრუნებულმა ჩემბერლენმა „სამშვიდობო“ გეგმა საკუთარი მთავრობის წევრებს გააცნო. გეგმა მოიწონეს. ჩემბერლენს არც საფრანგეთის ხელისუფლების დასაყოლიებლად დასჭირვებია დიდი დრო.

1938 წლის 28 სექტემბერს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ბენეშს დეპეშა გადასცეს, რომელიც პრაქტიკულად ულტიმატუმის ფორმით ითხოვდა ჩეხოსლოვაკიისგან სუდეთის ოლქის დათმობას. „გერმანიის არმია ბოჰემიას დაიკავებს და ვერც ერთი და ვერც რამდენიმე სახელმწიფო ერთად, ვერაფერს იღონებს თქვენი ხალხისა და თქვენი ქვეყნის გადასარჩენად“ – ამ დეპეშას ხელს აწერდა არა ჰიტლერი, არამედ ჩეხოსლოვაკიის მოკავშირე ინგლისის პრემიერი ნეივილ ჩემბერლენი.

1938 წლის 30 სექტემბერს ოთხი ევროპული ქვეყნის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა (ჩეხოსლოვაკიის მონაწილეობის გარეშე) გააფორმეს მიუნხენის შეთანხმება, რომლის ძალითაც სუდეთის ოლქი გერმანიას გადაეცა. მაგრამ ამით ჩეხოსლოვაკიის დაყოფა არ დამთავრებულა – უნგრეთმა და პოლონეთმაც არ გაუშვეს ხელიდან მომენტი და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტერიტორიების ნაწილი მიითვისეს. 1939 წელს კი იმან, რაც ჩეხოსლოვაკიისგან დარჩა, ფორმალურადაც შეწყვიტა დამოუკიდებლად არსებობა – ქვეყანაში მესამე რაიხის პროტექტორატი გამოცხადდა.

როგორც 1938 წლის 1 ოქტომბრის „გარდიანი“ წერდა, მიუნხენიდან სამშობლოში დაბრუნებულ ჩემბერლენს ყვავილებითა და ოვაციებით შეხვდნენ. მეფე ედუარდ VIII-მ მას წარმატება მიულოცა. პატარა, შორეული ქვეყნის ბედი არვის აღელვებდა. ბაკინჰემის სასახლესთან შეკრებილნი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჰყვიროდნენ „ნეივილ!“ „ნეივილ!“ „ამ ადამიანის წყალობით, ჩემი შვილი ცოცხალი დარჩება“, – შესძახა ვიღაცამ.
იმ ღამეს ლონდონელებმა ტკბილად დაიძინეს.
1940 წლის სექტემბერში ისინი „ლუფტვაფეს“ ბომბებმა გამოაღვიძეს.

P.S. ძალიან კარგი წერილი დღევანდელი რუსეთისა და ნაცისტური გერმანიის მსგავსებაზე გამოაქვეყნა ცნობილმა რუსმა მოაზროვნემ («Что, Где, Когда»-ს ვეტერანმა) და СПС-ის (აწ უკვე უდროოდ გარდაცვლილი პარტიის) პოლიტიკური საბჭოს წევრმა ალექსანდ ბიალკომ.
Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

პოსტი დაწერილია სპეციალურად “პრაღის ბლოგისთვის”.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)